საქართველოს მთავრობა 2014 წლიდან აქტიურად ყიდულობს რუსულ ტრენაჟორებსა და საბავშვო ატრაქციონებს. რუსული პროდუქციით სახელმწიფოს მთავარი მომმარაგებელი შპს ჯეო პარკია.
სახელმწიფო უწყებები წლებია კომპანიასთან უკონკურენტო გარემოში აფორმებენ ხელშეკრულებებს, რუსული წარმოების პროდუქციის შესაძენად. კომპანიასთან პირდაპირი გზით გაფორმებული ხელშეკრულებები კი უფრო მეტ კითხვას აჩენს.
შპს ჯეო პარკთან გამარტივებული შესყიდვების გზით ხელშეკრულებები 2012 წლიდან ფორმდება. 2012-2024 წლებში ამ გზით გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 712,386 ლარს შეადგენს. მხოლოდ 2024 წელს, გამარტივებული გზით კომპანიას 199,813 ლარი გადაუხადეს.
2024 წელს, რუსული ინვენტარი ორ მუნიციპალიტეტში შეისყიდეს. ორივე შემთხვევაში შესყიდვის საგანი სპორტული საქონელი და აღჭურვილობა იყო. 2024 წლის 27 ივნისს, ბორჯომის მუნიპალიტეტმა, შპს ჯეო პარკს, ერთდროულად სამი ხელშეკრულება გაუფორმა. კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტს 95,986 ლარის ღირებულების ტრენაჟორები მიაწოდა.
მეორე შემსყიდველი კი კასპის მუნიციპალიტეტია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მსგავსად, შპს ჯეო პარკმა ერთი და იგივე თარიღში, 2024 წლის 18 ოქტომბერს, გამარტივებული შესყიდვების გზით სამი ხელშეკრულება კასპის მუნიციპალიტეტთან გააფორმა. შესყიდვის ჯამურმა ღირებულებამ 94,500 ლარს შეადგინა. სამივე შემთხვევაში შესყიდვის ობიექტი რუსული წარმოების ფიტნეს ტრენაჟორები არის.
“ფლანგვის დეტექტორი” წლებია, სწავლობს გამარტივებული გზით დადებულ ხელშეკრულებებსა და მათ თავისებურებებს.
გამარტივებული შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთი სახეა. ამ დროს შემსყიდველი საჯარო უწყება/მუნიციპალიტეტი ყოველგვარი კონკურსისა და ელ.ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების გზით აფორმებს კომპანიასთან ხელშეკრულებას. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი” არეგულირებს შემთხვევებს, როდესაც გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმება მიზანშეწონილი და გამართლებულია. მაგალითად, თუ ხელშეკრულების გაფორმება გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული ან საქმე ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ეხება, კანონი საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს იძლევა.
არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გამარტივებული შესყიდვების გზით ხელშეკრულებების გაფორმება ხშირად სცდება ფორს-მაჟორულ სიტუაციებს და საქმე კორუფციულ შემთხვევებთან გვაქვს. ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც გამარტივებული შესყიდვების გზით ხელშეკრულება ხელისუფლებასთან დაახლოებულ, ნაკლებად კვალიფიციურ პირებთან იდება, რაც თავის მხრივ, სამუშაოს უხარისხოდ შესრულების რისკებსაც აჩენს. კომპანიებთან გამარტივებული გზით ხელშეკრულებების გაფორმება გამჭვირვალობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა, რაც თავის მხრივ კორუფციის რისკებს ზრდის.
შეჯამება
კომპანია შპს ჯეო პარკი სახელმწიფო შესყიდვებში 2014 წლიდან მონაწილეობს და დღემდე ჯამში 16,714,926 ლარის ხელ143 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან – დღემდე, სახელმწიფო სტრუქტურებმა და მუნიციპალიტეტებმა შპს ჯეო პარკთან 2,494,195 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს. აღნიშნული თანხა მხოლოდ რუსული წარმოების ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების შესაძენად გადაიხადეს.
“ფლანგვის დეტექტორს” არა ერთი კვლევა აქვს გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა, სხვადასხვა სტრუქტურა და მუნიციპალიტეტი წლებია, რუსული კომპანიებისგან სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურებას ყიდულობენ, რისთვისაც თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯავენ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იმ პროდუქციის ალტერნატივა, რომელსაც სახელმწიფო რუსეთისგან ყიდულობს, ფაქტია, რომ ტრენაჟორებისა თუ თვითმცლელი ავტომობილების შეძენა მათ რუსეთისგან ურჩევნიათ.
წყარო:
- შესყიდვის კოდი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი: CMR240090436
- შესყიდვის კოდი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი: CMR240090437
- შესყიდვის კოდი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი:CMR240090438
- შესყიდვის კოდი, კასპის მუნიციპალიტეტი: CMR240138370
- შესყიდვის კოდი, კასპის მუნიციპალიტეტი:CMR240138386
- შესყიდვის კოდი, კასპის მუნიციპალიტეტი:CMR240138394





