მიუხედავად დედაქალაქის მერიის დაპირებებისა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაცია საუკეთესო სტანდარტებით ჩატარდებოდა, პროცესი მრავალი წლის განმავლობაში ხასიათდებოდა გაუმჭვირვალე ტენდერებით, საეჭვო კომპანიებთან კავშირებით და, საბოლოოდ, ტრაგედიით, რომელმაც 13 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ეს სტატია მიმოიხილავს, როგორ დახარჯა მერიამ წლების განმავლობაში თითქმის 30 მილიონი ლარი ვაკის პარკის პროექტზე, რატომ ვერ აიცილა თავიდან საბედისწერო შეცდომები და როგორ იგეგმება დამატებით 47 მილიონი ლარის გამოყოფა იმავე მიზნისთვის.
I ეტაპი: ცვლილებები ისტორიულ იერსახეში
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მომზადება თბილისის მერიამ 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც წინასაპროექტო კვლევა და ფუნქციური ზონირების რუკა შეიმუშავეს.
2020 წლის ზაფხულში თბილისის მერიამ თბილისში, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი (NAT200008864) გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადად ორი წელი განისაზღვრა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 19,941,371 ლარს შეადგენდა, გამარჯვებულ კომპანიას კი სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პარალელურად სარწყავი სისტემისა და განათებების მონტაჟიც უნდა უზრუნველეყო. თბილისის მერიის ელ.ტენდერში ჯამში ხუთი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოო გამარჯვებული კი შპს დაგი გახდა, ამის მიზეზი სავარაუდოდ, ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება იყო. საბოლოოდ, თბილისის მერიასა და შპს დაგის შორის ხელშეკრულება 2020 წლის აგვისტოში გაფორმდა და მისი ღირებულება 16,784,244 ლარს შეადგენდა.
შპს დაგისთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან ვიგებთ, რომ კომპანიის ვალდებულებებში შედიოდა მიწისა და დემონტაჟის სამუშაოები, ასევე საფუძვლის მომზადება, მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება, კომუნიკაციის ქსელების გაყვანა, ბორდიურების მოწყობა, ქვაფენილისა და სხვა სახის ფილების დაგება, მოაჯირების მოწყობა, საბავშვო მოედნის მოწყობა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციების, დეკორატიული კედლებისა და შადრევნების აღდგენა-მოწყობა, ასევე სავარჯიშო მოწყობილობებისა და ტრენაჟორების მონტაჟი, სანიაღვრე კანალიზაციის რეაბილიტაცია და სხვ. კომპანიასთან გაფორმებულ 120 გვერდიან ხელშეკრულებაში დეტალურად იყო აღწერილი ტრენაჟორები, ატრაქციონებისა და სხვა ინვენტარის მახასიათებლები.
2019 წელს თბილისის მერი კახა კალაძე ამბობდა, რომ ვინაიდან ვაკის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენდა, მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე განხორციელდებოდა. თუმცა ეს პირობა მალევე დაირღვა:
ვაკის პარკის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ყოველთვის ვარდისფერი ხრეში იყო, რომლითაც დაფარული იყო პარკის საფეხმავლო გზა. აღნიშნული ელ.ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები კი ითვალისწინებდა აღნიშნული ვარდისფერი ხრეშის შეცვლას სხვა სახის გამძლე საფარით, რომელსაც იგივე ფერი ექნებოდა, თუმცა ვერ შეინარჩუნებდა ისტორიულ ხასიათს.
თბილისის მერიამ 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა და პარკი რამდენიმე კვირაში გაიხსნებოდა. თბილისის მერმა კახი კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ეტაპის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, საპიკნიკე ზონები და სხვა. შპს დაგიმ სამუშაოების შესრულების შემდეგ თბილისის მერიისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი – 17,025,609 ლარი მიიღო.
მეორე ეტაპი: საბედისწერო შადრევანი
სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, თბილისის მერიამ 2021 წლის სექტემბერში კიდევ ერთი ელექტრონული ტენდერი (NAT210017848) გამოაცხადა. ამჯერად მერია ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას გეგმავდა. ელ.ტენდერის სავარაუდო ღირებულება 13,452,206 ლარს შეადგენდა, გამარჯვებულ კომპანიას კი პირველ რიგში ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის დემონტაჟის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა, შემდეგ კი – სარეაბილიტაციო. ელ.ტენდერში სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას, მათგან ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება შპს გრინსერვის+ – მა გააკეთა, შესაბამისად, 2021 წლის ოქტომბერში ხელშეკრულებაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა, სამუშაოების შესრულების ვადად 2 წელი განისაზღვრა. ხელშეკრულების ღირებულება 11,799,880 ლარს შეადგენდა.
შპს გრინსერვის + -მა ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაცია 2022 წლის ოქტომბერში დაასრულა და შადრევანი საზეიმოდ გაიხსნა. შადრევნის გახსნიდან ზუსტად 1 დღის შემდეგ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის მარიტა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. თბილისის მერმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პასუხი იმ კომპანიებს მოეთხოვებოდათ, რომლებიც შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდნენ, თუმცა საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
გრინსერვისი: გამარჯვებული შავი სიიდან
შპს გრინსერვის + 2010 წელს დაარსებული კომპანიაა. კომპანიის წესდების მიხედვით, მისი საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ნებისმიერი საქმიანობა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებს და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის. კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები კობა ხარშილაძე, ლაშა ფურცხვანიძე და ტარიელ კიკნაძე იყვნენ. კომპანიის ბოლო, 2023 წლის ამონაწერის მიხედვით, დირექტორის თანამდებობას კობა ხარშილაძე იკავებს, ის ასევე კომპანიის 33%-იანი წილის მფლობელია, ტარიელ კიკნაძეს კომპანიის 34% ეკუთვნის, ხოლო ლაშა ფურცხვანიძეს – 33%.
