გასულ თვეში 30-ზე მეტმა მედიასაშუალებამ გამოავლინა თბილისში მოქმედი გლობალური თაღლითური სქემა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. თუმცა, ახლახან მოპოვებული ჩანაწერები აჩვენებს, რომ თაღლითები მუშაობას უკვე აგრძელებენ.
მასალაზე მუშაობდნენ: OCCRP, ფლანგვის დეტექტორი, აიფაქტი და სტუდია მონიტორი
გასულ თვეს, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში პარტნიორ მედია საშუალებებთან ერთად, შუაგულ თბილისში მასშტაბური თაღლითური ქოლ-ცენტრი გამოვავლინეთ და თითქოს სკამერებისთვის თამაში დასრულდა.
ქოლ-ცენტრის თანამშრომლებმა სასწრაფოდ დატოვეს ოფისები და დაიწყეს სოციალური მედიის ანგარიშების პანიკური დახურვა – წაშალეს პოსტები, რომლებშიც აფიშირებდნენ ძვირადღირებული შენაძენებსა და ფუფუნებით სავსე არდადეგებს.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან მალევე, საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპერაციის უკან მდგომი კომპანიის, A.K. Group-ის წინააღმდეგ, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ხელისუფლებამ გაყინა ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელის, აკაკი ქევხიშვილს, და OCCRP-ის მიერ გამოაშკარავებული ხუთი სხვა თაღლითის ქონება.
თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი თაღლითები კვლავ საქმეში არიან.
შვედური ციფრული ექსპერტიზის ჯგუფის, Qurium-ის მიერ მოპოვებული შიდა მონაცემების მიხედვით, ქოლ-ცენტრის 14 აგენტი თვლის ბოლოს კვლავ აქტიური იყო მათი Voice-over-IP (VoIP) მიმწოდებლის პლატფორმაზე, Squaretalk-ზე და სულ მცირე 184 გამავალი ზარი განახორციელეს.
VoIP ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დიდი რაოდენობით ინტერნეტზარები გააკეთონ და ამავდროულად, საკუთარი მდებარეობა დამალონ.
სქრინშოტი დათარიღებულია 25 მარტით – რაც მიუთითებს, რომ თაღლითებმა საქმიანობა განაახლეს სულ რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც OCCRP-ის, შვედური ტელევიზიის (SVT) და კიდევ 30-მდე მედიაპარტნიორის ერთობლივი გამოძიებით გამოაშკარავდნენ.„თაღლითობის იმპერია“ 5 მარტს გამოქვეყნდა.
აღნიშნული მიგნებები ცხადყოფს, თუ რამდენად მარტივად შეუძლიათ დახვეწილ თაღლითურ ოპერაციებს საქმიანობის გაგრძელება, მას შემდეგაც კი, რაც მათ ჟურნალისტები გამოავლენენ ან სამართალდამცავები შეაფერხებენ.
OCCRP-მ და პარტნიორებმა „თაღლითობის იმპერიის“ გამოძიებაში გამოააშკარავეს, რომ თბილისის თაღლითურ ქოლ-ცენტრში დაახლოებით 85 თაღლითი და ტენიკური პერსონალი მუშაობდა, რომლებმაც 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლამდე მსოფლიოს მასშტაბით 6,100-ზე მეტი მსხვერპლის მოტყუებით ჯამში 35.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.
თბილისში მოქმედი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის იურისტმა, გიორგი დავითურმა განაცხადა, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრები საქართველოში წლების განმავლობაში დაუსჯელად ფუნქციონირებდნენ მათი სერიოზული გამოძიებისა და აღმოფხვრის პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო.
“ის ფაქტი, რომ აგენტები ჯერ კიდევ აქტიურობენ ჩემთვის გასაკვირი არ არის,” – აღნიშნა მან.
საქართველოს პროკურატურის პრესსპიკერმა, ბაია ცანავამ – რომლის უწყებამაც 7 მარტს A.K. Group-ზე გამოძიების დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა– OCCRP-ს უთხრა, რომ გამოძიება გრძელდება და „შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“ მიმდინარეობს.
ცანავას თქმით, საქართველოს ხელისუფლება „საგარეო პარტნიორებთან“ თანამშრომლობს, რათა დაადგინოს თაღლითობის სავარაუდო მსხვერპლები და ორგანიზატორები.
ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელმა, აკაკი ქევხიშვილმა, კომენტარის თხოვნას არ უპასუხა.
VoIP სერვისები: თაღლითების მთავარი იარაღი
Squaretalk, რომლის სათავო ოფისები ევროკავშირსა და ისრაელში მდებარეობს, A.K. Group-ის მიერ აქტიურად გამოიყენებოდა გამავალი ზარების განსახორციელებლად. შიდა ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, ქოლ-ცენტრმა 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის მარტამდე Squaretalk-ს არანაკლებ $150,000 გადაუხადა.
