ბრილიანტები, ვერტმფრენები და გართობა დუბაიში: ქართველი „სკამერების“ ფუფუნებით სავსე ცხოვრება

გამოძიებაზე მუშაობდნენ: OCCRP, ფლანგვის დეტექტორი, სტუდია მონიტორი, აი, ფაქტი. 

თაღლითების იმპერია-ზე, 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები მუშაობდნენ. გამოძიება დაფუძნებულია შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წყაროს მიერ მიწოდებულ მასალაზე. გამოძიებას კოორდინირება გაუწია OCCRP-მა, საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ორგანიზაციამ.

ისინი თავს „სკამერებად“ მოიხსენიებენ. საიდუმლო ჩატებსა და ფოტოებში, ისინი ზეიმობენ ცხოვრების დანაზოგების გამოძალვას, რომელსაც შემდეგ მდიდრულ არდადეგებში, სამკაულებსა და ქონებაში ხარჯავენ. ეგონათ, ვერავინ იპოვიდათ. მაგრამ ჩვენ მათ მაინც მივაგენით. გაიცანით „სკამერები“.

ძირითადი მიგნებები:

  • თბილისის ცენტრში მდებარე ქოლ-ცენტრი არის ულმობელი საინვესტიციო თაღლითობის საოპერაციო ცენტრი, რომელმაც 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში მსხვერპლებისგან სულ მცირე 35 მილიონი დოლარი მოიპარა.
  • ქოლ-ცენტრს მართავს კომპანია სახელად A.K. Group, რომლის მფლობელიც არის 36 წლის მერი შოთაძე. ის ასევე ხელმძღვანელობს მრავალ ენაზე მოსაუბრე ახალგაზრდა ქართველების ჯგუფს, რომლებიც საინვესტიციო თაღლითობების მეშვეობით მთელ მსოფლიოში ადამიანებს ცხოვრების დანაზოგს ჰპარავენ.
  • ქოლცენტრს ასევე ხელმძღავნელობს აკაკი ქევხიშვილი, მერი შოთაძესთან დაკავშირებული ახლო პირი
  • A.K. Group მოქმედებს ფარულად, არ ტოვებს კვალს ინტერნეტში და დაქირავებულ ოფისებში — თუმცა კომპანიის წვეულების ფოტოებით, რომლებმაც ონლაინ გაჟონა, ჟურნალისტებმა თაღლითების იდენტიფიცირება შეძლეს. 

მარსელ დეშამი სასოწარკვეთილი იყო. 

კანადელ ქარხნის მუშას უკვე თვეების განმავლობაში დევნიდნენ თაღლითები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მისი ნდობის მოპოვებას ახერხებდნენ, არწმუნებდნენ, რომ დიდი თანხა ყალბ კრიპტოაქტივებში დაებანდა და დააჯერეს, თითქოს უზარმაზარი მოგება მიიღო, თუმცა თანხაზე წვდომას ვერ ახერხებდა.

ახლა მას უკანასკნელი დოლარი დარჩა და წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ გაისტუმრებდა დავალიანებებს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, როგორ გამოკვებავდა თავს და კატას.

ამ დროს მისმა ტელეფონმა კიდევ ერთხელ დარეკა. ეს ვინმე მერი რობერტსი იყო, თაღლითი მოგონილი სახელით, რომელსაც ბოლოს ესაუბრა და რომელიც ირწმუენბოდა რომ კრიპტოვალუტის პროფესიონალი ექსპერტი იყო.

როცა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ისიც ატყუებდა, დაემუქრა, რომ კანადის პოლიციას შეატყობინებდა. მერიმ კი ამის გაგონებაზე ხმამაღლა გადაიხარხარა.

„შენ ძალიან სასაცილო ხარ“ – უთხრა მძიმე აქცენტით, – „შენ ძალიან სულელი ხარ. მაშინაც კი, თუ დაურეკავ კანადის პოლიციას, კვებეკის პოლიციას, ალბერტას პოლიციას, კალგარის პოლიციას, ონტარიოს პოლიციას ან მთელი მსოფლიოს პოლიციას, შენ ვერასოდეს იპოვი ჩემს ნამდვილ პასპორტს, სულელო.“

მერი მართალი იყო მისი პოვნა რთული იქნებოდა. ის  26 წლის პროფესიონალი სკამერია, რომელიც “თაღლითთა იმპერიის” ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოავლინეს. ის თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქოლ-ცენტრში მუშაობს.

მის შესახებ ყველაფერი ყალბია: ფოტოები, რომლებსაც ის მარსელს უზიარებდა, ყალბი იყო. პასპორტის სურათი, რომელიც გაუგზავნა, ასევე გაყალბებული იყო. მისი რეალური სახელი არ იყო მერი. ის ფრთხილად მოქმედებდა, რომ თავისი კვალი და ვინაობა დაეფარა.

მაგრამ OCCRP-მა მაინც მოახერხა მერის და მისი მრავალი კოლეგის იდენტიფიკაცია,  საინვესტიციო თაღლითობების ინდუსტრიის შესახებ ექვსთვიანი გამოძიების შედეგად. გამოძიება 1.1 ტერაბაიტ მოცულობის გაჟონილ მონაცემებზეა დაფუძნებული, რომელიც შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის SVT-ის მიერ თბილისური ქოლ-ცენტრიდან არის მიღებული. 

ყველა მათგანი იყენებს სხვადასხვა უცხოურ ფსევდონიმს – მერის კოლეგები არიან „ენტონი ადამსი“, „ალექსანდერ რიჩარდსი“ და „კარლ გრინი“ – ამისთვის ისინი იყენებენ გაყალბებულ დოკუმენტაციას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს თავი გაასაღონ როგორც ბრიტანელი, ფრანგი ან ესპანელი „ფინანსური კონსულტანტები“. თუმცა კულისებს მიღმა ისინი ახალგაზრდა, ფულს მოწყურებული ქართველები არიან — საუნივერსიტეტო განათლებით, სხვადასხვა ენის ცოდნით და გაუმჯობესებული სოციალური მდგომარეობით. 

თბილისის ცენტრში მდებარე ოფისებიდან, ამ თაღლითებმა და დანარჩენმა პერსონალმა, რომელიც ჯამში მინიმუმ 85 ადამიანს აერთიანებდა, 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, მსოფლიოს 6,100-ზე მეტ მომხმარებელს 35.3 მილიონი დოლარი მოჰპარეს. ეს მონაცემები ფიქსირდება შიდა დოკუმენტებში, რომლებიც გამოიყენებოდა თითოეული მსხვერპლის დეპოზიტის გასაკონტროლებლად, მათ შორის A.K. Group-ის ხარჯებიც, როგორებიცაა პერსონალის ხელფასები, CRM-ის გადახდები, ქირა და სხვა ხარჯები.

