ბიზნესმენ ალექსანდრე ბარათაშვილის კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში უკვე წლებია მონაწილეობენ. 2020-2023 წლებში მისი 4 კომპანია შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებისთვის ან/და შეუსრულებლობისთვის შეიყვანეს. მიუხედავად ამისა, ალექსანდრე ბარათაშვილმა 2023 წლის 21 ივნისს შპს „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანია“ დააარსა და 800,000 ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა განაგრძო.
ბარათაშვილის სამშენებლო კომპანიის შესახებ ინფორმაცია 2023 წლის დეკემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ გამოქვეყნებული კვლევა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მხრივ დაბრკოლება არ ყოფილა. 2024 წელს ალექსანდრე ბარათაშვილმა ტენდერებში მონაწილე საკუთარი კომპანია მხოლოდ 1000 ლარად მიჰყიდა თედო კობერიძეს, რომელიც შავ სიაში მოხვედრილი ბარათაშვილის კომპანიების დირექტორია. 2024 წელს შპს „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანიამ“ 335,038.48 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.
შავ სიაში მოხვედრის ოთხი შემთხვევა
- 2020-2021 წლების პერიოდში ალექსანდრე ბარათაშვილის კომპანია შპს „რეალ ენერჯი“ შავ სიაში შვიდი სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო მოხვდა. აღნიშნულ შესყიდვებში ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 879,324.72 ლარი იყო.
- 2021 წელს ალექსანდრე ბარათაშვილის სხვა კომპანია „ამაპოლა“ ასევე შვიდჯერ მოხვდა შავ სიაში ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი და სრულად შეუსრულებლობის გამო. აღნიშნულ შესყიდვებში ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 490,901.67 ლარი იყო.
- 2022-2023 წლებში ბარათაშვილის კიდევ ერთი კომპანია შპს „ჩემპიონი“ მოხვდა შავ სიაში, ამჯერად სამი სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად ან სრულად შეუსრულებლობის გამო. აღნიშნულ შესყიდვებში ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 91,864.15 ლარი იყო.
- 2023 წელს ალექსანდრე ბარათაშვილის კიდევ ერთი კომპანია, შპს „რობოტი +“, შეიყვანეს შავ სიაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. აღნიშნული ტენდერის ხელშეკრულების ღირებულება 120,441 ლარი იყო.
შპს „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანია“ და სახელმწიფო შესყიდვები
შპს „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანია“ 2023 წლის 21 ივნისს დაარსდა და მისი მფლობელი და დირექტორი ალექსანდრე ბარათაშვილი იყო. 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დირექტორის პოზიციაზეა თედო კობერიძე დაინიშნა, რომელიც ბარათაშვილის სხვა, მათ შორის, შავ სიაში მოხვედრილი სხვა კომპანიების დირექტორიცაა. 2024 წლის იანვარში კი ალექსანდრე ბარათაშვილმა მხოლოდ 1000 ლარად „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანია“ მიჰყიდა თედო კობერიძეს.
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიის ამ გარემოებების ფონზე დაბალ თანხაში გაყიდვა აჩენს სავარაუდო ეჭვებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალურია და სინამდვილეში კომპანიაში ცვლილებები არ განხორციელებულა.
რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, 2023 წელს ახლად დაარსებულმა კომპანიამ 500,513.84 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2024 წელს, ანუ როდესაც მფლობელი შეიცვალა – 335 038.48 ლარის ღირებულების შესყიდვებში.
როგორ მუშაობს შავი სია?
„ფლანგვის დეტექტორი“ ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა საქართველოშ მოქმედი შავი სიის არაეფექტურობის შესახებ. ჩვენი კვლევა მიუთითებდა სწორედ ამ სტატიაში განხილული შემთხვევების რისკებისა და მათი პრევენციის მეთოდებზე. კერძოდ, ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, „ტენდერებიდან აკრძალვა [უნდა] გავრცელდეს არა მხოლოდ კომპანიაზე, არამეც მფლობელსა და დირექტორზეც, რათა ადგილი არ ჰქონდეს სხვა კომპანიის დაფუძნებით შესყიდვებში კვლავ მონაწილეობას“.
წყაროები:
შპს „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანიის“ წილების გადაცემის 2024 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულება (ბმული)
შპს „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანიის“ 2023 წლის 9 ნოემბრის ამონაწერი (ბმული)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – შავ სიაში შეყვანილი ოთხი კომპანიის მფლობელი ტენდერებს მეხუთე ახალი კომპანიით იგებს (ბმული)
„ფლანგვის დეტექტორი“ – Შესყიდვების შავი სია: გვაქვს, მაგრამ მუშაობს? (ბმული)





