- სუს-ის ბიუჯეტი 2026 წელს 265 მილიონ ლარს მიაღწევს, რაც 13.5 მილიონი ლარით მეტია წინა წელთან შედარებით;
- ხელფასების ფონდი იზრდება თითქმის 14 მილიონით – 3,850 თანამშრომელზე განაწილებული თანხა 152.65 მილიონ ლარს შეადგენს;
- ბოლო ათწლეულში უწყების დაფინანსება თითქმის გასამმაგდა, თუმცა ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობის მექანიზმები კვლავ სუსტია;
- ექსპერტების შეფასებით, მზარდი ბიუჯეტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას პოლიტიკური კონტროლის გასაძლიერებლად.
ვითარების არსი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებს გაივლის. ცვლილებების შემდეგ დოკუმენტი სავარაუდოდ დეკემბერში სამი მოსმენით დამტკიცდება.
პროექტის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტი 2026 წელს 30.47 მილიარდი ლარით განისაზღვრება – ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3 მილიარდი ლარით აღემატება 2025 წლის ბიუჯეტს.
დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) დაფინანსება მომავალ წელს 13.5 მილიონი ლარით იზრდება და 265 მილიონ ლარს შეადგენს.
ასევე, უწყებაში ხელფასების ჯამური ფონდი თითქმის 14 მილიონი ლარით იზრდება – 2026 წელს 3,850 თანამშრომელზე 152.65 მილიონი ლარი დაიხარჯება.
დიდი სურათი
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელთან შედარებით ზრდა დრამატული არ არის, ბოლო ათწლეულის დინამიკა მკვეთრად მზარდია – 2016 წლიდან დღემდე სუს-ის ბიუჯეტი თითქმის გასამმაგდა.
2016 წელს იგივე რაოდენობის თანამშრომელზე ხელფასების ჯამი შეადგენდა 73 მილიონ ლარს, მაშინ როცა 2026 წელს ის 152.65 მილიონს მიაღწევს. 2022 წლიდან საჯარო უწყებებში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იზრდება, გამონაკლისი არც 2026 წელი იქნება.
2016–2025 წლების საბიუჯეტო მაჩვენებლების დინამიკა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამჟამინდელ სახით 2015 წლის 1 აგვისტოს ჩამოყალიბდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოეყო და დამოუკიდებელი სტრუქტურა გახდა.
ოფიციალური განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების საპასუხოდ, უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანი და დემოკრატიული ფუნქციონირების მიზნით“.
2025 წლის 3 სექტემბერს სუს-ის უფროსად დაინიშნა მამუკა მდინარაძე, რომელმაც თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა.
ექსპერტის შეფასება
სუს-ის დაფინანსების ზრდის შეფასება “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელს გურამ იმნაძეს ვთხოვეთ.
მისი თქმით, დაფინანსების ზრდა უწყების ანგარიშვალდებულებას უნდა აძლიერებდეს, თუმცა რეალობა განსხვავებულია:
“ეს ხდება უკიდურესად სუსტი ანგარიშვალდებულების პირობებში და ჩნდება მყარი ვარაუდი, რომ ეს ზრდა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უფრო მეტი კონტროლისა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციისთვის,” – ამბობს იმნაძე.
ის მიუთითებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რჩება ერთ-ერთ ყველაზე დახურულ უწყებად ქვეყანაში:
“მისი საქმიანობის დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია. გარე ზედამხედველობის მექანიზმები, მათ შორის სასამართლო და საპარლამენტო კონტროლი, უკიდურესად სუსტია. ასეთ პირობებში ბუნებრივია ჩნდება კითხვები – რამდენად მიზნობრივად იხარჯება მზარდი ბიუჯეტი და რამდენად ემსახურება ის რეალურ უსაფრთხოების საჭიროებებს.”
გარდა ამისა, გურამ იმნაძის თქმით, სუს-ის საქმიანობის მიმართ კრიტიკა მზარდია: “ხშირად უწყება გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების კონტროლისა და თვალთვალის მიზნებისთვის. რამდენიმე წლის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერების მასალა აჩვენებს, რამდენად მასშტაბურია თვალთვალის პრაქტიკა.”
მეორე მხრივ, იმნაძე მიუთითებს ინფორმაციის ნაკლებობაზე, თუ როგორ ებრძვის უწყება რეალურ ჰიბრიდულ საფრთხეებს, პროპაგანდას და საოკუპაციო ხაზთან არსებულ რისკებს:
„ყველაფერი ღია ვერ იქნება ამ უწყების საქმიანობიდან, მაგრამ როდესაც ვკითხულობთ უწყების ანგარიშებს, იქ ერთი მხრივ, ოკუპაცია დანახულია უსაფრთხოების უმთავრეს საფრთხედ, რაც გასაგებია და სწორია, თუმცა ანგარიშებში ძალიან ცოტა ინფორმაციაა იმის შესახებ, როგორ ცდილობს უწყება ამ საფრთხის შემცირებას და მისგან მომავალი ზიანის პრევენციას.“
დასკვნა
2026 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება კვლავ იზრდება.
თუმცა, ამ ზრდასთან ერთად ჩნდება კითხვები გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე – რამდენად ეფექტიანად და მიზნობრივად იხარჯება მილიონობით ლარი და როგორ ეხმარება ეს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას.





