Проект: ასათიანის ოჯახის ბიზნესპარტნიორი ГРУ-ს უფროსის მოადგილის შვილია

საქართველოში აშენებული პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის, მაკა ასათიანის ოჯახის ბიზნესპარტნიორი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) უფროსის მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის შვილია. 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა რეალპოლიტიკა დამოუკიდებელ რუსულ მედია Проект-ზე დაყრდნობით ავრცელებს – რუსული გამოცემა ამგვარ დასკვნამდე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მივიდა, რომელიც სრულად მომდევნო კვირებში გამოქვეყნდება.

  • საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობამდე სანავთობო ბიზნესით იყო დაკავებული მაკა ასათიანის შვილი პირველი ქორწინებიდან, კახი ჟორდანია.
     
  • გამოცემის ცნობით, 2016-2023 წლებში ჟორდიანი კომპანია Oil energy Group-ს ფლობდა, რომლის წლიური შემოსავალი 17.5 მილიარდ რუბლს აღწევდა. 

ჩაშლილად: 2018 წლიდან მოყოლებული კახი ჟორდანია კომპანია СДО Логистик-ის 25%-იან წილს ფლობს, კომპანია ნავთობის საავტომობილო გადაზიდვითაა დაკავებული. გასულ წელს კომპანიის მოგებამ 800 მილიონ რუბლს გადააჭარბა. 

  • ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კი სერგეი ალექსეევია, რომელიც Проект-ის მონაცემებით რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილის, გენერალ ვლადიმირ ალექსეევის ვაჟია. 
  • საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე უმცროსი ალექსეევი მიხაილ გუცერიევის კუთვნილ რუსნეფტში მუშაობდა – Reuters-ის ინფორმაციით, სწორედ ეს კომპანია გახდა ასათიანის კუთვნილი ქარხნის პირველი მიმწოდებელი. 

დიდი სურათი: ვლადიმირ ალექსეევის ფიგურა ფართო წრეებისთვის ცნობილი ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული მარშის დროს გახდა. 

  • აჯანყებიდან რამდენიმე საათში ალექსეევმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ვაგნერის მებრძოლებს ეუბნებოდა, რომ მათი მოქმედებები ქვეყნისა და პრეზიდენტის ზურგში დანის ჩაცემის ტოლფასია. 
  • უკვე დილის საათებში ალექსეევის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, იუნუს-ბეკ ევკუროვთან ერთად ვაგნერის მიერ როსტოვში დაკავებული სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბის შენობის ეზოში გამოჩნდა. 
  • ცნობილ ვიდეოში ალექსეევი და ევკუროვი შტაბის ეზოში მდებარე ფანჩატურში ევგენი პრიგოჟინს ეკამათებიან. 
  • საყურადღებოა, რომ უმცროსი ალექსეევის ბიზნეს ინტერესები აქამდეც უკავშირდებოდა მამის საქმიანობას – ცნობილია, რომ 2024 წლის თებერვალში სირიის მოქალაქეებთან ერთად დაარსა კომპანია СМ АГРО. 
  • ამ დროისთვის ალექსეევი სირიაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის სადაზვერვო საქმიანობას ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი ვაჟის სირიელი ბიზნესპარტნიორი ასადთან დაახლოებული, მოჰამად ჯაბერი იყო. 

დაეწიე ამბავს: ყულევის ტერმინალთან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ასათიანის კომპანიამ Black Sea Petroleum-მა 2024 წელს დაიწყო. მშენებლობა რამდენიმე ეტაპით წარიმართება და საბოლოოდ პროცესი 3-4 წელში დასრულდება. 

  • კომპანიის მონაცემებით ქარხნის თავდაპირველი გადამამუშავებელი სიმძლავრე წლიურად 1.1 მილიონ ტონა იქნება. 
  • პროექტის საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონი დოლარის ფარგლებშია – პროექტის თანაინვესტორებს შორისაა “საქართველოს განვითარების სახელმწიფო ფონდი” – პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

კონტექსტი: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. 

  • S&P-ის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს საქართველომ რუსეთისგან 1.4 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი მიიღო, რომლის ღირებულაბემაც 1.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

მსგავსი სტატიები