ცენტრალური პარკი ხუთი წლის შემდეგაც დაუსრულებელია: რა ხდება იპოდრომზე?

2020 წლის 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა მუნიციპალიტეტს იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი აჩუქეს. ის თბილისის მაცხოვრებლებს დაჰპირდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაშენდებოდა.

​​საუბარია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თითქმის 36 ჰექტარზე. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს. კალაძეს მაშინ პარკის დასრულების ზუსტი ვადა არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ ფონდი „ქართუ“ პროექტს „უახლოეს პერიოდში“ განახორციელებდა.

„რაც შეეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, ის საჩუქრად გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტს. რაც მთავარია, ფონდი „ქართუ“ იღებს ვალდებულებას, რომ უახლოეს პერიოდში ამ ტერიტორიაზე ახალი, მულტიფუნქციური რეკრეაციული ზონა – თბილისის ცენტრალური პარკი მოაწყოს“, – განაცხადა მაშინ კალაძემ.

ბრიფინგიდან მეორე დღეს, 6 ოქტომბერს, თბილისის მერიამ ცენტალური პარკის პროექტის ვიზუალებიც გამოაქვეყნა. პროექტი ჰოლანდიურმა კომპანიამ  “LAP Landscape & Urban Design-მა” შეიმუშავა – კანდიდატის ასარჩევად ღია კონკურსი არ გამოცხადებულა.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია სხვადასხვა შინაარსის 26 სივრცედ იყოფა: სხვადასხვა ტიპის ბაღები, სპორტული და კვების ზონები, ველოსიპედის ბილიკები, სკეიტპარკი და სხვა. ამასთან, პროექტი პარკის გარშემო სამი ავტოსადგომის აშენებასაც ითვალისწინებს.

19 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ფონდმა ქართუმ თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო“. მაშინ კახა კალაძემ სამუშაოების დასრულების ვადად უკვე კონკრეტული დრო დაასახელა – ორი წელი.

“დღეიდან ამ პროექტის დასრულებას ორი წელი დასჭირდება”, – განაცხადა თბილისის მერმა 2020 წლის 19 ოქტომბერს.

განცხადებიდან რამდენიმე თვეში, 2021 წლის აპრილში, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა, რომ „ტერიტორია, რომელიც დღეს შეიძლება ითქვას ხრიოკია და გაუბედურებულია, გამწვანდება ისე, როგორც შეეფერება დედაქალაქის ცენტრალურ პარკს“. მან სამუშაოების დასრულების ვადად 30–36 თვე დაასახელა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ზუსტი თარიღის დასახელება „იმ ეტაპზე შეუძლებელი“ იყო.

თუმცა, მიუხედავად თბილისის მერიისა და ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლების დაპირებებისა, ცენტრალური პარკის მოწყობა არც ორ წელიწადში და არც 30–36 თვეში არ დასრულდა.

2024 წელს ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს გამოქვეყნებული ცენტრალური პარკის პროექტი შეიცვალა. მაშინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ „მოსახლეობის მხრიდან იყო საუბარი, რომ გარკვეული სივრცეები – იაპონური და ფრანგული ბაღები – არ გაკეთებულიყო და მათ ნაცვლად სივრცე მდელოებს დათმობოდა. ეს გადაწყვეტილებაც მიღებულია და პროექტში გარკვეული ჩასწორებები განხორციელდა“.

მისივე თქმით, იპოდრომის ტერიტორიაზე სამუშაოები „შეიძლება ისეთი მასშტაბური ტემპით არ მიმდინარეობდეს, თუმცა პროცესი მიდის“.

მიუხედავად იმისა, რომ პარკის მოწყობის სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს, აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. პროექტის შესახებ თბილისის მერს დღემდე არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული.

სწორედ ამიტომ, 2025 წლის დეკემბერში კითხვებით მივმართეთ თბილისის მერიას – რა სამუშაოები განხორციელდა ამ დრომდე პარკის მოსაწყობად და რა ვადაში იგეგმება პროექტის დასრულება. მერიიდან გვიპასუხეს, რომ „ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას არ ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია“ და, შესაბამისად, დასმულ კითხვებზე პასუხს ვერ გაგვცემდნენ.

იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შეფასება საკრებულოს ყოფილ წევრს, საბა ბუაძეს ვთხოვეთ. მისი თქმით, პროცესი არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს, რადგან უცნობია, რა პროექტის მიხედვით შენდება პარკი.

„სამშენებლო პროცესი დაიწყო ბეტონის სამუშაოებით და, ნაცვლად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ხე-მცენარეების დარგვა მომხდარიყო, ერთ-ერთი პირველი, რაც გაკეთდა, ტერიტორიის ნაწილის მობეტონება იყო ავტოსადგომის მოსაწყობად. ახლა იქ გარკვეული ტიპის სამუშაოები ხორციელდება, რომლებიც „ქართუ ჯგუფის“ მიერ ფინანსდება, თუმცა პროექტი არავის წარმოუდგენია, არც საჩივრების მიუხედავად. შესაბამისად, არ ვიცით, საბოლოო ჯამში, რა იქნება და როგორ,“ – ამბობს ბუაძე.

მისივე თქმით, ადგილზე თვალითაც ჩანს, რომ გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს – დარგულია ნარგავები, მოწყობილია კორტები, თუმცა, საბოლოოდ, პროცესი „ძალიან არასწორი პრინციპით“ წარიმართა.

„ჯერ უნდა იცოდე, რა პროექტია, უნდა არსებობდეს მისი განხილვის შესაძლებლობა. ამ პროექტის არანაირი საჯაროდ ხელმისაწვდომი ვერსია არ არსებობს,“ – აცხადებს საბა ბუაძე.

