ჯეუ გრუპმა ₾14 მილიონის ტენდერები მოიგო უკონკურენტოდ

პროექტების დაგვიანებით ან უხარისხოდ ჩაბარების ისტორიის მქონე შპს “ჯეუ გრუპი” სამგორში, გახოკიძის ქუჩის სამივე მონაკვეთის რეაბილიტაციას ჩაატარებს, რისი წინასწარ განსაზღვრული ჯამური ღირებულება გადასახადების ჩათვლით 14,521,294 ლარია.

თბილისის მერიამ 2024 წლის სექტემბერში სამი სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა.

  1. გახოკიძის ქუჩის  I მონაკვეთის რეაბილიტაცია – 6,114,637 ლარი
  2. გახოკიძის ქუჩის II მონაკვეთის რეაბილიტაცია – 4,734,725 ლარი
  3. გახოკიძის ქუჩის III მონაკვეთის რეაბილიტაცია – 3,671,932 ლარი

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღებისთვის 35 დღე იყო განსაზღვრული, ერთადერთი კომპანია, რომელმაც სამივე ტენდერში მონაწილეობა მიიღო, შპს “ჯეუ გრუპი” იყო და შესაბამისად, სამივეში შესყიდვაში  უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

სამივე ტენდერი გახოკიძის ქუჩის I, II და III მონაკვეთების რეაბილიტაციის მომსახურებებების შესყიდვას შეეხება. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, სამივე შემთხვევაში თანხა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაიფარება.

ამასთან ერთად, თბილისის მერიასა და შპს ჯეუ გრუპს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, სამივე ძალაში 2024 წლის 23 ოქტომბრიდან შევიდა და 2028 წლის ჩათვლის მოქმედებს.

 შპს ჯეუ გრუპი

შპს “ჯეუ გრუპს” უკანასკნელი ამონაწერის მიხედვით, შპს “ჯეუ ჰოლდინგი” ფლობს, რომლის 43-43%-ს გიორგი მარკოიშვილსა და ნინო კიკაბიძეს ეკუთვნის, ხოლო დარჩენილი 14% სააქციო საზოგადოება “ავტოფირმა 6”-ს.

2017 წლის აგვისტოში, კომპანიის ორივე მფლობელმა გიორგი მარკოიშვილმა და ნინო კიკაბიძემ “ქართულ ოცნებას” 25,000-25,000 ლარი შესწირეს.

შპს “ჯეუ გრუპის” მიერ აღებულ და ჩაბარებულ მასშტაბურ პროექტებს, როგორც წესი, თან ახლავს ვადის გადაცილება, ან სამუშაოების უხარისხოდ შესრულება.

მაგალითისთვის, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობისას შპს “ჯეუ გრუპი” სამჯერ დაჯარიმდა საქმის დროულად შეუსრულებლობის გამო. ჯარიმების სრულმა ღირებულებამ 32,500 ლარი შეადგინა

კახეთის გზატკეცილის პროექტი

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, 2019 წელს შპს ჯეუ გრუპი ღიად ჰყავს გაკრიტიკებული მაშინდელ და მოქმედ თბილისის მერს, კახა კალაძეს.

საუბარია, კახეთის გზატკეცილის  მარცხენა და მარჯვენა სათადარიგო ზოლების რეაბილიტაციაზე, რაშიც 15 მილიონი ლარი დაიხარჯა და რაზეც 2019 წელს კალაძემ განაცხადა, რომ სამუშაოები კატასტროფულად არის შესრულებული და “ჭის თავების ირგვლივ არის სრული კატასტროფა და თუ იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებზე თავიდან დახარჯავს ფულს, ძალიან ცდებიან.” მაშინ, თბილისის მერს კომპანიამაც უპასუხა და მზადყოფნა გამოთქვა “ხარვეზების აღმოფხვრაზე.”


ჭავჭავაძის გამზირის პროექტი

შპს “ჯეუ გრუპი” საზოგადოებისთვის ცნობილი ჭავჭავაძის გამზირზე შესრულებული რეაბილიტაციის სამუშაოების გამო გახდა.

2019 წლის 31 იანვარს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, შპს “ჯეუ გრუპმა” უკონკურენტოდ გაიმარჯვა და 2019 წლის მარტში მასთან 7,820,989 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო. სამუშაოების პირველი ეტაპი 2019 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, ხოლო მთლიანად გამზირის იმავე წლის რეაბილიტაცია – გაზაფხულზე. თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, სამუშაოების დასრულების ბოლო ვადამ გადაიწია.

საბოლოოდ, სამუშაოები დაგეგმილზე 9 თვით გვიან დასრულდა.

უნივერსიტეტის ქუჩის პროექტი

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიამ ტენდერი 2023 წლის 12 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17,221,286 მილიონი ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ შპს ჯეუ გრუპმა გამოთქვა, რომელმაც შეთავაზებული 16,529,440 ლარით უკონკურენტოდ  გაიმარჯვა კიდეც.

კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 25 მაისს გაფორმდა, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად190 კალენდარული დღე განისაზღვრა. თუმცა, თბილისის მერიამ შპს “ჯეუ გრუპი” სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო სამჯერ დააჯარიმა. ჯარიმების საერთო ღირებულებამ 32,500 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, პროცესის განმავლობაში, თბილისის მერიამ ხელშეკრულებაში არა ერთი ცვლილება შეიტანა, რამაც შესყიდვის საბოლოო ღირებულება 18, 019.893 ლარამდე გაზარდა.

2023 წლის 11 აგვისტოს ცვლილებით ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 1,490,861 ლარით გაიზარდა და 18,020,301 ლარი გახდა. ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ავტოტრანსპორტის გადაადგილების პროექტი დასახელდა. პროექტით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშოები შესაბამისობაში არ მოდიოდა ქუჩის რეაბილიტაციის თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვასთან.

ამის შემდეგ,  2023 წლის 28 ნოემბერს, ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. სამუშაოების მოცულობა დაზუსტდა და ის საბოლოოდ ჯამში 407 ლარითა და 88 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 18,019,893 ლარი გახდა.

სახელშეკრულებო პირობებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. საბოლოო ჯამში, სამუშაო ოფიციალურად 4 დეკემბერს დასრულდა და ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. 

წყაროები:

  1. სახელმწიფო შესყიდვები – NAT240019035,  NAT240019034, NAT240019031

პუბლიკაცია მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) მოქმედებს სრული სარედაქციო დამოუკიდებლობით და პასუხისმგებელია მასალის შინაარსზე.


მსგავსი სტატიები