შპს ერ ტე დემ ₾18.4-მილიონიანი ტენდერების ვადებს 1 წელი გადააცილა და შავ სიაში მოხვდა

გარდა წერეთლის გამზირზე არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებისა, შპს „ერ ტე დემ“ ჯამში 18.4 მილიონი ლარის ღირებულების ორი საგზაო პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებებიც არაჯეროვნად შეასრულა. კომპანიის შესახებ ფლანგვის დეტექტორმა ამბავი 2023 წლის დეკემბერში გაავრცელა, რასაც მოჰყვა ბექა ყორშიას სიუჟეტი მთავარ არხზე. სიუჟეტში საუბარი იყო ე.წ. გუთენ ტრაკენის გერმანულ სტანდარტზე. 

შპს „ერ ტე დე“ 2013 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროს გზების და ავტობანების მშენებლობა წარმოადგენს. არსებობის განმავლობაში, კომპანიამ 140 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერის მოიგო. მისმა მფლობელმა და დირექტორმა, ლუხუმ ქართლოსიშვილმა, 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა.

შპს „ერ ტე დეს“ მიერ მოგებული პირველი ტენდერი (NAT210012014), რომლის გამოც შავ სიაში დაარეგისტრირეს, ითვალისწინებდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-33) მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის კმ15-კმ30 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ტენდერში კომპანიამ სხვა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ გაიმარჯვა. ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების თანხა 8,699,999.97 ლარი იყო, საიდანაც კომპანიას 5,669,546.92 ლარი დაერიცხა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2023 წლის 13 ივნისი განისაზღვრა, თუმცა მასში შეტანილი ცვლილებების შედეგად ვადამ ერთი წლით გადაიწია. 

მეორე ტენდერი (NAT220006258) საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-8) ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ13-კმ17 და კმ24-კმ25 მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებდა. ხელშეკრულების თანხა 9 699 999.80 ლარი იყო, საიდანაც „ერ ტე დეს“ 6 660 669.43 ლარი დაერიცხა. ხელშეკრულება მხარეებს შორის 2022 წლის 30 მაისს გაფორმდა და სამუშაოები წერილობითი დავალების გაცემიდან რვა თვეში უნდა დასრულებულიყო. საბოლოოდ, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულმა მოქმედების ვადამ ცვლილებების შედეგად ერთი წლით და ორი თვით გადაიწია. 

არაჯეროვნად შესრულებული სამუშოების გამო შპს „ერ ტე დე“ შავ სიაში სამჯერ არის დარეგისტრირებული – ერთი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის, დანარჩენი ორი კი სტატიაში განხილული პროექტების არაჯეროვნად შესრულების გამო. შავ სიაში დარეგისტრირების განკარგულებებში ვკითხულობთ, რომ პირველი ტენდერის შემთხვევაში კომპანიამ ხელშეკრულების ღირებულების 68%, ხოლო მეორე ტენდერის შემთხვევაში 72% შეასრულა. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია შავ სიაში შეყვანის ამ ორ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და როგორც განკარგულებებიდან ირკვევა, მათ სასამართლოს მიმართეს აღნიშნულის თაობაზე. 

წყაროები:

მთავარი არხის სიუჟეტი 

NAT210012014

NAT220006258

შავ სიაში დარეგისტრირების განკარგულება N1

შავ სიაში დარეგისტრირების განკარგულება N2

მსგავსი სტატიები