“ფლანგვის დეტექტორი” წლებია იკვლევს ა(ა)იპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას,” რომლის წევრი სამშენებლო კომპანიები ყველაზე ძვირადღირებულ ელ.ტენდერებში უკონკურენტოდ ან ერთმანეთის დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებენ.
საინტერესოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბრძანების მიხედვით, ელ.ტენდერში ამხანაგობა მონაწილეობას იღებს და სატენდერო დოკუმენტაციას წარადგენს, როგორც დამოუკიდბეელი პრეტენდენტი. ამხანაგობასა და მის მონაწილეებს ეკრძალებათ ერთსა და იმავე ელ.ტენდერში ინდივიდუალურად მონაწილეობა. შესაბამისად, კომპანიები ერთი და იგივე ტენდერში მონაწილეობით კანონს არღვევენ.
ხელოვნური კონკურენციის კიდევ ერთი მაგალითია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2024 წლის დეკემბერში, მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად საპროტესტო აქციები იმართებოდა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2025 წლის პირველი ნახევრიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყებოდა.
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის მერიამ, 2024 წლის 24 დეკემბერს ოთხი ელ.ტენდერი გამოაცხადა. მათი ჯამური სავარაუდო ღირებულება 28,440,411 ლარს შეადგენდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ ნაწილად არის დაყოფილი:
- რუსთაველის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის (თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს “რუსთაველამდე”) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ღირებულება – 4,382,808 ლარი.
- რუსთაველის გამზირის (მეტროსადგურ “რუსთაველიდან” ალექსანდრე ჭავჭააძის ქუჩის ჩათვლით) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ღირებულება- 8,464,123 ლარი.
- რუსთაველის გამზირის (ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ღირებულება- 8,781,045 ლარი.
- რუსთაველის გამზირის (ზ.ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ღირებულება – 6,812,435 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 24 დეკემბერს გამოცხადებული ოთხი ტენდერიდან ორი პრეტენდენტების არ არსებობის მიზეზით ჩაიშალა. შესაბამისად, ალექსანდრე ჭავჭავაძიდან ჭიჭინაძის ქუჩამდე მონაკვეთისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად თბილისის მერიას ელ.ტენდერების გამოცხადება თავიდან მოუწია.
თბილისის მერიამ აღნიშნული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ორი ახალი ელ.ტენდერი 2025 წლის 15 იანვარს გამოაცხადა, მათი სავარაუდო ღირებულება იგივეა. ტენდერები ახლა წინადადებების მიღების ეტაპზეა, შესაბამისად, ჯერ-ჯერობით პრეტენდენტი არ ჰყავს.
კიდევ ერთი ტენდერი, რომელსაც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ჰყავდა, კომპანიის დისკვალიფიკაციის გამო უარყოფითი შედეგით დასრულდა. სავარაუდოდ, თბილისის მერია აღნიშნულ შესყიდვასაც თავიდან გამოაცხადებს.
საინტერესოა, რომ პირველ ტენდერს, რომელიც რუსთაველის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას შეეხება, ორი პრეტენდენტი ჰყავს, შპს სმარტ სოლუშენს და შპს დინ გრუპი. აღნიშნული ორი კომპანიიდან უფრო დაბალი ფასი შპს დინ გრუპს ჰქონდა შეთავაზებული, თუმცა მოგვიანებით მისი დისკვალიფიკაცია მოხდა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
აღსანიშნავია, რომ შპს სმარტ სოლუშენს და შპს დინ გრუპი ა(ა)იპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” წევრი კომპანიები არიან. მართალია, აღნიშნული ტენდერის გამარჯვებული ჯერ გამოვლენილი არ არის და შესაბამისად ხელშეკრულებაც არ გაფორმებულა, თუმცა, სავარაუდოა, რომ შპს დინ გრუპის დისკვალიფიკაციისა და სავარაუდოდ ხელოვნური კონკურენციის შექმნის შედეგად, გამარჯვებული სწორედ ასოციაციის მეორე წევრი კომპანა- შპს სმარტ სოლუშენსი გახდება.
რაც შეეხება უშუალოდ კომპანიას, შპს სმარტ სოლუშენს 2015 წელს დაარსებული კომპანიაა. მისი საქმიანობის ძირითადი სფერო კი გზებისა და ავტობანების მშენებლობაა. კომპანიის ბოლო, 2025 წლის ამონაწერის თანახმად, შპს სმარტ სოლუშენს ორი დირექტორი ჰყავს, ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა, ამასთანავე, ლევან გოგსაძე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელიც არის. კომპანიის ორივე დირექტორი პარტია “ქართული ოცნების” შემომწირველია. გურამ კეკუამ 2020 წელს პარტიას 1,200 ლარი შეწირა, ხოლო ლევან გოგსაძემ 2016 წელს – 37,950 ლარი.
კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში 2017 წლიდან მონაწილეობს. ჯამში 74 ელ.ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 16 შემთხვევაში მასთან გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 57,100,040 ლარია.
ა(ა)იპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” ერთ-ერთი მთავარი მისიაა წევრი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია. ფაქტია, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები ხშირად მონაწილეობენ ერთად ელ.ტენდერებში, რითიც ხელოვნურ კონკურენციას ქმნიან, ან სრულად უკონკურენტო გარემოში ახერხებენ შესყიდვებში გამარჯვებას.
ტენდერები:
NAT250000577
NAT250000576
NAT240025915
NAT240025914





