ფლანგვის დეტექტორი – 2025 წლის შეჯამება

2025 წელს „ფლანგვის დეტექტორმა“ არაერთი კვლევა და საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა, სადაც კვლავაც გამოიკვეთა ის სისტემური პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში არ ქრება: საეჭვო ფინანსური სქემები, გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები, დაუსაბუთებელი სახელმწიფო ხარჯები, ინსტიტუციური სისუსტეები და ანგარიშვალდებულების დეფიციტი.

წლის ბოლოს გვინდა შეგახსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი – და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისიც, რა რეაგირება მოჰყვა მათ. მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ, აზრს  გამოთქვამთ, აზიარებთ ჩვენს მასალებს და ამ თემებს საზოგადოებრივ დღის წესრიგში ინარჩუნებთ.


ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებულად მწვავე გახდა ე.წ. ქოლ-ცენტრების თემა, რომლებიც მოქალაქეებს (ხშირად – დასავლეთში მცხოვრებ პენსიონერებს) სხვადასხვა ხრიკით ატყუებენ და თანხებს სძალავენ. ამ პრაქტიკის მასშტაბებმა და განმეორებადობამ გააჩინა საფუძვლიანი ეჭვები, რომ ქვეყანა მსგავსი ქსელებისთვის ერთგვარ „უსაფრთხო ჰაბადაც“ კი იქცა, რომლის უკან შესაძლოა გავლენიანი ჯგუფები იდგნენ.

2025 წელს, OCCRP-ის საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, „ფლანგვის დეტექტორმა“ პარტნიორებთან ერთად გამოავლინა თბილისში მოქმედი A.K. Group-ის ქოლ-ცენტრი, რომლის მეშვეობითაც 2022–2025 წლებში ევროპისა და კანადის მოქალაქეებს, ჯამურად, 35 მილიონ დოლარზე მეტი მოჰპარეს.

გამოძიების შემდეგ პროკურატურამ ამ ქსელთან დაკავშირებული აქტივები გაყინა, თუმცა შემდგომ პერიოდში პროცესი აშკარად შენელდა: დღემდე არ დამდგარა ქოლ-ცენტრთან დაკავშირებული პირების პასუხისმგებლობის საკითხი იმ მასშტაბით, რასაც საქმის სიმძიმე და ზარალი მოითხოვდა.


ინფრასტრუქტურული პროექტების გაჭიანურება საქართველოში, სამწუხაროდ, გამონაკლისი აღარ არის. ამ პროცესის თამნდევი ნაწილია სუსტი დაგეგმვა, პროექტის პირობებისა და ვადების მუდმივი გადახედვა, შემსრულებლის სანდოობის პრობლემა და, საბოლოოდ, პასუხისმგებლობის რეალური მექანიზმების არქონა. ამ ყველაფრის შედეგს კი მოქალაქეები ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობენ, როცა საჭირო სერვისს ან დაგვიანებით იღებენ, ან საერთოდ ვერ იღებენ.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით თვალსაჩინოა დედოფლისწყაროს წყალმომარაგების პროექტი, რომლის 2022 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

პროექტის ხელშეკრულებაში, რომლისთვისაც სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, შეტანილია 21 ცვლილება, მათგან 16 პირდაპირ ვადის გადავადებას ეხება. მიუხედავად მრავალჯერადი გადაცილების, კომპანიას, რომელიც სამუშაოების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი, ერთხელაც არ დაკისრებია პირგასამტეხლო.


ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებს საერთაშორისო ინდექსები და რეიტინგებიც, საკმაოდ მკაფიოდ, ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი ნარატივები ხშირად „დემოკრატიულ პროგრესს“ უსვამს ხაზს, ჩვენს მიერ გაანალიზებულმა მონაცემებმა სხვა სურათი აჩვენა.

„ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა 33 ინდიკატორი, რომელთაგან 22-ში, ანუ 66,7%-ში, საქართველომ პოზიციები დაკარგა.

ერთ-ერთი განსაკუთრებით საგანგაშო ინდიკატორია ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის პატივისცემა: ამ კომპონენტში საქართველომ 70 პოზიციით დაიკლო და 46-ე ადგილიდან 116-ე ადგილზე გადაინაცვლა. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დეკლარირებულად შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობაში შევიდა არაერთი სადავო ცვლილება (მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული), რაც ამ მიმართულებით უკუსვლას კიდევ უფრო ამწვავებს.

ამასთან, 70-პოზიციიანი ვარდნა ყველაზე მძიმე შემთხვევაც არ ყოფილა: სასამართლო მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეწოლის/თავდასხმის ინდიკატორში საქართველომ 82 პოზიციით დაიხია უკან – რაც, პრაქტიკულად, სისტემური პრობლემის პირდაპირ დადასტურებაა. 


