სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება

ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ბრალდებულია არჩევნების გაყალბებასა და მზარდ ავტორიტარიზმში. დეკემბერში აშშ-მა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. მისი მნიშვნელოვანი აქტივები ახლა მთლიანად საშინაო სტრუქტურებშია გადმოტანილი.

ავტორები: ჯეიმს დოუსეტი (OCCRP), „აი ფაქტი“, და მმართველობის მონიტორინგის ცენტრი


საერთაშორისო სანქციებზე საპასუხოდ, ბიძინა ივანიშვილმა, მილიარდერმა და საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, რამდენიმე კომპანიის მფლობელობა ოფშორული იურისდიქციებიდან საქართველოში გადაიტანა, რითაც თავისი აქტივები გლობალური ეკონომიკური ზემოქმედებისგან დაიცვა.

დეკემბერში აშშ-მ სანქციები დაუწესა გავლენიან ოლიგარქს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია ქვეყნის არაფორმალურ მმართველად. სანქციების საფუძვლად მითითებულ იქნა, რომ იგი ძირს უთხრიდა დემოკრატიას საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ.

კრიტიკოსები მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ – ბრალს სდებენ მზარდ ავტორიტარიზმსა და მოსკოვთან დაახლოებაში და ხშირად აღნიშნავენ, რომ ივანიშვილმა თავისი სიმდიდრე 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიზის მიხედვით, 31 დეკემბერს – დასანქცირებიდან ოთხ დღეში – ივანიშვილმა თავისი აქტივების ოფშორებიდან ქართულ კომპანიებში გადმოტანა დაიწყო.  ერთ-ერთი ასეთი კომპანია ფლობს ივანიშვილის მდიდრული მინის სასახლის ნაწილს, რომელიც მთაწმინდიდან გადმოჰყურებს თბილისს. 

OCCRP-მა დამატებით გამოავლინა ივანიშვილის ძვირად ღირებული არაერთი სხვა ქონება, რომლებიც ამ კომპანიებს ეკუთვნის, მათ შორის ადრე უცნობი მდიდრული რეზიდენცია სპა-ქალაქ აბასთუმანში და „ქართული ოცნების“ ყოფილი ოფისი საქართველოს დედაქალაქ თბილისში.

პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო კომპანია Enmetena Advisory-ის დამფუძნებლის, მაქსიმილიან ჰესის თქმით, ივანიშვილის აქტივების რესტრუქტურიზაცია შესაძლოა საქართველოსთვის უფრო ფართომასშტაბიან პრობლემებს წარმოშობდეს, თუ მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები გაძლიერდება. მისი განმარტებით, ასეთ სცენარში შესაძლოა ბიზნესებისთვის ქვეყანასთან თანამშრომლობა „ძალიან რთული“ გახდეს, რადგან ივანიშვილის ეკონომიკური გავლენების გამო სანქციების რისკი გაიზრდება.

„მისი აქტივები საქართველოს მთლიან ეკონომიკაში ძალიან დიდ წილს დაიკავებს, – განაცხადა ჰესმა. – ფაქტობრივად, ივანიშვილს რისკები საკუთარი თავიდან და სიმდიდრიდან საქართველოსა და ქართველ ხალხზე გადააქვს“.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა არ უპასუხა OCCRP-ის კონკრეტულ შეკითხვებს ივანიშვილის აქტივების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ-ის სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წინააღმდეგ იყო „დასჯა“ იმისთვის, რომ მან უარი თქვა ომის დაწყებაზე რუსეთთან და რადგან მან „არ დაუშვა რევოლუცია“ საქართველოში.

საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო თვეებში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის მკაცრ ზომებს მიმართა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი უცხოური მხარდაჭერით ცდილობენ უკრაინის სტილის აჯანყების წამოწყებას ქვეყანაში.

შვიდი კომპანია

ივანიშვილის აქტივების დიდი ნაწილი გადაფორმებულ იქნა ერთ დღეში, 17 იანვარს. ამ დღეს შვიდი კომპანიის მფლობელობა პანამურ კომპანია Limestone Finance International SA-დან გადავიდა ივანიშვილის ქართულ კომპანიაზე, სს “ტერრა”-ზე.

