მთავარი მიგნებები:
- 2023-2024 წლებში „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული პირები თუ ორგანიზაციების მიერ გაჟღერებული ინდიკატორები მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს გაუმჯობესებულ მდგომარეობას აჩვენებდა. აღნიშნული ინდიკატორები 2023 წლის ჩათვლით არსებულ რეალობას აჩვენებდნენ.
- ამ ინდიკატორებიდან 2024-2025 წლებში ჯერჯერობით მხოლოდ 33 განახლდა. საქართველომ პოზიციები 22 მათგანში, ანუ 66.67%-ში დაკარგა. უმეტეს შემთხვევაში პოზიციები ათეულობით ნიშნით ვარდებოდა.
- განსაკუთრებული ვარდნა ადამიანისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების, სასამართლო სისტემისა და კარგი მმართველობის კუთხით დაფიქსირდა.
შესავალი, მეთოდოლოგია
დღევანდელ სამყაროში სახელმწიფო პოლიტიკისა და საერთაშორისო საზღვრებში არსებული მდგომარეობის გასაზომად უამრავი ინდიკატორი და ინდექსი გამოიყენება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათ მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები ბოლო წლებში მხოლოდ იმ მაჩვენებლებს ავრცელებდნენ, რომელშიც საქართველოს პროგრესი ჰქონდა ან სტაბილურად ინარჩუნებდა პოზიციებს.
კვლევის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ამ მიკერძოებული წყაროების მიერ გაჟღერებული ინდექსების შემოწმებაა, კერძოდ, გამოქვეყნების შემდეგ განახლდა თუ არა ისინი და თუ განახლდა, რა მდგომარეობაა ამჟამად. შესაბამისად, უკანასკნელად 2023 წელს განახლებული მონაცემები კვლევაში არ შეტანილი არ არის.
კვლევის მიზნებისთვის, ინდიკატორები რამდენიმე პირობით ჯგუფად დავყავით:
1. ადამიანისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება
2. სასამართლო
3. კორუფცია/გამჭვირვალობა
4. კარგი მმართველობა
5. უსაფრთხოება
6. ეკონომიკა
წარმოგიდგენთ თითოეული ჯგუფის შედეგებს:
ადამიანისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება
ადამიანისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების ინდექსების წყაროების უმეტესობა „დემოკრატიის მრავალფეროვნებაა“ (V-Dem), შვედეთში, გოთებურგის უნივესიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სანდოდ მიიჩნევდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროსახელისუფლებო მედიები და ამავდროულად ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები 2024 წელს აქტიურად ციტირებდნენ მსოფლიოში აღიარებული „დემოკრატიის მრავალფეროვნების“, იგივე V-Dem-ის ინდიკატორებს. აღნიშნული შედეგები 2023 წლის მდგომარეობას ასახავდა და ბუნებრივიცაა, რომ 2024 წელს შედეგები მკვეთრად გაუარესებულია.
ამ კუთხით, ყველაზე დიდი ვარდნა თავისუფალი შეკრებისა და წამებისგან თავისუფლების მაჩვენებელში დაფიქსირდა – საუკეთესო 50-ეულიდან საქართველომ 99-ე ადგილას დაიწია. აღნიშნული ვარდნა, სავარაუდოდ, განპირობებულია 2024 წლის, განსაკუთრებით კი ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებით, რაც დეტალურად აღწერილია 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
რას გულისხმობს თითოეული მაჩვენებელი?
