საქართველოში წყალმომარაგების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სოციალურ გამოწვევას წარმოადგენს. მიზეზები მოიცავს როგორც ბუნებრივ-გეოგრაფიულ, ასევე ინსტიტუციურ და ფინანსურ ფაქტორებს.
დედოფლიფლისწყაროც ერთ-ერთი ასეთი მუნიციპალიტეტია. მის სოფლებში არ არსებობს ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა, ხოლო არსებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად მოძველებულია. ამ პრობლემის გადაწყვეტა სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა.
სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის თანახმად, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2020 წელს, შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებული 13,512,463 ლარის ღირებულების ტენდერი. შესყიდვის მიზანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფლის (ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, არბოშიკი) წყალმომარაგების სისტემის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა იყო. პროექტის მიხედვით გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო განეხორციელებინა წყალმომარაგების სისტემების სრულფასოვანი მოწყობა სოფლებში, რაც მოიცავდა როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ასევე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.
პროექტი, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში (2022 წლის აგვისტოში) უნდა დასრულებულიყო, დღემდე მიმდინარეა. ყოველი დასრულების ვადის მოახლოებისას მისი გადავადდება ხდება, ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე.
ფლანგვის დეტექტორი უკვე მეორედ წერს დედოფლისწყაროს სოფლებში მიმდინარე ამ პროექტის შესახებ, თუმცა მდგომარეობა კვლავ უცვლელია.
გაჭიანურებული სამუშოებით შეწუხებული მოქალაქეების მომართვა გახდა ერთ ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით სახელმწიფო კომპანიის დაკვეთით მინდინარე “მარად დაუსრულებელ” სახელმწიფო შესყიდვას.
დედოფლისწყაროს წყალმომარაგების პროექტის ქრონოლოგია
კომპანია რომელიც ზემო აღნიშნული სამუშაოებზეა პასუხისმგებელი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა “ჯეითუნ საქართველოს ფილიალი და შპს საბა”-ა. ხელშეკრულების თანახმად კომპანიამ სამუშაოების შესრულებაში 10,999,997 ლარი მოითხოვა. ტენდერში გამარჯვების შემდეგ კომპანიასა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის ხელშეკრულება 2021 წელს გაფორმდა.
თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას საპროექტო მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაესრულებინა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები – 12 თვეში. ჯამში ვალდებულებების შესასრულებლად კონტრაქტორ კომპანიას 18 თვე ჰქონდა. ე.ი. სამუშაოები 2022 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, წყალმომარაგების სისტემის სამუშაოებს დასასრული არ უჩანს.
დროის ლაბირინთში: 20 ცვლილება და დაუსრულებელი პროექტი
კონტრაქტის გაფორმებიდან – დღემდე ხელშეკრულებაში 20-ჯერ შევიდა ცვლილება. მათ შორის ყველაზე მეტი (15 ცვლილება) სამუშაოების დასრულების ვადებს უკავშირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 2 წელი. თუმცა, ვადის ხშირი ცვლილების პარარელურად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 4 წლამდე.
სახელმწიფო შესყიდვის პორტალზე ბოლო ცვლილება 2025 წლის 30 მაისით თარიღდება. ცვლილება სამუშაობის დასრულების გადავადებას ეხება. მიმდინარე მონაცემებით სამუშაოების დასრულება 2025 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.
ადგილობრივების პოზიცია და გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე
დედოფლისწყაროს სოფლებში მოსახლეობა უკვე 4 წელია ახალი წყალმომარაგების სისტემის მოლოდინშია. გაჭიანურებულმა სამუშაოებმა პირდაპირი გავლენა იქონია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
“.. ონკანებიდან მოდის ტალახიანი და ზედმეტად დაქლორილი წყალი. საშინელი ქლორის სუნი და გემო აქვს, ხანდახან საერთოდ დაუქლორავი წყალი მოდის,” – განაცხადა ფლანგვის დეტექტორთან სოფელ სათაწყაროს მცხოვრებმა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დასრულების ვადამ ოფიციალურად უკვე 15-ჯერ შეიცვალა და 2025 წლის სექტემბრამდე გადაიდო, ადგილობრივებისთვის რეალური შედეგები კვლავ შეუმჩნეველია. არ ჩატარებულა ფართო საზოგადოებრივი განხილვა იმის შესახებ, რატომ ჭიანურდება პროექტი, ვინ არის პასუხისმგებელი და როგორ უნდა ანაზღაურდეს მოსახლეობისთვის მიღებული ზიანი.
წყალი, რომელიც ყოველი ოჯახის პირველადი საჭიროებაა, დედოფლისწყაროში კვლავაც დაპირებად რჩება.
როგორია პროექტის ბედი: დასრულდება თუ არა?
სამუშოებზე პასუხისმგებელ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 82% აქვს უკვე მიღებული, 9,034,453.52 ლარი.
კომპანიის საიტზე დედოფლისწყაროს პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარე პროექტებშია მითითებულ.
ამ დრომდე არ გაკეთებულა საჯარო განცხადება შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, დედოფლისწყაროში უკვე წლებით გაჭიანურებული წყალმმარეგობის პროექტის შესახებ. სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არცერთი გაფრთხილება ან ჯარიმა არ იძებნება კომპანიის მიმართ, სამუშაოების ამდენი ხნით გადადებაზე.
ეს ყოველივე წარმოშობს კითხვებს, რამდენად ეფექტიანად კონტროლდება სახელმწიფო კომპანიის საქმიანობა და რამდენად არის ის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაწყებული წყალმომარაგების პროექტი, რომელსაც ექვსი სოფელი უნდა მოეცვა — ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო და არბოშიკი — დღემდე დაუსრულებელია
სამუშაოების დასრულების ვადა ოფიციალურად უკვე 15-ჯერ გადავადდა. პროექტის დასრულების ახალი თარიღად კი 2025 წლის სექტემბერი სახელდება, თუმცა ადგილობრივებისთვის ეს უკვე მომდევნო დაპირებაა, რომლის მსგავსიც აქამდე ბევრჯერ მოისმინეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონების მიუხედავად, მათი ონკანებიდან კვლავ ტალახიანი წყალი მოდის.
პროექტზე უკვე 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სახელმწიფომ და კონტრაქტორმა კომპანიამ დღემდე ვერ უზრუნველყო სტაბილური, სანდო და უსაფრთხო წყალმომარაგება.
წყარო:
- სახ. შესყიდვის კოდი: NAT200016463