აღსანიშნავია, რომ წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში, ლაშა ფურცხვანიძე ძველი თბილისის გამგებლისა და თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, კობა ხარშილაძე კი მისი მოადგილე იყო ძველი თბილისის გამგებლად მუშაობის პერიოდში. ისინი 2013 წელს დააკავეს. გამოძიება ამტკიცებდა, რომ ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ 2007 წელს დააფუძნეს შპს გრინსერვისი და მისი ხელმძღვანელები თვითონვე იყვნენ, იმის მიუხედავად, რომ ამ დროს თანამდებობას იკავებდნენ.
გამოძიების თანახმად, კომპანიის დაარსების მიზანი ის იყო, რომ მას მონაწილეობა მიეღო და გაემარჯვა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ გამწვანების სამუშაოების ტენდერებში, მაშინ, როდესაც ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ.
შპს გრინსერვისმა, ლაშა ფურცხვანიძისა და კობა ხარშილაძის ძველი თბილისის გამგეობაში მუშაობის პერიოდში, ხუთ სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მათ დაკავებას წინ უსწრებდა შპს გრინსერვისის შავ სიაში შეყვანა, სწორედ ამის შემდეგ დაარსდა შპს გრინსერვის +.
შპს გრინსერვის + სახელმწიფო შესყიდვებში 2013 წლიდან ჩნდება. 2013-2022 წლებში კომპანიამ 325 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 114,900,086 ლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის ბოლოს, ვაკის პარკის ინციდენტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, ორივე ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი სწორედ შპს გრისნერვის + იყო. თბილისის მერიამ კომპანიას, რომლის ჩატარებულ სამუშაოებსაც 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დამატებით ორი ტენდერიდან 10,989,148 ლარი გადაუხადა.
2023 წლის ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლის მარიტას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და შპს გრინსერვის +-ის დირექტორს 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობა შეეფარდა დანარჩენ 8 ბრალდებულსაც. აღსანიშნავია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყურადღება არავის გაუმახვილებია.
ვაკის პარკის ახალი ტენდერი
მიუხედავად იმისა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე თითქმის 30 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, თბილისის მერიამ 2025 წლის თებერვალში კიდევ ერთი ელ.ტენდერი (NAT250003979) გამოაცხადა ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 47 მილიონი ლარია, ეს თანხა 2025, 2026 და 2027 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა:
წინადადებების მიღება 28 მარტს დასრულდა და ელ.ტენდერი ახლა შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. ტენდერს ერთადერთი პრეტენდენტი ჰყავს, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ხელშეკრულება ისევ შპს დაგისთან გაფორმდება, რომელმაც თბილისის მერიას 31,870,000 ლარი შესთავაზა.
შპს დაგის შესახებ “ფლანგვის დეტექტორს” არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული. კომპანია 2004 წელს დაარსდა, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორი მიხეილ შარანგიაა, მეწილეები კი გოგი გულორდავა (75%) და თამარ ჩხეტია (25%). შპს დაგი ერთ-ერთია იმ სამშენებლო კომპანიებიდან, რომლებიც წლიდან წლამდე მილიონობით ლარის ტენდერებში იმარჯვებენ, ხშირად უკონკურენტოდაც კი.
შპს დაგი სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან ჩნდება. 2011-2024 წლებში მასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1.14 მილიარდი ლარია. შპს დაგი ა(ა)იპ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ელ.ტენდერებს უმეტესწილად უკონკურენტო გარემოში ან ასოციაციის სხვა წევრი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ასოციაციის წევრ კომპანიებს ტენდერებში ერთად მონაწილეობა ეკრძალებათ, უფრო კონკრეტულად კი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბრძანების მიხედვით, ელ.ტენდერში ამხანაგობა მონაწილეობას იღებს და სატენდერო დოკუმენტაციას წარადგენს, როგორც დამოუკიდებელი პრეტენდენტი. ამხანაგობასა და მის მონაწილეებს ეკრძალებათ ერთსა და იმავე ელ.ტენდერში ინდივიდუალურად მონაწილეობა. შესაბამისად, შპს დაგი, ისევე როგორც ასოციაციის სხვა წევრი კომპანიები, ერთი და იგივე ტენდერში მონაწილეობით კანონს არღვევენ.
ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროცესი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს, როგორ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვები იყოს არა საზოგადოებრივი, არამედ კერძო პირთა ინტერესების სამსახურში ჩამდგარი ინსტრუმენტი. დაიხარჯა 30 მილიონი და 5 წელი, მერიამ ვერ შეძლო აერჩია კომპანია, რომელიც დამატებით კითხვებს არ ბადებს და სამუშაოებს დროულად და ჯეროვნად ასრულებს, ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა კი კვლავ ბუნდოვანია. შესაბამისად, ისმის კითხვა – სინამდვილეში ვის ემსახურება სისტემა და ვის ხარჯზე? სამწუხაროდ, ეს კითხვა რიტორიკულია.





