ბათუმის დაწვრილებული შესასვლელი ისევ ფართოვდება!

ბათუმის მერიამ გადაწყვიტა გააფართოოს მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდი, რომლის რეაბილიტაცია ორი წლის წინ დასრულდა და ჯამში თითქმის 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვა მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომსახურების შესყიდვის მიზნით 2020 წლის ივნისში გამოაცხადა და სატენდერო სავარაუდო თანხად 2,100,000 მილიონი ლარი განსაზღვრა.

შესყიდვაში მონაწილეობა 6-მა კომპანიამ მიიღო, მათ შორის უკვე 4 წლის შემდეგ –  ხელახალი რეაბილიტაციის შესყიდვაში გამარჯვებულმა შპს “ხელვაჩაურის საგზაომაც.”

საბოლოოდ, 2020 წელს გამოცხადებულ ტენდერში შპს “სინათლე-2006”-მა გაიმარჯვა და მათთვის გადასახდელ თანხად 1,883,180 ლარი განისაზღვრა, რომელიც კომპანიას 18 ეტაპად გადაუხადეს და საბოლოო ტრანში 2024 წლის ივნისში ჩაურიცხეს.

შედეგად, ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მიუხედავად იმისა, რომ ხიდის რემონტის თავდაპირველი მიზანი მისი დავიწროება არ

ყოფილა, სავარაუდოდ, სხვადასხვა ჩატარებული სამუშაოს ხარჯზე მანქანების სავალი ნაწილი დავიწროვდა, რამაც ბათუმის შესასვლელში საცობების გახშირება და აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა ნაწილის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც ხელმეორედ გამოცხადებული ტენდერის საპროექტო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ხიდის სამანქანო სავალი ნაწილი, ჯამში ორივე ზოლით, რეაბილიტაციამდე 10.4 მეტრი იყო, რეაბილიტაციის შემდეგ კი 8 მეტრი გახდა.

ხიდის თავდაპირველი რეაბილიტაციიდან თითქმის 2 წელში, 2024 წლის 13 აგვისტოს, ამჯერად უკვე ბათუმის მერიის ა(ა)იპ-მა “საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სააგენტომ”  გამოაცხადა ხელახალი რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა, რომლის მიხედვითაც სატენდერო წინადადების მიღება მიმდინარე წლის 31 აგვისტოს იწყებოდა და 5 სექტემბერს დასრულდა. 

ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ შპს “ხელვაჩაურის საგზაომ” მიიღო და შესაბამისად, გაიმარჯვა კიდეც. მათთან გაფორმებულო ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიისთვის გადასახდელ თანხად 209,999 ლარი განისაზღვრა და სამუშაოების შესრულების ვადად 2024 წლის 15 დეკემბერი ჩაიწერა.

შპს “პროჯეკტ კომპანის” მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, 2020 წელს ე.წ. ბენზეს ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომლის ფარგლებშიც “მოხდა ადგილზე არსებული ხიდის მალის ზედა ნაშენის სრული დემონტაჟი და ახალი მალის ნაშენის მოწყობა რკინა-ბეტონის კოჭების ჩათვლით.”

როგორც ამავე დოკუმენტაციაში წერია, “რეაბილიტაციამდე არსებული ხიდის გაბარიტი შეადგენდა Г=10,40+2X1,25 მ-ს, ხოლო რეაბილიტაციის შემდგომ ხიდის გაბარიტი გახდა Г=8+2х2,0 მ.”. აქვე აღნიშნულია, რომ “გზის აღნიშნული უეცარი შევიწროვება მძღოლებში იწვევს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და ხიდთან მიახლოებისას სამოძრაო სიჩქარე მკვეთრად ეცემა, რაც თავის მხრივ იწვევს ქ. ბათუმში ისედაც გადატვირთული მოძრაობის კიდევ უფრო შენელებას.”

დასკვნის სახით წინადადების ბოლოს წერია, რომ “ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა ხიდის სავალი ნაწილის გაზრდა თავდაპირველ სიგანეზე.”, რაც ამავე დოკუმენტის მიხედვით, 10 მეტრს გულისხმობს.

ტენდერები:

  1. 2020 წელს გამოცხადებული – NAT200008384
  2. 2024 წელს გამოცხადებული – NAT240016306

მსგავსი სტატიები