ტაივანელი მამაკაცი, რომელიც ბათუმს მსხვილ უცხოელ ინვესტორად გაეცნო, სინამდვილეში საკუთარი ქვეყნიდან 2014 წელს გაქცეული და ძებნაში მყოფი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა.
ავტორები: OCCRP, The Reporter, Voice of Democracy, Rappler, “აი, ფაქტი” და “ფლანგვის დეტექტორი”
ვინ არის თომას შუ?
2022 წლის მაისში, სავსე სტადიონის ცენტრში მდგომი, მუქ ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ათასობით გულშემატკივრის ოვაციებს იღებდა. მას საზეიმოდ გადასცეს სამახსოვრო დაფა, რომლითაც იგი საქართველოს საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის, ბათუმის „დინამოს“, საპატიო პრეზიდენტად დასახელდა.
დაფაზე მითითებული იყო მამაკაცის ვინაობა – თომას შუ, „Lixin Group“-ის დამფუძნებელი და კამბოჯაში მოქმედი მსხვილი უძრავი ქონების დეველოპერი. კომპანიას ბათუმის „დინამოსთან“ მთავარი სპონსორობის შესახებ ხელშეკრულება სულ ახლახან ჰქონდა გაფორმებული.
2022 წლის მაისის ეს საფეხბურთო ღონისძიება შუს მიერ განხორციელებული ინვესტიციების ერთგვარ კულმინაციას წარმოადგენდა. ის ახლახან იყო ჩამოსული საქართველოში და დიდ დაპირებებს გასცემდა იმის შესახებ თუ რის გაკეთებას შეძლებდა იგი და „Lixin Group“ სამხრეთ კავკასიის ამ პატარა ქვეყნისთვის.

Lixin-ის ჯგუფის დამფუძნებელი თომას შუ (ცენტრში), ფეხბურთისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს. ბათუმი, საქართველო, 2022 წლის მაისი. წყარო: Screenshot/Facebook/სკ დინამო ბათუმი
ქართული მედია Primetime-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ინვესტორს ქების ტონით წარმოაჩენდა, აღნიშნული იყო, რომ შუ, რომელიც, სტატიაში გავრცელებული ინფორმაციით, კამბოჯაში იყო დაბადებული, შავი ზღვისპირა ტურისტულ ქალაქ ბათუმით იმდენად მოიხიბლა, რომ იქ ოჯახიც კი ჩამოიყვანა.
სტატიის მიხედვით, შუ კამბოჯური სწრაფად მზარდი კონგლომერატის, „Lixin Group“-ის მეშვეობით 1 მილიარდი ლარის ღირებულების ინვესტიციას გეგმავდა. მასალაში ასევე გამოქვეყნებული იყო ფოტოები, სადაც შუ პარტნიორთან და შვილებთან ერთად კერძო თვითმფრინავსა და სამთო-სათხილამურო კურორტზე პოზირებდა. ამავე სტატიაში წარმოდგენილი იყო მისი მთავარი პროექტის, „Halcyon“-ის, არქიტექტურული რენდერი: ტალღოვანი ფორმის, ფუტურისტული ცათამბჯენების წყვილი, სახურავზე განთავსებული ტერასებითა და აუზებით.

ქართული მედიის მიერ თომას შუს გაშუქება: სტატია, რომელიც ქართულ საიტ Primetime-ზე იყო გამოქვეყნებული, ინტერნეტიდან მას შემდეგ გაქრა, რაც OCCRP-ის ჟურნალისტებმა გამოცემას ამ მასალის თაობაზე კითხვებით მიმართეს. წყარო: Primetime.ge
შუმ მკაფიოდ მიანიშნებდა, რომ მისი ინტერესი მხოლოდ მოგებით არ შემოიფარგლებოდა. ის ბათუმისთვის ქველმოქმედის როლსაც ირგებდა. Primetime-ის სტატიის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, „Lixin Group“-მა დაზარალებულებს 100 000 დოლარზე მეტი თანხა გამოუყო. კომპანიამ ასევე დაიწყო ადგილობრივი საზაფხულო ფესტივალისა და ფრენბურთის ტურნირის დაფინანსება.
თომას შუ იდეალური უცხოელი ინვესტორის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა მას საიდუმლო ჰქონდა.
OCCRP-ისა და პარტნიორების მიერ მოპოვებული საჯარო ჩანაწერებისა და სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, კამბოჯელი „ქველმოქმედი“ სინამდვილეში ტაივანელი მსჯავრდებული ნარკომოვაჭრე აღმოჩნდა. შუ, რომლის ნამდვილი სახელი 2019 წლამდე მინგ ჩინ ჰსუ იყო, სამშობლოდან 2014 წელს გაიქცა და მასზე ძებნა დღემდეა გამოცხადებული. იგი ასევე სამი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ მიიჩნევა ეჭვმიტანილად 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაში, რომელიც აზიის ერთ-ერთ მსხვილ ნარკოსინდიკატს უკავშირდება (პოლიციის განცხადებით, აღნიშნული დანაშაულისთვის მას ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტაივანსა და კამბოჯას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულება არ არსებობს).

მინგ ჩინ ჰსუ, აგრეთვე ცნობილი როგორც თომას შუ. მასზე ძებნა ტაივანში 2014 წლის 24 ივლისიდან არის გამოცხადებული. წყარო: ტაივანის უმაღლესი პროკურატურა.
როდესაც OCCRP-იმ „Lixin Group“-ს თომას შუსა და კომპანიაში მისი როლის შესახებ მიმართა, ჯგუფის იურისტები აცხადებდნენ, რომ მას კომპანიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. „თომას შუ/მინგ ჩინ ჰსუ არ მონაწილეობს „Lixin Group“-ში შემავალი არცერთი სუბიექტის საქმიანობაში“, – ნათქვამია წერილობით პასუხში. მათ ასევე უარყვეს OCCRP-ის მიერ შეგროვებული პრესრელიზები და სარეკლამო მასალები, რომლებშიც შუ Lixin-ის თავმჯდომარედ იყო დასახელებული, და ეს ინფორმაცია „ფაქტობრივად არასწორად“ შეაფასეს.