ის კიდევ ერთ პრობლემად იპოდრომის ტერიტორიის გაყოფას და ერთ-ერთ ნაწილში ცათამბრჯენების აშენების გეგმას ასახელებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2020 წელს ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს იპოდრომის ტერიტორიის 36 ჰექტარი საჩუქრად გადასცა, თუმცა საკუთრებაში დაიტოვა მიმდებარედ არსებული თითქმის 8 ჰექტარი. ამ ტერიტორიას საბა ბუაძე „ყველაზე ძვირფას“ და ტყიან ნაწილად ახასიათებს.

„ამ ტერიტორიას [სრულად იპოდრომის ტერიტორიას] ძალიან დიდი ისტორია აქვს. ეს მიწა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 50 მილიონ დოლარად შეიძინა. ტერიტორია მოიცავდა როგორც გატყევებულ ნაწილს, რომელიც დღეს ფხაკაძეების საკუთრებაში, ისე იმ ნაწილს, სადაც ახლა პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. შემდეგ მოხდა ტერიტორიის გაყოფა და ყველაზე ნაკლებად ღირებული – გაუტყვებელი და ხრიოკი ნაწილი – ივანიშვილმა მუნიციპალიტეტს გადასცა. სწორედ აქ დაიწყო პარკის მშენებლობაზე საუბარი“, – ამბობს საბა ბუაძე.

ფონდის “ქართუს” საკუთრებაში დარჩენილი თითქმის 8 ჰექტარი ტერიტორია 2023 წელს გაიყიდა. ახალი მესაკუთრე შპს „ცენტრალ პარკ ავენიუ“ გახდა (კომპანია საჯარო რეესტრის ამონაწერში “მომავალ მესაკუთრედ” ფიქსირდება) – შესაბამისი ჩანაწერები საჯარო რეესტრში 2023 წლის 27 ოქტომბერს დაფიქსირდა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ფონდმა „ქართუმ“ 85 მილიონ დოლარად გაყიდა.

ფოტო საჯარო რეესტრიდან. სწორედ ფოტოზე მონიშნული ტერიტორია გაიყიდა შპს “ცენტრალ პარკ ავენიუზე”.

შპს “ცენტრალ პარკ ავენიუს” დირექტორი ვასილ ფხაკაძეა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შპს “იდეა”, რომელსაც თავის მხრივ ვასილ ფხაკაძე (20%), სოსო ფხაკაძე (40%) და ლევან ფხაკაძე (40%) ფლობენ. 

საინტერესოა, რომ კომპანია “ცენტრალ პარკ ავენიუ” ტერიტორიის ნაწილის შესყიდვამდე დაახლოებით 1 თვით ადრე, 2023 წლის სექტემბერში დაფუძნდა.

საბა ბუაძე ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია ყოველთვის რეკრეაციული ფუნქციის მატარებელი იყო. თუმცა თბილისის საკრებულომ, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, ზონა შეცვალა და მშენებლობის ნებართვა გასცა.

2024 წლის ივნისში თბილისის საკრებულომ იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული 80 145 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ე.წ. ზონალური სტატუსი შეუცვალა. მანამდე აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციული ზონა 1-ისა და რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსს ატარებდა.

ბუაძის თქმით, 2023 წელს „ყველაზე ღირებულ და გატყევებულ ნაწილზე“ გაიცა მასშტაბურიმშენებლობის ნებართვა: დაგეგმილია შვიდი მაღალსართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა,რომელთაგან ყველაზე მაღალი 77-სართულიანი იქნება. ბუაძე ამბობს, რომ ეს გატყევებულ ტერიტორიაზე მძიმე ზეწოლას გამოიწვევს და დამატებით ავტომობილების ნაკადსაც მიიზიდავს ერთ-ერთ ისედაც პრობლემურ სატრანსპორტო კვანძზე.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც თავად და მისმა კოლეგებმა, ისე მოსახლეობამ. პირველი სხდომა ჩაინიშნა, თუმცა ამის შემდეგ საქმის არსებითი განხილვა აღარ გაგრძელებულა და გადაწყვეტილებას დღემდე ელოდებიან.

ძველი იპოდრომი, რომელსაც წარსულში დელისის იპოდრომსაც უწოდებდნენ, 1959 წელს გაიხსნა და ათწლეულების განმავლობაში თბილისის სპორტული და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. აქ იმართებოდა ცხენოსნობის შეჯიბრებები, ფესტივალები და სხვა საჯარო ღონისძიებები, რაც სივრცეს ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა.

1990-იანი წლების შუაში ტერიტორია პრივატიზდა, თუმცა იპოდრომმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც შეინარჩუნა ძირითადი ფუნქცია. მდგომარეობა შეიცვალა 2000-იანი წლების შუა წლებში, როდესაც ტერიტორიის ნაწილი გაიყიდა, ნაწილი კი ურბანული განვითარების პროცესში მოექცა.

2007 წელს, ლისის ტბის მიმდებარედ ახალი იპოდრომის გახსნის შემდეგ, ძველმა იპოდრომმა სპორტული დანიშნულება ფაქტობრივად დაკარგა და უფრო არაფორმალურ რეკრეაციულ სივრცედ ჩამოყალიბდა.

2010-იან წლებში სივრცის მომავალი გაურკვეველი გახდა. ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა დეველოპერულ კომპანიებს უბანში ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე სივრცის შესანარჩუნებლად, თუმცა მოლაპარაკებები ხშირად უშედეგოდ სრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ტერიტორიის დიდი ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავიდა, გაუმჭვირვალე და გაჭიანურებული სამუშაოების ფონზე მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სივრცით დღემდე ვერ სარგებლობს სრულფასოვნად, მაშინ, როცა პარკის დასრულების თარიღი კვლავ ღიად რჩება.

მსგავსი სტატიები