ვალი არის ერთდროულად შესაძლებლობა და ტვირთი. სახელმწიფო ვალი ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს საკუთარი წარმოება და გაზარდოს ეკონომიკა. თუმცა სახელმწიფომ იმაზე მეტი ვალი არ უნდა აიღოს, ვიდრე გადახდა შეუძლია.
სახელმწიფო ვალი არის ქვეყნის მთავრობის, ცენტრალური ბანკისა და მთავრობის გარანტიებით კერძო სექტორის მიერ აღებული ვალების ჯამი და როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალებს მოიცავს. რამდენად მძიმე ტვირთია სახელმწიფო ვალი, ამას განსაზღვრავს მისი თანაფარდობა ქვეყნის ეკონომიკასთან. საქართველოში კანონით არის განსაზღვრული, რომ სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს ვალი 60%-იან ნიშნულამდე არ მისულა, თუმცა მზარდი ტენდენცია აქვს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვალი ნამდვილი საჭიროებებით იყოს განპირობებული და ყაირათიანად იხარჯებოდეს.
საგარეო ვალს შეუძლია ქვეყანას სარგებელი მოუტანოს, ახალი ინფრასტრუქტურის და პერსპექტივების გაჩენით, თუმცა ვალს გადახდა უნდა. გადახდა კი ადვილია, როცა ნახესხები რესურსით გაკეთებულ პროექტებს ეკონომიკისთვის დამატებითი სარგებელი მოაქვს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელიც საგარეო ვალის განხილვისას ჩნდება, სწორედ შესრულებასთან არის დაკავშირებული: რამდენად გონივრულად და ეფექტურად იყენებს სახელმწიფო ფულად რესურსს, რომელიც ვალით მიიღო?
2024 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით საქართველოს საგარეო ვალმა 24,658,717 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 17.8 მილიარდი მთავრობის, ხოლო 1 მილიარდი ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის ვალია. ბოლო 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს საგარეო ვალი 22-დან 25 მილიარდ ლარამდე მერყეობდა.
- 2020 – 24.7 მილიარდი ლარი
- 2021 – 25.4 მილიარდი ლარი
- 2022 – 22.5 მილიარდი ლარი
- 2023 – 23.9 მილიარდი ლარი
- 2024- 24.6 მილიარდი ლარი
საქართველოს საგარეო ვალი ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება. სახელმწიფოს მიერ მიღებული საგარეო ვალი ძირითადად 2 მიმართულებით, საინვესტიციო და ბიუჯეტის მხარდაჭერის მიმართულებით ნაწილდება. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს, საინვესტიციო კრედიტებისგან განსხვავებით, წინასწარ განსაზღვრული მიზნობრიობა ძირითად შემთხვევაში არ გააჩნია და ბიუჯეტის მიმდინარე საჭიროებების დაფინანსებას ემსახურება.
თუმცა, განსხვავებულია საინვესტიციო მიმართულება: საინვესტიციო მიმართულება დიდწილად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს, რომლებსაც მაღალი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის განვითარებისთვის და შესრულების და თანხის ათვისების ვადები სხვა დეტალებთან ერთად წინასწარ არის განსაზღვრული.
მიუხედავად ამისა, წლების სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ სესხით დაფინანსებული პროექტების ათვისება მთავრობისათვის ყოველთვის პრობლემურია. მაგალითად, 2018-2023 წლებში ვალის აუთვისებლობის გამო 30.2 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია. სახსრების აუთვისებლობის გამო თანხების გადახდა საჭირო გახდა ისეთი მნიშვნელობის პროექტებზე, როგორიც არის თბილისის ავტობუსების პროექტი, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და კრიზისიდან გამოყვანის პროექტი, კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი და რეგიონალური განვითარების პროექტი.