Lixin-ის მიერ გავრცელებულ არაერთ ონლაინ სარეკლამო მასალაში თომას შუ Lixin Group-ის თავმჯდომარედ იყო მოხსენიებული. ფოტო: ჯეიმს ო’ბრაენი OCCRP
OCCRP-ის მიერ შეკითხვების გაგზავნის შემდეგ, „Lixin Group“-ის ვებ-გვერდიდან და YouTube-არხიდან წაიშალა შუს, როგორც „Lixin“-ის თავმჯდომარის, შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებზე გადაღებული კადრები, სადაც ის კომპანიის წარმომადგენლად ფიგურირებდა.
მაშ, რას აკეთებდა ის ბათუმში?
იმ პერიოდის მედია მასალები და პრესრელიზები ცხადყოფს, რომ შუ ქალაქში სწორედ „Lixin“-ის სახელით ბიზნესის განსახორციელებლად ჩამოვიდა და ეს პროცესი საკმაოდ შთამბეჭდავადაც დაიწყო. მან მალევე განახორციელა მსხვილი ინვესტიცია პროექტ „Halcyon“-ში, რომელიც ბათუმს ქალაქის ჰორიზონტის ტრანსფორმაციასა და სანაპირო ზოლის გამოცოცხლებას ჰპირდებოდა.
თუმცა, მომდევნო წელს ვითარება შეიცვალა. ირკვევა, რომ შუმ საქართველოში მის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის უფროსი ძმისთვის, მინგ ჩაო ჰსუსთვის, გადაფორმება დაიწყო.
მან თავდაპირველად პროექტ „Halcyon“-ში თავისი 5.2 მილიონი დოლარის ღირებულების წილი უსასყიდლოდ გადააფორმა რომანტიკულ პარტნიორზე, ჩენგ ია-ვენზე. მოგვიანებით, 2023 წელს განხორციელებული ტრანზაქციების სერიის შედეგად, რომლებიც, როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, არასოდეს გასაჯაროვებულა, ჩენგმა ეს წილი მინგ ჩაო ჰსუს გადასცა და ამავე პერიოდში გადაუფორმა მის მიერ საქართველოში დაფუძნებული კიდევ ორი კომპანია – „ლიქსინ თრეველი“ (Lixin Travel) და „ლიქსინ თრეიდინგი“ (Lixin Trading).

დოკუმენტი. წყარო: საჯარო რეესტრი
მინგ ჩაო ჰსუ, რომელიც „Lixin Group“-ის სახედ და აღმასრულებელ დირექტორად ფიგურირებს, ამჟამად საქართველოში ამ და სხვა კომპანიების მეშვეობით თითქმის 22.7 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობს ან თანამფლობელია, მაშინ როცა თომას შუს სახელი ყველა ამ აქტივიდან მთლიანად გამქრალია.
ყველაზე თვალსაჩინო პროექტად კვლავ „Halcyon“ რჩება. „Lixin Group“ საკუთარ ვებგვერდზე პროექტს ინტენსიურად არეკლამებს და მას „საქართველოს ყველაზე მაღალ შენობასა და მსოფლიო დონის ღირსშესანიშნაობას“ უწოდებს. თუმცა, პროექტის დაანონსებიდან ოთხი წლის შემდეგაც მშენებლობა არ დაწყებულა.
ამასთან, ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული შენობების არქიტექტურული რენდერები ძალიან ჰგავს ერაყელ-ბრიტანელი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერ ჩინეთში, შენჟენ-ბეიში აშენებული კოშკის დიზაინს. (დიზაინთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ, „Lixin“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „Halcyon Towers” ჯერ კიდევ „ადრეული კონცეპტუალური დაგეგმარების ეტაპზეა“, ხოლო ინტერნეტში გამოქვეყნებული დიზაინი „წინასწარი კონცეფციაა და საბოლოო ვერსიას არ წარმოადგენს“.)

Halcyon Tower
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორმა, მალხაზ ჭკადუამ, OCCRP-სთან საუბარში აღნიშნა, რომ შუს „გაუმჭვირვალე“ ინვესტიციები დაკავშირებულია საქართველოში საჯარო და ინსტიტუციური ზედამხედველობის სისუსტესთან.
„არავის დაინტერესებულა იმის გამოსაკვლევად, თუ სინამდვილეში როგორი ფინანსური ჯგუფები და ინტერესები დგას ამ ე.წ. „მსხვილი ინვესტორის“ უკან“, – განაცხადა ჭკადუამ.
კამბოჯაში „Lixin Group“ უძრავი ქონების სექტორის მართლაც ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ ითვლება. კომპანიამ წამოიწყო რამდენიმე გიგანტური პროექტი, მათ შორის სრულიად ახალი ქალაქის მშენებლობა ქვეყნის კაზინოებისა და ტურისტული ცენტრის, სიანუკვილის მახლობლად. კომპანიამ მჭიდრო კავშირები დაამყარა ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან – გამოსცა ბიოგრაფიული ნაშრომიც კი ქვეყნის დიდი ხნის პრემიერ-მინისტრის შესახებ და მართავდა გრანდიოზულ ღონისძიებებს თავისი სამშენებლო პროექტების აღსანიშნავად.