შვიდი კომპანიიდან ერთ-ერთი, შპს „სანაპიროს ხედი“, ფლობს დეველოპმენტის ბიზნესს აბასთუმნის ძველი სანატორიუმის ტერიტორიაზე, რომელიც ერთ დროს ტურისტული სპა-ქალაქი იყო და ივანიშვილმა მისი აღდგენა სცადა, მათ შორის საკუთარი ინვესტიციებით. ტერიტორიის დიდი ნაწილი ადრე საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება იყო, თუმცა იგი 2019 წელს აუქციონზე ივანიშვილის კომპანიამ შეისყიდა.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, კომპანია „სანაპიროს ხედმა“ თავდაპირველად მოიპოვა ნებართვა სასტუმროს ასაშენებლად, მაგრამ შემდგომ გეგმები შეიცვალა, და 2022 წელს კომპანიამ მიიღო ნებართვა ფეშენებელური რეზიდენციის მშენებლობისთვის, რომელიც მოიცავს მიწისქვეშა სპას, საცურაო აუზს, თურქულ აბანოს და ორანჟერეას სახურავზე. სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ასევე აშენდა კალათბურთის მოედანი. ამ რეზიდენციის არსებობა მანამდე არ იყო დოკუმენტირებული.

მეორე კომპანია, „აბასთუმანი 2019“, ფლობს მშენებლობის ნებართვას 12,000 კვადრატულ მეტრ მიწაზე, რომელიც მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ეროვნულ პარკში, ძველი სანატორიუმის ტერიტორიის მიღმა, რისი უფლებაც მას სახელმწიფომ 2019 წელს მიანიჭა. საქართველოს დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოსთან არსებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კომპანიას ევალებოდა „ეკოტურიზმისთვის“ ინფრასტრუქტურის მოწყობა აღნიშნულ მიწაზე.

გადაფორმებული კომპანიების სიაში ასევე შედის „ჯეოფერტი“ – (Geofert), სასუქების ბიზნესი, რომელიც ფლობს საწარმოს ქალაქ კასპში. ორი სხვა კომპანია კი ფლობს ქონებას თბილისში, საქართველოს დედაქალაქში.

კომპანია „ახალი კაპიტალი“ არის „ქართული ოცნების“ თბილისის ყოფილი ოფისის მესაკუთრე. პარტიის შტაბ-ბინის ლოკაცია 2024 წელს იქნა შეცვლილი. კომპანია „ინვესტ კაპიტალი“ ფლობს მიწას მდიდრული მინისა და ფოლადის სასახლის გვერდით, რომელიც, ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ითვლება ივანიშვილის რეზიდენციის ნაწილად, სადაც მისი თანამედროვე ხელოვნების ფართო კოლექცია იყო განთავსებული. (თავად სასახლე უკვე ქართულ კომპანიებს ეკუთვნის, რომელთა საბოლოო მესაკუთრეც ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილია, 2023 წლის მათი ფინანსური ანგარიშგების მიხედვით)

დანარჩენი კომპანიები, რომელთა წილებიც ასევე საქართველოში იქნა გადმოტანილი, კერძოდ – „ქართუ ქონსალთინგი“ და „ბლექ სი არენა“, არ ფლობენ უძრავ ქონებას.

აღნიშნული 7 კომპანიის საკუთრების უფლებების საქართველოში გადმოტანიდან ერთ კვირაში, ივანიშვნილის ოჯახის კუთვნილ სხვა ქონებებზეც საკუთრების უფლებები საქართველოში იქნა გადმოტანილი.

ეს მოიცავს დაახლოებით 17 მილიონი ლარის (6 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების უძრავ ქონებებს, მათ შორის ოლიგარქის მინისა და ფოლადის სასახლის შიგნით ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ ნაგებობას, ასევე 5,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების (1,9 მილიონი დოლარი) ღირებულების ხელოვნების ნიმუშებს, ნახატებს, ქანდაკებებსა და სამკაულებს.