საზოგადოების თანასწორუფლებიანი დაცულობა (Equal Protection Index) – ინდექსი ამოწმებს რამდენად თანასწორია სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. წყარო: V-Dem
ადამიანის თავისუფლება – ინდექსი აერთიანებს 86 ინდიკატორს, რომელიც პერსონალურ, სამოქალაქო და ეკონომიკურ თავისუფლებებს ზომავს. წყარო: Cato Institute, Fraser Institute
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (Freedom of Peaceful Assembly) – ინდიკატორი ამოწმებს რა დონეზე სცემს პატივს ხელისუფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას. წყარო: V-Dem
წამებისგან თავისუფლება (Freedom from Torture) – ინდიკატორი განიხილავს წამების შემთხვევების არსებობას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. წყარო: V-Dem
ხელისუფლებისგან ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება (Physical Violence Index) – ინდიკატორი ამოწმებს რამდენადაა დაცული ფიზიკური ხელშეუხებლობა ხელისუფლების მხრიდან – იგულისხმება პოლიტიკური მკვლელობებისა და და წამებისგან თავისუფლება. წყარო: V-Dem
სამოქალაქო თავისუფლება (Civil Liberties Index) – ინდიკატორი ამოწმებს, რამდენადაა დაცული სამოქალაქო თავისუფლება ქვეყანაში, კერძოდ რამდენად ახორციელებს ხელისუფლება ფიზიკურ ძალადობას, ახდენს ზეწოლას ან უწესებს შეზღუდვებს კერძო და პოლიტიკურ თავისუფლებაზე. წყარო: V-Dem
პრესის თავისუფლების ინდექსი (World Press Freedom Index) – ინდექსი ზომავს ჟურნალისტებისა და მედიის თავისუფლების ხარისხს. წყარო: Reporters Without Borders
სასამართლო
ასევე მკვეთრად გაუარესდა მდგომარეობა სასამართლო სისტემაში. სასამართლო მართლმსაჯულებაზე ხელისუფლების მხრიდან თავდასხმით კუთხით საქართველომ 82(!) პოზიციით დაიხია უკან. სხვა ინდიკატორებთან ერთად, გაუარესდა სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის მაჩვენებელიც.
ცხრილში მოცემული ინდექსები, გარდა კანონის უზენაესობისა, ასევე აღებულია „დემოკრატიის მრავალფეროვნებისგან“. კანონის უზენაესობის მაჩვენებელს „მსოფლიო სამართლის პროექტი“ აქვეყნებს.
რას გულისხმობს თითოეული მაჩვენებელი?
სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლება (Government Attacks on Judiciary) – ინდიკატორი ამოწმებს, რამდენად ხშირად ესხმოდა თავს ხელისუფლება სასამართლოს საჯაროდ. წყარო: V-Dem
სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისგან თავისუფლება (Judicial Purges) – ინდიკატორი ამოწმებს თუ რამდენად მოიხსნენ მოსამართლეები თანამდებობიდან უსაფუძვლოდ, უმეტესწილად კი პოლიტიკური მიზეზებით. წყარო: V-Dem
სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსი (Access to Justice) – ინდექსი ამოწმებს რამდენად ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და ეფექტიანი მართლმსაჯულება. წყარო: V-Dem
კანონის წინაშე თანასწორობა და პირადი თავისუფლება (Equality Before the Law and Individual Liberty Index) – ინდექსი ამოწმებს, თუ რა ხარისხითაა კანონები გამჭვირვალე და აღსრულებადი, ასევე რა ხარისხითაა დაცული საკუთრების უფლება, მართლმსაჯულებაზე წვდომა, იძულებითი შრომისგან და ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება, ასევე რელიგიის თავისუფლება. წყარო: V-Dem
კანონის უზენაესობა – ინდექსი კანონის უზენაესობას ზომავს სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის ხელისუფლებაზე არსებული შეზღუდვების, კორუფციის დონის, ხელისუფლების გამჭვირვალობის, ფუნდამენტური უფლებების დაცვის და სხვა ასპექტების გათვალისწინებით. წყარო: World Justice Project
კორუფცია/გამჭვირვალობა
კორუფციასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული მაჩვენებლების დიდი ნაწილი უკანასკნელად 2023 წელს განახლდა. 2024 წელს განახლებული მონაცემებიდან კი ირკვევა, რომ საქართველომ პოზიციები დაკარგა ბიზნესის კორუფციის რისკის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ კორუფციის აღქმის ინდექსის ორი მაჩვენებელი არსებობს, ერთი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ეკუთვნის, მეორე კი „მსოფლიო ბედნიერების ანგარიშს“. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 4 პოზიციით უკან დაიხია. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლის მხრივ, საქართველოს 2023 წელს ვარდნა ჰქონდა – 41-ე ადგილიდან ჯერ 49-ეზე, შემდეგ კი 53-ე ადგილამდე დაიწია.
რას გულისხმობს თითოეული მაჩვენებელი?
