სკინტლი, რძე და ივანიშვილი: პაპაშვილის ქონების ანატომია

როცა ბიზნესმენის გამარჯვება სასამართლოში თითქმის ემთხვევა მმართველი პარტიის მხარდამჭერ განცხადებებს, ხოლო ძროხებისთვის სკინტლის ჭმევა თითქმის ₾5-მილიონიან კომპენსაციაში გადაიზრდება, საქმეს ცუდი სუნი უდის. ლაშა პაპაშვილის ბიზნეს-პოლიტიკური კავშირები, დაუმთავრებელი სასტუმროები, ბანკების საეჭვო ლიცენზიები და სასამართლო გამარჯვებები ერთ დიდ სქემად იკვრება. როგორია სკინტლიანი რძის სკანდალის მთავარი ფიგურის ქონების ანატომია?

ლაშა პაპაშვილი: ბიზნესმენი და პოლიტიკური კომენტატორი

ლაშა პაპაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ბიზნესმენია საქართველოში. იგი ათეულობით კომპანიის წილს ფლობს და აქტიურად არის ჩართული უძრავი ქონების ბაზარში. მას ასევე ეკუთვნის კომპანია „ყვარლის ბაგა“. 

პაპაშვილი საჯაროდ გამოხატავს მხარდაჭერას მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიმართ. მისი არა ერთი განცხადება ემთხვევა პარტიის ოფიციალურ მესიჯბოქსს. მაგალითად, 2024 წლის მიწურულს იგი ამბობდა: „ივანიშვილი უკვე შევიდა ისტორიაში, მან ჩვენს ქვეყანას ომი ააცილა.“ ეს განცხადება პირდაპირ ემთხვევა იმ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელსაც პარტია ატარებდა: ბანერებზე ნაჩვენები იყო ომით განადგურებული უკრაინის ინფრასტრუქტურა და შედარებული საქართველოს ინფრასტრუქტურასთან.

აგრეთვე, 2024 წლის 31 დეკემბერს, მას შემდეგ რაც 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირში ინტეგრაციაზე, პაპაშვილმა BMG-ის ეთერში განაცხადა, რომ “საქართველოს არცერთი წამით არ გადაუხვევია ევროკავშირის გზიდან.” მან ასევე გაიმეორა პარტიული რიტორიკა დასავლეთის ლიდერების შესახებ: „ყველანი წამსვლელი ლიდერები არიან: შოლცი, მაკრონი…“ და დაამატა: „ტრამპი რასაც საუბრობს, აბსოლუტურად ემთხვევა იმას, რა გზასაც ჩვენ ვადგავართ – ოჯახის სიმტკიცე და მართლმადიდებლობა.“

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადებები გაკეთდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 4.7-მილიონიანი დავის მოგებიდან ერთ კვირაში.

2023 წელს, პაპაშვილი დადებითად აფასებდა რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების შეზღუდვა გაუქმდა. იმავე გადაწყვეტილებას დადებითად აფასებდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. პაპაშვილმა მაშინ თქვა: “ნიშნებია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება.”

უძრავი ქონება და დაუმთავრებელი სასტუმრო აბასთუმანში

პაპაშვილი ფლობს კომპანია “რედიქსის” 100%-იან წილს, რომელსაც ეკუთვნის “ყვარლის ბაგაც.” “რედიქსი” ასევე ფლობს “ჰილტონის” ბრენდის სასტუმროებს და მართავს უძრავი ქონების აქტივებს, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.

“რედიქსის” ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია სასტუმრო “აღობილი” აბასთუმანში. პროექტი ხორციელდება “საქართველოს განვითარების ფონდთან” (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) ერთად. მისი ღირებულება 30 მილიონი დოლარია, და კომპანიის ვებსაიტის თანახმად, გახსნა 2025 წლისთვის იგეგმება, თუმცა სასტუმროში თავდაპირველი ინვესტიცია უკვე 2013 წლისთვის უნდა ყოფილიყო ჩადებული.

2009 წელს, პრეზიდენტის განკარგულებით, პაპაშვილს აბასთუმანში 78,998 კვ.მ მიწა და მასზე არსებული ნაგებობები 1000 ლარად გადაეცა. მას დაეკისრა ვალდებულება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენებულიყო სასტუმრო და განხორციელებულიყო შესაბამისი ინვესტიცია.

2014 წელს, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რაც ითვალისწინებდა 2013 წლისთვის მინიმუმ 3-მილიონიან ინვესტიციას, 30-ნომრიანი სასტუმროს აშენებას და მინიმუმ 10 ადამიანის დასაქმებას, გამოცემა Netgazeti-ს ცნობით, პაპაშვილს დაეკისრა პირგასამტეხლო 633,553 ლარის ოდენობით, რომლისგანაც იგი გათავისუფლდა ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით.

პროექტის ვადა თავდაპირველად გადაიწია 2018 წლის 29 აგვისტოსთვის. 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა კიდევ ერთი განკარგულება, რომელიც ითვალისწინებდა პაპაშვილისთვის შეღავათების მიცემას. 2018 წელს ვადა მესამედ გადაიწია და გახსნის ახალ თარიღად 2020 წელი განისაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო დღემდე არ არის დასრულებული, 2024 წლის მაისში პაპაშვილი აცხადებდა, რომ აბასთუმანში “ძალიან მაგარი პროექტი კეთდება” და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილს ორი წლის წინ ესაუბრა.