ეს აქტივები ეკუთვნის კომპანია „ფინსერვის-XXI-ს“, რომლის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებულია, რომ იგი კონტროლდებოდა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილის მიერ, ბელიზში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით. თუმცა 22 იანვარს უტა ივანიშვილმა „ფინსერვისის“ წილებზე პირდპარი საკუთრების უფლება გაიფორმა, ხოლო ორი დღის შემდეგ მან ეს წილები საკუთრებაში გადასცა „ატუ ჰოლდინგს“, თავის ახლახან დაარსებულ ქართულ კომპანიას.

იაპონურ ტაბლოიდ Shūkan Bunshun-თან ინტერვიუში უტა ივანიშვილმა უარყო „ატუ ჰოლდინგის“ შექმნა. ნოტარიუსის ატესტაციის მიხედვით, რომელიც შეიცავს კომპანიის ოფიციალურ ინკორპორაციას, მილიარდერის შვილმა მიანიჭა მინდობილობა იაპონიიდან (გავრცელებული ინფორმაციით უტა ივანიშვილი იქ ცხოვრობს),, რომ ვინმეს მისი სახელით ფირმა დაეარსებინა. კომენტარის თხოვნას არც კომპანიამ და არც უტა ივანიშვილმა არ უპასუხეს.

პოტენციური ზემოქმედებისგან თავის დაცვა

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ, ფაქტობრივად, ივანიშვილს არ სჭირდებოდა თავისი კომპანიების „რედომიცილება“ შეერთებული შტატების მიერ სანქციების პასუხად, რადგან სანქციები ამოქმედდა გამონაკლისის ფონზე, რომელიც სანქციებს არ ავრცელებდა მის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე. ექსპერტების განცხადებით, შესაძლოა იგი სანქციების შემდგომ გამკაცრებას ელოდება.

პოლიტიკური რისკების კონსულტანტმა – ჰესმა OCCRP-ს განუცხადა, რომ დაწესებულ სანქციებზე დადგენილი გამონაკლისი იყო „ზედმეტად ფართო“. ივანიშვილის კომპანიების გადაფორმება, მისი თქმით, იყო „მიმართული პოტენციური ზემოქმედებისგან თავის დასაცავად, პირველ რიგში, ამ გამონაკლისის გაუქმების შემთხვევაში და მეორეც, გაერთიანებული სამეფოს ან ევროკავშირის მხრიდან დამატებით პოტენციური სანქციებისგან“

„მათ შესაძლოა გამონაკლისი გააუქმონ“, – განაცხადა ნიკი კენიონმა, Institute of Financial Integrity-ის ასოცირებულმა მმართველმა დირექტორმა და აშშ-ის ხაზინის სამსახურის ყოფილმა დაზვერვის ოფიცერმა, რომელმაც ასევე დასძინა, რომ იგი „აბსოლუტურად შეურაცხყოფილი იყო“ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მისთვის სანქციის დაწესების თაობაზე. „ახლა ზეწოლა არის ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთზე, რომ სანქციები დაუწესონ [ივანიშვილს]. მე სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ისინი არ დაადგენენ რაიმე გამონაკლისს”.

როგორც ევროპულ, ისე ბრიტანეთის პარლამენტებში დეპუტატებმა მთავრობებს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდეს.

პიკასო, ვან გოგი, მონე

უკანასკნელ წლებში ივანიშვილმა ასევე გადადგა ნაბიჯები თავისი ხელოვნების ნიმუშების ნაწილის საქართველოში დასაბრუნებლად. ამას ადასტურებს Christie’s-ის აუქციონის სახლის მიერ გაცემული ინვოისი, რომელიც OCCRP-მა მოიპოვა.

ინვოისი, დათარიღებული 2022 წლის აგვისტოთი, ეხება 90,5 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშების გაგზავნას, რომელიც მოიცავდა ფრანგი მხატვრის მორის დე ვლამინკისა და რუსი მხატვრის ალექსანდრა ექსტერის ნამუშევრებს. გადაზიდვა განხორციელდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Lynden Management-ის სახელით. აღნიშნული კომპანია ივანიშვილის ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ნამუშევრებს ინახავს, ​​მათ შორის პიკასოს, ვან გოგისა და მონეს ნამუშევრებს, მითითებულია სასამართლოს ჩანაწერებში. გადაზიდვის დოკუმენტებში ტვირთის მიმღებად მითითებული იყო საქართველოში რეგისტრირებული Эფინსერვის-XXIЭ.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი იმ დროისთვის სანქცირებული არ იყო, ევროპარლამენტმა მოითხოვა მისთვის სანქციების დაკისრება 2022 წლის ივნისში საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე მისი სავარაუდო პასუხისმგებლობისა და კრემლთან კავშირების გამო.