ჰსუ მინგ-ჩაო და პროვინციის ოფიციალური პირები ათვალიერებენ კამბოჯაში მდებარე „სიანუკვილის ახალი ქალაქის“ (Sihanoukville New City) დიდ მაკეტს. წყარო: Screenshot/Facebook/პრეა სიანუკის პროვინციის ადმინისტრაცია
თუმცა ამ ბრწყინვალების მიღმა „Lixin Group“-ს ბნელი მხარეც აქვს. მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ანგარიშში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისმა (UNODC) აღწერა კამბოჯაში მოქმედი უძრავი ქონების დეველოპერი კომპანია, რომელიც „Lixin“-ს საოცრად ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში დეველოპერი მხოლოდ კოდური სახელით, „Business Group 2“ (BG2)-ით არის მოხსენიებული, მის მომზადებაში ჩართულმა სამმა პირმა OCCRP-ს დაუდასტურა, რომ „Business Group 2“ სწორედ „Lixin Group“-ა.
ანგარიშში BG2 აღწერილია როგორც „მეკონგის რეგიონში დაფუძნებული მსხვილი კრიმინალური საწარმო“, რომელიც ორმა ტაივანელმა დააფუძნა, მათგან ერთ-ერთი ტაივანში ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დღემდე იძებნება. ორგანიზაციამ საქმიანობა თავდაპირველად კამბოჯაში გააფართოვა, მოგვიანებით კი – საქართველოში.

UNODC-ის აპრილის ანგარიშში Lixin Group-ი „მეკონგში დაფუძნებულ მსხვილ კრიმინალურ საწარმოდ“ იყო მოხსენიებული. წყარო: UNODC
„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფართო საქმიანობის პარალელურად, „BG2“-მა თავისი ოპერაციები მნიშვნელოვნად გააფართოვა საქართველოშიც, სადაც ჯგუფმა სულ მცირე 25 კომპანია დაარეგისტრირა” – ნათქვამია ანგარიშში. OCCRP-იმ და მისმა პარტნიორებმა საქართველოში სულ მცირე 30 კომპანია გამოავლინეს, რომლებიც „Lixin Global Invest“-ის, „Lixin“-ის სხვა სუბიექტების ან მათთან დაკავშირებული ბიზნესფიგურების მიერ იყო დაფუძნებული.
„მის ინტერესებშია სანაპირო ქალაქი ბათუმი, რომელიც, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მსგავსად, სულ უფრო მეტად ასოცირდება ონლაინ აზარტულ თამაშებთან და კიბერ-თაღლითურ ოპერაციებთან“.
Lixin Group-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიისთვის უცნობი იყო გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ანგარიშის შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ კატეგორიულად უარყვეს ნებისმიერი სახის კანონდარღვევა ან კავშირი უკანონო აზარტულ თამაშებსა და კიბერ-თაღლითობასთან.
„თუკი დადასტურდება, რომ გაეროს ანგარიშში მოხსენიებული “BG2” გულისხმობს “Lixin Group-ს”, კომპანია დაუკავშირდება გაეროს შესაბამის დეპარტამენტებს და წარადგენს სათანადო მტკიცებულებებს სიტუაციის ასახსნელად და ფაქტების დასაზუსტებლად“, – განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა OCCRP-ის.
მიუხედავად იმისა, რომ Lixin-ს კიბერთაღლითობისთვის ოფიციალურად ბრალი არასდროს წარდგენია, OCCRP-მ და მისმა პარტნიორებმა აღმოაჩინეს ჩინეთის სასამართლოს განაჩენები, რომელთა მიხედვითაც კამბოჯაში მოქმედმა Lixin-ის ერთმა კომპანიამ მინიმუმ 12 ჩინელი თანამშრომელი დაიქირავა მასშტაბური თაღლითური სატელეფონო ქოლ-ცენტრების საოპერაციოდ.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ანგარიშში ასევე ხაზგასმულია „BG2“-ის კავშირი ქართულ წამყვან საფეხბურთო კლუბთან: „ბოლო წლებში „BG2“-მა მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რათა გამხდარიყო საქართველოს უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბის მთავარი სპონსორი. ეს მიუთითებს მის მუდმივ მცდელობაზე, გააფართოოს თავისი ლეგიტიმური საჯარო ბრენდი და გავლენა ქვეყნის შიგნით“.
ჰსუს და „Lixin Group“-ის იურისტებმა უარყვეს კომპანიის კავშირი რაიმე სახის უკანონო საქმიანობასთან. მათი განმარტებით, მას შემდეგ, რაც კამბოჯის მთავრობამ ონლაინ კაზინოები აკრძალა, „Lixin Group“-ის კომპანიებმა ეს ბიზნესი დატოვა. მათ ასევე განაცხადეს, რომ „Lixin“-მა ბათუმის საფეხბურთო კლუბის სპონსორობა შეწყვიტა და უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თომას შუ ოდესმე მისი საპატიო პრეზიდენტი იყო.
„კომპანია აცხადებს, რომ იგი არის პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების დეველოპერი და არ ჩაებმება არანაირ ბიზნეს საქმიანობაში, რომელიც ეჭვმიტანილია უკანონობაში ან კანონთან შეუსაბამობაში,“ -ნათქვამია Lixin-ის წარმომადგენლის მიერ გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში.
აფეთქება და დაპატიმრება
თომას შუს ბინაში მომხდარი აფეთქება მისი პრობლემების მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა.
ინციდენტი 2009 წლის ოქტომბერში მოხდა. ტაივანის სამხრეთით მდებარე ინდუსტრიულ ქალაქს გაოსიუნის 29 წლის მკვიდრი, მინგ ჩინ ჰსუ (როგორც მას იმ პერიოდში იცნობდნენ) ვალებში ჩაფლულ ქიმიკოს-ინჟინერს დაუკავშირდა კრისტალური მეთამფეტამინის დასამზადებლად. თუმცა, ნარკოტიკის დამზადების პირველივე მცდელობისას ინჟინერმა ხელთათმანების გამოყენება უგულებელყო, რის შედეგადაც სტატიკური ელექტროენერგიის მუხტი წარმოიქმნა და ახლოს მდებარე წყალბადის აირი აფეთქდა.
მამაკაცმა დამწვრობებით ხუთი დღე საავადმყოფოში გაატარა, რის შემდეგაც შუმ მას სამუშაოს განახლება უბრძანა.