ჰეშ ბანკი — ლიცენზია, ინვესტორები და ზარალი

2022 წლის აგვისტოში დაფუძნდა სააქციო საზოგადოება “ჰეშ ბანკი,” რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა პაპაშვილი, ხოლო ერთ-ერთი დამფუძნებელი მისი ძმა, სულხან პაპაშვილი არიან. 2023 წლის ნოემბერში ეროვნული ბანკის დროებითმა პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ციფრულ ბანკს ლიცენზია და  7-თვიანი გამოსაცდელი ვადა მიანიჭა.

გამოსაცდელი ვადა 2024 წლის მაისში 10 თვით გახანგრძლივდა. თუმცა, იმავე წლის სექტემბერში “ჰეშ ბანკს” მიენიჭა საბანკო საქმიანობის უფლებაც მიენიჭა. 

“ჰეშ ბანკის” ერთ-ერთი ინვესტორი თავდაპირველად იყო უკრაინელი ბიზნესმენი ვოლოდომირ ნოსოვი, რომელიც ამავდროულად კომპანია WhiteBit-ის დამფუძნებელია. იგი ამჟამად საჯარო რეესტრში აღარ ფიქსირდება.

კომპანია WhiteBit-ი კრიპტოვალუტის ბირჟაა. უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია “NON-STOP–ის” 2023 წლის გამოძიების მიხედვით, კომპანიის რეალური მმართველი არა ნოსოვი, არამედ შენცევების ოჯახი – დიმიტრი და ნიკიტა შენცევი იყვნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ ნოსოვი თავს “WhiteBIT-ის” დამფუძნებლად და აღმასრულებელ დირექტორად წარადგენს, კომპანიას ოფიციალურად განსხვავებული მფლობელები ჰყავს. ვსაუბრობთ შენცევებისს ოჯახზე – ნიკიტასა და დიმიტრიზე. ორივე მათგანი წარმოადგენდა პრორუსული “OPFL-ის” ინტერესებს – პირველი ხარკოვის საოლქო საბჭოს წევრი, მეორე კი პარლამენტის წევრი.” – წერდა უკრაინული ორგანიზაცია “NON-STOP”. ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ მიუხედავად “WhiteBit-ის” პროუკრაინული პროფილისა, სინამდვილეში კომპანია უკრაინაში აკრძალული რუსული ფულის გათეთრებაში იღებს მონაწილეობას.

ამ გარემოებამ საქართველოში “ჰეშ ბანკისთვის” ლიცენზიის მინიჭების შემდეგ კითხვები გამოიწვია, რასაც ეროვნულმა ბანკმა და თავად ლაშა პაპაშვილმაც უპასუხეს. 

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ “ჰეშ ბანკის არცერთ დამფუძნებელზე არ არის გაცემული საერთაშორისო ფინანსური სანქცია, რომელსაც საქართველოა მიერთებული”.

“რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თებერვლის ინფორმაცია იძებნება, რომ რაღაც საქმეა აღძრული [ნოსოვზე], ჩვენ გვაქვს ივლისის დოკუმენტი, რომ არანაირი საქმე არ არსებობს ამ ადამიანის წინააღმდეგ და ვერც იარსებებს.

განცხადება, რომ რად გვინდა კრიპტო, როდესაც მომავალი სწორედ ესაა და დღეს მაგალითად აშშ-ში კრიტპოს გამოყენებით უკვე ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი. დაწყებული ყავით, კოკა-კოლასაც კი იყიდით დღეს კრიპტოთი.” – განაცხადა მაშინ პაპაშვილმა BMG-თან.

2024 წლის მონაცემებით, “ჰეშ ბანკი” ზარალზეა – ზარალმა 5.3 მილიონი ლარი შეადგინა.

სკინტლი, სასამართლო და მილიონები

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პაპაშვილის მფლობელობაში მყოფი კომპანია “ყვარლის ბაგა” 2018–2019 წლებში ძროხების საკვებად იყენებდა ქათმის სკინტლს, რომელიც შეძენილი იყო კომპანია “ჩირინასგან.” შპს “ჩირინა” კომპანია “ბიუ-ბიუს” ფლობს. 15 აპრილს, გადაცემაში სტუმრობისას, პაპაშვილმა თქვა: “მე ესე ვაჭმევ ლუდის ნახარშს, ვაჭმევ სილოსს, სილოსი შეიძლება იმდენად ცუდი იყოს, რომ მოგენატროს სკინტლი, თუ მას არ დაამზადებ სწორად.”

გამოძიების მიხედვით, 2018 წელს, როდესაც კომპანია “სანტემ” პაპაშვილის კომპანიას რძე უკან დაუბრუნა ანტიბიოტიკების აღმოჩენის გამო, “ყვარლის ბაგამ” უჩივლა “ჩირინას”. სარჩელის მიხედვით, დაბინძურება სკინტლიდან მოხდა. პაპაშვილი ითხოვდა 4.7 მილიონ ლარს: 65,000 ლარს გაფუჭებული რძისთვის, 1,630,000 ლარს დახოცილი ძროხებისთვის და 3 მილიონს დაკარგული შემოსავლებისთვის.