ბიზნესის კორუფციის რისკი (Trace Bribery Risk) – ინდექსი ზომავს ბიზნესში ქრთამის არსებობის რისკს, რის ფარგლებშიც ითვალისწინებს ბიზნესის ურთიერთობას მთავრობასთან, ქრთამის აღკვეთისა და აღსრულების მექანიზმებს, მთავრობისა და საჯარო სამსახურის გამჭვირვალობას და სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის მედიის) ზედამხედველობის უნარს. წყარო: Trace International
ხელისუფლების გამჭვირვალობის ინდექსი (Transparency Index) – ინდექსი ზომავს კომპიუტერული საშუალებებით უზრუნველყოფილ გამჭვირვალობას, რაშიც იგულისხმება საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობა. წყარო: CorruptionRisk.org
კორუფციის აღქმის ინდექსი (საერთაშორისო გამჭვირვალობა) (Corruption Perception Index) – ინდექსი, სხვადასხვა საერთაშორისო კვლევების საფუძველზე დაყრდნობით, საზღვრავს საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონეს. წყარო: Transparency International
კორუფციის აღქმა (მსოფლიო ბედნიერების ანგარიში) (Perceptions of Corruption) – ინდექსი ზომავს კორუფციის აღქმას ქვეყანაში ორი კითხვით „გავრცელებულია თუ არა კორუფცია ხელისუფლებაში?“ და „გავრცელებულია თუ არა კორუფცია ბიზნესში?“. წყარო: World Happiness Report
კარგი მმართველობა
კარგ მმართველობასთან დაკავშირებულ ინდიკატორების უდიდეს ნაწილში საქართველოს ვარდნა ჰქონდა. მკვეთრი ვარდნა გამოჩნდა „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ ინდიკატორებში, კერძოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის პატივისცემის კუთხით საქართველომ 70-პოზიციანი ვარდნა განიცადა და 46-ე ადგილიდან 116-ე ადგილამდე დაიხია. მკვეთრად გაუარესდა აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსიც.
სხვა ორგანიზაციების მაჩვენებლებში საქართველო ან მცირედით კარგავს პოზიციებს, ან სტაბილურად იმავე პოზიციაზე რჩება (მაგ. მხოლოდ 6 ადგილით გაუარესდა „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების ინდექსი, ხოლო სოციალური პროგრესის ინდექსში ერთი პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა).
რას გულისხმობს თითოეული მაჩვენებელი?
აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსი (Executive Oversight) – ინდექსი ამოწმებს თუ რამდენად სავარაუდოა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადაცდენების შემთხვევაში პარლამენტის გარდა სხვა ორგანო გამოიკვლევდა აღნიშნულ ქმედებებს და გამოაქვეყნებდა ანგარიშს. წყარო: V-Dem
კარგი მთავრობის ინდექსი (Good Government Index) – ინდექსი სხვადასხვა „სვეტების“ გაზომვით ადგენს კარგი მმართველობის რა დონეზეა სახელმწიფო. სვეტებში მნიშვნელობა ექცევა მმართველობას და შორსმჭვრეტელობას, კანონებსა და პოლიტიკას, ძლიერ ინსტიტუტებს, ბაზრის განვითარების დონეს და სხვა მაჩვენებლებს. წყარო: Chandler Institute of Governance
თავისუფლების ინდექსი (Freedom Index) – ატლანტიკური საბჭოს აღნიშნული ინდექსი თავისუფლების დონეს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი თავისუფლების კომპონენტების გათვალისწინებთ ზომავს. წყარო: Atlantic Council
აღმასრულებელი ხელისუფლება პატივს სცემს კონსტიტუციას (Executive Respects Constitution) – ინდიკატორი ამოწმებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები რამდენად მოქმედებენ კონსტიტუციის შესაბამისად. წყარო: V-Dem
სოციალური პროგრესის ინდექსი (AlTi Global Social Progress Index) – ინდექსი სოციალური პროგრესის გასაზომად არაეკონომიკურ ასპექტებზე (ძირითადი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა, კეთილდღეობის განმსაზღვრელი ფაქტორები, შესაძლებლობების არსებობა) ამახვილებს ყურადღებას წყარო: Social Progress Imperative
ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსი (Horizontal Accountability Index) – ინდექსი ამოწმებს, თუ რა ხარისხითაა შესაძლებელი სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტმა გააკონტროლოს მთავრობა ინფორმაციის მოთხოვნით, ოფიციალური პირების დაკითხვით ან/და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის დასჯით.
მთავრობის მეთაურის ნდობის განზომილების ინდექსი (Confidence Dimension Index) – ინდექსი ზომავს თუ რამდენად არის დამოკიდებული მთავრობის ხელმძღვანელის ძალაუფლების წყარო პარლამენტის ნდობაზე დამოკიდებული. წყარო: V-Dem
ბედნიერების მსოფლიო ინდექსი (World Happiness Index) – ინდექსი ითვალისწინებს სოციალური დახმარების, თავისუფლების, კორუფციის აღქმის დონეს, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობას, ნეგატიური და პოზიტიური ემოციების თანაფარდობას, სხვა პირების დახმარების, მოხალისეობრივი საქმიანობის გაწევის შემთხვევებს. წყარო: World Happiness Report
უსაფრთხოება
უსაფრთხოების კუთხით, საქართველოში მცირედით გაუარესდა Numbeo-ს უსაფრთხო ქვეყნების ინდექსში მდგომარეობა, ხოლო გაუმჯობესდა ფულის გათეთრების აღკვეთისა და პოზიტიური მშვიდობის ინდექსი. ტერორიზმის ინდექსის მხრივ, საქართველოში ტერორისტული აქტები არ მომხდარა, ამიტომ ის პირველ ადგილს იყოფს სხვა მსგავს ქვეყნებთან ერთად.
