ავტორები: OCCRP, “აი, ფაქტი” და ფლანგვის დეტექტორი
ვინ დააკვირდება 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს? ძირითადად, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ჯგუფები. მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოსვლას ვერ ასწრებენ. ოფიციალური მოწვევა, ასე ვთქვათ, მიწურულში, მხოლოდ სამი კვირის წინ გაუგზავნეს. ეს აქამდე არასოდეს მომხდარა. როგორც წესი, “ეუთოს” მისიას არჩევნებამდე 4-6 თვით ადრე ვიწვევდით.
შედეგად, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა – ამ დროში შეუძლებელია, რომ პროცესს სანდოდ და კომპეტენტურად დავაკვირდეთო.
გარდა ამისა, ისტორიაში პირველად, 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება არც ერთი რეპუტაციული ადგილობრივი ორგანიზაცია – ისეთები, რომლებიც ამ საქმეს ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ და სანდოობა აქვთ.
“ქართულმა ოცნებამ” მათი კვოტა საკუთარი ხალხით შეავსო. ჩვენ ვიპოვეთ 5 ორგანიზაცია, რომელიც თავს დამოუკიდებელ დამკვირვებლად ასაღებს, ოფიციალურად დარეგისტრირდნენ და ცესკო-ს მიერ მინიჭებული სამკერდე ნიშნებიც ექნებათ. თუმცა, სინამდვილეში, მათ უკან ბიძინა ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერები დგანან.
ამ 5 ორგანიზაციას 4 ოქტომბრის არჩევნებზე 7 138 წარომადგენელი ეყოლება.
„დღევანდელ პირობებში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები შეუძლებელია. ჩვენი საბანკო ანგარიშები სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიყინა, ხოლო ახალი კანონები გრანტების მიღებას თითქმის შეუძლებელს ხდის. რესურსების გარეშე სრულფასოვანი მისიის განხორციელება შეუძლებელია”,- ამბობს ლევან ნატროშვილი. ის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორია.
ცესკო-ს 29 სექტემბრის მონაცემებით, არჩევნების მონიტორინგისთვის სულ დარეგისტრირებულია 23 ორგანიზაცია, ჯამში 7 865 წარმომადგენლით. აქედან 7 138 კი “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ 5 ჯგუფს ეკუთვნის. გამოდის, დამკვირვებლების 90%-ისგან უნდა ველოდეთ, რომ 4 ოქტომბერს “ქართული ოცნების” სამსახურში ჩადგებიან.
ჩვენ ხუთივე “სადამკვირვებლო” ორგანიზაცია შევისწავლეთ.
მათგან ორი –“ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” და “პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი” იურისტ გრიგოლ გაგნიძეს და მის მეუღლეს, ეკა აგლაძეს ეკუთვნით. ზუსტად ეს ორი ორგანიზაცია იყო ჩართული არჩევნების გაყალბების სქემაში შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებშიც. მათი წარმომადგენლები უბან-უბან დადიოდნენ, ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ და სხვა დამკვირვებლს აგრესიულად ექცეოდნენ. გარდა ამისა, ეს ორგანიზაციები მხილებულია “ქართული ოცნებისთვის” ხალხის მობილიზების სქემებშიც – მათ შორის, მიკროავტობუსებით.
2024 წელს “რადიო მარნეულმა” გაავრცელა კადრები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აღნიშნავს გაგნიძის ორგანიზაციის “დამკვირვებელი” პარტიის გამარჯვებას მარნეულის ერთ-ერთ რესტორანში, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ზაურ დარგალისთან ერთად.
ცოლ-ქმარი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი რომ არის, ამას არც ფეისბუქის პოსტებით მალავენ. ავრცელებენ სამთავრობო პროპაგანდისტულ მესიჯებსაც. აი ასეთ ორგანიზაციას ეყოლება 5,862 დამკვირვებელი 4 ოქტომბრის არჩევნებზე.

809 დამკვირვებლით არის წარმოდგენილი “ასოციაცია თავისუფალი თაობა”. მისი დირექტორი შორენა მირცხულავა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავს. 17 სექტემბრის პოსტში მან მხარი დაუჭირა ზუგდიდში მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატ დავით კოდუას და ასე შეამკო: „სასწაული ადამიანი, გულისხმიერი და გულწრფელი“.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად წარდგენის დღეს მასთან ერთად ფოტო გადაიღო და ფეისბუქზე თბილი წარწერით ატვირთა: „წარმატებებს გისურვებ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში“.