Squaretalk-ის იურისტმა, დიმიტარ ბორაჯიევმა განაცხადა, რომ კომპანია „სრულიად ერთგულია საკუთარი საკომუნიკაციო პლატფორმის პასუხისმგებლიანი გამოყენების“ და 2025 წლის იანვრიდან „აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა იურისდიქციის სამართალდამცავ ორგანოებთან თაღლითების მიერ გამოყენებულ ანგარიშებთან დაკავშირებით.“
მისი თქმით, თანამშრომლობა მოიცავდა „სასამართლო განჩინებების შესრულებას კონკრეტული მონაცემების მოთხოვნით“ და „პოლიციის კონფიდენციალურ გამოძიებებში“ მონაწილეობას. ბორაჯიევის განცხადებით, Squaretalk-ს სამართლებრივი მიზეზების გამო დამატებითი დეტალების საჯაროდ გამჟღავნება არ შეუძლია. ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას არ ჰქონდა ინფორმაცია საქართველოში თაღლითების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ.
ბორაჯიევის თქმით, Squaretalk-ს ოფიციალურად მიეცა ინსტრუქცია, „არ გაეთიშა მოთხოვნილი ანგარიშები და ტელეფონის ნომრები, რათა გამოძიება არ შეგეშალათ.“
თაღლითები ბრიტანულ კომპანიას იყენებდნენ
გაჟონილი ინვოისები და დოკუმენტები აჩვენებს, რომ A.K. Group იყენებდა გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულ კომპანიას Squaretalk-ისა და სერვისის სხვა მიმწოდებლებისთვის გადახდების გასატარებლად.
კომპანია, Intek Systems Limited, 2019 წლიდან 2025 წლის იანვრამდე იყო აქტიური და ოფიციალურად მის მფლობელად ლიეტუველი ევგენი როშენკოვი იყო მითითებული, თუმცა როგორც ჩანს, კომპანიის უკან ქართველი თაღლითები იდგნენ.
თაღლითების კომპიუტერებიდან გაჟონილი სქრინშოთები აჩვენებს, რომ A.K.Group-ის ფინანსურ მენეჯერს, ნიკა ბასარიას, რომელიც ფსევდონიმით „Neal Cassidy“ იყო ცნობილი, კომპიუტერში ჰქონდა ევგენი როშენკოვის ხელით დაწერილი ინიციალების ელექტრონული ასლი. ეს ინიციალები გამოყენებული იყო მინიმუმ ოთხი შეთანხმების ხელმოსაწერად იმ კომპანიასთან, რომელიც თაღლითებისთვის გადახდის სერვერებზე წვდომას უზრუნველყოდა. შიდა ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, Intek Systems-მა გადახდები ორი ასეთი შეთანხმების ფარგლებში განახორციელა.
გაჟონილ დოკუმენტებში არსებული აპლიკაციის ფორმა როშენკოვს Intek-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ ასახელებს, ხოლო კომპანიის „ფინანსურ კონტაქტად“ მითითებულია „Ashley Moriarty“ – ფსევდონიმი, რომელსაც A.K. Group-ის კიდევ ერთი ფინანსური მენეჯერი, ქეთევან მალაშხია იყენებდა. იგივე აპლიკაციის მიხედვით, Intek Systems-ის საკუთრებაში იყო ვებ-დომენი „admiralsfx.org“, რომელიც ქოლ-ცენტრში თაღლითური საინვესტიციო ბრენდის სახით გამოიყენებდა. მალაშხიამ კომენტარი არ გააკეთა, ბასარიასთან კი დაკავშირება ვერ მოხერხდა.
გაჟონილი სქრინშოთების მიხედვით, ქეთევან მალაშხია იღებდა Intek Systems-ისთვის განკუთვნილ მეილებს.
A.K.Group-მა Intek Systems-ის მეშვეობით Squaretalk-ს მინიმუმ $5,000 გადაუხადა, მათ შორის $3,000 მარტის ბოლო რიცხვებში – თითქმის სამი კვირის შემდეგ, რაც თაღლითები მედიაში გამოაშკარავდნენ და ორი თვის შემდეგ, რაც Intek Systems გაერთიანებული სამეფოს კომპანიების რეესტრიდან ამოიღეს.
კომპანიის ოფიციალურმა მფლობელმა, ევგენი როშენკოვმა, OCCRP-ის პარტნიორ Siena.It-ს განუცხადა, რომ კომპანიას თაღლითურ ქოლ-ცენტრთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და მისი საქმიანობა „ვებ-დეველოპმენტს“ მოიცავდა. ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ბოლო ხუთი წელია აღარ იყო აქტიური. როშენკოვმა არ უპასუხა კითხვებს კომპანიის მიერ Squaretalk-ისთვის გადახდილი თანხების, ასევე იმაზე, თუ როგორ მუშაობდა Intek Systems რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ.
თუმცა, როდესაც Squaretalk-ს ჰკითხეს Intek Systems-ზე – იმ ბრიტანულ კომპანიაზე, რომლის მეშვეობითაც A.K. Group Squaretalk-ს უხდიდა – კომპანიის იურისტმა განაცხადა, რომ ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ და ანგარიშის შეჩერებას აპირებდნენ.