კაოჰსიუნგის საცხოვრებელი კორპუსი, სადაც თომას შუმ კრისტალური მეტამფეტამინის დამზადება სცადა. წყარო: The Reporter
ტაივანის სასამართლოს სამი გადაწყვეტილების თანახმად, პოლიციის მიმართ შიშმა და მეზობლების ჩივილმა სპეციფიკური, მძიმე სუნის გამო, ისინი აიძულა, საიდუმლო ლაბორატორიისთვის ადგილსამყოფელი სამჯერ შეეცვალათ. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობისა და შუს მხრიდან საყვედურების შემდეგ, ქიმიურმა ინჟინერმა საბოლოოდ მოახერხა ეფედრინის (მეტამფეტამინის მნიშვნელოვანი ინგრედიენტის) გამოცალკევება იმ 2 000 აბი გაციების საწინააღმდეგო წამლიდან, რომელიც მას შუმ მიაწოდა.
თუმცა, ეს წამოწყება თითქოს დაწყევლილი იყო. როდესაც შუმ, როგორც იქნა, ინდონეზიაში ნარკოტიკების პარტიის გაგზავნა მოახერხა, ტვირთი 2010 წლის მარტში ჯაკარტაში დააკავეს. მარცხით განრისხებულმა შუმ და კიდევ ოთხმა პირმა გაიტაცეს პარტნიორი, რომელიც, მათი ვარაუდით, პოლიციასთან თანამშრომლობდა. მათ მამაკაცი 21 საათის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული და სავარაუდო ღალატის სანაცვლოდ ფინანსურ კომპენსაციას ითხოვდნენ.
საბოლოოდ, ქიმიკოს-ინჟინერი, შუ და კიდევ ორი პირი ტაივანში დააპატიმრეს. 2012 წლის მარტში შუს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების წარმოების პროცესის ზედამხედველობაში – მის „ფინანსურ მხარდაჭერასა და ნედლეულით მომარაგებაში“. მას დამატებით რვა წლით პატიმრობა მიესაჯა ყაჩაღობისთვის, ხოლო პარტნიორის გატაცების გამო უკანონო თავისუფლების აღკვეთისთვისაც დამნაშავედ ცნეს.
მიუხედავად იმისა, რომ სუმ 2013 წლის დეკემბრის ბოლოს საბოლოო სააპელაციო საჩივარიც წააგო, მან შეძლო ტაივანიდან გაქცევა ისე, რომ საპატიმრო სასჯელი ერთხელაც არ მოუხდია. ტაივანის პოლიციას ეჭვი აქვს, რომ მან გაქცევა ორი ყალბი იდენტობის გამოყენებით მოახერხა, ნათქვამია პოლიციის მასალებში, რომლებიც OCCRP-ის პარტნიორმა გამოცემა The Reporter-მა მოიპოვა.
იმავე თვის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები აჩვენებს, რომ 2013 წლის 13 დეკემბერს შუ უკვე კამბოჯაში, სადაც მზიან ამინდში ანგკორის პერიოდის ტაძრებისა და საცურაო აუზის ფოტოებს აზიარებდა.
არ არსებობს ოფიციალური ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რამ მიიზიდა შუ კამბოჯაში, დაბალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანაში, რომელიც ტაივანიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 2 000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თუმცა, მას იქ უკვე ჰყავდა მინიმუმ ერთი ძალიან ახლო კონტაქტი – მისი უფროსი ძმა, მინგ ჩაო ჰსუ.
ტაივანის პოლიციის მასალების თანახმად, ტაივანიდან გაქცევის მომდევნო წლებში შუმ კამბოჯაში კორპორატიული კარიერის შენება დაიწყო და, ამავდროულად, საფუძველი ჩაუყარა ახალ იდენტობას.
„იგი კამბოჯაში ყალბი პასპორტით გაიქცა და თავის უფროს ძმასთან, მინგ ჩაო ჰსუ-სთან ერთად, იქ უძრავი ქონებისა და სხვა ბიზნესებს მართავს,“ – ნათქვამია 2017 წლის პოლიციის ერთ-ერთ ჩანაწერში.
2018 წლის ოქტომბერში შუმ – რომელიც ოფიციალურად კვლავ მინგ-ჩინ ჰსუს სახელს ატარებდა – მოიპოვა ფილიპინების პასპორტი, რომელშიც მისი ფოტო იყო დატანილი, თუმცა, მითითებული იყო სხვა სახელი -შუ დონგ ენრიკესი, ხოლო დაბადების ადგილად კესონ-სიტი ფიქსირდებოდა.
თავისი ახალი ფილიპინური პასპორტისა და იდენტობის გამოყენებით, მან 2019 წელს კამბოჯის მოქალაქეობა მიიღო და ამ პროცესში სახელი კიდევ ერთხელ შეიცვალა — გახდა თომას შუ (Thomas Xu).

