მიხეილ ყაველაშვილი

2024 წლის 27 ნოემბერს “ქართული ოცნების” “საპატიო” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატას მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. 

მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი ფეხბურთელია, თუმცა 2016 წლიდან ის “ქართული ოცნებისა” და საქართველოს პარლამენტის წევრია. ყაველაშვილი 2016 წლიდან მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის ოქტომბერში მან ოცნების სხვა წევრებთან ერთად მოძრაობა, “ხალხის ძალა” დააფუძნა. მოძრაობა თავიდანვე გამოირჩეოდა ანტიდასავლური განცხადებებით. 

საინტერესოა, რომ ე.წ რუსული კანონი პირველად 2023 წელს სწორედ “ხალხის ძალამ” დააინიცირა. ყაველაშვილი კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ კანონის მიზანი მხოლოდ ის იყო, საზოგადოებას სცოდნოდა, თუ საიდან ფინანსდებიან და რა მიზანს ემსახურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. 2023 წელს აგენტების კანონი საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ გაიწვიეს, რადგან ევროკავშირი ცალსახად აღნიშნავდა, რომ აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგებოდა 12 რეკომენდაციის პრინციპებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. 2024 წელს რუსული კანონი “ქართულმა ოცნებამ” მეორედ დააინიცირა, მიხეილ ყაველაშვილმა კანონპროექტის მიღებას სამივე მოსმენაზე დაუჭირა მხარი. კანონი პირველ აგვისტოს ამოქმედდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ე.წ. რუსული კანონის ინიციატორი და მხარდამჭერი იყო, ამავდროულად მისგან ხშირად გვესმის ანტი-დასავლური განცხადებებ და ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ევროკავშირისგან დაშორების პროცესში, მისი ორი შვილი საქართველოს საზღვრებს გარეთ დაიბადა, მარიამ ყაველაშვილი ინგლისში, მანჩესტერში, ხოლო გურამ ყაველაშვილი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დაიბადა. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს უმაღლესი განათლება არ მიუღია. პარლამენტის ოფიციალურ ვებ.გვერდზე ყაველაშვილის განათლების გრაფა ცარიელია, სამუშაო გამოცდილებაც ძირითადად მის საფეხბურთო კარიერას უკავშირდება. მართალია, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა სავალდებულო არ არის, მათ შორის არც საშუალო (სკოლის) განათლების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა, თუმცა გაუნათლებელი პარლამენტარის პრეზიდენტად დანიშვნა საკმაოდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებშიც. 

საინტერესოა, რა ქონებას და ბიზნესს ფლობს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. 

მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მოქალაქეებისთვის ჩაკეტა დეკლარაციების ვებ.გვერდი და ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის მიხეილ ყაველაშვილის ბოლო დეკლარაცია, “ფლანგვის დეტექტორს” არა ერთი კვლევა აქვს ჩატარებული მისი ქონებრივი თუ ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, გთავაზობთ, ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას ყაველაშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. 

ბოლო დეკლარაციის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთ უძრავ ქონებას 2007 წელს 22,000 აშშ დოლარად, გაბაშვილის ქუჩაზე შეძენილი 88 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი წარმოადგენს. დეკლარაციაში მას სხვა ქონება მითითებული არ აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთი შემოსავლის წყარო მისი ანაზღაურება იყო, რომელიც 49,416 ლარს შეადგენდა. 

დეპუტატისა და პრეზიდენტობის კანდიდატის დეკლარაცია დიდწილად ცარიელია, თუმცა საინტერესოა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მართლაც არ ფლობს სხვა ქონებას, თუ უბრალოდ საზოგადოებისგან ცდილობს მის დამალვას?

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ მიხეილ ყაველაშვილის დეკლარაცია 2019 წელს შეამოწმა და არაერთი დარღვევა დააფიქსირა, დარღვევები ძირითადად საბანკო ანგარიშებისა და მიღებული ანაზღაურების დამალვას შეეხებოდა. საჯარო სამსახურის ბიურომ ყაველაშვილი ორჯერ, 2017 და 2019 წლებში დეკლარაციების არასწორად შევსების გამო დააჯარიმა. ჯარიმების ოდენობა 2108 ლარს შეადგენდა. 

“ფლანგვის დეტექტორმა” ასევე შეისწავლა მიხიელ ყაველაშვილის ნავთობის ბიზნესი ციურიხში. კერძოდ, ყაველაშვილმა 2009 წლის ოქტომბერში სხვა პარტნიორებთან ერთად შვეიცარიაში კომპანია GTL Oil trade and invest gmnh დააარსა. კომპანიის საქმიანობის სფეროს ნავთობით ვაჭრობა, ნავთობის ბიზნესში ინვესტირება, ასევე ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული ნებისმიერი კომერციული ან ფინანსური საქმიანობა წარმოადგენდა. ყაველაშვილი კომპანიის 24,5%-იან წილს ფლობდა, მისი ბიზნესპარტნიორები კი გია და გოჩა მახათაძეები იყვნენ. 

2020 წელს კომპანიამ ლიკვიდაციის პროცესი გაკოტრების საფუძვლით დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას აქტივები არ გააჩნდა, 2021 წელს შვეიცარიის სასამართლომ გაკოტრების საქმის წარმოება შეწყვიტა. საბოლოოდ, კომპანიის ლიკვიდაცია 2023 წლის მარტში მოხდა. სავარაუდოა, რომ კომპანიამ გადასახადების დაფარვა შეძლო, თუმცა მიხეილ ყაველაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში ამასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ მოიძებნება. 

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ჯერ რუსული კანონის ინიცირებით, შემდეგ კი მისი მხარდაჭერით ითხოვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიისგან გამჭვირვალობას, ის თვითონ ამბობს უარს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და დეკლარაციას წლებია არაკეთილსინდისიერად ავსებს. ამასთანავე, მიხეილ ყაველაშვილი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ევროკავშირისგან დაშორების პროცესში, მისი შვილები კი ევროპის ქვეყნებში დაიბადნენ.

მსგავსი სტატიები