“ქართული ოცნების” სიის მე-16 წევრს, BK Construction-ის დამფუძნებელსა და M2 ჯგუფის ყოფილი დირექტორის, შოთა ბერეკაშვილის კომპანიას თბილისის მერიასთან სამი მიმდინარე რამდენიმე მილიონიანი პროექტი აქვს. იგულისხმება ავარიული სახლების პროექტი, რომელსაც ბერეკაშვილის 50%-იან მფლობელობაში მყოფი კომპანია BK Construction ახორციელებს.
შპს “ბიქეი კონსტრაქშენი”-ს 100%-იან წილს შპს “ბიქეი ჰოლდინგი” ფლობს. თავის მხრივ, შპს “ბიქეი ჰოლდინგი”-ს 50%-იანი წილის მფლობელი შოთა ბერეკაშვილია, რომელმაც 26 ნოემბერს წილის მმართვლობა ცოლს, მაკა კვიციანს გადასცა.
2024 წლის 24 ოქტომბერს თბილისის მერიამ საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის პირველ მონაწილეებს ახალი ბინები გადაეცათ. საუბარია სამგორის რაიონზე, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტალის მე-12 კორპუსში მცხოვრებ 36 ოჯახზე. ამის შესახებ ადგილზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოაცხადა და მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების სიის წევრის, შოთა ბერეკაშვილის კომპანია “ბიქეი კონსტრაქშენ”-ს თანამშრომლობისთვის. ღონისძიებას თავად ბერეკაშვილიც ესწრებოდა.
10-სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის სახელმწიფო შესყიდვა ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდმა 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა და ორ შეთავაზებას შორის გამარჯვებული “ბიქეი კონსტრაქშენი” აღმოჩნდა. შესყიდვის სრული ღირებულება 6,563,680 ლარია, თუმცა სატენდერო დოკუმენტების მიხედვით “ ანგარისშწორება განხორციელდება ფულით და ნატურით. თანხით ანაზღაურდება 1,050,343.00 ლარი, ხოლო ნატურით 5,407,987.00 ლარი.”
ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, ნატურით ანაზღაურება ამ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 54 ბინისა (შეფასებულია თეთრი კარკასის მდგომარეობაში) და 7 მიწისქვეშა ავტოსადგომის გადაცემას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია კორპუსის მშენებლობისას 4-ჯერ დაჯარიმდა, ყველა შემთხვევაში შენობის კონკრეტული ნაწილის მშენებლობის ვადის გადაცილებისთვის. ჯამურად ჯარიმების რაოდენობამ 4,000 ლარი შეადგინა, რაც როგორც ატვირთული დოკუმენტებიდან ირკვევა, კომპანიამ გადაიხადა.
ამის შემდეგ “ბიქეი კონსტრაქშენმა” ავარიული სახლების პროექტის ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კიდევ სამი სახელმწიფო შესყიდვა მოიგო, აქედან ორი სრულიად უკონკურენტო გარემოში, ერთში კი მოწინააღმდეგის დისკვალიფიკაციის ხარჯზე.
- 7,336,115-ლარიანი სახელმწიფო შესყიდვის მიხედვით, კომპანიამ თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე მდებარე 1091 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული 3-სართულიანი ავარიული მრავალბინიანი კორპუსის დემონტაჟი უნდა განახორციელოს და მის ნაცვლად ახალი 10-სართულიანი კორპუსი ააშენოს. ხელშეკრულების დასრულების ვადად 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა;
- 6,470,558-ლარიანი შესყიდვის მიხედვით, კომპანიამ თბილისში, დავით გამრეკელის ქუჩაზე მდებარე 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული 4-სართულიანი ავარიული კორპუსი დემონტაჟი უნდა განახორციელოს და მის ნაცვლად 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენოს. ხელშეკრულების დასრულების ვადად ამ შემთხვევაში 2028 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული.
- 2024 წლის აპრილში დასრულებული 9,180,385-ლარიანი ტენდერის მიხედვით, “ბიქეი კონსტრაქშენმა” ვარკეთილის მე-3 მასივის, მე-4 კვარტალში მდებარე 1409 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული 4-სართულიანი ავარიული კორპუსის დემონტაჟი უნდა განახორციელოს და მის ნაცვლად 10-სართულიანი კორპუსი ააშენოს. ამჯერად კომპანია “ბიქეი კონსტრაქშენს” კონკურენტად კომპანია “ბრიტანია ქონსთრაქშენ” ჰყავდა, რომლის დისკვალიფიკაციაც “ტექნიკური დოკუმენტაციის” გამო მოხდა და გამარჯვებული კვლავ ბერეკაშვილის კომპანია აღმოჩნდა. ხელშეკრულების დასრულების ვადად 2028 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.
