თბილისობის და მცხეთობის აღნიშვნაში ₾4 მილიონამდე დაიხარჯა

მიმდინარე წელს თბილისობა 5-6 ოქტომბერს გაიმართა და ბიუჯეტად 3,519,558 ლარი განისაზღვრა. ღონისძიებების ძირითადი ლოკაციები ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი იყო. ორივე ლოკაციას განსხვავებული პროგრამები ჰქონდა, მათ შორის “ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი”, “გაუსინჯე თბილისს გემო”, საბავშვო კონცერტები და ასე შემდეგ.  

ხარჯების ნაწილი შემდეგნაირად გადანაწილდა:   

  1. ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტში გამარტივებული შესყიდვა თბილისის მერიამ შპს “ქეი ივენთს” გაუფორმდა და 337,359 ლარი გადაიხადა;  
  2. “გაუსინჯე თბილისს გემო” თბილისის მერიას ასევე გამარტივებული შესყიდვით 285,000 ლარი დაუჯდა, ხელშეკრულება კი შპს “სთოლ”-თან გააფორმა;  
  3. ჯამში 225,000 ლარი გადაუხადეს პირდაპირი შესყიდვის მეშვეობით შპს “ღამის შოუ სტუდიას”, რომელიც თბილისის მერიასთან ხშირად თანამშრომლობს საახალწლო პერიოდებში;  

        

Შპს სთოლ 

“Შპს სთოლ” 2018 წლის ივლისში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მესაკუთრე და დირექტორი ოთარ ლეჟავაა. აღსანიშნავია, რომ დაფუძნებიდან არასრულ ორ თვეში, გამოუცდელმა კომპანიამ თბილისის მერიის თითქმის 60,000-ლარიანი ელექტრონული ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო და საკმაოდ დიდი პროექტი, “თბილისური ბაზრის ორგანიზება” დაევალა. ამის შემდეგ ტენდეცია უცვლელია და კომპანია, როგორც წესი, თბილისის მერიის შესყიდვებს სწორედ უკონკურენტოდ ან პირდაპირ შესყიდვების საფუძველზე იგებს.

2018 წლიდან დღემდე, “შპს სთოლს” თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ 12 ელექტრონულ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 9 ელექტრონული ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ჯამურად კომპანიას თბილისის მერიის ელექტრონულ ტენდერებში 1,464,264 ლარი აქვს მიღებული, ხოლო გამარტივებულ შესყიდვებში 2,105,685 ლარი. 

Როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის მერიამ არც მიმდინარე წელს უღალატა ტრადიციას და თბილისობის მომსახურებები გამარტივებული შესყიდვით შეისყიდა, მიზეზად კი “ვიზუალური დეტალები და ლოკაციის თავისებურებები” დაასახელა.  

მიუხედავად იმისა, რომ თბილისობა ყოველ წელს დგება, თვითმმართველობის ორგანოს მტკიცებით, შეუძლებელია აღნიშნული ღონისძიებები ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ჩატარება, რადგან ვადები შეზღუდულია. 

“2024 წლის თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების, ისევე, როგორც ზოგადად სხვა კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული.  

მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები, ლოკაციის თავისებურებები, რის გამოც შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადგილზე უწევთ არსებულ დიზაინში, კონფიგურაციასა და გაფორმების დეტალებში ცვლილებების შეტანა. ღონისძიების ჩატარება შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა შეუძლებელია, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე. 

დაგეგმილი ღონისძიებების მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და მათი მაღალ დონეზე და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამასთან, ღონისძიებებისა და კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.” – წერს თბილისის მერია. 

საინტერესოა ისიც, რომ თბილისობის ხარჯი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. 2024 წელს გაღებული ხარჯი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2023 წლისას 379,383 ლარით აღემატება. 2021 წელს თბილისობის ღონისძიებებში 498,500 ლარი დაიხარჯა, რადგან კორონავირუსის პანდემია იყო.  

  • 2022 წელი – 3,050,000 ლარი;  
  • 2023 წელი – 3,140,175 ლარი;  
  • 2024 წელი – 3,519,558 ლარი;  

რაც შეეხება 14 ოქტომბერს მცხეთაში გამართულ მცხეთობას, მცხეთის მერიის მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 401,910 ლარი განისაზღვრა.  

აღსანიშნავია, რომ მცხეთის მერია გამარტივებული შესყიდვის ჩატარების მიზეზად ელექტრონული ტენდერის ჩაშლას ასახელებს. ელექტრონული ტენდერი მცხეთობაზე გასართობი ღონისძიებების შესყიდვის მიზნით მერიამ 23 სექტემბერს გამოაცხადა, 4 ოქტომბერს კი წინადადების მიღება დაასრულა. მასში მონაწილეობას მხოლოდ შპს “კონსიერჟ თბილისი” იღებდა, თუმცა ფასები ერთიანი ელექტრონული ცხრილით არ წარადგინა და კომპანია დისკვალიფიცირდა.     

ხაზგასასმელია, რომ რამდენიმე დღით ადრე იმავე შპს “კონსიერჟ თბილისმა” თბილისობისთვის თბილისის მერიას 126,999 ლარის მომსახურება გაუწია.  

გარდა მცხეთის მერიისა, გამარტივებული შესყიდვები გამოაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურმა ცენტრმა.  

ა(ა)იპ-მა მომღერალ ნუცა ბუზალაძეს სოლო კონცერტში ბენდთან ერთად 25,000 ლარი გადაუხადა, ხოლო მუსიკალურ ბენდ “ურსას” 20,200 ლარი.  

წყაროები:  

  1. გამარტივებული შესყიდვები (SMP240002065, SMP240002438, NAT240019116, CMR240135572, CMR240135569);  
  2. თბილისობის ღონისძიებები. 

მსგავსი სტატიები