თვითონვე ღიად უწოდებენ საკუთარ თავს „სკამერს“ და ტრაბახობენ მდიდრული არდადეგებით, ძვირფასი სამკაულების შეძენითა და მაღალი კლასის ტანსაცმლით. ერთ-ერთი წამყვანი „სკამერი“ ქორწილში ვერტმფრენით ჩაფრინდა, რამაც საქართველოში სოციალურ ქსელებში სპეკულაციები გამოიწვია — „რომელი მილიონერის ქორწილია ეს?“ — იკითხა ერთმა კომენტატორმა. „მერი“ კი მდიდრული შვებულებისთვის ბერძნულ კუნძულზე დასასვენებლად გაემგზავრა.

მაგრამ მათი გაშიფვრა სწორედ ტრაბახსა და მდიდრული ცხოვრების აფიშირებას მოჰყვა. პირად მიმოწერაზე წვდომით OCCRP-მა და მისმა პარტნიორებმა საქართველოში — Studio Monitori, iFact და GMC — საკმარისი ინფორმაცია მოაგროვეს „მერისა“ და მისი კოლეგების იდენტიფიცირებისთვის. ამ მიმოწერებში სკამერები დროდადრო ერთმანეთს ნამდვილ სახელებს უწოდებდნენ ან სხვა მინიშნებებს აკეთებდნენ, როგორიცაა კონკრეტული შვებულებები საზღვარგარეთ, ან მეუღლეები. ბოლოს კი, მერის  ნამდვილი პასპორტიც ვიპოვეთ (თავად დაპოსტა ინსტაგრამზე).

მერი რობერტსის სახელი და გვარია მარიამ ჩარჩიანი, რომელსაც ქოლცენტრებში მუშაობის გამოცდილება აქვს. მან ეს სურათი “ინსტაგრამ სთორი-ზე” გამოაქვეყნა, როცა თვითმფრინავში ჩასხდომას აპირებდა. ავიაბილეთზე მისი სახელი მოჩანს, რომელიც მის პასპორტშია მოთავსებული.

და არა მხოლოდ მისი ვინაობა. რეპორტიორებმა სხვა აგენტების ვინაობასაც მიაკვლიეს. ჩვენ მხოლოდ მათი სახელები კი არ ვიცით, არამედ მათ სამუშაო სისტემაში შევაღწიეთ და მოვუსმინეთ, როგორ თაღლითურად ჰპარავდნენ მსხვერპლებს მაქსიმალურ თანხას კანადიდან ესტონეთამდე, ესპანეთიდან ნორვეგიამდე. ჩვენ მალულად ვაკვირდებოდით, როგორ აღნიშნავდნენ თითოეულ გადარიცხვას, რომელსაც მათი მსხვერპლები აკეთებდნენ, ფლანგავდნენ ძვირადღირებულ ნივთებზე და ერთმანეთს უბიძგებდნენ, უფრო მკაცრი და დაუნდობელი მეთოდებით გამოეძალათ კლიენტებისთვის მეტი ფული.

გარედან ოფისი ახალგაზრდების სამუშაო სივრცეს ჰგავს, ისეთს, როგორიც ნებისმიერი სხვა ტექნოლოგიური კომპანიაა, თბილისის ცენტრში მდებარე ერთი თანამედროვე საოფისე სივრცე ღია აგურის კედლებითა და მეტალის დეკორით. ქოლ-ცენტრს მართავს კომპანია სახელად A.K. Group, რომელიც რეგისტრირებულია როგორც ტელემარკეტინგის ფირმა და ეკუთვნის ერთი შეხედვით ჩვეულებრივ 36 წლის ქართველ ქალს, მერი შოთაძეს.

თანამშრომლები ჩივიან სამუშაო საათებზე და ხელმძღვანელებზე. ისინი იღებენ დეტალურ შეფასებებს და რანჟირდებიან გაყიდვების მოცულობის მიხედვით, რასაც ონლაინ ლიდერბორდი აკონტროლებს, რათა განსაზღვროს ყველაზე წარმატებული თანამშრომლები. წამყვანმა თანამშრომლებმა შეიძლება თვეში 20,000 დოლარზე მეტი გამოიმუშაონ და იბრძოლონ პრიზებისთვის, როგორიცაა iPhone-ები და BMW-ები.

თუმცა, ამ ამბავს უფრო ბნელი მხარეც აქვს.

თანამშრომელთა შეფასება ხდება, იმის გათვალისწინებით, ვინ უფრო უკეთ მოატყუებს კლიენტებს. ხოლო მაშინ, როდესაც საყვედურს იღებენ უფროსებისგან, მიზეზი მათი ნაკლებად აგრესიული მიდგომაა კლიენტებთან ურთიერთობისას. 

კლიენტი მიხვდა, რომ სკამია. დღეს ისე არ წახვიდე რომ არ დაურეკო. დაურეკე და შეეცადე ფული წამოიღო. 

მათი შიდა მიმოწერებით ნათელი ხდება რომ ისინი გათვითცნობირებულად ანადგურებენ კლიენტების ცხოვრებას. 

აკაკი ქევხიშვილი: მთელი დღე რომ ქოლზე მოგიწიოთ ყოფნა ამისთვის ჯდომა, უნდა იჯდეთ მთელი დღე

ლანა ლემანსი: მაგასაც გამოვასწორებ და კიდევ ის კლიენტიც დაიძრა და ყველაფერი კარგად იქნება.

აკაკი ქევხიშვილი: Ok

ლანა ლემანსი: დედას ვუტირებ გპირდები 

აკაკი ქევხიშვილი : პირად კონტროლზე ყველა ეს კლიენტი. 4 კლიენტი გყავს ძაან დიდი შესაძლებლობით. ეხლა შენი საქმე მანდ მხოლოდ ეს 4 კლიენტია, დამიჯერე. 80% მანდ შენ დაკავაბული უნდა იყო მხოლოდ ამ 4 კლიენტით და გააკეთებინო აგენტს ყველაფერი რაც შენ თვლი რომ საჭიროა ამ 4 კლიენტისთვის.

ლანა ლემანსი: არის უფროსო

აკაკი ქევხიშვილი: აღარ გამიმაზო ესე ბანალურად ტრანზაქცია გთხოვ და ემოციები გათიშე ხელს შეგიშლის. ეიფორიაც გათიშე ქოლს რომ უსმენ. მხოლოდ ტვინით მიუდექი ემოციების გარეშე.

