„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, მიუხედავად კომპანიის წილზე კონტროლის გადაცემისა, სავარაუდოდ, მონაწილეობას იღებს კლინიკა ლჯ-ის სამეწარმეო საქმიანობაში. აღნიშნული ქმედება კი პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კანონდარღვევაა.
შპს კლინიკა-ლჯ
კლინიკა ლჯ ქუთაისში მდებარე მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებაა.
შპს კლინიკა ლჯ-ი ზაზა ლომინაძემ 2002 წელს დააფუძნა, შალვა ჯიქიასთან ერთად.
ბიზნეს რეესტრის ბოლო ამონაწერის თანახმად, დეპუტატი კლინიკის 35% წილს ფლობს, რომლის მმმართველობა, მანდატის მოპოვების შემდეგ, მეუღლეს, თამარ ლომინაძეს გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურ დონეზე ზაზა ლომინაძეს, არ დაუღვევია კანონი მთავრი არხის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დეპუტატი ზაზა ლომინაძე კვლავ განაგრძობს კლინიკის საქმიანობაში მონაწილეობას. როგორც „მთავარი არხის“ სიუჟეტიდან ირკვევა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა ლომინაძე, კლინიკის შეხვედრებს ესწრება, რაც აკრძალულია კანონით.
შეხვედრებზე ზაზა ლომინაძის დასწრებას მოწმობს „კლინიკა ლჯ-ის“ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოები. საიდანაც, ირკვევა, რომ დეპუტატი საკუთარ წილზე კონტროლის გადაცემის შემდეგ ოცზე მეტ შეხვედრას დაესწრო, მაგალითად, 2023 წლის 8 ნოემბერს (პირველი ფოტო, მე-2 ფოტო), 2023 წლის 29 მარტს (ფოტო), 2022 წლის 14 სექტემბერს (პირველი ფოტო, მე-2 ფოტო), 2021 წლის 15 სექტემბერი (1-ელი ფოტო, მე-2 ფოტო).
ზაზა ლომინაძის განმარტებით, ის კონსილიუმებში იღებდა მონაწილეობას, რაც რეგლამენტის მიხედვით ნებადართულია. საპირისპირო შეფასება აქვს იურისტ ნიკა სიმონიშვილს, რომელიც კონსილიუმს სამეწარმეო საქმიანობის ნაწილად მიიჩნევს, რადგან საბოლოო შედეგი კლინიკისთვის, ანუ კერძო კომპანიისთვის, სარგებლის მოტანაა.
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს. დადასტურების შემთხვევაში კი დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეცემა, რომელიც უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს საკითხს დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
რას გვეუბნება კანონმდებლობა?
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი თანახმად, პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება:
ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;
ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.
მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი კი ასახელებს საქმიანობების იმ სახეებს, რომლითაც შესაძლებელია დეპუტატი დაკავდეს, კერძოდ: საზოგადოებრივი, სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობები.
წყაროები:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი – ბმული
მთავარი არხის სიუჟეტი – ბმული
ამონაწერი იმის თაობაზე, რომ ზაზა ლომინაძეს გადაცემული აქვს წილზე მმართველობა – ბმული
კლინიკის ფეისბუქ გვერდი – ბმული