OCCRP-ისთვის გამოგზავნილ პასუხში მირცხულავამ თქვა, რომ მის სოციალურ გვერდებზე გამოხატული მოსაზრებები, კრიტიკული იქნება ის თუ რომელი პირის მიმართ მხარდამჭერი, მხოლოდ მისი პირადი შეხედულებებია და „ვერანაირად ვერ გამოიყენება ორგანიზაციის დისკრედიტაციისთვის“.
„ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე დამკვირვებლები რეგისტრირებულნი არიან კანონმდებლობის სრული დაცვით. თითოეულ მათგანს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური მოსაზრება და არჩევანი. თუმცა, ეს გარემოება ვერასოდეს მოახდენს გავლენას არჩევნების სამართლიანად და კანონიერად დაკვირვებაზე. თუ რომელიმე დამკვირვებელი დაარღვევს კანონს, ის თავად აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – გვითხრა შორენა მირცხულავამ.
ობიექტურ დამკვირვებლად ასაღებს თავს ეს ა(ა)იპ-იც – „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის“. მისი ხელმძღვანელი ცნობილი სახელისუფლებო პროპაგანდისტი ნანა კაკაბაძეა. ის პრო-სამთავრობო პოლიტიკური მოძრაობის, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრიცაა. ამ მოძრაობამ ოპოზიციის ამომრჩეველს უწოდა “სექტა”, რომელიც უნდა გასამართლდესო. ნანა კაკაბაძეს 4 ოქტომბრის არჩევნებზე 151 დამკვირვებელი ეყოლება.

მეხუთე ორგანიზაციაა „წინ სვლა”, რომელმაც 316 დამკვირვებელი დაარეგისტრირა. ამ ა(ა)იპ-ს შალვა კუჭაშვილი ხელმძღვანელობს. მარტივი მისახვედრია, რას უნდა ველოდეთ მისგან 4 ოქტომბერს, თუ გავიხსენებთ მის როლს შარშანელ საპარლამენტო არჩევნებზე. კუჭაშვილი უბნებზე ფიზიკურ დაპირისპირებებშიც იყო გარეული, მათ შორის, სხვა დამკვირვებლებთან. გარდა ამისა, აქტიურად აზიარებს მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური გვერდის პოსტებს და პრო-სამთავრობო მედიის, “ტვ-იმედის” ქარდებს. ერთი კვირის წინ კი წერდა: “ჩემი ძმაკაცი, უღალატო, ეროვნული, მეოჯახე ახალგაზრდა კაცი – ჯაბა კოღუა ჯაბასნაირი ხალხი გვჭირდება საკრებულოში უკეთესი თბილისისთვის”. ჯაბა კოღუა საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატია და კენჭს გლდანის რაიონში იყრის.
კუჭაშვილმა მმართველ პარტიასთან თანამშრომლობა უარყო და OCCRP-ის უთხრა: „წლების განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია საქართველოს არ აძლევს წინსვლის საშუალებას, ჩემი ორგანიზაციაც თავის დროზე ამ ეგიდით შეიქმნა. ჩვენ ვართ ყველას წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის წინსვლას და მშვიდობიან განვითარებას ეწინააღმდეგება[…] ჩვენ მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, რომ ისინი აპირებენ ხელი შეუშალონ საარჩევნო პროცესს. ჩვენი მიზანია მოვახდინოთ ასეთ ფაქტებზე დაკვირვება და საზოგადოების ინფორმირება საჭიროებისამებრ”.


ჩვენ კითხვები გავუგზავნეთ ზემოთ ხსენებულ ხუთივე ორგანიზაციას, “ქართულ ოცნებას” და ცესკო-ს. თუმცა, მათგან მხოლოდ “წინ სვლა”-ს და “ასოციაცია თავისუფალი თაობა”-ს ხელმძღვანელები, შორენა მირცხულავა და შალვა კუჭაშვილი გამოგვეხმაურნენ.
„ეს სადამკვირვებლო ჯგუფები ქმნიან რეალური მონიტორინგის ილუზიას… მმართველ პარტიას აძლევენ საშუალებას, რომ საარჩევნო უბნები ლოიალისტებით შეავსოს და განაცხადოს, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა“, -განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ნატროშვილმა.
თავის არსებობის ისტორიაში პირველად გამოტოვებს არჩევნებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. არადა, მას წინასაარჩევნო კამპანიების და უშუალოდ კენჭისყრის დღეზე დაკვირვების 31-წლიანი გამოცდილება აქვს.
„ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში… დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდავი კანონების მიღება და არჩევნების დამკვირვებლებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება”, – გვითხრა “საიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ელენე რამიშვილმა.
საბოლოოდ, 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება არც ერთი მსხვილი, სანდო და რეპუტაციული ორგანიზაცია – არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი. თუმცა, ცესკოში რეგისტრირებულია 80 დამკვირვებელი 29 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორისაა, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მექსიკა, გაერთიანებული სამეფო და ბულგარეთი.