ცნობილი არ არის, კონკრეტულად სად ინახავს ივანიშვილი თავის ძვირად ღირებულ ხელოვნების ნიმუშებს.

მილიარდერის ყოფილმა თანაშემწემ, გიორგი ბაჩიაშვილმა გასულ ოქტომბერში ქართულ ტელევიზიაში განაცხადა, რომ ივანიშვილმა მას 2022 წელს უთხრა, რომ სირთულეებს აწყდებოდა თავისი ხელოვნების კოლექციის საქართველოში შემოტანისას. ბაჩიაშვილი ივანიშვილთან საჯარო დაპირისპირებაშია ჩართული.

2022 წელს ივანიშვილის ადვოკატმა განუცხადა მედიას, რომ მის კლიენტს ჰქონდა „შეფერხება“ ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების ტრანსპორტირებაში ბანკ Credit Suisse-თან ხანგრძლივი სამართლებრივი დავის გამო, თუმცა ასევე დაამატა რომ შეფერხება „საბოლოოდ მოგვარდა“.

Christie’s-ის წარმომადგენელმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ აუქციონის სახლმა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების გაგზავნა უზრუნველყო, მაგრამ ამტკიცებდა, რომ კომპანია მოქმედებს „ყველა საერთაშორისო კანონისა და რეგულაციის შესაბამისად, მათ შორის – სანქციების კანონების“.

„ამ საკითხებს უკიდურესად სერიოზულად ეკიდება და აკონტროლებს კომპანიის გლობალური შესაბამისობის დეპარტამენტი”, – თქვა სპიკერმა.

ივანიშვილის ზოგიერთი ქართული აქტივების ბოლოდროინდელი რესტრუქტურიზაციის მიუხედავად, მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ჰოლდინგი კვლავ ოფშორის მფლობელობაშია. ზოგიერთ მათგანს ფლობს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF Fund), კერძო საინვესტიციო ფონდი, რომელიც მართავს 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს, ძვირად ღირებულ სასტუმროებსა და ცემენტის ქარხანას.

საქართველოში მოქმედი შვილობილი კომპანიების 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, GCF ფონდს საბოლოოდ აკონტროლებდა ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე, რთული სტრუქტურის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ლუქსემბურგსა და კაიმანის კუნძულებს.

მიუხედავად იმისა, რომ GCF ფონდი ამჟამად „თავისუფალია ფუნქციონირებისთვის“, თქვა კენიონმა, ის სანქცირების რისკის წინაშე დგას ივანიშვილთან მისი კავშირების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურ ინსტიტუტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ტრანზაქცია მაგნატის ფირმებთან, გაურკვევლობამ და რეპუტაციის რისკმა შეიძლება გააფრთხილოს ისინი ამის შესახებ, დასძინა მან. GCF ფონდმა არ უპასუხა OCCRP-ის მოთხოვნას კომენტარისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი დამოუკიდებელი ერთეული, JSK GCF Georgia, შეიქმნა იანვარში ხვედელიძის უშუალო მფლობელობაში, საზღვარგარეთ კავშირების გარეშე.

ინფოგრაფიკა: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

კომპანიები: 

შპს აბასთუმანი 2019: ფლობს 12 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს სარგებლობის უფლებით

შპს ჯეოფერტ: ორგანულ-მინერალური სასუქები საწარმო კასპში 

შპს ახალი კაპიტალი: ქართული ოცნების“ თბილისის ყოფილი ოფისის მესაკუთრე.

შპს ბლექსი არენა: არ ფლობს ქონებას

შპს ინვესტ კაპიტალი: ფლობს მიწას ივანიშვილის მდიდრული მინისა და ფოლადის სასახლის გვერდით
შპს სანაპიროს ხედი: მდიდრული რეზიდენცია აბასთუმანში

მსგავსი სტატიები