ლანა ლემანსი წერს წინადადებას და შემდეგ შლის: “მთელი ღამე ეგ კლიენტები მესიზმრებიან.”

ბექ-ოფისი

ისევე როგორც თანამედროვე ახალგაზრდა დასაქმებულების უმრავლესობა, A.K. Group-ის თანამშრომლებსაც მუშაობის პარალელურად, ჰქონდათ მუდმივი კომუნიკაცია ერთმანეთთან ონლაინ ჯგუფების საშუალებით. ტელეგრამის ჯგუფებში სახელად “Back Office” და „akelebi”, ისინი მუდმივად ხუმრობდნენ და ერთმანეთს უგზავნიდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავების ანიმაციურ სურათებს და ადგილობრივ „მიმებს“. ამ კომუნიკაციებში, ხანდახან შემოიპარება ვნებამორეული, მწირად ჩაცმული ქალის გამოსახულება.

ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რა შეჭამონ სადილზე. 

წუწუნებენ სამსახურზე:

ემმა: მოდი 4 საათზე შევისვენოთ, მართლა მშია.
საშა: ჩვენი გუნდიდან 3 თანამშრომელი უკვე იღებს შესვენებას 4 საათზე.
ემმა: აუუუ…
საშა: ესეთია თაღლითის ბედი!
ემმა: ამ ცხოვრების დედაც!
– აპრილი 26, 2024

ისინი აღნიშნავენ წარმატებულ „გაყიდვებს“ შამპანურის გახსნის ან ჭიქების მიჭახუნების სურათებით (ასევე ძალიან ხშირად იყენებენ შენელებული მოძრაობის GIF-ს ფილმიდან „უოლ-სტრიტის მგელი“ სადაც ლეონარდო დიკაპრიო ტაშს უკრავს)

ზოგჯერ კი ისინი წესებსაც არღვევენ. მიუხედავად იმისა რომ ყველა გაფრთხილებულია რომ ერთმანეთს მხოლოდ ფსევდონიმით (მოგონილი სახელით) მიმართონ, ზოგიერთი თაღლითი, ხანდახან, მეორეს მისი ნამდვილი სახელით მიმართავს ონლაინ საუბრებისას. „ყველას დაგვიჭერენ“ – ამბობს ერთ-ერთი მათგანი ნახევრად ხუმრობით, მას შემდეგ რაც მისი ნამდვილი სურათი გააზიარა ორ კოლეგასთან ერთად, სადაც მათი ნამდვილი სახეები ჩანდა.

„მერი რობერთსი“ ასევე ესაუბრება მის კოლეგებს, მაგრამ ის უფრო ფრთხილია. იგი თავს იკავებს მისი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისგან და შლის ყველა პირად მესიჯს იმ წამსვე, როგორც კი გააგზავნის (მისი მიდრეკილება შეტყობინებების წაშლისკენ, როგორც ჩანს, საოფისე ხუმრობაა – “მარიამ, არ წაშალო, თორემ გცემ!” – თქვა ერთმა კოლეგამ ფილმიდან Spiderman-დან GIF-ის გაგზავნის შემდეგ). როდესაც შიშველი ქალის სურათი ერთ ჩატში გააგზავნეს, მერიმ მოკუმული ტუჩების ამსახველი სიმბოლოს გაგზავნით უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ ეს არასდროს მოხდება ჩემი ქმრის სამუშაო ადგილზე“.

მისი საოფისე იმიჯია – ერთგული ფინია. ის არა მხოლოდ იცავს წესებს, საუკეთესო თანამშრომელიცაა A.K. ჯგუფის საუკეთესო გუნდში – Koen Team-ში. და მან ეს იცის. 

გუნდს, რომელიც ქოლ-ცენტრის შვიდ საუკეთესო აგენტს აერთიანებდა, პირადად ხელმძღვანელობდა ენერგიული ქალი ფსევდონიმით „ქსენია კოენი“, რომელიც რუსულენოვან კლიენტებთან ურთიერთობაში იყო სპეციალიზებული .

კოენს, რომელსაც “KK”-თი მიმართავდნენ, ძალიან მომთხოვნი უფროსი იყო:

თვის ბოლოს, ჩვენ უნდა გვქონდეს დღეში 30 000-ის ბრუნვა. იცოდეთ, რომ მანამ სანამ დღეში 30 000-ს მივაღწევთ, არ გავდივართ ოფისიდან. აქ 7 საუკეთესო გაყიდვების აგენტი ზის ამ დავალების შესასრულებლად, დღეში 30 000-ის მიღწევა არ უნდა იყოს თქვენთვის რთული. აღარ გვინდა იგივე საუბრების განმეორება. იმუშავეთ თქვენს კლიენტებზე და გამოიმუშავეთ ფული. გაინძერით, ემუშავეთ კლიენტებს და შემოიტანეთ ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომიწევს საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა.

გაჟონილი შიდა მიმოწერების მიხედვით, მან ქოლ-ცენტრის სხვა გუნდებში სტანდარტების დაცვა უზრუნველყო. ერთ-ერთი გასული წლის განხილვის დროს, ის საყვედურობდა კოლეგას სახელად „ფაბიო ბრავო“, რომელიც გერმანულენოვან აგენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

მერი შოთაძე: შენი აგენტები 4 საათზე ნაკლებს არ უნდა ლაპარაკობდნენ. გთხოვ, გააკონტროლე.

ფაბიო ბრავო: 4 საათი?

მერი შოთაძე: მათ სულ მცირე 3 საათი უნდა ჰქონდეთ.

ფაბიო ბრავო: 3 – ოკეი, 4 საათი სისულელეა. ოკეი.

მერი შოთაძე: რამდენი სამუშაო სააათი გვაქვს?

ფაბიო ბრავო: მე მესმის რომ 8 საათია, მაგრამ შეუძლებელს ნუ მთხოვ. 5 წლის წინ, ზოგჯერ 5 საათი იყო, მე მესმის ეს, მაგრამ 3 საათი არ არის პრობლემა.

მერი შოთაძე: 9 საათი.

ფაბიო ბრავო: არ არის ეგრე. ყოველდღე გერმანელებს არ ელაპარაკები, დამიჯერე, ეს შეუძლებელია. არ ვიცი ვინ გითხრა, რომ მათთან ასეა.