ჰსუ მინგ-ჩაო ახლა თომას შუს სახელს იყენებს. ფოტო: ჯეიმს ო’ბრაენი OCCRP

2013 წლის დეკემბრისთვის შუ უკვე კამბოჯიდან აქვეყნებდა ფოტოებს. წყარო: Screenshot/Facebook/Xu Mingjin (Thomas)
ვისკი, ჯაზი და უძრავი ქონება
მინგ ჩაო ჰსუმ კარიერა ტაივანის უძრავი ქონების სექტორში დაიწყო. იგი ტაივანის სიდიდით მეორე ქალაქ, ტაიჩუნში, ერთ-ერთი დეველოპერული პროექტის გაყიდვების მართვაში მონაწილეობდა. Realestate.com.kh-ზე 2020 წელს გამოქვეყნებული მისი საქებარი ბიოგრაფიის მიხედვით, ჰსუ კამბოჯას პირველად 2012 წელს ეწვია და ქვეყნის ზრდის პოტენციალით მოიხიბლა.
„სხვებისთვის კამბოჯა მხოლოდ ჩამორჩენილი და ღარიბი მესამე სამყაროს ქვეყანაა, თუმცა მინგ ჩაო ჰსუს თვალში ის აყვავებული „ოქროს მამალი“ იყო – ზუსტად ისეთივე, როგორიც პეკინი, შანხაი და გუანჯოუ 1990-იან წლებში“, – ნათქვამია სტატიაში.
იმ პერიოდში კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში უძრავი ქონების ბუმის იყო, რასაც ხელს უწყობდა უცხოური ინვესტიციების ზრდა, განსაკუთრებით აზიის მდიდარი ქვეყნებიდან.
2015 წელს კამბოჯაში დაფუძნდა რამდენიმე კომპანია, რომელთა დირექტორიც ჰსუ იყო, მათ შორის „Lixin Construction Co Ltd“. ეს და მოგვიანებით შექმნილი სხვა კომპანიები „Lixin Group“-ის სახელით ოპერირებენ. ჯგუფს აქვს დახვეწილი ვებ და სოციალური მედიის გვერდები, სადაც სხვადასხვა ინვესტიციის შესახებ შეხვდებით ინფორმაციას, თუმცა თავად „Lixin Group“ იურიდიულ პირს არ წარმოადგენს.
კარგად მორგებული კოსტიუმებისა და წინდების გარეშე ჩაცმული ე.წ. ლოფერების (ფეხსაცმლის სახეობა) მოყვარული ჰსუ ენერგიულად უწევდა პოპულარიზაციას ახლად ფეხადგმულ კორპორაციულ ჯგუფს. პარალელურად, მას ინტერიერის დიზაინის, ვისკისა და ჯაზისადმი გაუჩნდა ინტერესი. მან თავისი ნამდვილი სახელის პარალელურად “კევინ ჰსუ-ს” გამოყენება დაიწყო.
2017 წლისთვის, რეგისტრაციიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, „Lixin Construction“-მა განაცხადა, რომ პნომპენში 33-სართულიანი მაღალი კლასის კომპლექსის „CEO Center“-ის მშენებლობას იწყებდა. „Lixin“-ის პირველი პარტნიორი „K T Pacific Group Ltd“ იყო, რომელსაც ჰონგ სუონი ხელმძღვანელობდა – კამბოჯელი მაგნატის, საი კონგ ტრივის მეუღლე, რომელსაც მმართველ „კამბოჯის სახალხო პარტიასთან“ მრავალწლიანი კავშირები ჰქონდა. იმავე წელს „CEO Center“-ის პირველ საჯარო პრეზენტაციას კამბოჯის ვიცე-პრემიერი მენ სამ ანიც დაესწრო.

„ლიქსინის“ ხელმძღვანელებმა კამბოჯის პოლიტიკურ ელიტასთან ურთიერთობები 2010-იანი წლების შუა პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ დაამყარეს. ფოტო: ჯეიმს ო’ბრაენი OCCRP
2018 წელს „CEO Center“-ის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის აღსანიშნავად კიდევ ერთი ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ძმები ჰსუებიც დაესწრნენ. მაღალი რანგის სტუმრებით გარშემორტყმულმა ძმებმა, კამბოჯის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ჰუნ სენის ძმისშვილთან – ჰუნ ტოსთან ერთად, სიმბოლურად ქვიშა გადაყარეს წითელ-ოქროსფერი „მცველი სვეტის“ წინ, რომელიც ჩინურ კულტურაში იღბლის სიმბოლოა.
12 თვის განმავლობაში ჰუნების ოჯახის ეს წარმომადგენელი Lixin-ის ერთ-ერთი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის 25-პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი გახდა.
ჰუნ სენი და მისი ოჯახი კამბოჯას თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მართავდნენ, ხოლო ძმები ჰსუები მათთან კავშირების გასამყარებლად გულმოდგინედ მუშაობდნენ. მათ დონაციები გაიღეს კამბოჯის წითელი ჯვრისთვის, რომელსაც ჰუნ სენის მეუღლე ხელმძღვანელობს; გარდა ამისა, 2023 წელს „Lixin“-მა დააფინანსა ჰუნ სენის საქებარი ბიოგრაფიის გამოცემა.

კამბოჯის წითელი ჯვრისა და „ლიქსინის“ მიერ ონლაინ გამოქვეყნებული სურათები და სერტიფიკატები, რომლებიც ასახავს ჰსუ ძმების შემოწირულობებს ორგანიზაციისთვის, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში დიდი ხნის პრემიერ-მინისტრის ჰუნ სენის მეუღლე ხელმძღვანელობდა. წყარო: ჯეიმს ო’ბრაენი OCCRP
Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში „Lixin“-მა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჰუნ სენის „ლეგენდარული“ ისტორიის შესახებ „ცნობიერების ამაღლება“. ამავე განცხადებაში კომპანიამ საკუთარ თავზე საუბრისას დასძინა, რომ „Lixin“ „განუყოფლად არის დაკავშირებული კამბოჯის მთავრობასა და ხალხთან“.

