მასიმილიანო ფუქსასის მსოფლიოში აღიარებულ პროექტზე ბიუჯეტიდან ₾75 მილიონზე მეტი დაიხარჯა.
თუმცა თანამედროვე თეატრად და საგამოფენო სივრცედ ჩაფიქრებული “რიყის დოქები”, რომელსაც “საქართველოს ევროპული გზა” უნდა წარმოეჩინა, არასოდეს ამოქმედებულა.
2022 წელს “დოქები” ₾10 მილიონად ოფშორულ კომპანიაზე გაიყიდა, რომელიც დავით ხიდაშელთანაა დაკავშირებული.
ამის შემდეგ მფლობელები კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა, ინვესტიციები არ განხორციელებულა, ხოლო გადაყიდვებით მოგება ისევ ხიდაშელმა ნახა.
იანვარში დოქების მიმდებარედ 16 წლის მოზარდი დაიღუპა – უსაფრთხოების პრობლემის მიუხედავად, მერიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა.
ახლა ხელისუფლება უკვე დემონტაჟსა და სასტუმროს აშენებას განიხილავს.
„რიყის დოქები“ -თბილისის ცენტრში, რიყის პარკში მდებარე ორიგინალური ფორმის შენობა – ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე სადავო ინფრასტრუქტურული პროექტია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა მასიმილიანო ფუქსასსის მიერ დაპროექტებულ კომპლექსზე, რომელიც უნდა ქცეულიყო თეატრად და საგამოფენო სივრცედ, მაგრამ არასოდეს ამოქმედებულა და წლების განმავლობაში ბალახით დაფარულ, მიტოვებულ ობიექტად დარჩა.
მიუხედავად მრავალჯერადი მცდელობისა, სახელმწიფომ ვერ შეძლო პროექტის განახლება და ბოლოს სიმბოლურ ფასად -10 მილიონ ლარად – გაყიდა უცხო კომპანიაზე, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთანაა დაკავშირებული. შემდეგ ობიექტი კვლავ გაიყიდა კომპანიაზე, რომლის ხელმძღვანელობა შესაძლო პოლიტიკურ კავშირებზე მიუთითებს.
სტატია დეტალურად მიმოიხილავს, როგორ იქცა “რიყის დოქები” მიტოვებული არქიტექტურული ექსპერიმენტიდან ფარულ ფინანსურ გარიგებათა სიმბოლოდ, რა თანხები დაიხარჯა, ვის ხელში აღმოჩნდა ერთ დროს მასშტაბური პროექტი და რატომ განიხილავს ხელისუფლება დღეს უკვე მის დემონტაჟს.
პროექტის წარმოშობა და მშენებლობა
2000-იანების მიწურულს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ თბილისს ისერსახის მკვეთრად შეცვლა დაისახა მიზნად. მთავარი მიზანი იყო ისეთი შენობების შექმნა, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციით, არამედ ფორმითაც განსხვავდებოდნენ საბჭოთა ეპოქის მემკვიდრეობისგან და ქალაქის “სიმბოლურ არქიტექტურად” იქცეოდა.
სწორედ ამ ლოგიკიდან დაიბადა რიყის პარკში ფუტურისტული კულტურული კომპლექსის იდეა. ხელისუფლება ამბობდა, რომ თბილისს სჭირდებოდა თანამედროვე თეატრი და საგამოფენო სივრცე, რომელიც საქართველოს „ევროპულ გზას“ წარმოაჩენდა. ეს პროექტი ერთგვარი სავიზიტო ბარათი უნდა გამხდარიყო ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის.
ამ მიზნის განხორციელება მთავრობამ მიანდო იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს და მის სტუდიას Studio Fuksas. არქიტექტორმა თბილისში შემოიტანა მისი ხელწერა, სკულპტურული სტილი: ორი ერთმანეთზე გადაჯაჭვული მილური ფორმის შენობა, რომელიც ერთდროულად ხაზს უსვამდა მდინარე მტკვრის სილუეტს და ქალაქის ცვლად პეიზაჟს. ჩრდილოეთის მხარეს განთავსდა თანამედროვე თეატრი 566 ადგილით, სამხრეთის მხარეს კი – 2 000 კვადრატულ მეტრ ფართზე – საგამოფენო დარბაზი, რომლის შესასვლელი პირდაპირ პარკიდან იწყებოდა და სტუმარს ქალაქის ხედს ფართო პანორამასავით ანახებდა.
