PosTV-მ ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის რეკლამირებაში, მხოლოდ 1 თვის განმავლობაში, ₾40 ათასზე მეტი დახარჯა

საქართველოს მთავრობა დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების გასავრცელებლად წლებია აქტიურად იყენებს სხვადასხვა მედიას. ამ მიზნის შესასრულებლად ერთ-ერთი მთავარი არხი პოსტივი არის. 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ტელეკომპანია პოსტივი კიდევ უფრო გააქტიურდა. “ფლანგვის დეტექტორმა” გადაწყვიტა შეესწავლა, რა თანხა გადაიხადა ტელეკომპანიამ 2024 წლის 1 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით სოციალური ქსელის პოსტების დარეკლამებაში. საინტერესოა, რა უჯდება ტელევიზიას მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებისა და ანტიდასავლური განცხადებების დარეკლამება. 

როგორც აღმოჩნდა, პოსტივი სოციალური ქსელის ერთ-ერთ გვერდზე, POSTV- ახალი ამბები, ყოველდღიურად, დღეში რამდენიმე პოსტს აქვეყნებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი წინასაარჩევნოდ ხალხთან გამართულ შეხვედრებს შეეხება, ზოგიერთი კი “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ განცხადებებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში პოსტივიმ ამ კამპანიისთვის დაახლოებით 15,000 დოლარი დახარჯა

ხარჯებთან ერთად, საინტერესოა, ძირითადად რომელი წყაროებიდან იღებს ტელეკომპანია შემოსავალს. 

კომუნიკაციების კომისიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიის შემოსავლის მთავარი წყაროები კომერციული რეკლამები, პროდუქტის განთავსება, სპონსორობა და ფასიანი სოციალური რეკლამებია. აღნიშნული წყაროებიდან პოსტივიმ 2024 წლის მხოლოდ პირველ ორ კვარტალში 2,929,225 ლარი მიიღო. შემოსავლის წყაროები ასე გამოიყურება:

  • კომერციული რეკლამა- 2,559,595
  • პროდუქტის განთავსება- 83,392
  • სპონსორობა- 190,669
  • ფასიანი სოციალური რეკლამა- 95,347
  • სხვა არასამაუწყებლო შემოსავალი- 222

საინტერესოა, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და მოძრაობა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიქტორ ჯაფარიძეცაა. 2022 წელს მან 520,000 ლარის სანაცვლოდ 52%-იანი წილი შეიძინა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “ქართული ოცნებიდან” წამოსულმა დეპუტატებმა მოძრაობა “ხალხის ძალა” 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს, ვიქტორ ჯაფარიძემ კი პოსტვ-ის 52%-იანი წილი 2022 წლის ოქტომბერში შეიძინა. ამასთან დაკავშირებით მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, სოზარ სუბარმა, განაცხადა, რომ ჯაფარიძის მიერ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის შესყიდვა ხელს შეუწყობთ “სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ” მიტანაში. მოგვიანებით კი შალვა რამიშვილმა განაცხადა, რომ პოსტივი მოძრაობა “ხალხის ძალის” მედიაპლატფორმა გახდა. 

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის წილები ასე ნაწილდება:

გარდა იმისა, რომ ვიქტორ ჯაფარიძე პროპაგანდისტული ტელეკომპანიის 52%-ს ფლობს, ის ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომლებმაც 2023 წლის მარტში ე.წ “აგენტების კანონი” პირველად დააინიცირეს. 2024 წელს, მეორედ დაინიცირებულ კანონპროექტს ჯაფარიძემ სამივე მოსმენაზე დაუჭირა მხარი. 

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ჯაფარიძე მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან უკვე ორი წელია, “გამჭვირვალობას” ითხოვს, თავად იგივე სტანდარტით არ ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს. მაგალითად, საჯარო სამსახურის ბიურომ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი დეკლარაცია ოთხჯერ შეამოწმა, მისი დეკლარაციები ოთხივეჯერ უარყოფითად შეფასდა და შესაბამისად, ბიურომ ის დააჯარიმა. ჯარიმების საერთო ოდენობამ 3,837 ლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯაფარიძე 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში ზედიზედ ჯარიმდებოდა, ის დეკლარაციის შევსების წესს ყოველ ჯერზე არღვევდა და არ უთითებდა სრულ ინფორმაციას ქონებრივი თუ ფინანსური მდგომარეობის შესახებ. 

მსგავსი სტატიები