29 ოქტომბერს მოძრაობა „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გამოაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდებიან. აღნიშნულ განცხადებას ერთი დღით ადრე, 28 ოქტომბერს, წან უძღოდა შალვა პაპუაშვილის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სარჩელით სამი პარტიის – „ახალის“, „ლელოსა“ და „ენმ“-ის – აკრძალვა მოითხოვეს.
მოძრაობა ნეიტრალიტეტის მომხრე ძალად პოზიციონირებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას „დეგრადირებულ არჩევანად“ წარმოაჩენს, აშშ-სა და დასავლეთს მწვავედ აკრიტიკებს, ხოლო ოპოზიციას „მარგინალურ აგენტურულ ქსელს” უწოდებს.
ამ ფონზე ჩნდება შეკითხვა: არის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე თუ მმართველი პარტიისთვის კომფორტული სატელიტი, რომელიც სისტემური ოპოზიციის როლს შეასრულებს?
მოძრაობის ჩამოყალიბება და დამფუძნებლები
მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ოფიციალურად 2024 წლის 10 ივლისს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან: ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ლევან ნიკოლაიშვილი და პეტრე მამრაძე. განცხადებაში, რომელიც მოძრაობის წევრებმა გავრცელეს, საუბარი იყო დასავლეთში არსებულ ღირებულებით და ეკონომიკურ კრიზისზე, რის ფონზეც, მათი თქმით, „ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანი რაციონალურ დასაბუთებას არის მოკლებული“.
ისინი ასევე ხაზს უსვამდნენ, რომ ევროპული ბიუროკრატია მთლიანად „უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“, ხოლო ქრისტიანობას LGBTQI+ „რელიგიით“ ანაცვლებს. ევროკავშირში ინტეგრაცია, მათი შეხედულებით, ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობას ნიშნავს, რაც თავის მხრივ, სრულად ემთხვევა მმართველი პარტიის დამოკიდებულებას დასავლეთის მიმართ.
დაფუძნებისას მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პოლიტიკურ პარტიად ფორმალურად ერთი წლის შემდეგ ჩამოყალიბდებოდნენ. იმის გასაგებად, რამდენად დამოუკიდებელია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ გთავაზობთ თვალი გადავავლოთ მოძრაობის სახეების ბიოგრაფიულ წარსულსა და საჯარო აქტივობებს.
ვატო შაქარიშვილი: ყოფილი დეპუტატი და ახალი მოძრაობის სახე

ვატო შაქარიშვილი 2017-2021 წლებში თბილისის საკრებულოს VI მოწვევის წევრი იყო – თავდაპირველად „ქართული ოცნების“ რიგებში, ხოლო შემდეგ „დამოუკიდებელი“ დეპუტატის სტატუსით.
საკრებულოს უმრავლესობა და მმართველი პარტია მან 2019 წლის აპრილში დატოვა. ოფიციალურ მიზეზად შაქარიშვილი „ფასეულობით და ღირებულებითი შეუთანხმებლობას“ ასახელებდა. კონფლიქტი „ქართული ოცნების“ გუნდთან დაიწყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების გამო, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავდა.
მანამდე, 2017 წელს – თებერვლიდან ივნისამდე – შაქარიშვილი სამთავრობო არხ „იმედის“ საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკოსი იყო, რის სანაცვლოდაც ჯამურად 5,684 ლარი მიიღო. „იმედამდე“ ვატო შაქარიშვილი „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა: 2016 წლის ივნისიდან ნოემბრამდე ის სტრატეგიული კომუნიკაციისა და დაგეგმარების ჯგუფის წევრი იყო.
2015–2016 წლებში, შაქარიშვილი „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პროპაგანდისტის, გოგა ხაინდრავას, სტუდია „ლე ხაინდრაო პროდაქშენში“ მუშაობდა ანალიტიკოსად.
ფორმალურად დღეს ვატო შაქარიშვილს „ქართულ ოცნებასთან“ აღარ აქვს კავშირი, თუმცა მისი საჯარო განცხადებები „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით კვლავაც მკაფიოდ ეხმიანება მმართველი პარტიის ძირითად მესიჯებს.
“ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა არის სამების აშენების დასანქცირება, გადარჩენილი ქართული კულტურის დასანქცირება, გადარჩენილი ათასობით სიცოცხლის დასანქცირება და 2012 წლის პირველი ოქტომბრის დასანქცირება.” – აცხადებდა შაქარიშვილი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
იგი ასევე იყო ერთ-ერთი, ვინც 2022 წელს “ქართული ოცნების” ხელწერისთვის დამახასიათებელი ბანერი გაავრცელა, სადაც გამოსახულები იყვნენ გონჩარენკო, კუბილიუსი, ფოტიგა, კელი, კრამერი, არესტოვიჩი, წარწერით – “არ აგარევინებთ!”.