ვინაიდან, კვლევა დაფუძნებულია მხოლოდ საერთაშორისო ინდიკატორებზე და მათ ცვლილებაზე 2024 წლისთვის, ცხრილში არ არის შეტანილი საქართველოს თავდაცვაზე დახარჯული თანხის თანაფარდობა მშპ-სთან ან სხვა მაჩვენებლები.
რას გულისხმობს თითოეული მაჩვენებელი?
უსაფრთხო ქვეყნების ინდექსი (Safety Index) – ინდექსი უსაფრთხოების დონეს ზომავს საზოგადოებაში კრიმინალის დონის, დღისით და ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების აღქმებს, ასევე დანაშაულის სხვადასხვა ფორმის ოდენობებს (მომხმარებლების შეტყობინების საფუძველზე). წყარო: Numbeo
პოზიტიური მშვიდობის ინდექსი (Positive Peace Index) – ინდექსი ზომავს პოზიტიურ მშვიდობას, რომელიც აერთიანებს მშვიდობიანი საზოგადოების შექმნისათვის აუცილებელ დამოკიდებულებებს, ინსტიტუტებსა და სტრუქტურებს. წყარო: Visions of Humanity
გლობალური ტერორიზმის ინდექსი (Global Terrorism Index) – ინდექსი ზომავს ტერორიზმის გავლენას სახელმწიფოებზე. წყარო: Visions of Humanity
ფულის გათეთრების ინდექსი (Basel AML Index) – ინდექსი ზომავს ფულის გათეთრებისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანაშაულების რისკებს. ამ მიზნისთვის ინდექსი ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის, ფინანსურ გამჭვირვალობას და სტანდარტებს, საჯარო გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კორუფციისა და თაღლითობის რისკებს. წყარო: Basel Institute on Governance
ეკონომიკური
საერთაშორისო ეკონომიკური ან მასთან დაკავშირებული სხვა ინდიკატორების მხრივ, საქართველოში სტაბილური მდგომარეობაა – ერთადერთი რაშიც ცალსახად გაუმჯობესდა მდგომარეობა ინოვაციების გლობალურ ინდექსია.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ჩარჩოს ცდება ისეთი მაჩვენებლების გამოყენება, როგორებიცაა მაგალითად ეკონომიკური ზრდა, ან საქართველოს პოზიცია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი.
რას გულისხმობს თითოეული მაჩვენებელი?
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (Index of Economic Freedom) – ინდექსი ეკონომიკური თავისუფლების დონეს საზღვრავს კანონის უზენაესობის, ხელისუფლების ზომის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და ბაზრის ღიაობის დონეზე დაყრდნობით. წყარო: Heritage
მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი (SME Policy Index) – ინდექსი აფასებს და აკვირდება სახელმწიფოს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროგრესს ევროკავშირის და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ფონზე. წყარო: OECD
საკუთრების უფლებების საერთაშორისო ინდექსი – ინდექსი საკუთრების უფლებებს ზომავს როგორც „ფიზიკურ“, ასევე ინტელექტუალურ ქონებებთან დაკავშირებულ უფლებებზე დაყრდნობით, ასევე ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობას. წყარო: Property Rights Alliance
ინოვაციების გლობალური ინდექსი (Global Innovation Index) – ინდექსი 80-ზე მეტი ფაქტორის გათვალისწინებით ზომავს რამდენად არის ხელშეწყობილი ინოვაციური გარემოს შექმნა სახელმწიფოში. წყარო: WIPO საკუთრების უფლების ინდექსი (Property Rights) – ინდიკატორი ზომავს თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები კერძო საკუთრების უფლებით, კერძოდ იგულისხმება, რამდენად არის შეზღუდული მოქალაქე კერძო საკუთრების შეძენასა ან მემკვიდრეობით მიღებაში, ფლობასა და გაყიდვაში. წყარო: V-Dem