ოფიციალური კონტრაქტის ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც იმ პერიოდის კურსით დაახლოებით 75 მილიონ ლარს უდრიდა. ამ მასშტაბის ინვესტიცია ხელისუფლებისთვის ხაზს უსვამდა არა მხოლოდ კულტურულ ამბიციებს, არამედ პოლიტიკურ გზავნილსაც: თბილისი უნდა ქცეულიყო თანამედროვე, პროგრესული არქიტექტურის სივრცედ, რომელიც რეგიონში ახალი ტიპის სახელმწიფოს დემონსტრირებას შეძლებდა.
მშენებლობა ოფიციალურად 2010 წელს დაიწყო. სამუშაოს მიმდინარეობა პარალელურად ემთხვეოდა ქალაქის სხვა გრანდიოზულ პროექტებსაც – პრეზიდენტის სასახლეს, მშვიდობის ხიდს – რაც ერთიანობაში ქმნიდა სააკაშვილის ხელისუფლების ურბანულ სტრატეგიას: თბილისი უნდა გარდაქმნილიყო „ახალი ეპოქის დედაქალაქად“.
თუმცა, მიუხედავად დასრულებული გარე იერსახისა, შენობა ექპლუტაციაში არ შესულა და წლებია, უფუნქციოა.
2012 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, კულტურული პოლიტიკის პრიორიტეტები შეიცვალა. ახალი ხელისუფლება ამ პროექტს „მიტოვებულ მონუმენტს“ უწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ ეს იყო ძვირადღირებული, თუმცა უსარგებლო არქიტექტურული ნაგებობა. იმ დროიდან მოყოლებული, ობიექტი დგას როგორც დაუხარჯავი ბიუჯეტის და დაუმთავრებელი ამბიციების სიმბოლო, რომელიც ვერასოდეს იქცა რეალურ კულტურულ სივრცედ.
თუმცა მიუხედავად ამისა, სწორედ მაშინ როდესაც ობიექტი რეალურად უფუნქციოდ იდგა, რიყის ე.წ. „დოქებმა“ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა – 2016 წელს ვებგვერდმა Designboom.com მას ადგილი დაუთმო მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურულ ცენტრთა შორის, სადაც პროექტმა მე-10 პოზიცია დაიკავა.
გაყიდვა და საინვესტიციო ვალდებულებები/მფლობელები – დავით ხიდაშელის როლი
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროექტი გააჩერა და მას შემდეგ მიტოვებულ ობიექტად იქცა, რომელიც 2013 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.
შემდეგ წლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ რამდენჯერმე სცადა „რიყის დოქების“ გაყიდვა, თუმცა მხოლოდ მეშვიდე აუქციონზე მოხდა გარიგება. რიყის დოქების გასაყიდი ფასი თავდაპირველად 95 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა წარუმატებელი აუქციონის გამო ყოველ ჯერზე მთავრობა რამდენიმე ათი მილიონი ლარით ამცირებდა და საბოლოოდ 2022 წლის მარტში იპოვა “მყიდველი” სიმბოლურ ფასად – 10.02 მილიონ ლარად. 2021 წელს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ “რიყის დოქების შენობა” 96 მილიონ ლარად იყო შეფასებული.
მყიდველი გახდა ლუქსემბურგში დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია Global Victory Trust, რომლის მფლობელობაც და ბენეფიციარები საჯაროდ გამჭვირვალედ არ გამოქვეყნებულა. თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ Global Victory Trust უკავშირდება რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს. ამ ფაქტს თავად ხიდაშელიც ადასტურებს.
“ღია სახელმწიფო აუქციონზე შევიძინე რიყის დოქები, სადაც მსურდა, დამეფუძნებინა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მუზეუმი. წორედ ეს მუზეუმი უნდა გამხდარიყო სივრცე, სადაც მუდმივ ექსპოზიციაზე გამოიფენებოდა 250-ზე მეტი უნიკალური რუქა, რომელებიც სრულიად უსასყიდლოდ გადავეცი საქართველოს სახელმწიფოს.” – განცხადა დავით ხიდაშელმა საჯარო განცხადებაში.