მინგ-ჩაო ჰსუ და კამბოჯის ინფორმაციის ყოფილი მინისტრი, ქიუ კანჰარიტი (მარჯვნივ) ხელს ართმევენ ერთმანეთს ჰუნ სენის წიგნის პრეზენტაციაზე, 2023 წლის მაისში. წყარო: Screenshot/Youtube/@lixingroup9835
კამბოჯის მთავრობამ, ჰუნ ტომ და ჰუნ სენმა პასუხი არ გასცეს ჩვენს შეკითხვებს. მათ არც ჰონგ სუონმა, საი კონგ ტრივმა და მენ სამ ანმა უპასუხეს.
მსხვილ კრიმინალურ სინდიკატთან დაკავშირებული ნარკოტრეფიკი
სანამ მინგ ჩაო ჰსუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უძრავი ქონების ბიზნესში იყო ჩართული, მისი ძმა სხვა, არანაკლებ მომგებიანი საქმიანობებით იყო დაკავებული.
2016 წლის აპრილში ტაივანური გემის კაპიტანი და კიდევ ხუთი ადამიანი მალაიზიის დროშის ქვეშ მცურავი კატამარან La Gaeta-თი იაპონიისკენ გაემგზავრნენ. მოგვიანებით ისინი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში სხვა გემს შეხვდნენ მეტამფეტამინის ტვირთის გადასატანად, ნათქვამია The Reporter-ის მიერ განხილულ სამ იაპონური სასამართლო გადაწყვეტილებაში.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ცნობით, 10 მაისს, ოკინავაში გემის შესვლის შემდეგ, იაპონიის საბაჟომ მეტამფეტამინის რეკორდული რაოდენობა, 597 კილოგრამი, აღმოაჩინა, რომლის საბაზრო ღირებულებაც, UNODC-ის მონაცემებით, დაახლოებით 364 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ტაივანის პოლიცია ოკინავაში გაემგზავრა კაპიტნის გამოსაკითხად – ამის შესახებ ნათქვამია “The Reporter”-ის მიერ მოპოვებულ კონფიდენციალურ მასალებში. პოლიციის გამოძიება, რომელიც ნაწილობრივ კაპიტანთან ინტერვიუებს ეყრდნობოდა, სამართალდამცველებს გაუჩინა ეჭვი, რომ ოპერაციის მთავარი დამფინანსებელი სწორედ შუ იყო. თუმცა, ამ საქმეზე შუსთვის ბრალი არ წარუდგენიათ (ტაივანის პოლიციამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ არ შეეძლოთ შუს წინააღმდეგ ბრალის წაყენება, რადგან ტაივანს კამბოჯასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. თავად შუმ ჩვენ კითხვებს არ უპასუხა).
გამოძიებაში მონაწილე ორი სამართალდამცავი ორგანოს, ასევე UNODC-ის ორი შიდა პრეზენტაციის თანახმად, მეტამფეტამინი, შესაძლოა, გადაჰქონდა ცნობილ ნარკო-სინდიკატს, Sam Gor-ს და იგი, სავარაუდოდ, წარმოებული იყო მიანმარის ოქროს სამკუთხედში, რეგიონში, რომელიც დიდი ხანია დაკავშირებულია ტრანსნაციონალურ ნარკოტიკების წარმოებასთან და ვაჭრობასთან.
სინდიკატთან კავშირი მას შემდეგ გამოვლინდა, რაც მიანმარისა და ავსტრალიის პოლიციამ იანგონის აეროპორტში დაკავებული Sam Gor-ის სავარაუდო აგენტის, ცაი ჯენგ ზეს (Cai Jeng Ze), ტელეფონებში La Gaeta-ს უკანონო ტვირთისა და მისი კაპიტნის ფოტოები აღმოაჩინა.