მერი შოთაძე: 9 საათში კომპანია იხდის ფიქსირებულ ხელფასს, რომელიც მოიცავს ზარებს და დამატებით თუ აგენტი კლიენტს შეუსრულებს, ბონუსაც მიიღებს. ხომ ასეა? თუ აგენტი ზის და მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში საუბრობს, გგონია, რომ ვინმე თავზე ხელს გადამისვამს და მეტყვის: „კარგი სამუშაოა, კოენ. შენი აგენტები კარგად მუშაობენ?“ მართლა ასე ფიქრობ?

ფაბიო ბრავო: გასაგებია, კოენ.

თუმცა ის გაცილებით რბილი იყო „მერის” მიმართ, რომელიც ძალიან ხშირად ლიდერობდა გაყიდვების გუნდში.

2024 წლის თებერვალში, კოენის გუნდს დავალება მიეცა, რომ თვეში 420,000 აშშ დოლარის შემოსავალი უნდა გამოემუშავებინათ. თითოეულ აგენტს თავისი კონკრეტული გეგმა განესაზღვრა. მერის ჰქონდა ყველაზე მაღალი გეგმა – 80,000 აშშ დოლარის შემოსავლის გამომუშავება.

„ხომ იცი, შენი იმედი მაქვს ამ თვეში“ – მიწერა მერიმ, მას შემდეგ რაც გუნდის მუშაობის საერთო შედეგებს შეხედა და მიხვდა, რომ მიზნის მიღწევამდე ბევრი სამუშაო იყო დარჩენილი.

მერიმ მარტივად უპასუხა მას დიდი წითელი გულის გაგზავნითა და ტექსტით „ვიცი“.

როგორ არის ქოლ-ცენტრი ორგანიზებული

„თაღლითთა იმპერიის“ გაჟონილი მონაცემები აჩვენებს, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრების აგენტები, როგორც წესი, ორ ფართო ჯგუფად იყოფიან. ასეა მოწყობილი A.K. Group-იც.

„კონვერსიის“ გუნდი, რომელიც სამიზნე აუდიტორიას ყალბ რეკლამაზე დაწკაპუნების შემდეგ უკავშირდება, ცდილობს ისინი თაღლითურ სამყაროში ჩაითრიოს. როგორც წესი, ამ გუნდში ახალწვეულები არიან, რომლებიც ახლა სწავლობენ თაღლითობის ხელოვნებას. ისინი კლიენტს ჰპირდებიან, რომ დააკავშირებენ გამოცდილ ბროკერს, რომელიც მას ფულის გამომუშავებაში დაეხმარება.

უფრო გამოცდილი თაღლითები “შენარჩუნების” გუნდში არიან, რომელიც მსხვერპლიდან რაც შეიძლება მეტი ფულის გამოძალვაზეა ორიენტირებული. ამ ჯგუფში არის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალზე ფოკუსირებული ცალკე ქვე-ჯგუფები. თითოეულს განსხვავებული გაყიდვების გეგმა აქვს – იმის მიხედვით, თუ რამდენად მომგებიანია ბაზარი. თითოეულ გუნდს ჰყავს ლიდერი და რამდენიმე აგენტი, რომლებიც რეალურად ახორციელებდნენ ზარებს.

A.K. Group-ში არსებობდა მცირე “შენარჩუნების“ გუნდები, რომლებიც ფოკუსირებული იყვნენ გერმანულ, ესპანურ, რუსულ და არაბულ ენაზე მოლაპარაკეებზე, ასევე სამი ინგლისურენოვანი გუნდი, რომლებიც ყველაზე უკეთ ახერხებდნენ ფულადი სახსრების მოზიდვას. ცხრილების მიხედვით, რომლებიც კლიენტებსა და შემოსავალს აჩვენებს, გასულ წელს ქოლ-ცენტრის ინგლისურენოვანი “შენარჩუნების“ განყოფილებამ დაახლოებით 15.6 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

მიდი და თავი მოიკალი!

მისი ყოველდღიური სამუშაო ადგილისგან განსხვავებით, მერი „კლიენტებთან“ ურთიერთობაში საკუთარ ემოციურ და ინტიმურ მხარეს წარმოაჩენდა. როგორც წესი, საკუთარ თავს აღწერდა როგორც მარტოხელა დედას პატარა ქალიშვილით, სახელად ალისა. ასევე, მისი თქმით, მას ზოგჯერ საკუთარი ხანდაზმული მშობლებისთვის დახმარების გაწევა უწევდა. სხვა დროს ის იყო პოლონელი მიგრანტი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც საკუთარი სიმტკიცით და მონდომებით დაიმკვიდრა კარიერა ფინანსებში.

ის ასევე ლამაზი იყო. დასაწყისში იგი აგზავნიდა ხოლმე ფოტოსურათს, რომელზეც თითქოს ის იყო გამოსახული – განსაცვიფრებელი გარეგნობის მქონე ქალი მწვანე თვალებით (OCCRP-ის ჟურნალისტებმა მიაკვლიეს აღნიშნულ სურათს უკრაინელი მოდელის ინსტაგრამ გვერდზე. „მერი რობერტსს“ ამ ქალის ფოტოების მთელი საქაღალდე ჰქონდა შენახული სამუშაო კომპიუტერში).

როდესაც მსხვერპლი პასუხით დაუბრუნდებოდა, ისიც სწრაფადვე უბრუნებდა პასუხს სხვადასხვა კომპლიმენტებით, „ძალიან სიმპათიური ხართ, – უთხრა მან ერთ-ერთ მსხვერპლს, – თქვენ 40 წელზე მეტის არ იქნებით”.

სწორედ ასე შევიდა კომუნიკაციაში იგი მარსელთანაც, ქარხნის მუშასთან კანადიდან.

იმ დროისთვის, თბილისის ქოლ-ცენტრების სხვა ოპერატორებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია მარსელთან, რომელიც ალექსანდრიის პატარა სოფლელში ცხოვრობს, კანადის დედაქალაქიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში.

მალე მას ტელეფონით მერის ერთ-ერთი კოლეგა დაუკავშირდა A.K. Group-დან სახელად – „ვერონიკა ნოვაკ“, აგენტი, რომელმაც დაარწმუნა მარსელი, რომ მცირე ინვესტიცია განეხორციელებინა ერთ-ერთ ყალბ კომპანიაში სახელად Golden Currencies. (“ის ძალიან დაინტერესებული და მოტივირებულია… სურს სამომავლოდ ინვესტიციები გააკეთოს” – დაწერა ვერონიკამ მარსელზე შიდა ჩანაწერებში.)

ვერონიკამ ასევე აღნიშნა, რომ მარსელი წარსულში “სკამერების” მსხვეპლი იყო და დაკარგული ფულის დაბრუნება უჭირდა, რომელიც, მისი თქმით, დაახლოებით 200,000 კანადურ დოლარს შეადგენდა. 