ამ გარიგებას თან ახლდა მნიშვნელოვანი საინვესტიციო ვალდებულებები: Global Victory Trust-ს 36 თვის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია და შეექმნა მრავალფუნქციური კულტურული სივრცეები – ღვინის, ტექნოლოგიებისა და ციფრული ხელოვნების მუზეუმები, საგამოფენო და სხვა ჰოლები.
რიყის დოქების შესყიდვიდან 10 თვეში, 2022 წლის დეკემბერს, ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-მა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ რიყის დოქების 50%-ის გასხვისება სურდათ.
მოგვიანებით, უკვე მაშინ, როცა ქონება საბოლოოდ გაიყიდა, დავით ხიდაშელმა განმარტა: „სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო, ჩვენი პირადი ინვესტიციების გარდა, ვერ მოხერხდა სხვა ინვესტიციების მოზიდვა. ამას ყველა კარგად ხედავს, ამიტომ ეს წამოწყებაც არ განხორციელდა ბოლომდე და დღეს უკვე რიყის დოქებიც გასხვისებულია.
ინვესტიციის ვადის ამოწურვამდე, 5 მაისს, კომპანიამ რიყის დოქები ახალ მესაკუთრეზე გაასხვისა. კომპანია “შპს რიყე დომი” ახლად დაფუძნებული კომპანია, რომელიც საკუთრების შეძენამდე 10 დღით დარეგისტირირდა რეესტრში. კომპანიის ამონაწერის მიხედვით დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილია, ხოლო ქონების შეძენის დროს შპს “რიყე დომ”- ის 100%-იანი წილის მფლობელი იყო შპს ნ.გ.ბ., რომელიც თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა.
“რიყის დოქების” შეძენისას კომპანიამ ასევე იკისრა გადაცემულ უძრავ ქონებაზე საინვესტიციო ვალდებულების განხორცილების პირობა.
თუმცა, კომპანიის მფლობელი მალევე შეიცვალა და 6 ივნისს, შპს “რიყე დომ”-ი შპს მაქრო ფროფერთიმ შეიძინა. შესაბამისად, “რიყის დოქების” არაპირდაპირი მესაკუთრე გახდა შპს მაქრო ფროფერთი.
ამგვარად, სქემა ნათლად აჩვენებს, რომ ობიექტის გადაბარება საბოლოო მყიდველამდე შუამავლურ გარიგებებად იქცა, მოგების მთავარი წილი ხიდაშელთან დარჩა. პარალელურად, კომპანიის დირექტორის ფიგურაც აჩენს დამატებით კითხვებს, რაც კიდევ უფრო ზრდის ეჭვებს გარიგების გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მფლობელი შეიცვალა მხოლოდ ერთ წელიწადში, მაშინ როცა საინვესტიციო ვალდებულებები კვლავ შეუსრულებელია.
გარიგების ოფიციალური ღირებულება 2.84 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ფინანსური სურათი გაცილებით უფრო რთულია. ხელშეკრულების მიხედვით, „მაქრო ფროფერთი“ ვალდებულებას იღებს დამატებით 10.8 მილიონი ლარი გადაუხადოს „რიყის დოქების“ პირვანდელ მესაკუთრეს — დავით ხიდაშელის ოფშორული კომპანიას Global Victory Trust-ს. შედეგად, სწორედ ხიდაშელი იღებს გარიგებიდან ყველაზე დიდ სარგებელს — 10.8 მილიონ ლარს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მისი კომპანიამ „რიყის დოქები“ თავდაპირველად 10.2 მილიონ ლარად შეიძინა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ტრანზაქციამ ხიდაშელს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, დაახლოებით 600 ათასი ლარის მოგება მოუტანა.
თუმცა გარიგების პრობლემა მხოლოდ თანხები არაა. მნიშვნელოვანია ისიც, ვინ მართავს პროცესს.
კომპანიის დირექტორად კვლავ ფიგურირებს მიხეილ ტყეშალაშვილი, ომარ ქირაჩთან ერთად. სწორედ ტყეშალაშვილია ის პირი, რომელიც მართავს „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ბავერნაშვილთან დაკავშირებულ 9 კომპანიას (შპს ჯი ჯი ჯი ჯორჯიაში 25%; შპს GORAGROUP-ში 100%; შპს ჯი ბი ინვესტი 50%; შპს Parna 50%; შპს ბი-თი-ჯი 33% შპს ტექნოკლიმა 10%; შპს ბიბი ჯგუფი 50%; შპს ფფე 100%; შპს ნამა კონსალტინგ 34% ).
