მერიამ ₾400 ათასზე მეტი სარესტორნო და სასტუმროს მომსახურება ოცნების შემომწირველებისგან შეიძინა

თბილისის მერია წლიდან წლამდე ათასობით ლარს ხარჯავს სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებების გამარტივებული შესყიდვების გზით შესაძენად. გამონაკლისი არც 2024 წელია. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც შემსყიდველი საჯარო უწყება/მუნიციპალიტეტი ყოველგვარი კონკურსისა და ელ.ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკებების გზით აფორმებს კომპანიასთან ხელშეკრულებას. გამარტივებული შესყიდვების გამოცხადება მიზანშეწონილი და გამართლებულია ისეთ შემთხვევებში, თუ მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმება გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული ან საქმე ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ეხება. 

საქართველოში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე კი შეიძლება ითქვას, რომ გამარტივებული შესყიდვების გზით ხელშეკრულებების გაფორმება ხშირად სცდება ფორს-მაჟორულ სიტუაციებს და საქმე კორუფციულ შემთხვევებთან გვაქვს. ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც გამარტივებული შესყიდვების გზით ხელშეკრულება ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან იდება, რაც თავის მხრივ კორუფციის რისკებსაც ზრდის. 

გამონაკლისი არც თბილისის მერიაა, მხოლოდ 2024 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით თბილისის მერიამ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებების შესაძენად გამარტივებული გზით 400,249 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. 

თბილისის მერია სარესტორნო თუ სასტუმრო მომსახურებას სხვადასხვა მიზნით ყიდულობდა. ხშირად ხელშეკრულებები უცხოელი სტუმრების დახვედრისა და მასპინძლობისთვის ფორმდებოდა, ასევე ისეთი ღონისძიებების ჩასატარებლად, როგორებიცაა ტურიზმის ხელშეწყობა, გიდების დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება, ეკონომიკური განვითარების ფორუმი და უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული, რომლის ორგანიზებასა და კვების მომსახურების შესაძენად თბილისის მერიამ 30,000 ლარი დახარჯა. 

საინტერესოა, რომ თბილისის მერია აღნიშნულ მომსახურებებს ისეთი რესტორნებისა და სასტუმროებისგან ყიდულობდა, როგორებიცაა სასტუმრო პარაგრაფი, წისქვილი ჯგუფი, კოპალა, აგროჰაბი, ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი და სხვ. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ კომპანიების გარკვეული ნაწილი, რომლებთანაც თბილისის მერია გამარტივებული გზით აფორმებს ხელშეკრულებებს, მმართველი პარტიის შემომწირველია. 

2024 წელს თბილისის მერიამ ორი ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება გამარტივბული შესყიდვის გზით შპს პარაგრაფ თბილისი სითისთან გააფორმა. 

თბილისის მერიამ კომპანიას ორ შესყიდვაში 98,890 ლარი გადაუხადა. კომპანიის დირექტორი, მაკა შამუგია, მმართველი პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. მან ქართულ ოცნებას 2016 და 2021 წლებში ჯამში 70,000 ლარი შესწირა, 2018 წელს კი სალომე ზურაბიშვილს- 25,000 ლარი. 

აღსანიშნავია, რომ შპს პარაგრაფის 100%-იანი წილის მფლობელი შპს თბილისი სითია, კომპანიის ახლანდელი დირექტორი, შოთა ხიზანიშვილი, ქართულ ოცნებას 2012 წლიდან წირავს ფულს. 2012-2021 წლებში შოთა ხიზანიშვილმა ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 46,800 ლარი შესწირა. ამავდროულად, შპს თბილისი სითის 100%-იანი წილის მფლობელი შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია, აღნიშნული კომპანიის დირექტორმა, გიორგი ბადრიაშვილმა, ქართულ ოცნებას 2020-2021 წლებში 90,000 ლარი შესწირა. შპს ტურიზმის განვითარების ფონდის 100%-იანი წილის მფლობელი ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი ქართუა. ფონდი ქართუს გამგეობის წევრმა, კახა კობიაშვილმა, მმართველ პარტიასა და სალომე ზურაბიშვილს 2016-2023 წლებში ჯამში 260,000 ლარი შესწირა, ხოლო გამგეობის მეორე წევრმა, ნატო ხაინდრავამ, 2012-2024 წლებში – 492,600 ლარი. 

კიდევ ერთი ასეთი კომპანია სს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი– ემ|გრუპ არის. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ივანე ნიკოლაიშვილმა, მმართველ პარტიას 2016 წელს 40,000 ლარი შესწირა.

შპს წისქვილი ჯგუფის მეწილეებიც მმართველ პარტიის შემომწირველები არიან. ლაშა ჩხაიძემ, ოთარ ლოლაშვილმა და შოთა საღლიანმა 2016 წელს ქართულ ოცნებას 1,600 ლარი შესწირეს. სამივე მათგანმა შემოწირულობა ერთი და იგივე დღეს განახორციელა. 

საინტერესოა, რომ თბილისის მერია ისეთ კომპანიებთანაც აფორმებს ხელშეკრულებებს, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებულები. ერთ-ერთი ასეთი კომპანია შპს ხედია. კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება სვეტლიცაა. შპს კოპალა 5-ის 100%-იანი წილის მფლობელი, სოფიო კოპალეიშვილიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. 

ფაქტია, რომ თბილისის მერია გამარტივებული გზით ძირითადად იმ რესტორნებისა და სასტუმროებისგან ყიდულობს მომსახურებას, რომლებიც მმართველი პარტიის შემომწირველები არიან.

პუბლიკაცია მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) მოქმედებს სრული სარედაქციო დამოუკიდებლობით და პასუხისმგებელია მასალის შინაარსზე.

მსგავსი სტატიები