დედოფლისწყაროს სოფლებში წყალმომარაგების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო და არბოშიკი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობენ სრულფასოვანი წყლის მიწოდებით.
პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ 11 მილიონ ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტორმა უკვე მიიღო 9 მილიონ ლარზე მეტი, სამუშაოები, რომლებიც 2022 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ დასრულებულა.
ხელშეკრულებაში უკვე 21 ცვლილებაა შეტანილი, მათგან 16 ვადის გადავადებას ეხება. ახალი საბოლოო ვადა 2025 წლის დეკემბერია.
კომპანიას არც ერთხელ არ დაკისრებია პირგასამტეხლო, ხოლო გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას საზოგადოებისათვის არ გაუკეთებია საჯარო განმარტება პროექტის გაჭიანურების მიზეზებზე.
ვითარების არსი
დედოფლისწყაროს წყალმომარაგების პროექტი, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულებულიყო, ისევ დაუსრულებელია. სამუშაოების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწია და ბოლო ცვლილებით პროექტის დასრულების თარიღი 2025 წლის 25 დეკემბრამდე განისაზღვრა.
ფლანგვის დეტექტორის მონიტორინგის შედეგად ნათლად ჩანს, რომ პროექტის სირთულეები არ არის ახალი. ეს უკვე მესამე მასალაა, სადაც იგივე პრობლემებზე ვსაუბრობთ, თუმცა სამუშაოები კვლავ დაუსრულებელია.
პროექტი, რომელიც ისევ გრძელდება
2021 წელს გაფორმდა ხელშეკრულება გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობას შორის – „ჯეითუნ საქართველოს ფილიალი და შპს საბა”. სამუშაოები 2022 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა თითქმის ოთხი წლის შემდეგაც მშენებლობა გრძელდება.
სახელმწიფო შესყიდვებზე განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულებაში ჯამში 21 ცვლილებაა შეტანილი, საიდანაც 16 – მხოლოდ ვადის გახანგრძლივებას ეხება. კონტრაქტორმა უკვე მიიღო 9 034 453.52 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების 82%-ია. მიუხედავად ამისა, დედოფლისწყაროს ექვსი სოფელი – ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო და არბოშიკი – დღემდე ვერ სარგებლობს სრულფასოვანი წყალმომარაგებით.
ბოლო ცვლილება ოფიციალურად დარეგისტრირდა 2025 წლის 30 სექტემბერს – იმ თვეში, როცა პროექტი წესით უნდა დასრულებულიყო.

ახალი ცვლილებით პროექტი 2025 წლის 25 დეკემბერს დასრულდება.

ოფიციალური შეხვედრა -კითხვების გარეშე
2025 წლის 29 ივლისს დედოფლისწყაროში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე. შეხვედრა გაიმართა მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა განცხადებაში არ არის ნახსენები, კონკრეტულად ეს პროექტი, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს და დაუსრულებელი სტატუსი მიიღო.
შეხვედრის ეფექტიანობა ბუნებრივად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან არც პროექტის შესრულების გრაფიკი შეცვლილა და არც განმარტებები გაკეთდა საზოგადოებისთვის – რატომ ვერ დასრულდა სამუშაოები დაგეგმილ ვადაში.
დასკვნა
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 11 მლნ ლარს შეადგენს. კონტრაქტორი კომპანია თითქმის სრულად დაფინანსებულია, თუმცა სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ვადების გახანგრძლივება უკვე ტენდენციად იქცა, პასუხისმგებლობის ზომები არ გამოიყენება და უწყებრივი განმარტებები იშვიათია.
ისევ გაურკვეველია, რატომ ვერ შეძლეს სახელმწიფომ და კონტრაქტორმა დედოფლისწყაროსთვის სტაბილური და უსაფრთხო წყალმომარაგება.
კითხვა ისევ ღიად რჩება – როგორ გახდა შესაძლებელი, რომ მრავალმილიონიანი პროექტი 16-ჯერ გადავადდა, ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების ხარჯზე.
წყარო:
- სახ. შესყიდვის კოდი: NAT200016463