ეს ტრანზაქცია ბადებს კითხვებს: რამდენად გამჭვირვალე იყო გარიგება და რატომ შეიცვალა მფლობელი ასეთ მცირე ვადაში, მაშინ როცა კომპანიისთვის დაკისრებული ვალდებულებები ჯერ კიდევ შეუსრულებელია? ოფშორული სტრუქტურების და მფლობელობის ხშირი ცვლილებების გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია საჯაროდ დადგინდეს, ვინ აკონტროლებს ობიექტს და ვინ აგებს პასუხს ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
ორივე გარიგება – 2022 და 2025 წლებში – შესრულდა სიმბოლურ ფასებში, მაშინ, როცა სახელმწიფოს მიერ გაწეული ინვესტიცია ათჯერ აღემატება გაყიდვის ღირებულებას. ეს ქმნის სისტემურ ეჭვს, რომ „რიყის დოქები“ ინვესტიციების მოზიდვის ნაცვლად დახურული შეთანხმებების ინსტრუმენტად იქცა.
ვინ არის დავით ხიდაშელი?
დავით ხიდაშელი ცნობილია როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ფიგურა. 2007-2014 წლებში ის ხელმძღვანელობდა რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის კორპორაცია Sistema-ს, რომელსაც მჭიდრო ბიზნესკავშირები ჰქონდა ივანიშვილთან. მისი სახელი ასევე ფიგურირებს ე.წ. „კარტოგრაფების საქმეში“, სადაც გამოძიება სწორედ ხიდაშელის მიერ გადაცემული რუკების საფუძველზე დაიწყო.
ამასთან ერთად, ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი ხიდაშელი განთქმულია დაუსრულებელი პროექტებით:
1) 2018 წელს ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-მა ახტალის კურორტი შეიძინა და 12,000,000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო – 2025-ში ახტალა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ჩამოერთვა.
2) 2025 წელს ჩამოერთვა ხიდაშელს კურორტი “ლიბანიც”, რომელიც მან 2021-ში შეიძინა და 8-მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხოციელებინა.
3) 2022 წელს რაჭაში დიდი ფართობის ტერიტორიაზე სანადირო ლიცენზია მოიპოვა – 2023-ში ხიდაშელის კომპანიას ლიცენზია გაუუქმდა.
მიმდინარე მდგომარეობა – 2025 წლის მონაცემებით
“მახინჯი დოქები” – ასე მოიხსენებს ირაკლი კობახიძე ე.წ. რიყის დოქებს, რომლის მომავალი ჯერ კიდევ უცნობია. 6 მაისის განკარგულების მიხედვით, შესაძლოა მოხდეს შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად სასტუმრო აშენდეს – ამავე განკარგულების თანახმად, აღნიშნული პირობის შესასრულებლად 44,000,000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
რიყის დოქების ნაცვლად რომ შეიძლება სასტუმრო აშენდეს ამას ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძეც, თუმცა, დადასტურებულად ისიც არაფერს იძახის: “რა გაკეთდება, მაგას გავივლით და ვნახავთ. შეიძლება, სასტუმროც იყოს, თუმცა, ამას ურბანულად გავივლით, რა პროექტიც იქნება.”
აღნიშნული შენობისთვის რომ ინვესტიციების მოზიდვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამას ადასტურებს დაუსრულებელი პროექტებით ცნობილი ხიდაშელის განცხადებაც, რომელიც მან რიყის დოქების გაყიდვის შემდეგ გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ “მათ შორის, ჩვენი პირადი ინვესტიციების გარდა ვერ მოხერხდა სხვა ინვესტიციების მოზიდვა, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო.”
რიყის დოქების გარშემო რომ გადაწყვეტილება მალე უნდა იქნას მიღებული და აღსრულებული, ამის კიდევ ერთი და ალბათ, უმთავრესი მიზეზი უსაფრთხოების საკითხია. 29 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 იანვარს რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე მეათეკლასელი იოსებ ადეიშვილი დაიღუპა – იგი თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო.
