შპს „გზებმა“, რომლის მფლობელებმა ქართულ ოცნებას ჯამში 110,000 ლარი შესწირეს, 96 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერები მოიგო.
კომპანიამ მსხვილი ტენდერების სამუშაოები დაგვიანებით შეასრულა, რის გამოც გაფრთხილებულ მიმწოდებელთა და შავ სიაში შეიყვანეს.
ამის გამო, მნიშვნელოვანი გზების რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების ვადებმა 1-2 წლით გადაიწია.
შპს „გზების“ შესახებ ფლანგვის დეტექტორმა პირველი კვლევა 2021 წლის იანვარში მოამზადა.
შპს „გზები“ 1996 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში, ძირითადად, გზების რეაბილიტაციის ტენდერებში მონაწილეობდა.
„ფლანგვის დეტექტორმა“ „შპს გზების“ შესახებ საზოგადოებას ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში აცნობა. სტატიაში ყურადღება გამახვილებული იყო კომპანიის მფლობელების მიერ მმართველი პარტიისადმი შემოწურილებაზე და ჯამში 80 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერების მოგებაზე.
კომპანიის ამჟამინდელმა მფლობელებმა, გიორგი და ირაკლი აბაშიძემ, 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 35,000-35,000 ლარი შესწირეს. კომპანიის ყოფილმა მფლობელმა მურად აბაშიძემ ასევე იმავე წელს 40,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას.
2021 წლის იანვრის შემდეგ შპს „გზებმა“ ჯამში 16 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული კომპანიამ რამდენიმე მსხვილი ტენდერის შესრულება დააგვიანა, რის გამოც შპს გააფრთხილეს და ასევე შავ სიაშიც შეიყვანეს.
პრობლემური ტენდერები
დაგვიანებული ტენდერი N1 – ქობულეთის დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოები
2021 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „გზებს“ მუნიციპალიტეტში მდინარე აჭყვის წყალსაგდებ არხზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, ასევე „ჩამკეტების“ აშენება ევალებოდა. ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება 6.95 მილიონ ლარად განისაზღვრა. კომპანიას სამუშაოების დასრულება თავდაპირველად 2023 წლის მარტის დასაწყისში უწევდა, თუმცა ვადა რამდენიმე თვით გადაუწიეს და ახალ ვადად 21 ნოემბერი განისაზღვრა.
შპს „გზებმა“ ვერც იმ დროისთვის მოახერხა სამუშაოების დასრულება და შემსყიდველმა, ანუ აჭარის ა/რ-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, პირგასამტეხლოს ათვლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული, კომპანიისთვის კი უკვე დარიცხული აქვთ 5.44 მილიონი ლარი.
შედეგი: სამუშაოების დასრულების ვადამ ამჟამინდელი მდგომარეობით 2 წლითა და 4 თვეზე მეტი ხნით გადაიწია.
დაგვიანებული ტენდერი N2 – ქობულეთის მუნიციპალიტეტში უსტალიშვილები-წყავროკას გადასასვლელზე და საჩინო-ბერიძეები-ხალვაშების გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.
2022 წლის 2 მაისს ხელშეკრულება გაფორმდა შპს „გზებსა“ და აჭარის ა/რ-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის. აღნიშნული ტენდერის ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 1.58 მილიონი ლარი იყო. ეს ტენდერიც პრობლემური გამოდგა და სამუშაოების დასრულების ვადამ თითქმის ერთი წლით გადაიწია. ახალი ვადის დადგომის შემდეგაც შპს „გზებს“ სამუშაოები არ ჰქონდა შესრულებული, რის გამოც, საბოლოოდ, კომპანიას ოფიციალური გაფრთხილება მიეცა.
შედეგი: სამუშაოების დასრულებამ 10 თვით გადაიწია. დამატებით, სამუშაოები ბოლომდე შესრულებული არ იყო.
დაგვიანებული ტენდერი N1 გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
2021 წლის 25 ოქტომბერს ხელშეკრულება გაფორმდა შპს „გზებსა“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის. ხელშეკრულების ღირებულება 14.85 მილიონი ლარი იყო. შპს „გზებს“ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთების სარეაბილიტაციოს სამუშაოები 18 თვეში უნდა დაესრულებინა.
