„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ შპს „ლ.და.კ-ს“ მოგებული არაერთი ტენდერის დასრულების თარიღი ხანგრძლივი ვადით, ზოგ შემთხვევაში სამი წლითაც კი გადაუწია. მიუხედავად ამისა, კომპანიამ „ლ.და.კ-ს“ ₾25.4 მილიონი გადაუხადა. ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასა და მოწყობას ეხებოდა.
შპს „ლ.და.კ“ – მოკლე მიმოხილვა
შპს „ლ.და.კ“ 2007 წელს დაარსდა. მისი ამჟამინდელი მფლობელი დავით კაპანაძეა, ხოლო კომპანიის დირექტორი – კობა ლომიძე. დავით კაპანაძეს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 95,000 ლარი აქვს შეწირული. კომპანიის ძირითად საქმიანობას სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წარმოადგენს. 2022 წელს კომპანია მიმწოდებელთა შავ სიაშიც მოხვდა, რადგან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან“ გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულება ვერ შეასრულა.
შპს „ლ.და.კ“ 2024 წლის 8 ივლისს მიმწოდებელთა თეთრ სიაში შეიყვანეს. თეთრი სია იგივე კვალიფიციური მიმწოდებელთა რეესტრია, რომელშიც არსებული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას გამარტივებული პროცედურებით სარგებლობენ. თეთრ სიაში მოსახვედრად კომპანია გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, იმასაც, რომ კომპანიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული გაფრთხილება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ასევე ერთი წელი უნდა იყოს გასული შავ სიაში ყოფნის ბოლო თარიღიდან.
დაგვიანებული და შეუსრულებელი ტენდერები
შესავალში განხილული ტენდერები შპს „ლ.და.კ-მ“ 2020-2021 წლებში მოიგო. შემსყიდველი სახელმწიფო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ იყო. აღსანიშნავია, რომ „ლ.და.კ-ს“ წყალმომარაგების კომპანიამ ერთი ტენდერის შემთხვევაში ვადები არ გადაუწია და მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, თუმცა სხვა 6 ტენდერის შემთხვევაში მსგავსი რამ არ მომხდარა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შპს „ლ.და.კ-ს“ აღნიშნულ ტენდერებში ჯამში ₾25,453,616.46 გადაუხადა.
„ფლანგვის დეტექტორი“ გიზიარებთ თითოეულ ასეთ შემთხვევას:
სოფელი ნატანები
2020 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ლ.და.კ“ იღებდა ვალდებულებას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ნატანებში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო. პროექტი 2021 წლის 17 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში დასრულების ვადა 15-ჯერ შეიცვალა და მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, წყალმომარაგების კომპანიამ დამთავრებული სამუშაოები 2024 წლის 18 იანვარს ჩაიბარა. გამოდის, რომ სოფელი ნატანების შემთხვევაში სამუშაოები 3 წლისა და 1 თვის შემდეგ დასრულდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მიმწოდებელს ₾3,510,888.28 გადაუხადა.
კასპი და ქარელი
2021 წლის 27 იანვარს შპს „ლ.და.კ“, სხვა სამი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ, გამოცხადდა გამარჯვებულად ტენდერისა, რომლის ფარგლებშიც კასპსა და ქარელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულებულიყო.
2021 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 2022 წლის 12 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში სამუშოას დასრულების ვადა 16-ჯერ შეიცვალა. დღეისათვის ტენდერის დასრულების თარიღად 2024 წლის 27 დეკემბერია განსაზღვრული. გამოდის, რომ კასპსა და ქარელში შესასრულებელი სამუშაოები თუ ამა წლის 27 დეკემბერს დასრულდება, პროექტის დასრულება 2 წლით და 4 თვით დაგვიანდება. ბოლო მონაცემებით, კომპანიისთვის უკვე ₾3,194,728.68-ია გადახდილი.
ხარაგაული
2020 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული 3,916,930.67 ლარის ღირებულების ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ლ.და.კ-ს“ ხარაგაულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და მშენებლობა უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულების მოქმედების თავდაპირველი ვადა 2021 წლის 13 აგვისტო იყო, თუმცა ხელშეკრულებაში ვადა 23-ჯერ შეიცვალა და საბოლოოდ 2024 წლის 3 აგვისტო განისაზღვრა. მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ კომპანიამ სამუშაოები 2024 წლის 31 ივლისს დაასრულა, რაშიც ₾3,652,649.70 გადაუხადეს. გამოდის, რომ სამუშაოები განსაზღვრულ ვადაზე თითქმის სამი წლის შემდეგ დასრულდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ტენდერში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ, 2020 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ლ.და.კ-სა“ და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ შორის, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ფარცხანაყანევისა და მუხიანის მაგისტრალურ მილსადენებზე მიერთებული აბონენტების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობას ითვალისწინებდა. ხელშეკრულების ღირებულება ₾6,996,632.88 იყო, ხოლო მოქმედების ვადად 2022 წლის 3 დეკემბრად განისაზღვრა. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ცვლილება რვაჯერ შეიტანეს, ბოლო ჯერზე კი მოქმედების ვადა 2023 წლის 14 დეკემბერი იყო. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, სამუშაოები კომპანიამ 2023 წლის 10 ოქტომბერს დაასრულა, რაშიც ₾6,981,118.00 მიიღო.
