ევროინტეგრაციის ფასადური რეფორმა: როგორ შეიქმნა და გაუქმდა ანტიკორუფციული ბიურო

2025 წლის 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ანტიკორუფციულ ბიუროს აუქმებს და მის ფუნქციებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადასცემს. ამავე აუდიტის სამსახურს 2025 წლიდან ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი.

გაუქმების გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ტრადიციული ნარატივით ისაუბრეს: თითქოს ეს იყო „გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი“ სტრუქტურა, რომელიც ახლა „ლოგიკურად“ უნდა გაუქმდეს.

სტატია აანალიზებს, რამდენად სამართლიანია ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და რა ზეგავლენას იქონიებს ის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიურო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეიქმნა.

ანტიკორუფციული ბიურო 2022 წელს შეიქმნა. მისი შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი პირობების მე-4 პუნქტი იყო, რომელიც პირდაპირ ეხებოდა „ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას“.

ევროკომისია რეკომენდაციაში წერდა, რომ საჭიროა:

„გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, ყველა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებით, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული საქმეების მკაცრად გადაწყვეტის, ახალი სპეციალური საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის სერვისების გაძლიერების გზით, და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შესაბამისი რესურსებით“.

2022 წლის 3 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს საკუთარი გეგმა ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად. ამ გეგმაში ანტიკორუფციულ ბიუროზე საუბარი იყო, როგორც სტრუქტურაზე, რომელსაც უნდა გაეერთიანებინა:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან – ანტიკორუფციული სააგენტო;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი;
  • საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი.

შესაბამისად, იდეა იყო ერთიანი, პროფესიული და ნამდვილად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტის  შექმნა, რომელიც ეფექტურად უპასუხებდა მაღალი დონის კორუფციის გამოწვევას საქართველოში. 

მიუხედავად ამისა, უკვე შექმნის მომენტიდან გაჩნდა სერიოზული კითხვები ბიუროს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ბიუროს ხელმძღვანელს “6 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, რაც მართვის სადავეებს მმართველი პარტიის ხელში აქცევდა.

2023 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დანიშნა, რომელიც მანამდე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი იყო.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით:

  • 2024 წელს ანტიკორუფციული ბიუროს ბიუჯეტი იყო 5,140,800 ლარი, საიდანაც 86 დასაქმებულის ხელფასებისთვის 1,411,500 დაიხარჯა.
  • 2025 წლისთვის ბიუროს ბიუჯეტი გასამმაგდა  და გახდა 13,200,000 ლარი. აქედან, 121 დასაქმებულის ხელფასებში დაიგეგმა 7 793 000 ლარის დახარჯვა.
  • 2026 წლის პროექტით ანტიკორუფციული ბიუროს დაფინანსებად იყო განსაზღვრული 14 500 000 ლარი, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, სად გადამისამართდება ეს თანხა ბიუროს გაუქმების შემთხვევაში.

ამდენად, რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფომ ათეულობით მილიონი ლარი გამოყო ინსტიტუციის შესაქმნელად, რომლის გაუქმებაც ახლა პოლიტიკური მოსაზრებებით ხდება.

განსაკუთრებით საყურადღებოა ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის ანაზღაურებაც. მისი ქონებრივი დეკლარაციებით:

  • 02.02.2023–დან 31.12.2023-მდე ხელფასის სახით მიიღო  77 705 ლარი;
  • 01.01.2024–დან 31.12.2024-მდე – 96 238 ლარი.

აქედან ჩნდება კითხვა თუ რისთვის გადაიხადა საზოგადოებამ ეს ფული? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, შეგვიძლია ბიუროს საქმიანობას გადავხედოთ. 

2025 წლის ივლისში, ჟურნალისტებთან საუბრისას, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ:

„ლილუაშვილის, ღარიბაშვილის, გომელაურის დეკლარაციებში არანაირი დარღვევები არაა“.

აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე თვეში, ოქტომბერში, ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ბრალდების მიხედვით, ის:

  • მონაწილეობდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, თანამდებობის პირის დეკლარაციებში ასახავდა ყალბ მონაცემებს, თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა დიდ ოდენობის თანხებს.

ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა ანტიკორუფციული ბიუროს 2023 წლიდან ევალებოდა. ღარიბაშვილს დეკლარაციები 2024 და 2025 წლებშიც აქვს ჩაბარებული, თუმცა ბიურომ ვერც ერთ მათგანში შეამჩნია დარღვევა.

საპირისპიროდ, 2025 წლის ნოემბერში ანტიკორუფციულმა ბიურომ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, დააჯარიმა – სწორედ ქონებრივ დეკლარაციაში ინფორმაციის არასრული ასახვის გამო.

ამას დაემატა 2024 წლის თებერვლის პროცესები, როდესაც ბიურომ 30 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დეკლარაციების შემოწმება დაიწყო “ქართული ოცნების” მხარდამჭერის, დავით ჩიხელაძის, მიმართვის საფუძველზე. 

ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ ბიუროს ყურადღება ხშირად ოპოზიციურ და კრიტიკულად განწყობილ ფიგურებზე იყო მიმართული, მაშინ როცა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის შესაძლო კორუფციულ საქმეებზე გამოძიების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

პოლიტიკოსების დეკლარაციების შემოწმებასთან ერთად, ანტიკორუფციულ ბიუროს ასევე დაევალა „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონების – ე.წ. „აგენტების კანონის“, ე.წ. „FARA“-ს და ე.წ. „გრანტების კანონის“ აღსრულება.

