2024 წლის 10 ივლისს კიდევ ერთი ანტი-დასავლური მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” დაფუძნდა. მოძრაობის დამფუძნებლები ვატო შაქარაშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი არიან.
მათ მიერ 10 ივლისს გაკეთებული განცხადება სავსე იყო ანტი-დასავლური, პრო-რუსული და ულტრა-მემარჯვენე ნარატივებით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი მიზანია “არსებითი სიახლის შეტანა იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი წლების მანძილზე როგორც ოპოზიციამ, ისე, მნიშვნელოვანწილად, ხელისუფლებამაც.” განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროინტეგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან “ნებისმიერ საერთაშორისო გაერთიანებაში შესვლით სახელმწიფო საკუთარი სუვერენიტეტის გარკვეულ ნაწილს თმობს.” მოძრაობაში აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროინტეგრაციას და აღნიშნული მოძრაობის ჩამოყალიბების მიზანიც სწორედ ის არის, რომ “საზოგადოებამ უკეთ აღიქვას რეალობა.”
მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” არა მხოლოდ აღნიშნული განცხადება, არამედ ყველა სხვა განცხადება თუ სოციალური ქსელის პოსტი იგივე შინაარსის მატარებელია. მართალია, მოძრაობის დამფუძნებლები ხშირად განცხადებებში კრიტიკულად საუბრობენ მოქმედ მთავრობაზე, მაგალითად ამბობენ, რომ “ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რისი ძალაც არ აქვს ხელისუფლებას, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებში დიდწილად ოპოზიციის ნარატივს არის აყოლილი,” მაგრამ მაინც აქტიურად იყენებენ მათ მედიაპლატფორმებს საკუთარი ნარატივების საზოგადოებამდე მისატანად.
2024 წლის 10 ივლისიდან დღემდე მოძრაობას Facebook-ზე პოსტების დარეკლამებაში 6,200 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. სოციალურ ქსელებში პოსტების დარეკლამების მთავარი მიზანიც სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება დიდ აუდიტორიამდე მიაღწიოს სათქმელმა. გარდა იმისა, რომ თვითონ მოძრაობა საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს პოსტების დარეკლამებაში, აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი საკმაოდ აქტიურად იყენებენ პრო-სახელისუფლებო მედიების პლატფორმებსაც.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამთავრობო მედია, რომლის 52%-იანი წილის მფლობელიც პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა, ტელეკომპანია პოსტვ არის. ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზია მოძრაობის დაარსების დღიდან მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
2024 წლის 10 ივლისიდან– დღემდე POSTV- ახალი ამბებს საერთო ჯამში 3,700 აშშ დოლარი აქვს გადახდილი “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებების დარეკლამებაში. დამატებით, POSTV ანალიტიკამ 100 დოლარი მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვატო შაქარაშვილის განცხადების დარეკლამებაში გადაიხადა.
ფაქტია, რომ ახალდაარსებული მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” Facebook-ზე დარეკლამებული პოსტებით მცდარი ნარატივების გავრცელებასა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ამისთვის კი არა მხოლოდ საკუთარ სოციალურ ქსელს, არამედ მოქმედი პარლამენტარის ტელევიზიასაც იყენებს.





