გორის მერია ტენდერით ₾300 ათასს უხდის კომპანიას, რომელიც ქარელში შესრულებული სამუშაოსთვის გააფრთხილეს


2025 წლის აპრილში გორის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა შპს “ალონისს” “სოფელ ვარიანის მეურნეობასა და არაშენდაში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებისთვის” და 299,762 ლარს გადაუხდის.

ხელშეკრულების დასრულების თარიღად 2025 წლის სექტემბრის მიწურული განისაზღვრა.

შპს “ალონისი” 2024 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის მიმართვის თაობაზე სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისთვის შესყიდვების სააგენტომ გააფრთხილა.

საუბარია ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ 2024 წლის აპრილში გამოცხადებულ  61,075-ლარიან ტენდერზე, რომლის ერთადერთი მონაწილე შპს “ალონისი” იყო. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ქარელთანაც გორის მსგავსი – მინი სტადიონის მოწყობის ვალდებულება ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ხელშეკრულების დასრულების ვადად 2024 წლის აგვისტო განისაზღვრა, სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნული კვლავ “შეუსრულებელ ხელშეკრულებად” არის მოხსენიებული. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებას ადასტურებ ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ 2024 წლის 23 სექტემბერს შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილი წერილის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებაც.

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის 22 ნოემბრით დათარიღებულ წერილში წარმოდგენილია შემსყიდველისა და მიმწოდებლის პოზიციები.

“შემსყიდველი ორგანიზაციის დამატებითი ინფორმაციის თანახმად, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, თუმცა არაჯეროვნად და მოცულობების ნაკლებობით. შესაბამისად შემსყიდველმა ორგანიზაციამ ჩაიბარა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რაც, რა თქმა უნდა, ნაკლები იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობისგან, რამაც გავლენა იქონია სამუშაოების ჯეროვნად შესრულებაზე.” – წერია შემსყიდველი ორგანიზაციის პოზიციად შესყიდვების სააგენტოს წერილში.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ სამუშაოების კონტროლს “შპს ოპტიმალ გრუპ +” ახორციელდება, რომელთა შეფასებით შპს “ალონისმა” ქარელის მუნიციპალიტეტისთვის 54 929,86 ლარის სამუშაოები შეასრულა, “რაც ხელშეკრულების მოცულობის 90%-ს შეადგენს.”

სამუშაოს არასრულად შესრულების გამო, შპს “ალონისი” შესყიდვების სააგენტომ 2024 წლის ნოემბერში გაფრთხილებულთა სიაში შეიყვანა. 

გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიაში შეყვანა რაიმე სახის შეზღუდვას ტენდერებში მონაწილეობისგან არ გულისხმობს, სწორედ ამიტომ შპს “ალონისმა” 2024 წლის ნოემბრის შემდეგ სხვადასხვა ტენდერში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გამარჯვება გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მოიპოვა.

შპს “ალონისის” 100%-იანი წლის მფლობელი და დირექტორი საბერძნეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე მაკედონი ანანიადისია.

წყაროები:

  1. შპს ალონისი – 218081812
  2. ტენდერებიNAT250003368, NAT240007826
  3. გაფრთხილების წერილი
  4. ადგილობრივი მედია “მოზაიკა

მსგავსი სტატიები