2023 წლის 17 ივნისს შაქარიშვილი და მისი თანამოაზრეები ჩართული იყვნენ ბორჯომში ბანაკის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, ბანაკისთვის ლექცია უნდა ჩაეტარებინა ბორჯომის რაიონის სოფელ მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ში. ადგილზე მოხდა ადამიანების ორგანიზებული მობილიზაცია, რომლებიც ბანაკის მონაწილეებს აგინებდნენ და მათი თქმით, ესროდნენ ქვებსა და საღებავებს.
მანამდე, დაახლოებით ორი საათით ადრე, ბორჯომისკენ მიმავალ ზურა ჯაფარაძეს გორში დაესხნენ თავს – თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პირველად თავად შაქარიშვილმა გაავრცელა. მოგვიანებით, შაქარიშვილმა ისიც აღიარა, რომ ბორჯომში მისული ჯგუფი მისი მოძრაობის მხარდამჭერებს წარმოადგენდა.
ნანა კაკაბაძე – „ნეიტრალური უფლებადამცველი“ თუ „ქართული ოცნების“ ნარატივის გამხმოვანებელი?

ნანა კაკაბაძე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ორი ორგანიზაციის – „ფონდი მოქალაქე“ და „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ – თავმჯდომარედ ფიქსირდება. სწორედ ამ ორგანიზაციების სახელით იყო კაკაბაძე ჩართული 2012 წელს, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ მასობრივი ამნისტიის პროცესში.
2013 წელს, ნანა კაკაბაძე იყო ყრილობის “ „რეჟიმი უნდა გასამართლდეს“ – ერთ-ერთი ორგანიზატორი. ღონისძიების მონაწილეები ითხოვდნენ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც უნდა შეესწავლა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებები და მათთვის შესაბამისი პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალურ შეფასება მიეცა. წინა ხელისუფლების „გასამართლების“ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად ერთი-ერთში ეხმიანებოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნარატივს.
შეგახსენებთ, რომ ის, რასაც ნანა კაკაბაძე და მმართველ ძალასთან ლოიალური სხვა სპიკერები 2013 წლიდან ითხოვდნენ, ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებად აქცია. მოგვიანებით შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებების გამოსაძიებელი კომისია“, რომლის საფუძველზეც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა.
ბიძინა გიორგობიანი – “პოლიტდევნილი” და დაბრუნება სახელისუფლო სტრუქტურებში

ბიძინა გიორგობიანი საქართველოში 2013 წელს, 8-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, პოლიტდევნილის სტატუსით დაბრუნდა. მის ქვეყანაში დაბრუნებას წინ უძღოდა 2012 წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, სადაც სხვა ადამიანებთან ერთად, მას პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიენიჭა.
სხვადასხვა პერიოდში ბიძინა გიორგობიანი იყო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, სატყეო დეპარტამენტის დირექტორი და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი. საქართველო მან 2005 წლის გაზაფხულში დატოვა, რაც სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსნები ცხინვალის რეგიონიდან ხე-ტყის უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულა. 2007 წელს გიორგობიანი თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაუსწრებლად გაასამართლეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
დაბრუნებიდან მალევე, 2013 წლის ივნისში, ბიძინა გიორგობიანი თავის ძველ პოზიციას დაუბრუნდა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
მას სამთავრობო მედიები “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დაფუძნებამდეც აშუქებდნენ. 2023 წელს გიორგობიანი აცხადებდა, რომ აშშ-ს საქართველოში სურს იხილოს “მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა-პროვოკატორი, ერთადერთი ფუნქციით – გამოიწვიოს რუსული აგრესია კავკასიაში”.
აღნიშნული რიტორიკა სრულად თანხვედრაში იყო “ქართული ოცნების” წარმომადგენლების რიტორიკასთან. ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს, “ოცნების” მსგავსად გიორგობიანიც “მაიდნის სცენარს” უწოდებდა.
“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” და “ქართული ოცნება” – საერთო რიტორიკა და თანმხვედრი ქმედებები
„ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ ხშირად რეჟიმის სატელიტ მოძრაობად მოიხსენიებენ – არა მხოლოდ რიტორიკის მსგავსების, არამედ კონკრეტული ქმედებების გამო, რომლებიც შემდეგ სამართალდამცავებისა და მმართველი პარტიის დღის წესრიგში გადადის. შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
ე.წ. “საბოტაჟის საქმე” და NGO-სექტორზე ზეწოლა
2025 წლის 18 იანვარს მოძრაობის წევრებმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, სადაც „ჯაშუშების“ დასჯას ითხოვდნენ და კონკრეტული პირების დაუსახელებლად სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გამოძიების დაწყებას სთხოვდნენ.