მიანმარის პოლიციის ამონაწერი (ანგარიში), რომელშიც ფიგურირებენ ცაი ჯენგ ზე და პოლიციის კაპიტანი ლა გაეტა (ყურსასმენებით). წყარო: Pol.Col Shwe Nyar Maung Head of LEF Department Drug Enforcement Division Myanmar Police Force
„ცაის ტელეფონებში აღმოჩენილმა ინფორმაციამ საშუალება მოგვცა, ოკინავაში ჩამორთმეული მეტამფეტამინი Sam Gor-ის სინდიკატისთვის დაგვეკავშირებინა“, – განაცხადა ყოფილმა მაღალჩინოსანმა პოლიციელმა, რომელიც Sam Gor-ის მულტინაციონალურ გამოძიებაში მონაწილეობდა.
„ტელეფონები შეიცავდა ინფორმაციას ამ ტვირთის შესახებ და სხვა მონაცემებს, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო“, – განმარტა მან. „ტელეფონებში ასევე ინახებოდა Sam Gor-ის უფროსი წევრების, მათ შორის მისი სავარაუდო ლიდერის, ცე ჩი ლოპის (Tse Chi Lop), პასპორტების ფოტოები და სხვა მრავალი მასალა.“
კანადის მოქალაქე ცე ჩი ლოპი 2021 წელს ამსტერდამში დააკავეს, რის შემდეგაც იგი ავსტრალიაში ექსტრადიციას დაექვემდებარა. იქ მას ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის მაქსიმალური სასჯელი, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, მიუსაჯეს. მიანმარის სასამართლოებში ცაი ჯენგ ზეს შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა.
კრიმინალური ალიანსი “სემ გორი”
„Sam Gor“-ის კრიმინალური ქსელი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოქმედი ტრიადებისა და სხვა ჯგუფების ალიანსია, რომელსაც, სავარაუდოდ, ცე ჩი ლოპი ხელმძღვანელობს. მას მედია „აზიის ელ ჩაპოს“ უწოდებს.
სინდიკატმა 2014 წლიდან ჩრდილოეთ მიანმარის ჯუნგლებით დაფარულ მთებში სამრეწველო მასშტაბის ლაბორატორიები შექმნა, სადაც ტაივანელი ქიმიკოსების დახმარებით უკიდურესად მაღალი ხარისხისა და უზარმაზარი რაოდენობის მეტამფეტამინს აწარმოებდნენ.
მისი ზოგიერთი უფროსი ლიდერის დაპატიმრების მიუხედავად, „Sam Gor“-ის სინდიკატი ნარკოტიკების დიდი რაოდენობით ვაჭრობას აგრძელებს. ფილიპინების ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს ცნობით, ივნისში სანაპიროსთან აღმოჩენილი ერთ ტონაზე მეტი კრისტალური მეტამფეტამინის უკან სწორედ ეს დაჯგუფება იდგა.
პარტნიორი სასიყვარულო ურთიერთობასა და ბიზნესში
2021 წელს შუმ და მისმა რომანტიკულმა პარტნიორმა, ჩენგ ია-ვენმა, სამხრეთ კავკასიაში ახალი თავგადასავლის ძიება დაიწყეს და საჯარო ჩანაწერების თანახმად, საქართველოში „ლიქსინის“ (Lixin) მრავალმილიონიანი ინვესტიციებს ჩაუდგნენ სათავეში. ჩენგ ია-ვენი „Lixin“-ის ბიზნეს საქმიანობაში მანამდეც იყო ჩართული და მცირე ხნით „Lixin Land Co., Ltd.“-ის დირექტორი იყო (კამბოჯაში 2015 წელს დაფუძნებული პირველი „Lixin“-ის კომპანია) ვიდრე მას ჰსუ ჩაანაცვლებდა.
შუს ადგილობრივად რეგისტრირებული სამშენებლო კომპანია წყვილის პირველი ნაბიჯი გახდა საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე. 2021 წლის აგვისტოში კომპანიამ ბათუმში მდებარე უძრავი ქონების პროექტ „ჰალციონში“ (Halcyon) 50-პროცენტიანი წილის შესაძენად 5.2 მილიონი დოლარი გადაიხადა.
დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ შუმ სამშენებლო კომპანია და მასთან დაკავშირებული წილი „ჰალციონში“ ჩენგს სიმბოლურ ფასად, 100 ლარად (იმ დროისთვის დაახლოებით 32 დოლარი) მიჰყიდა. ერთი წლის შემდეგ, ჩენგმა კომპანია ჰსუს აჩუქა, რომელიც დღემდე ფლობს მას, თუმცა ახლა ის „ლიქსინ ქონსთრაქშენის“ (Lixin Construction) სახელით ოპერირებს.
2021 წლის სექტემბერში ჩენგმა, რომელიც ახლა 38 წლისაა, ბათუმის მთავარ სანაპირო ზოლზე მდებარე, ზღვის ხედიან საცხოვრებელ კომპლექსში 14 ბინა 1.3 მილიონ დოლარად შეიძინა. სულ რაღაც ათი დღის შემდეგ მან ამ ბინებიდან ათი ჰსუსა და შუს ერთობლივად 200 000 დოლარად მიჰყიდა. ამჟამად ჰსუ და შუ ხუთ-ხუთ უძრავ ქონებას ფლობენ.
გაუგებარია, თუ რატომ გაყიდა ჩენგმა, რომელმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, ქონება ასეთი დიდი ფასდაკლებით.
ჩენგმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარე „პირიმზე პლაზას“ შეძენაში, ბიზნეს ცენტრისა, რომლის თანამფლობელებიც შუ და ვეისიონგ ლინი არიან. ვეისიონგ ლინი ჩინელი ბიზნესმენია, რომელიც ფილიპინების ხელისუფლების მიერ „ნარკორეალიზატორად“ არის მოხსენიებული და ამავე ქვეყანაში კორუფციის ბრალდებითაც იძებნება.
ვინ არის ვეისიონგ ლინ?
ლინი Pharmally Pharmaceutical Corp-ის ფინანსური მენეჯერი იყო. ფილიპინების ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აღნიშნულმა კომპანიამ COVID-19-ის პანდემიის დროს ფილიპინების მთავრობას გადაჭარბებულ ფასად მიჰყიდა ტესტის კომპლექტები და პერსონალური დაცვის აღჭურვილობა. ქვეყნის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ლინის დაპატიმრების ორდერი გასცა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ნოემბრის მდგომარეობით ლინი კვლავ მიმალვაში იმყოფებოდა. სასამართლომ 19 იანვარს დაადასტურა, რომ ლინი კვლავ ძებნილად რჩება.
ამავდროულად, ფილიპინების ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტო ლინს ნარკოვაჭრობაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს. პოლიციის გაჟონილი ანგარიშების თანახმად, ლინი იმ ჩინელი ბიზნესმენების ქსელის წევრი იყო, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან მეტამფეტამინის ლაბორატორიების მართვაში. გაჟონილ დოკუმენტებში ლინი მოხსენიებულია, როგორც საკვანძო ფიგურა, რომელიც, სავარაუდოდ, აფინანსებდა და ხელს უწყობდა „იმპორტირებული მეტამფეტამინის შემოტანას, ტრანსპორტირებასა და ადგილობრივ დისტრიბუციას“. თუმცა მას არასოდეს წარდგენია ბრალი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ არცერთ საქმეზე.
ნოემბერის კონგრესის მოსმენების დროს, ფილიპინების ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს (PDEA) მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, მორო ვირჯილიო ლაზომ, ჩვენება მისცა, რომ ლინი PDEA-ს მიერ კლასიფიცირებული იყო როგორც „ნარკოპერსონა“ (drug personality) და ის ჯერ კიდევ 2004 წელს მეტამფეტამინის ლაბორატორიაში იქნა დაკავებული.
ლინი და მისი მეუღლე ასევე მართავდნენ კომპანია Xionwei Technology-ს, რომელიც კონგრესის კომიტეტის შუალედური ანგარიშის თანახმად, იყო „სკამ-ცენტრებთან“ (თაღლითურ ცენტრებთან) და ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული POGO-ს ტიპის კომპანია. პოლიციის მიერ ფილიპინელი პარლამენტარებისთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, POGO-სთან დაკავშირებული გატაცების შვიდი შემთხვევიდან ხუთი, სავარაუდოდ, სწორედ Xionwei Technology-ს უკავშირდებოდა.
ჩენგმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნა კომპანია „ბიზნეს ცენტრი პირიმზე“ და მისი ერთპიროვნული აქციონერი გახდა. ორი თვის შემდეგ, კომპანიამ „პირიმზე პლაზას“ წინ მდებარე მრავალდონიანი ავტოსადგომი 3 მილიონ დოლარად შეიძინა, ხოლო მოგვიანებით კიდევ 9.4 მილიონი დოლარი „პირიმზე პლაზას“ უძრავი ქონების უდიდესი ნაწილის შესაძენად გადაიხადა. ორივე შესყიდვა საბანკო სესხით დაფინანსდა. ამის შემდეგ, ჩენგმა კომპანიის აქციების 80 პროცენტი ჰსუ-ს, ხოლო 20 პროცენტი ლინს მიჰყიდა.
Lixin Group-ის იურისტებმა დაადასტურეს, რომ ლინი ჰსუ-ს ბიზნესპარტნიორია, მათ შორის კომპანია „ბიზნეს ცენტრი პირიმზე-ში“. მათ ასევე განაცხადეს, რომ ჰსუ „არ ფლობდა ინფორმაციას იმ ბრალდებების შესახებ“, რომლებიც ლინის წინააღმდეგ არის წაყენებული.

