გაზრდილი ხელფასები, ბუნდოვანი ფუნქცია და პოლიტიკური გავლენები – რა დგას მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსების უკან?

მთავრობამ მეცნიერებათა აკადემიას დამატებით 186 000 ლარი გამოუყო – თანხა მხოლოდ ხელფასების გაზრდას მოხმარდება.

კანონით განისაზღვრა მუდმივი ანაზღაურება: აკადემიკოსისთვის არანაკლებ 2,000 ლარი, წევრ-კორესპონდენტისთვის და სტიპენდიანტისთვის – 1,250 ლარი თვეში.

აკადემიის ბიუჯეტი ბოლო წლებში მილიონზე მეტით გაიზარდა – 2023 წელს 4.6 მლნ ლარიდან 2025 წელს 5.8 მლნ ლარამდე, რისი ნახევარიც ხელფასებზე იხარჯება.

• შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მეცნიერებათა აკადემიამ Facebook-ზე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე, როგორც მეცნიერს, ისე მიულოცა.

სსიპ მეცნიერებათა აკადემიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 186,000 ლარი გამოეყო. თანხა მხოლოდ ანაზღაურების ზრდას მოხმარდება – შესაბამისად, ხელფასი გაეზრდებათ აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), წევრ-კორესპონდენტებსა და სტიპენდიანტებს.

შესაბამისი განკარგულება ირაკლი კობახიძემ 11 სექტემბერს გამოსცა. გადაწყვეტილება ეფუძნება კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც 1-ლი სექტემბერიდან შევიდა ძალაში და რომლის მიხედვითაც:

• აკადემიკოსს მთელი ცხოვრების განმავლობაში ენიშნება ანაზღაურება თვეში არანაკლებ 2,000 ლარის ოდენობით;

• წევრ-კორესპონდენტს – არანაკლებ 1,250 ლარის ოდენობით;

• სტიპენდიანტს – თვეში არანაკლებ 1,250 ლარი.

ცვლილებები პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინიციატივით მიიღო. პროექტს მხარი დაუჭირა მხოლოდ მმართველმა პარტიამ, წინააღმდეგობის გარეშე. 

ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება თანმიმდევრულად იზრდება. 2025 წლის ბიუჯეტით, აკადემია 5,800,000 ლარით ფინანსდება – 164 თანამშრომელზე, რომელთა შრომის ანაზღაურება ჯამში 2,723,000 ლარს შეადგენს.

შედარებისთვის:

• 2024 წელს დაფინანსება 5,260,000 ლარი იყო;

• 2023 წელს – 4,680,100 ლარი.

ამრიგად, ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტი მილიონზე მეტით გაიზარდა, ხოლო დაფინანსების თითქმის ნახევარი კვლავ ხელფასებზე იხარჯება.

2025 წელს შეტანილ ცვლილებებს კანონმდებლობაში წინ უსწრებდა 2024 წლის ივნისში დაინიცირებული კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც აღდგა 2009 წლიდან გაუქმებული წევრ-კორესპონდენტების, საპატიო აკადემიკოსების, აკადემიის უცხოელ წევრებისა და აკადემიის სტიპენდიატების არჩევნები.

მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მიზეზად დაასახელა აკადემიის საქმიანობაში „ახალი სამეცნიერო ძალების ჩართვისა“ და „მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფ ცვლილებებთან ადაპტირების“ საჭიროება.

პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი გია ნოდია მიიჩნევს, რომ მეცნიერებათა აკადემია იმ ფორმით, როგორითაც დღეს არსებობს, რეალური როლი აღარ აქვს თანამედროვე სამეცნიერო სისტემაში.

„მეცნიერებათა აკადემია, როგორც ის დღეს ფუნქციონირებს, საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია. მაშინ ის მართავდა კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობას და განასახიერებდა ადმინისტრაციულ სტრუქტურას, რომელსაც კვლევის ორგანიზება ევალებოდა. თუმცა ეს მოდელი ეწინააღმდეგება მსოფლიო გამოცდილებას, რადგან თანამედროვე პრაქტიკაში სწავლება და კვლევა დიდწილად უნივერსიტეტებშია გაერთიანებული.“

ნოდიას თქმით, 2000-იანი წლებიდან, როცა კვლევითი ინსტიტუტები უნივერსიტეტებს დაუკავშირდა, აკადემია ფუნქციურად თითქმის გაუქმდა.

“2003 წლის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ კურსი აიღო კვლევის და სწავლების გაერთიანებისკენ, რის შედეგადაც კვლევითი ინსტიტუტები მეცნიერებათა აკადემიას გამოეყოდა უნივერსიტეტებს შეუერთდა. ასე აკადემია პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩა. თუმცა ხელისუფლებისთვის მისი გაუქმება პოლიტიკურად არასასურველი იყო, ამიტომაც ის უფრო ფრანგული და გერმანული მოდელის მსგავსად – საპატიო სტატუსად იქცა”

ნოდიას შეფასებით, დღეს საქართველოში საუკეთესო მეცნიერები მეცნიერებათა აკადემიასთან ნაკლებად არიან დაკავშირებული, ხოლო თავად ინსტიტუცია საბჭოთა ინერციას განასახიერებს.

„დღეს ის არ ქმნის ახალ სამეცნიერო ღირებულებას – ეს უფრო შეხვედრის ადგილია, სადაც იკრიბებიან მეცნიერები, მაგრამ თავად ინსტიტუციას მნიშვნელობა აღარ აქვს. მეცნიერებათა აკადემია საბჭოური ნოსტალგიის სიმბოლოდ იქცა,“ – ამბობს გია ნოდია. 

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 2023 წლიდან როინ მეტრეველია, რომელმაც გიორგი კვესიტაძე ჩაანაცვლა.

ინსტიტუტს არაერთხელ გამოუვლენია მჭიდრო კავშირი მმართველ გუნდთან. 2020 წელს აკადემიამ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა და ის „მეცნიერად“ მოიხსენია: “თქვენ, თავად მეცნიერს, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს” – ეწერა მისალოც ტექსტში.

2021 წელს აკადემიის მაშინდელმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ „ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკადემიის წევრები და წევრ-კორესპონდენტები ბიძინა ივანიშვილისგან ხელფასს იღებდნენ, რითაც გადარჩა ქართული მეცნიერება.“

2023 წელს კი აკადემიის დღევანდელი პრეზიდენტი, როინ მეტრეველი, ჟურნალისტურ პრანკში აღმოჩნდა, სადაც თანხმობას გამოხატავდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, აკადემიკოსის სტატუსის მინიჭებაზე:

“ჩათვალეთ, რომ ეს მოხერხდება ბატონი ირაკლისთვის და მინდა, რომ საერთოდ იცოდეთ თქვენ, რომ აკადემია მას მხარს სრულფასოვნად უჭერს, ყველაფერზე მზად ვართ” – ამბობს ის სატელეფონო საუბარში. 

ამ ფონზე ლეგიტიმურად ჩნდება კითხვა – თავისუფალია თუ არა საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მეცნიერებათა აკადემია პოლიტიკური გავლენებისგან და ემსახურება თუ არა იმ ფუნქციას, რისთვისაც 1941 წელს დაარსდა.

აკადემიის წესდებაში ვკითხულობთ, რომ ის არის „საერთაშორისო მნიშვნელობის მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება, რომელიც მემკვიდრეა და აგრძელებს გელათისა და იყალთოს აკადემიების საგანმანათლებლო და სულიერ ტრადიციებს.“

თუმცა დღევანდელი რეალობა ამ ამბიციურ მიზანთან აკადემიის შესაბამისობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მსგავსი სტატიები