რუსეთიდან შემოტანილ ხის ბრიკეტებში სახელმწიფო სსიპ ₾2.1 მილიონს იხდის

2024 წლის 25 სექტემბერს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა“ და შპს „უდაბნოს ორგანული აგროჰოლდინგს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გამარტივებული შესყიდვის ფორმით. 

გამარტივებული შესყიდვა ითვალისწინებდა რუსეთის ფედერაციიდან კომპანიის, სახელად ООО “Гранд Форест”, მიერ შპს “უდაბნოს ორგანული აგროჰოლდინგისთვის” 2,164,800 ლარის ღირებულების საწვავი ხის ბრიკეტების შემოტანას. აღნიშნული ბრიკეტები მიმწოდებელმა 2024 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიაწოდოს საქართველოში მოქმედ 472 სკოლას.

გამარტივებული შესყიდვისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ბაზრის კვლევაც აწარმოა. ყველაზე ნაკლები თანხა სწორედ „უდაბნოს ორგანულმა აგროჰოლდინგმა“ შესთავაზა სააგენტოს. 

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ შპს „უდაბნოს ორგანული აგროჰოლდინგი“ 2024 წლის 27 სექტემბრის განკარგულებით სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ“ კომპანია შავ სიაში დაარეგისტრირა. რეგისტრაციის მიზეზია 2024 წლის ივლისში გაფორმებული ორი კონსოლიდირებული ტენდერი (რომელთა ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს სცდება): გამოცდილების დამტკიცების მიზნით, კომპანიამ არაზუსტი ინფორმაცია წარადგინა. კერძოდ, რამდენიმე სკოლამ უარყო ის ფაქტი, რომ ამ კომპანიას მათთვის მიწოდებული ჰქონდა ბრიკეტები წარსულში. აღსანიშნავია, რომ ორივე კონსოლიდირებულ ტენდერში შემსყიდველი სწორედ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ იყო.

შედეგად გამოდის, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ თავისსავე წარმართული ტენდერებიდან იცოდა აღნიშნული კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედების შესახებ და 2024 წლის 25 სექტემბერს მაინც სწორედ მასთან გააფორმა გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში ხელშეკრულება.  

ცნობისათვის, ევროკავშირს რუსულ და ბელორუსულ ხის პროდუქტებზე სანქცია აქვს დაწესებული. ემბარგოდან გამომდინარე, რუსულ-ბელორუსული კომპანიების ხის პროდუქტების შეტანას ცენტრალური აზიის გავლით ცდილობენ.

თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებში არსებობს შემთხვევა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილ იქნა, რომ პოტენციური მიმწოდებლის დოკუმენტაცია მომზადებული უნდა ყოფილიყო საქართველოს, ევროკავშირის, ან OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის) წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე. შეფასების თანახმად, აღნიშნული დათქმა გულისხმობდა იმასაც, რომ ტენდერში ვერ გაიმარჯვებდა ისეთი კომპანია, რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთში ოპერირებასთან ან იქ წარმოებულ პროდუქციასთან. 

შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა შესაძლებელია დაწესდეს არამხოლოდ ტენდერებში, არამედ გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილე მიმწოდებლებისთვისაც.

წყაროები:

  1. გამარტივებული შესყიდვა – CMR240127147 
  2. შპს „უდაბნოს ორგანული აგროჰოლდინგის“ შავ სიაში დარეგისტრირების განკარგულება (ბმული)
  3. EU sanctions against Russia explained (ბმული)
  4. OCCRP – Traders Are Sneaking Banned Russian and Belarusian Wood Into the EU By Pretending It’s From Central Asia (ბმული)
  5. თავისუფლების ინსტიტუტი – რუსეთი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში (ბმული)

მსგავსი სტატიები