ბათუმის ყინულის მოედანი, რომელიც 2019 წელს უნდა ჩაბარებულიყო, დღემდე დაუსრულებელია

2025 წლის თებერვლის თვეში საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრულ ფესტივალს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ  ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. ფესტივალის ფარგლებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ობიექტს ბათუმის ყინულის არენა წარმოადგენს, რომელშიც ასევე უნდა გაიმართოს ცალკეული სპორტის სახეობების ასპარეზობები.

ოლიმპიური სტანდარტების ყინულის სასახლე ბათუმში 2011 წლიდან არსებობდა. თუმცა, 2018 წელს მერიამ მის ადგილზე საცურაო აუზის აშენება გადაწყვიტა, შესაბამისად საჭირო გახდა უკვე არსებული ყინულის მოედნის დემონტაჟი და სხვა ადგილზე გადატანა. ხელშეკრულება გაფორმდა Westincor limited-ის საქართველოს ფილიალთან – “ვესთინკორ ლიმითედ საქართველოს”-თან. 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ღირებულება 19,990,002 აშშ დოლარი იყო და ყინულის მოედნისა და საცურაო აუზის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სრულად განხორციელებას ითვალისწინებდა. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის 1 აპრილს უნდა დასრულებულიყო. გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კომპანიამ სამუშაოს შესრულებისთვის ავანსი მოითხოვა და სახელმწიფო კომპანიამ, შპს სტადიონმა, მას ჯამში 3,998,000 ლარი გადაუხადა.

თუმცა ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2020 წელს სახ. კომპანიამ Westincor limited-ს ხელშეკრულება გაუუქმა. ხელშეკრულების შეწყვეტის წერილის თანახმად, შემსყიდველმა სრულად მოითხოვა გადახდილი ავანსის უკან დაბრუნება.

შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი 2024 წლის მარტში ხელახლა გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 53,943,489 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს ანაგმა მიიღო და უკონკურენტოდ გაიმარჯვა. შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ შპს ანაგთან 2024 წლის 10 მაისს 53,943,489 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. კომპანია ანაგმა 16 ივნისს ავანსის სახით სახელშეკრულებო თანხის 35%, ჯამში 19,095,921.48 ლარიც მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ ანაგი სპორტკომპლექსის მშენებლობაში ჩართული 2024 წლის ტენდერამდეც იყო. კერძოდ ის 2018 წლის შესყიდვაში მყოფი კონტრაქტორი კომპანიის, ვესთინკორ ლიმითედ საქართველოს  ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი  იყო. სწორედ ამ პერიოდში, შპს ანაგი, ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოებსაც ასრულებდა, რაშიც 144 მლნ ლარი მიიღო და სტადიონი 2 მატჩის შემდეგ გაფუჭდა

2024 წლის გამარტივებული შესყიდვის შედეგად შპს ანაგი ქვეკონტრაქტორობიდან  მთავარი კონტრაქტორ კომპანიად დაწინაურდა და შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ მშენებლობის ინსპექტირებისთვის შპს სიემსი დაიქირავა, რომელთანაც 1,166,700 ლარის ღირებულების ხელშეკრულება მშენებლობაზე გამარტივებული წესით გააფორმა. 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ შპს სიემსის, რომელსაც შპს ანაგის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი უნდა შეამოწმოს, ანაგთან ბიზნეს პარტნიორობა და ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს, რაც ხარისხის კონტროლის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის თვალსაზრისით კითხვის ნიშნებს აჩენს. 

წყარო:

  1. სახელმწიფო შესყიდვა (2024 წ): NAT240005564
  2. სახელმწიფო შესყიდვა (2024 წ): CMR240107299
  3. სახელმწიფო შესყიდვა (2018 წ): CMR180064915


პუბლიკაცია მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) მოქმედებს სრული სარედაქციო დამოუკიდებლობით და პასუხისმგებელია მასალის შინაარსზე.


მსგავსი სტატიები