ქართული ოცნების სიაში კიდევ ერთი ხელოვანია: ალილოს სოლისტ არჩილ ბერიძეს, 2014 წლიდან, ბიუჯეტიდან ₾100 ათასზე მეტი აქვს მიღებული.

15 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ 22 რეგიონალური დელეგატი წარადგინა, რომლებიც პრაქტიკულად მაჟორიტარებს ჩაანაცვლებენ და მათთვის შერჩეულ ოლქში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმის დელეგატად არჩილ ბერიძე დაასახელა და ის ჯგუფ “ალილოს” სოლისტად წარადგინა. 

ვინ არის არჩილ ბერიძე?

არჩილ ბერიძე ჯგუფ “ალილოს” ტენორი და ასევე, სოლო მომღერალია. თუმცა იგი პროფესიით იურისტია და როგორც თავად 2023 წელ ჟურნალ თბილისელებთან განაცხადა, ნანობს, რომ აღნიშნული პროფესიის შესწავლას დაუთმო დრო და არა, მუსიკას, რადგან მისივე თქმით, “დღეს თავიდან ბოლომდე მუსიკაა ჩემი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, მე ამით ვცხოვრობ”.

ამასთან ერთად, 2022 წელს არჩილ ბერიძე სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” პროექტი “მიმღერეს” პირველი სეზონის მონაწილე იყო, რამაც ბერიძის თქმით, ხელი შეუწყო მის სოლო კარიერას.

თუმცა თუ სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ გამარტივებულ შესყიდვებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ არჩილ ბერიძის სოლო კარიერა 2014 წლიდან იწყება, როდესაც მას ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა პირველი გამარტივებული – 625 ლარის ოდენობის შესყიდვა გაუფორმა.

ამის შემდეგ ბერიძის ღირებულებაც ნელ-ნელა გაიზარდა და მაგალითად, 2016 წელს ამავე ცენტრის მიერ ალმაატში ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობისთვის 3,500 ლარი მიიღო.

Სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლიდან დღემდე არჩილ ბერიძეს 16 გამარტივებულ  შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 14 შემთხვევაში მომსახურება მის სოლო კონცერტს ეხებოდა, 2 შემთხვევაში კი მისი ჯგუფის “ალილოს” კონცერტს.

გარდა ამისა, გამოცემა “ბათუმელებმა” მიმდინარე წლის 21 აგვისტოს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ არჩილ ბერიძემ ბათუმში ჩატარებული სოლო კონცერტისთვის 60,000 ლარი მიიღო აჭარის ბიუჯეტიდან. კონცერტი სიაში დასახელებამდე 5 დღით ადრე 10-11 აგვისტოს გაიმართა.

Როგორც გამოცემა აღნიშნულ სტატიაში წერს, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ არჩილ ბერიძის კონცერტისთვის თანხა  „ფესტივალების საგრანტო კონკურსის” ფარგლებში გამოუყო, ხოლო “ბათუმელებისვე” ცნობით, ქალაქის მერია მალავს ინფორმაციას, რა ოდენობის იყო მათი თანადაფინანსება.

გამოცემა “ბათუმელების” სტატიას გამოეხმაურა თავად არჩილ ბერიძე და ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. Მისი თქმით, წინასწარ უნდა გაეთვალათ მას და სახელმწიფოს, რომ “მომავალში შეიძლება მმართველი პარტიის დელეგატი ვყოფილიყავი, დაფინანსებაზე უარი მეთქვა და კონცერტი არ ჩამეტარებია?”. Როგორც ზევით აღვნიშნეთ, ბერიძის სოლო კონცერტი მის დელეგატად წარდგენამდე 5 დღით ადრე გაიმართა.

გამოდის, რომ 16 გამარტივებული შესყიდვითა და სოლო კონცერტის დაფინანსებით, არჩილ ბერიძეს წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან 108,370 ლარი აქვს მიღებული. აქედან 19,000 ლარი მისი მონაწილეობით მისი ჯგუფი “ალილოსთვის” არის გადახდილი.

ბერიძესთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების ავტორები თითქმის ყველა შემთხვევაში ან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრია, ან ბათუმის კულტურის ცენტრი. 

ამასთან ერთად, 2024 წლის 14 ივლისს, ჯგუფი ალილო და მათ შორის, არჩილ ბერიძეც სოფო ხალვაშთან ერთად მიწვეულები იყვნენ ლევილის მამულში, სადაც მათ საფრანგეთის ჰიმნი შეასრულეს.

მსგავსი სტატიები