რუსთავის სასამართლომ არ დაადასტურა “ჩირინას” ბრალეულობა, თუმცა საქმე გაგრძელდა სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ სააპელაციომ ისევ რუსთავში დაბრუნდა, ბოლოს პაპაშვილმა სარჩელი რუსთავის სასამართლოდან გამოიტანა და დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაგრძო, რომელმაც 2024 წელს გადაწყვეტილება პაპაშვილის სასარგებლოდ მიიღო.

“ჩირინას” მფლობელი რევაზ ვაშაკიძე ამტკიცებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას “ქრთამის სუნი ასდის” და აცხადებს, რომ მათი პასუხისმგებლობა არ არსებობდა, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილით დგინდებოდა, რომ სკინტლში ანტიბიოტიკი “ტეტრაცეკლინი” ვერ იპოვეს. ასევე, ვაშაკიძე ამტკიცებს, რომ “ყვარლის ბაგას” მხრიდან სკინტლის ნიმუშის აღება უკანონოდ მოხდა – არ ესწრებოდა “ჩირინას” წარმომადგენელი დაამასთანავე, ანალიზი ჩატარდა არააკრედიტირებულ ლაბორატორიაში – ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში.

“რადიოთავისუფლების” მიერ მოპოვებული “სეს”-ის წერილი ადასტურებს, რომ ნიმუშის აღების დოკუმენტი არ არის სააგენტოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი. ლაბორატორიის წარმომადგენელი, პროფესორი ალეკო კალანდია ამბობს, რომ გაცემული დოკუმენტი მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათის იყო და იურიდიული ძალა არ გააჩნდა.

თუმცა სასამართლო სწორედ ამ დოკუმენტსაც დაეყრდნო და დაასკვნა, რომ ანტიბიოტიკის არსებობა არღვევდა კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების პუნქტს, რომლის თანახმადაც სკინტლი არ უნდა შეიცავდეს აკრძალულ ვეტერინარულ პრეპარატებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია “ყვარლის ბაგას” უფიქსირდება ორი გამარტივებული შესყიდვა. შემსყიდველი არის შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა”: 2021 წელს – 140,000 ლარზე, და 2022 წელს – 13,000 ლარზე. ორივე შემთხვევაში, კომპანიის პროდუქცია მიეწოდებოდა სამხედროებს. 

შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” 100% წილის მმართველობა თავდაცვის სამინისტროს აქვს მინდობილი.

—————————————-

ლაშა პაპაშვილის ამბავი მეტია, ვიდრე ერთი სასამართლო გადაწყვეტილება ან დაუმთავრებელი სასტუმრო. ესაა მაგალითი იმისა, თუ როგორ იკვეთება ერთმანეთში ბიზნესი, პოლიტიკა, მართლმსაჯულება და სახელმწიფო რესურსები. 

სკინტლით გამოკვებილი ძროხების საქმე, რომელიც 4.7 მილიონიან კომპენსაციაში გადაიზარდა, მხოლოდ საკვების უსაფრთხოების დაბალ სტანდარტზე არ მეტყველებს. ცხადი ხდება, თუ როგორ მუშაობს სისტემური მექანიზმები მაშინ, როცა საქმეში არაფორმალური გავლენებია ჩართული.

პაპაშვილის საჯარო განცხადებები მმართველი პარტიის გზავნილებს თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს, რაც ბიზნეს-წარმატებების, სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსების, შეღავათების, საეჭვო ლიცენზიებისა და მოგებიანი დავების საწინდარია. 

ამ მოვლენების დამთხვევა ბადებს კითხვას სახელმწიფო ყველას მიმართ ერთნაირია – თუ სკინტლს მხოლოდ  ერთეულებისთვის მოაქვს მილიონები?

წყაროები:

1. რადიოთავისუფლები გამოძიება –
https://shorturl.at/WbEkN;

2. ლაშა პაპაშვილის ინტერვიუ BMG-თან –
https://shorturl.at/vC6Sd;

3. პაპაშვილი “ჰეშ ბანკზე” – https://shorturl.at/JCzyr;

4. NON STOP-ის გამოძიება – https://shorturl.at/xevEM;

5. ეროვნული ბანკი “ჰეშ ბანკზე” – https://shorturl.at/posLz;

6. ლიცენზია “ჰეშ ბანკს” – https://tinyurl.com/mppa5vay;

7. “ჰეშ ბანკის” ზარალი – https://shorturl.at/M6mBe

7. სასტუმრო “აღობილი” – https://tinyurl.com/2sket8w2;

8. პირგასამტეხლოს პატიება – https://netgazeti.ge/business/32915/;

9. რევაზ ვაშაკიძე BMG-თან – https://shorturl.at/u4PBn;

10. “ყვარლის ბაგის” ტენდერები – CMR210037222, CMR220022342.

მსგავსი სტატიები