ვერონიკას შემდეგ მარსელთან კავშირი დაამყარეს A.K. Group-ის სხვა აგენტებმა, მათ შორის ერთ-ერთმა მარსელს თავი წარუდგინა როგორც გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, რომელსაც სურდა, მისთვის დახმარების გაწევა დაკარგული თანხის უკან დაბრუნებაში. მას არწმუნებდნენ, რომ სანაცვლოდ უფრო და უფრო მეტი თანხა უნდა გადაეხადა და ასე შეძლებდა უკვე დაკარგული თანხის დაბრუნებას.

საბოლოოდ მერი რობერტსი გავიდა მასთან კონტაქტზე. მან მარსელს უთხრა რომ ის „ბლოკჩეინიდან“ იყო და თითქოს მან იპოვა მარსელის დაკარგული თანხები, რომელიც თითქოს გაიზარდა და უკვე 200,000 აშშ დოლარს მიაღწია. 

მერიმ ძალიან მარტივად იპოვა მიზეზი, რათა მარსელისთვის საკუთარი ფოტო გაეგზავნა. მარსელმაც საპასუხოდ საკუთარი სელფი გაუგზავნა მას.

„მშვენივრად გამოიყურები, მარსელ. თინეიჯერივით გამოიყურები!“ – უთხრა მერიმ. 

იმავე დღეს, მერიმ პროგრამაში, რომელსაც ქოლ-ცენტრი სამიზნეების მონიტორინგისთვის იყენებს, დაამატა შენიშვნა: „ნელ-ნელა ვუყვარდები”

ამის შემდეგ, მოვლენები სწრაფად განვითარდა. მერიმ დაარწმუნა მარსელი, რომ დამატებით ცოტაოდენი ფულის გაგზავნით, დაკარგული თანხის დაბრუნებას შეძლებდა. 

„მე მას ვენდობოდი,“– იხსენებს მარსელი. – ძალიან დამაჯერებელი იყო. ის მეუბნებოდა, რომ თანხების დაბრუნებაში დამეხმარებოდა. ის თანხის გადახდას მთხოვდა რათა თანხები ჩემთვის დაებრუნებინა“.

მარსელმა გვითხრა, რომ მან მერის გამო 3,500 კანადური დოლარი დაკარგა. 2024 წლის მარტში მარსელი მერის კვლავ დაუკავშირდა და უთხრა, რომ სასოწარკვეთილი იყო. სწორედ მაშინ დასცინა მას მერიმ და უთხრა, რომ ვერასოდეს შეძლებდა მის პოვნას. 

– შენ ახლა მთელ ჩემ კრედიტს დედა უტირე. ერთი დედა ნატირები დოლარიც კი აღარ მაქვს შემდეგი ორი კვირისთვის. როგორ უნდა ვიცხოვრო? ამის დედაც, თავს მოვიკლავ ახლა… – ეუბნება მარსელი.

– ოქეი, მიდი და მოიკალი თავი – პასუხობს მერი, – ვისაც მინდა იმას „დავსკამავ“ და ეს შენი საქმე არაა. შენი ცხოვრება განადგურებულია და ბედნიერი ვარ, რადგან საშინელი ადამიანი ხარ.

შვებულება მიკონოსზე

მარსელთან შემაძრწუნებელი სატელეფონო საუბრიდან ორი თვის შემდეგ მერი რობერტსი საბერძნეთში მოგზაურობას გეგმავდა. ის თავის გეგმებს სხვა აგენტთან, „ვერონიკა ნოვაკთან“ განიხილავდა, რომელიც თავდაპირველად მარსელს დაეკონტაქტა და შემდეგ მსხვერპლი მერისთან დააკავშირა. 

ვერონიკა: უკვე საბერძნეთისთვის ბილეთები უნდა ვიყიდო.

მერი: ჩვენ მიკინოსზე აღარ გადავდივართ, მგონი

ვერონიკა: იქამდე უნდა დავიკლოოოოო, თორე გადავალ კუბოში. ჰუდე ჩემ უზიმ ელი აშხადელ (სომხურად: აღარ მინდა მუშაობა).

მერი: არ ხარ დიდი. იეს კზებნიმ ქიჩ ქიჩ (სომხურად: მეც ცოტ-ცოტას დავიკლებ)

ვერონიკა: ვაბშე ფარენ (სომხურად: ფული) არ მიჩერდება იმენა. 

მერი: მეც. 

მერი თავის მრავალ კოლეგასთან არ იხსნებოდა, თუმცა ვერონიკასთან აშკარად ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ისინი ხშირად საუბრობდნენ სამსახურზე და თავიანთ უფროსებზე წუწუნებდნენ. ისინი უმეტესწილად ქართულად წერდნენ ერთმანეთს, თუმცა, როდესაც საუბარი უფრო პირადული ხდებოდა, სომხურ ენაზეც გადადიოდნენ. 

სწორედ ამის გამო გახდა შესაძლებელი, დაგვედგინა მერი რობერტსის ნამდვილი ვინაობა.

მერისგან განსხვავებით, ვერონიკა არ ფრთხილობდა სამსახურში საკუთარი ვინაობის დამალვაზე – ის მცირე მინიშნებებს ქოლ-ცენტრის სხვადასხვა საერთო ჩატებში ტოვებდა. ერთ-ერთ ასეთ საუბარში ახსენა, რომ 21 წლის იყო, სკოლა კი ოზურგეთში დაამთავრა. ერთხელ მან საკუთარი ნამდვილი გვარი „ჩარჩიანი“ გაამჟღავნა. 

ჟურნალისტებმა სოციალური ქსელების შემოწმების შემდეგ მალევე მიაგნეს შესაფერის კანდიდატს — მარიამ ჩარჩიანს, გოგონას ოზურგეთიდან, რომელიც ევროპულ ტურისტულ ადგილებში გადაღებულ ფოტოებზე დიზაინერების ტანსაცმლით პოზირებს. თუმცაღა, არ ემთხვეოდა მისი ასაკი – მარიამ ჩარჩიანი 21 წლის არ იყო

შემდეგ კი აღმოვაჩინეთ, რომ მარიამ ჩარჩიანს უმცროსი და, ვერიკო, ჰყავდა. ამავდროულად, რაც უფრო მეტად ვეცნობოდით მათ საუბრებს სამსახურში, მით უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ისინი არა მხოლოდ თანამშრომლები, არამედ დები იყვნენ. ეს კი ნიშნავდა, რომ თავდაპირველად ნაპოვნი მარიამ ჩარჩიანი იგივე მერი რობერტსი იყო.