სამოქალაქო ორგანიზაციები და მედია წლებია მიუთითებენ გადატვირთულ ბიუროკრატიულ აპარატზე, სადაც მოქალაქეები ხშირად დაუსაბუთებლად საქმდებიან. ამ ფონზე, 2022 წელს მთავრობამ დაიწყო პროგრამა, რომლის მიზნადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმება და შრომით ბაზარზე ინტეგრაცია დასახელდა. თუმცა პრაქტიკა და ხელმისაწვდომი მონაცემები აჩენს კითხვას: რეალურად რამდენად ემსახურება პროგრამა სიღარიბის შემცირებასა და ხომ არ გამოიყენება ის სხვა, მათ შორის პოლიტიკური, მიზნებისთვის.

ამ კუთხით გამორჩეულია მესტიის მუნიციპალიტეტი, სადაც ოფიციალური მონაცემებით დასაქმებულებად ფიქსირდება, სტადიონის 143 დამლაგებელი და წყლის სათავე აუზის 170 გამწმენდი. მუნიციპალიტეტის მასშტაბის გათვალისწინებით, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რამდენად შეესაბამება ეს რიცხვები რეალურ საჭიროებას და ხომ არ ხდება დასაქმების მექანიზმის გამოყენება ელექტორალური მხარდაჭერის გასამყარებლად.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა: 2022 წელს  – 39,8 მილიონი ლარი, 2023 წელს – 97 მილიონი ლარი, ხოლო 2024 წელს – 103 მილიონი ლარი. ამ ბიუჯეტით წლების განმავლობაში 30 ათასამდე სოციალურად დაუცველი მოქალაქე დასაქმდა.

2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა შეწყდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. მისი თქმით, პროგრამით გათვალისწინებული 4-წლიანი ციკლი ამოიწურა. შესაბამისად, მომდევნო წლისთვის “შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმებისთვის” გამოყოფილი თანხა თითქმის 113 მილიონიდან 21.6 მილიონამდე მცირდება.


2025 წელს აქტუალური იყო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაც. ბიუროს დაევალა ისეთი შემზღუდავი კანონების აღსრულება, როგორებიცაა ე.წ. „აგენტების კანონი“, ე.წ. „FARA“ და ე.წ. „გრანტების კანონი“. 2024–2025 წლებში ბიუროზე ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა ამპერიოდის განმავლობაში მას არ გამოუვლენია მაღალი დონის კორუფციის არც ერთი საქმე, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ინსტიტუტის დანიშნულებიდან გამომდინარე.

თავდაპირველად, ანტიკორუფციული ბიურო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების კონტექსტში შეიქმნა, თუმცა რეალური დამოუკიდებლობა თავიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა.

დამოუკიდებლობის გაძლიერების ნაცვლად, ხელისუფლებამ ბიურო საერთოდ გააუქმა, ხოლო მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიტანა.  


11 ნოემბერს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი სხვა პირთან ერთად მილსადენების ფარულად დაუფლების ფაქტზე (ზიანის ოდენობა 5 მილიონი ლარი) დაკავებულია ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან გამრეკელი.

„ფლანგვის დეტექტორი“ ლევან გამრეკელის კომპანიებსა და ტენდერებზე 2020 წლიდან წერდა, თუმცა მაშინ პროკურატურას ამ საქმეებით, სამწუხაროდ, ინტერესი არ გამოუჩენია.

ჩვენი მასალების მიხედვით, 2015–2019 წლებში სახელმწიფო შესყიდვებში გამრეკელთან დაკავშირებულმა სამმა კომპანიამ 26 ტენდერით ჯამში 3 მილიონ ლარამდე მიიღო. ლევან გამრეკელი 2017–2025 წლებში ხაშურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც იკავებდა, რაც ინტერესთა კონფლიქტისა და შესაძლო კორუფციული გარიგებების ეჭვებს აძლიერებდა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს მან ახლად დაფუძნებული კომპანიიდან 1,2 მილიონი ლარი მიიღო მოგების სახით.


ბუნებრივია, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მასალებისა, რომლებზეც 2025 წელს მოგიყევით. თითოეული ასეთი ამბავი გვახსენებს მთავარს, რომ ხშირად საქმე გვაქვს არა ცალკეულ შემთხვევასთან, არამედ სისტემასთან, სადაც კონტროლი სუსტია, ხოლო საჯარო ინტერესი – დაუცველი.

მადლობა, რომ გვკითხულობთ და საკუთარ პოზიციას აფიქსირებთ ჩვენს კვლევებთან მიმართებით. თქვენთან ერთად ვიტოვებთ იმედს, რომ 2026 წელი უფრო ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული იქნება.

მსგავსი სტატიები