ვეისიონგ ლინ-ის ფოტო, რომელიც მისი მეუღლის TikTok-გვერდზე გამოქვეყნდა. აღწერაში ის ამბობს, რომ ლინი „საქართველოში ღვინის სმის ტრადიციულ წესს“ აჩვენებს.“ 🇬🇪” წყარო: @ateroselin/TikTok
ლინის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა ფირმამ გასული წლის 12 აგვისტოს OCCRP-ის პარტნიორ Rappler-ს განუცხადა, რომ ლინი „აღარ ფლობს წილს [ბიზნეს ცენტრ პირიმზეში] და უკვე სრულად მიიღო გასხვისებული აქციების ღირებულების შესაბამისი თანხა“.
თუმცა, „ბიზნეს ცენტრი პირიმზეს“ შესახებ სექტემბერში გამოქვეყნებული უახლესი ხელმისაწვდომი დოკუმენტაციის მიხედვით, ლინი კვლავ ფიგურირებს აქციონერთა სიაში.

„პირიმზე პლაზა“ თბილისი. წყარო: OCCRP
მას შემდეგ, რაც OCCRP-იმ და მისმა პარტნიორებმა Lixin-ს კომენტარისთვის მიმართეს, კომპანიამ საქართველოში გარკვეული კორპორაციული რესტრუქტურიზაცია განახორციელა. 2025 წლის 29 ივლისს „ბიზნეს ცენტრი პირიმზეს“ დირექტორის პოსტზე ჩენგი ჰსუმ ჩაანაცვლა. 2025 წლის 5 აგვისტოს, ჟურნალისტების მიერ Lixin-ის იურისტებისთვის დამატებითი კითხვების გაგზავნიდან ერთ დღეში, ჩენგი ასევე ჩაანაცვლეს „Lixin Construction“-ის დირექტორის თანამდებობაზე
ქართულ მედიაში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც შუსა და მის ოჯახს ეხებოდა, ასევე წაიშალა აგვისტოს დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა აღნიშნულ გამოცემას კომენტარისთვის მიმართეს.
ამჟამად, ბათუმში მდებარე „ჰალციონის“ სამშენებლო ტერიტორია კვლავ სრულიად აუთვისებელია, ბიზნეს დავისა და მისგან გამომდინარე სასამართლო პროცესების ფონზე. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ამ პროექტში Lixin-ის პარტნიორი, თურქი-ქართველი ბიზნესმენი გალიპ ოზთურქი, 2023 წელს ნარკოდანაშაულისთვის იქნა მსჯავრდებული (ოზთურქი, რომელიც თურქეთში 2012 წელს მკვლელობისთვის მსჯავრდების შემდეგ მიმალვაში იმყოფება, ქართულ საქმეზე წელს, ივნისში გათავისუფლდა, მას შემდეგ რაც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მას კომენტარის თხოვნაზე არ უპასუხია).

Halcyon-ის განუვითარებელი ტერიტორია ბათუმში. წყარო: OCCRP
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელმა ჭკადუამ განაცხადა, რომ ეს პროექტი იმ სამშენებლო სექტორის სიმბოლოა, სადაც გავლენიანი ელიტები დომინირებენ და რომელიც ზოგჯერ ბუნდოვანი წარმომავლობის უცხოური კაპიტალით საზრდოობს.
შესაძლოა, ბათუმი მიმზიდველ ადგილად იქცეს ტრანსნაციონალური კრიმინალური აქტორებისთვის“, აღნიშნა მან. ამავდროულად, მისი თქმით, „ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები და ქალაქის ურბანული განვითარება დიდწილად უგულებელყოფილია“.