ვერიკო და მარიამ ჩარჩიანები, ახლა 22 და 26 წლისები, ოზურგეთში გაიზარდნენ. მათი სოციალური მედიების პროფილების მიხედვით დგინდება, რომ მოკრძალებულად ცხოვრობდნენ. მაგალითად 2018 წელს, როდესაც მარიამი მდგმურს ეძებდა, პატარა ბინის სურათები გააზიარა. 

თუმცა, დაახლოებით ორი წლის წინ, დებმა ჩარჩიანებმა სოციალურ ქსელებში საკუთარი სიმდიდრის ჩვენება დაიწყეს – ისინი აქვეყნებდნენ სურათებს, რომლებზეც ძვირფასი სამკაულებით და მაღალი მოდის ბრენდირებული ნივთებით პოზირებდნენ, მაგალითად „კარტიესა“ და „ვან კლეფისა და არპელის“ ბრილიანტებით მორთული სამაჯურები.

მეტიც, როდესაც ვერონიკა ნოვაკი საუბრობდა დუბაიში მოახლოებულ მოგზაურობაზე, ვერიკო ჩარჩიანმა იმავე პერიოდში დუბაიში გადაღებული სურათები გამოაქვეყნა. მალევე, მას შემდეგ, რაც ვერონიკა ნოვაკმა თქვა, რომ აპირებდა საბერძნეთისთვის ბილეთების შეძენას, ვერიკო ჩარჩიანმა სანტორინსა და მიკონოსზე გადაღებული სურათები გამოაქვეყნა, რომლებზეც ის დიზაინერების ტანსაცმელშია გამოწყობილი. ერთ-ერთ ფოტოს, რომელზეც „დიორის“ ვარდისფერი საზაფხულო ქუდი ეხურა, ჰქონდა შემდეგი წარწერა – “J’adore Mykonos” (ფრანგულიდან: ვგიჟდები მიკონოსზე). 

ვერიკომ თავისი 21-ე დაბადების დღე დუბაიში, ხოლო 22-ე კი პარიზში აღნიშნა. „ინსტაგრამზე“ დადებულ ერთ-ერთ პარიზულ ფოტოზე ის საკუთარ თავს დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ. მარიამს კი უკვე მოსწრებული აქვს შვებულებების გატარება კვიპროსში, პარიზში, საბერძნეთში, დუბაისა და მილანში. 

„საოცნებო შოპინგი“ – ვკითხულობთ „ინსტაგრამზე“ განთავსებულ მის ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც „კარტიეს“ 6,650 ევროს ღირებულების სამაჯურია ნაჩვენები. 

არც მარიამმა და არც ვერიკომ არ უპასუხეს ჟურნალისტების თხოვნას, გაეკეთებინათ კომენტარი ქოლ-ცენტრში მათი საქმიანობის შესახებ. 

„ვერ ვხვდები, თუ რატომ შეიძლება ვინმემ სხვა მსგავსი რამ გაუკეთოს“ – თქვა მარსელ დეშამმა მას შემდეგ, რაც CBC/Radio-Canada-თვის თავის სახლში, ონტარიოში, მიცემული ინტერვიუს დროს მერისა და ვერონიკას ნამდვილი ვინაობები შეიტყო. მარსელს დების მიერ სოციალურ ქსელებში დადებული ფოტოები აჩვენეს. 

„ისინი ფუფუნებაში ცხოვრობენ“ – სევდიანად თქვა მან – „და არაფერს ზოგავენ ჩემი ფულიდან“.

აგენტები, უფროსები და დევნილები

სკამერების მსგავსად, A.K. Group-მაც დიდი ძალისხმევა გაიღო საკუთარი კვალის დამალვისთვის. კომპანია ინტერნეტსივრცეში არ აქტიურობს და არც რეკლამებს დებს. მათ მთავარ ოფისში, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს, ვერანაირ გარეგან ნიშანს შეამჩნევთ, რომ იქ ქოლ-ცენტრია მოწყობილი. შარტავას ქუჩაზე მდებარე დამატებით ოფისსაც არანაირი გარეგანი ნიშანი არ აქვს.

მეტიც, თავად ოფისის შენობა ნაქირავები აქვს სრულიად განსხვავებულ კომპანიას შპს „ზა ტრეიდინგ კომპანის“, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილი პიროვნება ფლობს. ამის გამო ჟურნალისტებს თვეები დასჭირდათ იმის გასარკვევადაც კი თუ რომელი კომპანია იდგა ქოლ-ცენტრის უკან.

თაღლითები ბრიტანულ კომპანიას იყენებდნენ

გაჟონილი ინვოისები და დოკუმენტები აჩვენებს, რომ A.K. Group იყენებდა გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულ კომპანიას Squaretalk-ისა და სერვისის სხვა მიმწოდებლებისთვის გადახდების გასატარებლად.

კომპანია, Intek Systems Limited, 2019 წლიდან 2025 წლის იანვრამდე იყო აქტიური და ოფიციალურად მის მფლობელად ლიეტუველი ევგენი როშენკოვი იყო მითითებული, თუმცა როგორც ჩანს, კომპანიის უკან ქართველი თაღლითები იდგნენ.
თაღლითების კომპიუტერებიდან გაჟონილი სქრინშოთები აჩვენებს, რომ A.K.Group-ის ფინანსურ მენეჯერს, ნიკა ბასარიას, რომელიც ფსევდონიმით „Neal Cassidy“ იყო ცნობილი, კომპიუტერში ჰქონდა ევგენი როშენკოვის ხელით დაწერილი ინიციალების ელექტრონული ასლი. ეს ინიციალები გამოყენებული იყო მინიმუმ ოთხი შეთანხმების ხელმოსაწერად იმ კომპანიასთან, რომელიც თაღლითებისთვის გადახდის სერვერებზე წვდომას უზრუნველყოდა. შიდა ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, Intek Systems-მა გადახდები ორი ასეთი შეთანხმების ფარგლებში განახორციელა.

გაჟონილ დოკუმენტებში არსებული აპლიკაციის ფორმა როშენკოვს Intek-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ ასახელებს, ხოლო კომპანიის „ფინანსურ კონტაქტად“ მითითებულია „Ashley Moriarty“ – ფსევდონიმი, რომელსაც A.K. Group-ის კიდევ ერთი ფინანსური მენეჯერი, ქეთევან მალაშხია იყენებდა. იგივე აპლიკაციის მიხედვით, Intek Systems-ის საკუთრებაში იყო ვებ-დომენი „admiralsfx.org“, რომელიც ქოლ-ცენტრში თაღლითური საინვესტიციო ბრენდის სახით გამოიყენებდა. მალაშხიამ კომენტარი არ გააკეთა, ბასარიასთან კი დაკავშირება ვერ მოხერხდა.