  • 2025 წლის ივნისში ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო სასამართლოს წერილები, სადაც მოთხოვნილი იყო 2024 წლიდან მათი ფინანსური და ბენეფიციარების მონაცემები. სასამართლოს ამ მოთხოვნით საკუთრივ ბიურომ მიმართა.

NGO-ების წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ მათი “დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს”, თუნდაც ამას დევნა და დაპატიმრება მოჰყოლოდა. 

შემდეგ, მიმდინარე წლის აგვისტოში, ბიურომ კვლავ გაუგზავნა წერილები ექვს არასამთავრობო ორგანიზაციას, სადაც რაჟდენ კუპრაშვილი მათ ადანაშაულებდა ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში, ემუქრებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით და ითხოვდა განმარტებებს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ „აგენტებად“.

შემდეგ წრე კიდევ უფრო გაფართოვდა:

  • დაახლოებით 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ 2025 წლის სექტემბერში ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღო წერილები, სადაც ბიურო მათგან 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ ფინანსურ ინფორმაციას ითხოვდა.

ამ ქმედებებმა სამოქალაქო საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ანტიკორუფციული ბიურო კანონის თანაბარ აღსრულებაზე კი არა, სამოქალაქო სექტორის დაშინებასა და რეპრესიებზე მუშაობდა. 2025 წლის ნოემბერში 50-ზე მეტმა ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელიც ბიუროს მიერ სამოქალაქო საზოგადოების დევნას კრიტიკულად ეხმიანებოდა. 

ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2025 წლის 4 სექტემბერს ბიურომ ე.წ. „გრანტების კანონის“ ფარგლებში ჯამში 80-ზე მეტი ორგანიზაციის მონიტორინგი დაიწყო.

ანტიკორუფციული ბიუროს მმართველი პარტიისგან დამოუკიდებლობის პრობლემას განსაკუთრებით კარგად აჩვენებს 2024 წლის წინასაარჩევნო ეპიზოდი.

  • 2024 წლის სექტემბერში ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოეცხადებინა. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ეს კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება იყო, რომელიც ბიუროს უფლებამოსილებას ცდებოდა. 
  • მკაცრი საშინაო თუ საგარეო კრიტიკის შემდეგ, 1 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ საჯაროდ მოუწოდა ბიუროს, მოეხსნა ეს სტატუსი აღნიშნული ორგანიზაციებისთვის.
  • 2 ოქტომბერს რაჟდენ კუპრაშვილმა უკვე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას აუქმებს და ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებს „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ აღარ აღიარებს.

ეს მაგალითი ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, თუ რამდენად შორს იყო ბიურო რეალური დამოუკიდებლობისგან.

ბიუროს დამოუკიდებლობის საკითხზე საერთაშორისო კრიტიკაც მალევე გაჩნდა.

2023 წლისდეკემბერში, შალვა პაპუაშვილის მიმართვის საფუძველზე, ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს არ გააჩნდა სათანადო დამოუკიდებლობის გარანტიები:

  • „მოქმედი ინსტიტუციური სტრუქტურა არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს… პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირთა აქტივებისა და დეკლარაციების მონიტორინგის კომპეტენციები საჭიროებს დამატებით გარანტიებს“.

განსაკუთრებულად პრობლემურად დასახელდა ის ფაქტი, რომ:

  • ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება მეტწილად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რაც სისტემას პირდაპირ აკავშირებს მმართველ პარტიასთან.

2025 წლის დასკვნაშიც ვენეციის კომისიამ კვლავ გაიმეორა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს არ გააჩნია დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკმარისი გარანტიები.

თუ ქრონოლოგიას შევხედავთ, სურათი ასე გამოიყურება:

  1. ევროკომისიამ საქართველოს განუსაზღვრა 12 წინაპირობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელთა შორის იყო ანტიკორუფციული ინსტიტუციების დამოუკიდებლობის გაძლიერება.
  2. ხელისუფლებამ ფორმალურად შექმნა ახალი სტრუქტურა – ანტიკორუფციული ბიურო, რათა რეკომენდაცია შესრულებულად ჩათვლილიყო.

პრაქტიკაში კი აღმოჩნდა, რომ :

  • ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავდა პრემიერ-მინისტრი და არ გააჩნდა სათანადო გარანტიები დისტანცირებულიყო მმართველი პარტიის ინტერესებიდან. 
  • ბიუროს არ გააჩნდა საგამოძიებო ფუნქცია და შესაბამისად, ეფექტური ბერკეტი კორუფციის აღმოსაფხვრელად. 
  • ბიურომ ვერ ან არ გამოავლინა მაღალი დონის კორუფციის ფაქტები.
  • ბიურო იქცა სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციაზე ზეწოლის ინსტრუმენტად.

შესაბამისად, ამ გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებამ აირჩია არა ბიუროს რეალური დამოუკიდებლობის გაზრდის გზა, არამედ იპოვა “უფრო იოლი გამოსავალი” – ინსტიტუტის გაუქმება და მისი ფუნქციების გადატანა აუდიტის სამსახურში, რომლის დამოუკიდებლობაც ასევე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ ყველაფრის ფონზე, ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება შეიძლება ითქვას არის არა „რეფორმა“ ან „გარე ზეწოლისგან გათავისუფლება“. ეს არის ევროკომისიის რეკომენდაციის რეალური შინაარსის გაუფასურება და კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროპული კურსიდან კიდევ უფრო აშორებს.

მსგავსი სტატიები