არასრულ ერთ თვეში – 10 თებერვალს – პროკურატურამ სწორედ ამ განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ: „სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ გენერალურ პროკურატურაში შეტანილი განცხადება… შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისთვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა.“
გამოძიების დაწყებას 11 თებერვალს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და მას “აბსოლუტურად რელევანტური” უწოდა.
17 მარტს, ე.წ. „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში, დაყადაღდა ორგანიზაციების – „ნანუკას ფონდის“, „სირცხვილიას“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ – საბანკო ანგარიშები.
29 აპრილს, ამავე საქმის ფარგლებში, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, მარიამ ბაჯელიძის და გუგა ხელაძის სახლები.
შემდგომში გამოძიება კიდევ უფრო გაფართოვდა: 27 აგვისტოს დაყადაღდა უკვე შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები, ხოლო მათი მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები სხვადასხვა დროს გამოკითხვაზე დაიბარეს.
სასამართლოები, მედია და შეზღუდული სივრცე
რეჟიმთან სინქრონში მოქმედების კიდევ ერთი მაგალითი სასამართლო სისტემაში მიღებული ცვლილებებია.
10 ივნისს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ „დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა“ და მოუწოდებდნენ ხელისუფლებას “აღკვეთოს ნაც. აქტივისტების მიერ მოწყობილი ბაკქანალია და კანონის გამკაცრების, ასევე მისი ეფექტიანი აღსრულების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე“.
მალევე, 23 ივნისს, პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მედიის მუშაობას სასამართლოებში: კრძალავს გადაღებას როგორც სხდომათა დარბაზებში, ისე ეზოსა და დერეფნებში, ხოლო პროცესების გაშუქების უფლება ენიჭება მხოლოდ სასამართლოს ან სასამართლოს მიერ შერჩეულ უფლებამოსილ პირს.
საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და 26 ივნისს მესამე მოსმენით მიიღეს – ტრადიციულად, მოწინააღმდეგის გარეშე.
მედია გაშუქება
ზემოთ მოყვანილი მაგალითების გარდა, თვალშისაცემია, რა ინტენსივობით აშუქებენ „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ პროსახელისუფლებო მედიები.
მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის ლიდერები ამ არხებზე მანამდეც ჩანდნენ როგორც ცალკეული სპიკერები, 2024 წლის 10 ივლისის – მოძრაობის ოფიციალური დაფუძნების – შემდეგ, მათი მონაწილეობის სიხშირე მკვეთრად გაიზარდა.
სამთავრობო არხების Facebook-გვერდებსა და ვებგევრდებზე დათვლით გამოვლინდა, რომ მოძრაობის დაარსებიდან არასრული ერთი თვის განმავლობაში (10 ივლისიდან 1 აგვისტომდე) ტელეკომპანიებმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა და „პოსტვ“-მ ერთად სულ 64 ე.წ. ქარდი გაუშვეს მოძრაობასთან დაკავშირებული მესიჯებით, ხოლო სიუჟეტებსა და სატელევიზიო გადაცემებში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლები 50-ზე მეტჯერ გამოჩნდნენ.
მოძრაობის წარმომადგენლები რეგულარულად ჩნდებიან თოქ-შოუებსა და პოლიტიკურ გადაცემებში, სადაც წამყვანები მათ, როგორც წესი, კომფორტულ და არაკრიტიკულ შეკითხვებს უსვამენ. ეკრანზე იქმნება სურათი, რომ მათი ხედვები და მმართველი პარტიის პოზიციები თითქმის სრულად თანხვედრილია.
დასკვნა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებების, ლიდერების წარსულისა და მათი პოლიტიკური ნაბიჯების ანალიზი აჩვენებს, რომ მოძრაობა ფორმალურად თავს დამოუკიდებელ ძალად წარმოაჩენს, რეალურად კი ხშირად იმეორებს „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ნარატივებს – იქნება ეს დასავლეთის, განსაკუთრებით ევროკავშირის, დისკრედიტაცია, სამოქალაქო სექტორსა და აქტივისტებზე შეტევის გამართლება, თუ სასამართლო სივრცისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნა.
ზემოთ მოყვანილი მაგალითები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ იმავე ფუნქციას შეითავსებს, რასაც უკვე ასრულებს მმართველ ძალასთან დაახლოებული კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტი – „ხალხის ძალა“: ფორმალურად დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელიც პრაქტიკაში “ქართული ოცნების” ნარატივს აძლიერებს და ამყარებს.