გაჟონილი სქრინშოთების მიხედვით, ქეთევან მალაშხია იღებდა Intek Systems-ისთვის განკუთვნილ მეილებს.
A.K.Group-მა Intek Systems-ის მეშვეობით Squaretalk-ს მინიმუმ $5,000 გადაუხადა, მათ შორის $3,000 მარტის ბოლო რიცხვებში – თითქმის სამი კვირის შემდეგ, რაც თაღლითები მედიაში გამოაშკარავდნენ და ორი თვის შემდეგ, რაც Intek Systems გაერთიანებული სამეფოს კომპანიების რეესტრიდან ამოიღეს.

კომპანიის ოფიციალურმა მფლობელმა, ევგენი როშენკოვმა, OCCRP-ის პარტნიორ Siena.It-ს განუცხადა, რომ კომპანიას თაღლითურ ქოლ-ცენტრთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და მისი საქმიანობა „ვებ-დეველოპმენტს“ მოიცავდა. ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ბოლო ხუთი წელია აღარ იყო აქტიური. როშენკოვმა არ უპასუხა კითხვებს კომპანიის მიერ Squaretalk-ისთვის გადახდილი თანხების, ასევე იმაზე, თუ როგორ მუშაობდა Intek Systems რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ A.K. Group-ი ცდილობდა საკუთარი კვალის დამალვას, კომპანიას გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: 2023 წელს საახალწლო წვეულებისთვის დაქირავებული მოძრავი სურათების გადაღების მომსახურება, რომელიც ე.წ. GIF-ებს ავტომატურად აქვეყნებს ინტერნეტში. 

მოძრავ სურათებში კარგად ჩანან სასტუმროს ვარდისფრად განათებულ დარბაზში მყოფი A.K. Group-ის თანამშრომლები, რომლებიც ბრილიანტებით, ბრჭყვიალა კაბებითა და ვისკის ბოთლებით ხელში პოზირებენ კამერის წინაშე. მათ უკან კი ეკრანზე დიდი და მოძრავი ლოგო ჩანს შემდეგი წარწერით: A.K. Group.

ფოტოსურათები ჟურნალისტებისთვის ოქროს საბადო აღმოჩნდა, რადგან სწორედ მისი საშუალებით დანამდვილებით დადგინდა ქოლ-ცენტრში მომუშავე ათობით აგენტის ვინაობა. 

მათ შორის იყო 36 წლის მერი შოთაძე, რომელიც შავ კაბაში გამოწყობილი კამერის წინ რამდენიმე მოძრავ სურათში პოზირებს. მართალია, ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ბიზნესრეესტრის მიხედვით, მერი შოთაძე A.K. Group-ის მფლობელია, თუმცა მას შემდეგ რაც ვნახეთ, რომ ის ქოლ-ცენტრის თანამშრომლებთან ერთად იცინოდა და კარგ დროს ატარებდა, გასაგები გახდა, რომ ქოლ-ცენტრის საქმიანობაში ის პირდაპირ ჩართული იყო. 

შოთაძესთან ერთად დგას აკაკი ქევხიშვილი, 33 წლის მამაკაცი, რომელიც ქოლ-ცენტრის დოკუმენტებზე არსად არ ჩანს, თუმცა კულისებს მიღმა ის მართავს ყველაფერს (დამატებით, როგორ ჩანს, მან კომპანიას საკუთარი ინიციალებიც მისცა). შიდა მიმოწერებით ირკვევა, რომ სწორედ აკაკი ქევხიშვილია ის, ვინც წყვეტს დასაქმებულთა ხელფასებსა და დაწინაურებებს. აგენტები მას „ბოსს“ ეძახიან. კომპანიის ტელეგრამის ჯგუფებში, ის ყოველთვის ერთსა და იმავე პროფილის ფოტოს, გვირგვინიანი ლომის სურათს იყენებს. 

შიდა ფინანსური დოკუმენტები მოწმობენ, რომ აკაკი ქევხიშვილი კურირებს A.K. Group-ის ანგარიშებიდან ფულის გატანასაც, მაგალითად 2024 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით მან 130,000 დოლარზე მეტი გაიტანა. კომპანიის სახსრებით მას ასევე დაქირავებული ჰყავს პირადი დაცვა.

დღეს, აკაკი ქევხიშვილი კომფორტულად ცხოვრობს: ის ახალ „რეინჯ როვერს“ ატარებს. ასევე სოციალური მედიაში აქვეყნებს ფოტოებს, რომლებშიც ატარებს როლს-როისსა და ლამბორგინის. 

როგორც დები ჩარჩიანების შემთხვევაში, აკაკი ქევხიშვილი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამდიდრდა. წარსულში მას საქართველოში არანაირი მნიშვნელოვანი ქონება და ბიზნესი არ ჰქონდა, თუმცა 2024 წლიდან მან ორ კომპანიაში შეისყიდა წილები. ერთ-ერთი მათგანი ავეჯს აწარმოებს, მეორე კი თხილით ვაჭრობს.

VoIP ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დიდი რაოდენობით ინტერნეტზარები გააკეთონ და ამავდროულად, საკუთარი მდებარეობა დამალონ. 

სოციალურ ქსელში განთავსებულ ერთ-ერთ ძველ ფოტოზე აკაკი ქევხიშვილს ცეცხლსასროლი იარაღები უჭირავს, სხვა ფოტოზე კი მუხლზე დახატულ რვაქიმიან ვარსკვლავს აჩვენებს – სიმბოლოს რომელიც ქურდულ სამყაროსთანაა დაკავშირებული. 

თუ აკაკი ქევხიშვილის A.K. Group-ის „მეფეა“, მაშინ მერი შოთაძე, თაღლითი, რომელიც ფსევდონიმად „ქსენია კოენს“ იყენებს, დედოფალია. მერი შოთაძე ტელეგრამზე სახელის გასწვრივ გვირგვინის სიმბოლოს იყენებს. 

– ბრაიან, შემდეგი თანხა როდის უნდა მოსთხოვო?
– არ ვიცი, ორშაბათს მოვთხოვ insurance-ს ან რამეს და მერე გავატანინებ ფულს.
– კარგი. ხვალ ვილაპარაკოთ მაგ კლიენტზე და გეტყვი რაც უნდა უქნა, მაგრამ ეგ კლიენტი არ უნდა ჩაგვეწვას. არავითარ შემთხვევაში.