2023 წლის 6 თებერვალს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს „გზებს“ ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა, რადგან კომპანიას შესასრულებელი სამუშაოს მხოლოდ 21.69% ჰქონდა შესრულებული, პირგასამტეხლოდ კი 886,894 ლარი დაეკისრა.
საბოლოოდ, ახალი ხელშეკრულება სხვა კონტრაქტორთან გაფორმდა, რომელმაც სამუშაოები 2024 წლის 4 ოქტომბერს დაასრულა.
შედეგი: სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 წლისა და 5 თვის დაგვიანებით შესრულდა.
შეწყვეტილი ტენდერი N2 – ხულოს მუნიციპალიტეტში ვაშლოვანი-შურმულის გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.
2022 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულება გაფორმდა შპს „გზებსა“ და აჭარის ა/რ-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის. ტენდერის თანახმად, 2.69 მილიონი ლარის სანაცვლოდ კომპანიას ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული ვაშლოვანი-შურმულის გზაზე ასფალბეტონის საფარი უნდა მოეწყო. სამუშაოები ყველაზე გვიან, 2023 წლის 30 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შპს „გზებს“ ვადა ჯერ გადაუწიეს იმავე წლის დეკემბრამდე, შემდეგ კი სამუშაოების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეუწყვიტეს. საბოლოოდ, კომპანია აღნიშნული ტენდერის გამო შავ სიაშიც შეიყვანეს.
შედეგი: ამჟამად ხელშეკრულება გაფორმებულია სხვა კონტრაქტორთან, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოებს 2025 წლის 14 აგვისტოს დაასრულებს. გამოდის, რომ სამუშაოების დასრულება 2 წლით დაგვიანდება.
შეწყვეტილი ტენდერი N3 – ქედის მუნიციპალიტეტში წონიარისი-კანტაური-ტიბეთისა და გუნდაური-გარეტყეს გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.
2022 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიას ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ ორ გზაზე ასფალტობეტონის საფარი უნდა მოეწყო. გაწეული სამუშაოსთვის სატენდერო ღირებულება 2.28 მილიონ ლარად განისაზღვრა. წინა ტენდერის მსგავსად, კომპანიას ვადის ბოლოს სამუშაოები შესრულებული არ ჰქონდა, რის გამოც აჭარის ა/რ-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2023 წლის 22 დეკემბერს შპს „გზებს“ ხელშეკრულება გაუწყვიტა. მოგვიანებით, კომპანია შავ სიაში მეორედ შეიყვანეს.
შედეგი: ამჟამად ხელშეკრულება გაფორმებულია სხვა კონტრაქტორთან, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოებს 2025 წლის 29 აგვისტოს დაასრულებს. გამოდის, რომ სამუშაოების დასრულება 1 წლითა და 11 თვით დაგვიანდება.
დასკვნა
მნიშვნელოვანი პროექტების დაგვიანებით დასრულება მრავალმხრივ პრობლემებს აჩენს. შედეგად, აუცილებელია უფრო მკაცრი და ეფექტური ზომების მიღება მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად. მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვა, შემდეგ დიდი ოდენობით ტენდერების მოგება, ბოლოს კი სამუშაოების დაგვიანებით ან საერთოდ შეუსრულებლობა კორუფციის კუთხით კითხვებს ბადებს.
წყაროები:
NAT210015912 – გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის ტენდერი
NAT210019016 – ქობულეთის დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოების ტენდერი
NAT220013557 – ხულოს მუნიციპალიტეტში ვაშლოვანი-შურმულის გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის ტენდერი
NAT220015978 – ქედის მუნიციპალიტეტში წონიარისი-კანტაური-ტიბეთისა და გუნდაური-გარეტყეს გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის ტენდერი
NAT220004682 – ქობულეთის მუნიციპალიტეტში უსტალიშვილები-წყავროკას გადასასვლელზე და საჩინო-ბერიძეები-ხალვაშების გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის ტენდერი№ 1568 განკარგულება – შპს „გზების“ გაფრთხილების შესახებ (ბმული)