საინტერესოა, რა მდგომარეობაა უახლესი მონაცემების, ანუ 2024 წლის მიხედვით. 2024 წლის 8 თვის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით სესხით/ვალით დაფინანსებულ პროექტებს შორის, რომლებიც კვლავ დაბალი ათვისებით ხასიათდება, შემდეგი პროექტები მოხვდა:
| პროექტი | 9 თვის გეგმა (ლარებში) | 8 თვის ათვისება |
| ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია | 33 მილიონი | 24.9% |
| ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია | 41 მილიონი | 48.7% |
| თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა | 135 მილიონი | 49.5% |
| ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენდასაფრენი ბილიკის მშენებლობა | 25 მილიონი | 0% |
| იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება | 43 მილიონი | 3% |
| საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება | 1.7 მილიონი | 23% |
აუთვისებელი ან დაბალი ათვისების პროექტების ჩამონათვალი ყოველწლიურად მოიცავს ისეთ პროექტებს, რომლებიც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებთან, მოსახლეობის უსაფრთხოებასა თუ კეთილდღეობასთან.
შეიძლება ითქვას, რომ ასეთივე მნიშვნელობის პროექტს განეკუთვნება ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 2 წელში უნდა დასრულებულიყო და ჯერაც დაუსრულებელია.
გზის სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიზნით პირველი კონტრაქტორი კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, იტალიური კომპანია Todini იყო. მასთან 110 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა, რის გამოც 2020 წლის ოქტომბერში ის ახალმა კონტრაქტორმა “სინოჰიდრომ” ჩაანაცვლა. ამჯერად ხელშეკრულების ღირებულებამ 95,689,302 ლარი შეადგინა, პროექტის განხორციელების ვადა კი 2 წელი განისაზღვრა. იმის გამო, რომ სამუშაოები ვადაგადაცილებით და დაბალი ათვისებით მიმდინარეობდა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის იანვარში “სინოჰიდროსთან” კონტრაქტი შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ შერჩეული კონტრაქტორი კომპანიების სამუშაოების გათვალისწინებით, ვადების დარღვევა მოსალოდნელი და სავარაუდო იყო. მაგალითად, 2018 წელს, პირველ ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია ასევე, ასრულებდა 2017 წელს წამოწყებულ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის სამუშაოებს. შესაბამისად, სახელმწიფო გზების დეპარტამენტისთვის კარგად იყო ცნობილი კომპანიის მიერ ვადების დარღვევის ფაქტები. აღსანიშნავია, ისიც, რომ ტენდერში სულ 4 კომპანია მონაწილეობდა, საიდანაც ერთ-ერთი, Sadeem al Kuwait for General Trading & Contracting Company სამუშაოების შესრულებისთვის ტოდინზე 20 მილიონი ლარით ნაკლებს, 90 მილიონს ითხოვდა. “ტოდინი” კი 110 მილიონს.
რაც შეეხება, მეორე კონტრაქტორ კომპანიას “სინოჰიდროს”, ამ შემთხვევაში ალბათ კიდევ უფრო ნათელი იყო მოსალოდნელი საფრთხეები. როგორც, ifact-ი აღნიშნავს კომპანიის შესახებ, “კორპორაცია სინოჰიდრო” მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კორუფციაშია მხილებული. მას “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მალაიზიის ოფისმა “კორუფციის ძეგლი” უწოდა. აზიისა და მსოფლიო განვითარების ბანკებმა სხვადასხვა წელს შავ სიაში შეიყვანეს არაჯეროვანი და კორუფციული საქმიანობისთვის. ყირგიზეთში უხარისხო მშენებლობისთვის 2.2 მილიონი დოლარით დააჯარიმეს. სომხეთსა და ბოტსვანაში ტენდერები შეუწყვიტეს. ჩინურმა კომპანია სინოჰიდრომ საქართველოს გარემოს 2.8 მილიონამდე ლარის ზიანი მიაყენა. ამისთვის 2013 წლიდან დღემდე 49 ათასი ლარით დაჯარიმდა.
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის მაგალითზე კარგად ჩანს ის პრობლემები, რომლის გამოც სესხის დროული და ეფექტური ათვისება ვერ ხდება. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.
ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისების პრობლემებზე სახელმწიფო აუდიტის ანაგიშშიც ვკითხულობთ: 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიის თანახმად, აუდიტი “პროექტების სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს, რაც გავლენას ახდენს მათი განხორციელების პროცესზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, აუთვისებელი რესურსის ან ფაქტობრივი ხარჯის გეგმაზე მნიშვნელოვან გადაჭარბებაში გამოიხატება”.
ამასთანავე, აღნიშნავს რომ 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული 99 ინფრასტრუქტურული პროექტიდან ცალკეული პროექტების 99 შემთხვევაში ადგილი აქვს როგორც ნულოვანი ათვისების, ასევე დაბალი ათვისების ტენდენციებს. კერძოდ:
- 7 პროექტის შემთხვევაში, ჯამური გეგმით 54.8 მლნ ლარი, საერთოდ არ მომხდარა გეგმით გათვალისწინებული სახსრების ათვისება;
- 25 პროექტის შემთხვევაში ათვისებული იქნა გამოყოფილი დაფინანსების 80%-ზე ნაკლები. აღნიშნული პროექტებიდან 10 პროექტი 2022 წელსაც დაბალი ათვისებით ხასიათდებოდა.
- 2015-2020 წლებში გაფორმებული 11 საინვესტიციო სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ათვისებულმა თანხამ 124.3 მლნ ევრო შეადგინა, რაც ხელშეკრულებებით ჯამურად გათვალისწინებული თანხის 18.3%-ია (ჯამური თანხა 679 მლნ ევრო).
რაც შეეხება აუთვისებლობის მიზეზებს, აუდიტი შემდეგ პრობლემებს გამოარჩევს :
- პროექტის დაგეგმვის ეტაპზე არსებული ხარვეზები, მათ შორის, პროექტთან დაკავშირებული გარემოებების არასათანადო შესწავლა, რაც შემდგომში იწვევს პროექტის დროში გაჭიანურებას ან/და მასში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას.
- ტენდერის ჩაშლა, რაც გამოწვეულია პრეტენდენტების დაბალი ინტერესით ან შესაბამისი კვალიფიკაციის არ ქონით. ასევე, ტენდერის გამოცხადების დროში გაჭიანურება, რაც მათ შორის, უშუალოდ ტენდერის გამოცხადებამდე სპეციფიკაციების დაზუსტების საჭიროების წარმოქმნას უკავშირდება;
- კონტრაქტორი კომპანიების მიერ სამუშაოების არაჯეროვანი შესრულება.
შეჯამება
საქართველოს სახელმწიფო ვალი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს და ამ დროს, სახელმწიფოს არაჯეროვანი საქმიანობის გამო, ვალით დაფინანსებული პროექტები დროში ჭიანურდება და ზოგიერთ შემთხვევებში არც სრულდება. კონტროლის ნაკლებობა კომპანიებისგან სამუშაოს არაჯეროვან შესრულებას განაპირობებს. ეს ქვეყნის ბიუჯეტს აზარალებს. კონტრაქტორი კომპანიების გარდა, ამ შემთხვევაში იკვეთება სახელმწიფოს ბრალეულობაც.
ტენდერის დროს, სწორედ სახელმწიფოს ეკისრება შეფასების უფლებამოსილება. მან უარი თქვას ხელშეკრულების გაფორმებაზე კომპანიებთან, რომლებიც კორუფციაში, თუ საქმის არაჯეროვან შესრულებაში არიან შემჩნეულნი და დაბალი რეპუტაციით სარგებლობენ.
საბოლოოდ, ყველაზე მეტად ქვეყნის მოსახლეობა ზარალდება. გრძელვადიანი ზიანი იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობა ჯიბიდან ფარავს ცუდად შესრულებული საქმის, ანაც მათი შეუსრულებლობის ხარჯებს. ამას მყისიერი დისკომფორტიც ერთვის თავს, როგორიცაა ინფრასტრუქტურით სარგებლობის შეუძლებლობა და გაჭიანურებული სამუშაოების თანმდევი სხვა გამოწვევები.
პუბლიკაცია მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) მოქმედებს სრული სარედაქციო დამოუკიდებლობით და პასუხისმგებელია მასალის შინაარსზე.