უცნობია, მხოლოდ მერი შოთაძე და აკაკი ქევხიშვილი იღებენ სარგებელს A.K. Group-ისგან, თუ მათ უკან კიდევ სხვები დგანან. არცერთ მათგანს წერილობით მიმართვაზე პასუხი არ გაუცია. როდესაც ჟურნალისტები შეეცადნენ ქევხიშვილისთვის კომენტარი გამოერთმიათ, დაცვამ ისინი ძალის გამოყენებით გააძევა. 

როდესაც შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს A.K. Group-ისა და თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ვკითხეთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შემდეგი პასუხი გაგვცა:

„საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სწავლობს და შესაბამისად, რაიმე სახის დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას.“

დაფაცურებული სკამერები

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ A.K. Group-ის სკამერები უზრუნველად ცხოვრობდნენ. 

A.K. Group-ის 2024 წლის დეკემბერში გამართული საახალწლო წვეულება წინა წელთან შედარებით უფრო ექსტრავაგანტური იყო. წვეულებას, რომელიც 107,000 ამერიკული დოლარი დაჯდა, ორი ცნობილი პირი უძღვებოდა. კორპორატიულზე შეგეძლოთ გეხილათ კაბარეს დადგმა ბრჭყვიალა თავშალებიანი და სახის ნიღბებიანი მოცეკვავეებით, რომლებიც სცენაზე ცეკვის გარდა, ჭერზეც იყვნენ ჩამოკიდებულები. წვეულების ბოლოს, უზარმაზარი მოოქრული ტორტი შემოიტანეს, რომლის თავზეც ბრილიანტი იყო დამაგრებული, იქვე შოკოლადებით გაკეთებული ინიციალები A.K. ჩანდა. 

2025 წელსაც გრძელდებოდა თაღლითური ოპერაციები. შიდა ჩანაწერების მიხედვით, „მერი რობერტსმა“ მოხუცებულ მსხვერპლს 31,000 ამერიკული დოლარი, ხოლო, „ალექს დეივისმა“ 78 წლის კანადელ კაცს 50,000 ამერიკულ დოლარზე მეტი გადმოარიცხინა. 

თუმცა, 15 თებერვალს, OCCRP-მა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა A.K. Group-ს, აკაკი ქევხიშვილს, მერი შოთაძეს და ქოლ-ცენტრთან დაკავშირებულ სხვა პირებს კომენტარებისთვის მიმართეს. მათგან პასუხი დღემდე არ მიგვიღია, თუმცა შეკითხვების გაგზავნიდან მალევე მათ ინტერნეტში საკუთარი კვალის წაშლა დაიწყეს. 

მერი შოთაძემ მალევე წაშალა ფოტოსურათი, რომელზეც როლექსის ის საათი უკეთია, რომლის შესახებაც გაგზავნილ წერილში ვკითხეთ. რამდენიმე დღის შემდეგ მან სრულად გააუქმა მისი ტელეგრამის ანგარიში. 

24 და 25 თებერვალს მან თბილისში მდებარე ბინები გაყიდა. უძრავი ქონების რეესტრში არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გაყიდვისას მერი შოთაძის წარმომადგენელი დედამისი იყო. საბუთით ირკვევა, რომ გარდა ბინების გაყიდვის მინდობილობისა, მერი შოთაძემ დედამისს მის მფლობელობაში არსებული სანომრე ნიშნის, AA-007-KK-ისა, და რეინჯ როვერ „სპორტის“ გაყიდვის უფლებამოსილება მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ მერი შოთაძეს უკვე გაყიდული აქვს მანქანის სანომრე ნიშანი CO-777-EN.  

ლანა ვახტანგაძემ, იგივე ლანა ლემანსმა, პირმა, რომელიც საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა, „ფეისბუქის“ ანგარიში გააუქმა. იმავენაირად მოიქცა Barry Anderson-ის ფსევდონიმს ამოფარებული თახირ სულთანოვიც, რომელმაც შოთაძისგან გასულ წელს ქოლ-ცენტრის „შენარჩუნების“ მთავარი გუნდი გადაიბარა. აკაკი ქევხიშვილის დაცვამ „ფეისბუქიდან“ ის ფოტოები წაშალა, რომელზეც მის უფროსი ჩანდა. 

რაც შეეხება მარიამ ჩარჩიანს, მარსელმა შეძლო და დაუკავშირდა მას თებერვლის შუა რიცხვებში. მარსელმა მარიამს ჰკითხა, იცოდნენ თუ არა მისმა ოჯახის წევრებმა თუ რას საქმიანობდა, შემდეგ კი საკუთარი სახელი გაახსენა. 

„მარსელ? არა, არ მახსოვხარ,“ – უთხრა მარიამმა.

„მარიამ ჩარჩიანი ხარ? თუ მერი რობერტსი?“ – ჰკითხა მარსელმა. ამის შემდეგ მარიამმა ყურმილი დაკიდა,.მარსელმა პირველ იგრძნო, რომ თაღლითზე უფრო მეტი ძალა ჰქონდა.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“ – თქვა მარსელმა, რომელიც ზარის შემდეგ თავის სამზარეულოში ისვენებდა. 

„ძალიან ლმობიერი ვარ და წყენას არ ვიმახსოვრებ, მაგრამ… რაც მან მიქნა, ვიცი, რომ ყველას უკეთებს იგივეს მთელ მსოფლიოში. იმედი მაქვს, მალე შეჩერდება ეს ყველაფერი. 

„სასიამოვნოა მაგიდის სხვა მხარეს ჯდომა, თუნდაც ერთხელ“ – თქვა მან. 

უკვე 8 წელია, “ფლანგვის დეტექტორში” ვიძიებთ, ვამოწმებთ, ვაანალიზებთ, რათა იცოდე, რაში ხარჯავენ ჩვენს საერთო რესურსებს. ეს საქმე მარტივი არაა. ხელისუფლებას არ სურს, რომ ვმუშაობდეთ, მაგრამ ჩვენ ისევ აქ ვართ, რადგან მიგაჩნია, რომ სიმართლემ გზა ყველგან უნდა გაიკვალოს. 

თუ ფიქრობ, რომ ჩვენი კვლევები მნიშვნელოვანია, შეგვიძლია, ეს საქმე ერთად გავაგრძელოთ. შენი მხარდაჭერა ნიშნავს მეტ სიმართლეს, მეტ გამჭვირვალობას და მეტ ანგარიშვალდებულებას.

დაგვიჭირე მხარი Freedonation.ge-ზე – დაგვეხმარე, რომ დაგეხმაროთ. 


მსგავსი სტატიები