10 დეკემბერს პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღეს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვით ბიუჯეტი 27,941,729 მილიარდი ლარი იქნება, საიდანაც ამავე დოკუმენტის მიხედვით საბიუჯეტო სახსრები 25,601,091 ლარია, გრანტი – 59,909,000 ლარი, ხოლო კრედიტის წილი – 1,225,850 ლარია.
სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულ შტატიან თანამშრომელთა ჯამური რიცხვი 1,665 ადამიანით გაიზრდება და 117,004 ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენები მაჩვენებელი 2024 წლისას 1,665 ადამიანით, ხოლო 2023 წლისას 3,326 ადამიანით აღემატება.
2025 წელი – 117,004 შტატიანი მოხელე;
2024 წელი – 115,339 შტატიანი მოხელე;
2023 წელი – 113,678 შტატიანი მოხელე.
ამასთან ერთად, 2024 წელთან შედარებით 457,718.400 ლარით იზრდება საჯარო სექტორისთვის განკუთვნილი ჯამური ხელფასების ოდენობა და 3,034,999,800 მილიარდ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ხელფასების ზრდას, საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ 2026 წლამდე, ყოველ წელს, საჯარო მოხელეების ხელფასები მინიმუმ 10%-ით გაიზრდება. ამის შესახებ, 2022 წელს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული დაადასტურა 2024 წლის ნოემბერში ირაკლი კობახიძემაც. მან განაცხადა, რომ საჯარო მოხელეებისთვის 10%-იანი ზრდა 2025 წლის ბიუჯეტში უკვე ასახული იქნებოდა.
სამი მოსმენით მიღებული 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამინისტროებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით 2024 წელთან შედარებით დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს ეზრდება.
ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 990,850,000 მილიონი ლარით იზრდება და 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 8,820,000,000 მილიარდი ლარი იქნება. 2023 წელთან შედარებით მატება 1,702,240,000 ლარით.
შემდეგი უწყება ყველაზე დიდი ზრდით განათლების სამინისტროა. 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 3,085,000,000 მილიარდი ლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წელთან შედარებით დაფინანსება 576,956,000 მილიონი ლარით გაიზრდება.
დაფინანსების ზრდის მხრივ მესამე სამინისტრო კი თავდაცვის სამინისტროოა. ძალოვანი იწყების დაფინანსება 2024 წელთან შედარებით 350,000,000 მილიონი ლარით იზრდება და 1,730,000,000 მილიარდ ლარს შეადგენს.
146,009,000 მილიონი ლარით იზრდება 2025 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსები და 947,009,000 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქვეპროგრამისთვის “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება” უწყების დაფინანსება 53,400,000 ლარიდან 154,000,000 ლარი გახდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წელთან შედარებით დაფინანსება 120,100,000 მილიონი ლარით ეზრდება და 2025 წელს უწყებისთვის 808,100,000 მილიონი ლარი განისაზღვრა. ამასთან, ამავე პერიოდთან შედარებით სამინისტროში დასაქმებულთა რიცხვი 398 ადამიანით გაიზრდება და 4,123 ადამიანს შეადგენს. ცნობისთვის, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით დასაქმებულთა რიცხვი მხოლოდ 28 ადამიანით გაიზარდა.
ერთადერთი სამინისტრო, რომელსაც დაფინანსება შეუმცირდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა. უწყებას დაფინანსება 275,700,000 მილიონი ლარით შეუმცირდება და 2025 წელს სამინისტროს დაფინანსება 3,125,000,000 მილიარდი ლარი ექნება.
მაგალითისთვის, 341,000,000 მილიონი ლარით მცირდება დაფინანსება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეპროგრამისთვის “საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები”. ასევე, ამავე უწყების ქვეშ გაჩნდა ახალი ქვეპროგრამა “სპორტული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი ღონისძიებები”, რომლის დაფინანსებადაც 200,000,000 მილიონი ლარი განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 226,000,000 ლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წელთან შედარებით დაფინანსება 16 მილიონი ლარით იზრდება, ხოლო 2023 წელთან შედარებით 46,154,000 ლარით.
სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება.
ასევე, გამოსარჩევია, სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს დაფინანსების ზრდა. 2025 წელს სსიპ-ის დაფინანსება 13,200,000 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ გასულ წელთან შედარებით 5,200,000 ლარით გაიზრდება. ამასთან ერთად, დასაქმებულების ზრდასთან ერთად, 2025 წელს 3,193,000 ლარით გაიზრდება დასაქმებულთა ჯამური ხელფასები – 7,793,000 მილიონი ლარი 121 ადამიანისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის პირველადი მიზანი კორუფციასთან ბრძოლა და ასეთი ფაქტების მხილება/გასაჯაროებაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიურო ამ მიზანს არ ასრულებს.
მხოლოდ ფლანგვის დეტექტორის შემთხვევაში, ორგანიზაციამ 23 აპრილს მიმართა ანტიკორუფციულ ბიუროს, გაეცათ საჯარო ინფორმაცია იმის თაობაზე, თანამდებობის რომელ პირებს გამოუვლინდათ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისას შეუსაბამობები. მათ პასუხად იცრუეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ისედაც განთავსებული იყო ანგარიშში, რის შემდეგაც 29 აპრილს ჩვენ მათთან დამაზუსტებელი წერილი გავგზავნეთ, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.
ამასთან ერთად, უკვე დაახლოებით ორ კვირაზე მეტია ანტიკორუფციულმა ბიურომ თანამდებობის პირების ფინანსურ დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდა – მათი ნახვა ავტორიზაციის გავლის გარეშე შეუძლებელი გახდა.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ანტიკორუფციული ბიურო სრულიად დაშორებულია იმ მიზანს, რისთვისაც თავდაპირველად შეიქმნა.
დასკვნა
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტად დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს ეზრდება და უწყების ბიუჯეტი 8,820,000,000 მილიარდი ლარს შეადგენს.
ასევე მინიმუმ 10%-ით იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები. ქართულ ოცნებას განსაზღვრული აქვს, რომ მინიმუმ 2026 წლამდე ყოველ წელს მოხელეების ხელფასი 10%-ით გაიზარდოს.
ტრადიციულად იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტიც. 2020 წლიდან დღემდე სუს-ის დაფინანსება დაახლოებით 100 მილიონი ლარით გაიზარდა.
პუბლიკაცია მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) მოქმედებს სრული სარედაქციო დამოუკიდებლობით და პასუხისმგებელია მასალის შინაარსზე.