აღნიშნულ შემთხვევაში პროექტი ერთ წელზე ნაკლები პერიოდის გადაცილებით დასრულდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტი
2020 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ლ.და.კ“ იღებდა ვალდებულებას, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში წყალმომარაგების სისტემა დაეპროექტებინა, შემდეგ კი აეგო. ტენდერის ღირებულება ₾4,213,556.05 იყო, ხოლო თავდაპირველად ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადა – 2022 წლის 4 მაისი. პროექტის დასრულების ვადა 20-ჯერ შეიცვალა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი კი 2024 წლის 18 ოქტომბერს გაფორმდა.
გაწეული სამუშაოებისთვის შპს „ლ.და.კ-მ“ ₾3,905,744.01 მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ორი წლისა და ხუთი თვის დაგვიანებით დასრულდა.
აბასთუმანი
2021 წლის 7 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ლ.და.კ“ დაბა აბასთუმანში წყალარინების ქსელზე მოსახლეობის დაერთების, საფილტრი სადგურის გამართვასა და წყალმომარაგების სათავე ნაგებობისთვის სალექრის მოწყობის სამუშაოების შესრულების ვალდებულებას იღებდა. ხელშეკრულების ღირებულება ₾1,964,991.79 იყო, მოქმედების საბოლოო ვადად კი 2022 წლის 21 მაისი განისაზღვრა.
მსგავსად სხვა შემთხვევებისა, აღნიშნულ ტენდერშიც ვადამ არაერთხელ, კერძოდ 11-ჯერ გადაიწია, და მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, წყალმომარაგების კომპანიამ დამთავრებული სამუშაოები 2023 წლის 11 სექტემბერს ჩაიბარა.
გამოდის, რომ პროექტი ერთი წლისა და სამი თვის დაგვიანებით დასრულდა. გაწეული სამუშაოებისთვის შპს „ლ.და.კ.-მ“ ₾1,932,802.15 მიიღო.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები
მას შემდეგ რაც ორი კომპანია დისკვალიფიცირდა ტენდერში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შპს „ლ.და.კ-ს“ ხელშეკრულება 2020 წლის 30 დეკემბერს გაუფორმა. ტენდერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოსკალო და გამარჯვება, – წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასა და მოწყობას გულისხმობდა.
ხელშეკრულების ღირებულებად ₾3,283,182.82 განისაზღვრა, პროექტი კი 2022 წლის 15 მაისს უნდა დასრულებულიყო. ტენდერის განმავლობაში ვადა ხუთჯერ გადაწიეს, მოქმედების ვადად ბოლო ცვლილების შედეგად 2023 წლის 15 ოქტომბერი განისაზღვრა.
მიუხედავად ვადის გადაწევებისა, წყალმომარაგების კომპანიამ 2023 წლის 30 ოქტომბერს ხელშეკრულება გაუწყვიტა შპს „ლ.და.კ-ს“. კომპანიის მიერ მიმწოდებლისთვის მიწერილი წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიამ არაერთხელ ითხოვა გადავადება, რომლის მიუხედავად, შპს „ლ.და.ლ-ს“ მიერ სამუშაოები ნელა, არასტაბილურად მიმდინარეობდა და რიგ შემთხვევებში კი სრულად იყო შეჩერებული. ტენდერის ფარგლებში ₾2,275,685.64 შპს „ლ.და.კ-მ“ მიიღო.
ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ტენდერის გარდა, სხვა შემთხვევებში წყალმომარაგების კომპანიამ შპს „ლ.და.კ-ს“ ხელშეკრულებები არ შეუწყვიტა.
წყაროები:
- სოფელი ნატანების ტენდერი – NAT200016363
- კასპისა და ქარელის ტენდერი – NAT200015820
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ტენდერები – NAT200015675
- ხარაგაულის ტენდერი – NAT200011420
- წყალტუბოს ტენდერი – NAT200015750
- დუშეთის ტენდერი – NAT200015902
- აბასთუმნის ტენდერი – NAT210008423
- ტენდერი, რომლის საფუძველზეც შპს „ლ.და.კ“ შავ სიაში შეიყვანეს – NAT210008554
პუბლიკაცია მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) მოქმედებს სრული სარედაქციო დამოუკიდებლობით და პასუხისმგებელია მასალის შინაარსზე.