გავრცელებულ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა თბილისის მერია, სადაც განაცხადეს, რომ სიცრუეა თითქოს მოზარდი ღია თხრილში ჩავარდა და ხაზი გაუსვეს, რომ შემთხვევა “ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში მოხდა”, რაც სხვა სიტყვებით იმას ნიშნავდა, რომ მომხდარი თბილისის მერის პასუხისმგებლობა არ ყოფილა.
იგივე გაიმეორა ჟურნალისტებთან თბილისის მერმაც, რომ აღნიშნული კერძო საკუთრება იყო, ხოლო კითხვაზე, რატომ არ გააკონტროლა ინსპექციამ აღნიშნული ობიექტი, უპასუხა, რომ: “როდესაც საკუთარი სახლი გაქვთ დაკეტილი, სადაც არ ცხოვრობთ, იქ მუნიციპალური ინსპექცია ვერ დადგება და ვერ დაიცავს.”
16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ იანვარშივე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეზე ჯერჯერობით არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა.
დასკვნა
„რიყის დოქების“ ისტორია ნათლად აჩვენებს, როგორ ხორციელდება საჯარო რესურსების არაეფექტიანი გამოყენება, როგორ აკლია პროცესს გამჭვირვალობა და როგორ ვერ ახერხებს სახელმწიფო ინვესტორის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას.
ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონები საბოლოოდ უსარგებლო აღმოჩნდა: შენობა უფუნქციოდ დგას და პროექტი, რომელიც ოდესღაც „ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ ნამუშევრად“ იყო შეფასებული, დღეს არ ქალაქის სიმბოლოს არამედ “კორუფციული სისტემის ნიმუშს” წარმოადგენს.
ეს შემთხვევა შეიძლება იქცეს თვალსაჩინო მაგალითად იმისა, თუ როგორ არ უნდა განხორციელდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული ინიციატივები.„რიყის დოქების“ ისტორია ნათლად აჩვენებს, როგორ ხორციელდება საჯარო რესურსების არაეფექტიანი გამოყენება, როგორ აკლია პროცესს გამჭვირვალობა და როგორ ვერ ახერხებს სახელმწიფო ინვესტორის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას.
ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონები საბოლოოდ უსარგებლო აღმოჩნდა: შენობა უფუნქციოდ დგას და პროექტი, რომელიც ოდესღაც „ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ ნამუშევრად“ იყო შეფასებული, დღეს არ ქალაქის სიმბოლოს არამედ “კორუფციული სისტემის ნიმუშს” წარმოადგენს.
ეს შემთხვევა შეიძლება იქცეს თვალსაჩინო მაგალითად იმისა, თუ როგორ არ უნდა განხორციელდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული ინიციატივები. მთელი პროცესი – აუქციონებზე ფასის კატასტროფული შემცირებით, სიმბოლურ 10 მილიონ ლარად ოფშორულ კომპანიაზე მიყიდვიდან, დავით ხიდაშელთან კავშირმა, მისი დაუსრულებელი პროექტების ისტორიამ და შემდგომი გადაბარებების სერიამ -კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვები, რომ საქმე არა კულტურულ განვითარებას, არამედ ფინანსურ სქემებს უკავშირდებოდა. საბოლოო მყიდველამდე ობიექტი რამდენჯერმე „გადაბარების“ გზით მივიდა, რის შედეგადაც მოგების მთავარი წილი მაინც ხიდაშელთან დარჩა, ხოლო საინვესტიციო ვალდებულებები დღემდე შეუსრულებელია.
დღეს, 2025 წელს, „რიყის დოქების“ მომავალი კვლავ ბუნდოვანია. ხელისუფლება განიხილავს შენობის დემონტაჟს და მის ადგილას სასტუმროს აშენებას, რასაც დამატებით ინვესტიციას უკავშირებს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პარალელურად, ობიექტთან დატრიალებულმა ტრაგიკულმა შემთხვევამ – მოზარდის დაღუპვამ -კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უსაფრთხოების პრობლემებს და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხს.
„რიყის დოქები“ უკვე აღარ არის მხოლოდ არქიტექტურული ექსპერიმენტი. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მასშტაბური ბიუჯეტური პროექტი, პოლიტიკური ნებისა და გამჭვირვალე მმართველობის გარეშე, გადაიქცეს ფინანსური ინტერესების ინსტრუმენტად და ქალაქის ცენტრში მოუგვარებელ პრობლემად.