გამოდის, რომ შოთა ბერეკაშვილის დეპუტატობის ვადის განმავლობაში მისი კომპანია თბილისის მერიის სამ პროექტზე იმუშავებს, რომლის პირველადი ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს აღემატება.
პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის თანახმად, დეპუტატს უფლება არ აქვს “უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.”
ვინაიდან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართა – ერთპარტიული პარლამენტი უკვე შეიკრიბა და დეპუტატების უფლებამოსილებაც ცნეს, შოთა ბერეკაშვილს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა. ამიტომ, მან 26 ნოემბერს შპს “ბიკეი ჰოლდინგი”-ს წილის მმართველობა მაკა კვიციანს გადასცა.
როგორც წესი, დეპუტატები, თუ სხვა თანამდებობის პირები წილებს მართვის უფლებით ოჯახის წევრებს, ან სხვა ახლობელ ადამიანებს გადასცემენ, რაც აღნიშნულ ქმედებას უფრო მეტად ფორმალურ ხასიათს სძენს.
ვინ არის შოთა ბერეკაშვილი?
“ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე წლის 10 სექტემბერს საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, სადაც სიის მე-16 ნომერი სამშენებლო კომპანიის მფლობელი, შოთა ბერეკაშვილი იყო. წარდგენისას, საქართველოს პრემიერმინიტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბერეკაშვილი წარადგინა, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
რამდენიმე დღის შემდეგ, ბერეკაშვილმა განმარტა, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართვა და ქართული ოცნების სიის წევრობა. მისი თქმით, “ეს იყო ნაფიქრალი და არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილება. მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა – ეს არის ის მიზეზები, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი.”
შოთა ბერეკაშვილი მანამდეც გამოჩნდა, როდესაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში მისაღებად მეორედ შემოიტანა ე.წ. რუსული კანონი, რის გამოც ქვეყანამ პრაქტიკულად დასავლეთიდან სრული იზოლაცია მიიღო. მან მაშინ ერთი-ერთში გაიმეორა ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ აღნიშნული კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის და Facebook-ის საკუთარ ანგარიშზე დაწერა, რომ “დემოკრატიის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი გამჭვირვალობაა, რომლის გარეშეც ამ სისტემის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. გამჭვირვალობა ჯანსაღი მოვლენაა.”
მიუხედავად იმისა, რომ შოთა ბერეკაშვილმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ყველა სახის უცხოურ დაფინანსებას პრაქტიკულად აგენტურად აფასებს და ამით თანხის გამცემსა თუ მიმღებს სტიგმას ანიჭებს, 2022 წლის მარტში სამშენებლო კომპანია BK Construction-მა მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის” საგრანტო კონკურსში. ამის შესახებ ინფორმაცია მათ საკუთარ საიტზე აქვთ გამოქვეყნებული.
გარდა ამისა, შოთა ბერეკაშვილი “ქართულ ოცნებას” ოჯახის წევრებითაც უკავშირდება – იგი მმართველის პარტიის ყოფილი დეპუტატისა და უკვე განათლების მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანის სიძეა, ხოლო მისი მეუღლე – მაკა კვიციანი თბილისის მერის, კახა კალაძისა და მისი ცოლის, ანუკი არეშიძის მეჯვარე იყო. ასევე საგულისხმოა, რომ შოთა ბერეკაშვილის ცოლის, მაკა კვიციანის ტანსაცმლის კომპანიის Dalood-ის მხარდამჭერი “აწარმოე საქართველო”-ა.
ამასთანავე, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, შოთა ბერეკაშვილის რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
წყაროები:
- სახელმწიფო შესყიდვები – GEO220000499, GEO230000323, GEO230000702, GEO240000157.
პუბლიკაცია მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) მოქმედებს სრული სარედაქციო დამოუკიდებლობით და პასუხისმგებელია მასალის შინაარსზე.