„გვსურს მადლობა გადაგიხადოთ Intek Systems Limited-ის მიერ განხორციელებულ გადახდასთან დაკავშირებული შენიშვნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია იანვარში გაუქმდა,“ – განაცხადა ბორაჯიევმა. „ამ ინფორმაციასა და ჩვენი შიდა შესაბამისობის განხილვის საფუძველზე, მივიღებთ შესაბამის ზომებს. ანგარიში ოფიციალურად შეაჩერდება კვირის ბოლომდე, თუ ამ დროის განმავლობაში არ იქნება წარმოდგენილი განახლებული KYC დოკუმენტაცია და მოქმედი რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთები“.
კიბერდანაშაულების ექსპერტმა კევენ ჰენდრიქსმა OCCRP-ს განუცხადა, რომ VoIP სერვისები კრიტიკულად მნიშვნელოვანია თაღლითური ქოლ-ცენტრების ბიზნესმოდელისთვის. მისი თქმით, VoIP პროვაიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ თავად გააკონტროლონ, მათი სერვისები თაღლითების მიერ არ იქნას გამოყენებული.
ჰენდრიქსის თქმით, როგორც კი VoIP პროვაიდერები დისტანცირდებიან ან შეწყვეტენ თაღლითური ქოლ-ცენტრებისთვის სერვისების მიწოდებას, მათთვის უკიდურესად რთული ხდება მსხვერპლებთან დაკავშირება.
თაღლითური ოპერაციების შეფერხება შესაძლებელია
Squaretalk-დან მოპოვებულმა ახალმა ჩანაწერებმა აჩვენა, რომ 25 მარტს A.K.Group-ის 14-მა თანამშრომელმა განახორციელა ზარი. მათ შორის ერთ-ერთი„Luke Wade“, თავდაპირველ გამოძიებაში ჟურნალისტების მიერ იდენტიფიცირდა როგორც ზვიად ურუშაძე – ქოლ-ცენტრის IT განყოფილების თანამშრომელი, რომელიც Squaretalk-ის ანგარიშების ადმინისტრირებაში იღებდა მონაწილეობას. ბოლო დღეებში აქტიურია ზვიად ურუშაძის სამუშაო Telegram-ანგარიშიც.
მიუხედავად იმისა, რომ ურუშაძე დამხმარე პოზიციაზე მუშაობდა, როგორც ჩანს, კარგად იცოდა ქოლ-ცენტრის საეჭვო საქმიანობის შესახებ. „იცის [ოფისში მოსულმა], რომ სკამერები ვართ?“ – ეკითხებოდა იგი კოლეგას Telegram-ჩატში.
ზვიად ურუშაძეს კომენტარის თხოვნაზე არ უპასუხია.
A.K.Group-ის სხვა თანამშრომლები, რომლებიც Squaretalk-ს მარტის ბოლოს იყენებდნენ, ინგლისურენოვანი „შენარჩუნების“ განყოფილების წევრები იყვნე , რომელიც OCCRP-ის გამოძიების მიხედვით, ქოლ-ცენტრის შემოსავლის უმეტეს ნაწილს უზრუნველყოფდა.
კანონიერი გაყიდვების სტრუქტურის მიბაძვით, A.K. Group-მა თავისი აგენტები „კონვერსიის“ და „შენარჩუნების“ გუნდებად დაჰყო. „კონვერსიის“ გუნდის მიზანია რეკლამით მოზიდული პირების კლიენტებად გადაქცევა, ხოლო უფრო გამოცდილ „შენარჩუნების“ აგენტებს ყოველი მსხვერპლიდან მაქსიმალური თანხის გამოძალვა ევალებათ.
სკრინშოტი, რომელზეც ჩანს თუ როგორ უხსნის ზვიად ურუშაძე ახალ აგენტს Squaretalk-ის ანგარიშს.
კიბერდანაშაულის ექსპერტმა, კევენ ჰენდრიქსმა OCCRP-ს განუცხადა, რომ თაღლითობები მძიმე დანაშაულად ჯერ კიდევ არ აღიქმება და საერთაშორისო სამართალდამცველები მათ შედარებით გულგრილად ეპყრობიან.
„როცა თაღლითობაზე და მათი მსხვერპლების შესახებ ვფიქრობთ, ხშირად გვგონია, რომ არაფერი შეიძლება გავაკეთოთ, დაკარგული თანხის დასაბრუნებლად,“ – აღნიშნა ჰენდრიქსმა. „და ეს მხოლოდ სამართალდამცავებს არ ეხებათ“.
თუმცა იგი ფიქრობს, რომ თაღლითური ოპერაციების შეფერხება – მაგალითად, ანგარიშების დაბლოკვით – ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე სასამართლო პროცესებით დევნა.
„ორი მიმართულებით შეგვიძლია ვიმუშაოთ – ოპერაციების შეწყვეტის და სამართლებრივი დევნის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში შეფერხება უფრო ეფექტურია, რადგან შესაძლებელია მათი საიტების დახურვა და ანგარიშების დაბლოკვა“ – აღნიშნა მან.





