რუსული კანონი მილიარდებს გვაკარგინებს.

2021-2023 წლების განმავლობაში ევროკავშირმა ევროპული სამშვიდობო ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის 62.75 მილიონი ევრო გამოყო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკის გამო კი 2024 წელს 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 2001-2023 წლებში 946 მილიონი დოლარი დახარჯა, საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები გადადო. 

ევროკავშირი

ვიდრე 2024 წელს 30 მილიონი ევრო გაიყინებოდა, საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან თანხები 2021-2023 წლებშიც გამოიყო. 2023 წლის მაისში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, განაცხადა, რომ საქართველოსთვის, ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში, 30-მილიონიანი დახმარების პაკეტი გამოიყო. აღნიშნული დახმარება საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დახმარება გამიზნული იყო სამხედრო-საინჟინრო, მობილობის, მართვისა და კონტროლის, კიბერთავდაცვისა და სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. 

ფონდიდან გამოყოფილი თანხის დახარჯვის ერთ-ერთი მაგალითია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 5,225,161 ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა. დამატებით, 2022 წელს საქართველოსთვის ამავე ინსტრუმენტის ფარგლებში 20 მილიონი ევრო, ხოლო 2021 წელს – 12.75 მილიონი ევრო გამოჰყო. 

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომლის ფარგლებში ღიად არის შესაძლებელი, დაინტერესებულმა პირებმა ნახონ აშშ-ის მიერ გაწეული საგარეო დახმარებები, მოცემულია საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება 2001-2023 წლების პერიოდში. პორტალზე ასევე შესაძლებელია ვნახოთ, დაფინანსების რა ნაწილი მოხმარდა მიმღები სახელმწიფოს სამხედრო ინტერესებს და რამდენი – ეკონომიკურს. 

ცალკე აღსანიშნია, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო სამხედრო დაფინანსება (FMF – Foreign Military Financing), რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2015-2022 წლებში დაახლოებით 300 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარება მიიღო. ცნობისთვის, 2025 წლისთვის აშშ-ის მთავრობამ საბიუჯეტო პროექტში აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში 35 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. 

კონგრესის კვლევითი სამსახურის (Congressional Research Service) მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 1992-2020 წლებში აშშ-მა საქართველოსთვის 4.4 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო და სამხედრო დახმარება გამოყო. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ („Noble Partner”) განუსაზღვრელი დროით გადადო. 

მეტი თვალსაჩინოებისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2023 წელს 1.3 მილიარდი ლარი, ხოლო 2022 წელს – 1.1 მილიარდი ლარი იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, 9 ივლისს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდებოდა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება“, რაც, კიდევ ერთხელ მოწმობს დასავლელი პარტნიორების მიერ გაწეული დახმარებების მნიშვნელობას ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.

წყაროები:

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, ვიმედოვნებ, არჩევნების შემდეგ ახლად შექმნილი მთავრობა დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ინტეგრაციის მიმართულებით – საზოგადოებრივი მაუწყებელი

European Peace Facility: Council adopts assistance measures to support the defence sector of the Republic of Moldova and Georgia – European Council 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 

თავდაცვის მინისტრმა ომში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 

ევროკავშირმა საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 

ილია დარჩიაშვილი – არ გამოვიყენებდი ისეთ მკაცრ შეფასებას, როგორიც ევროკავშირის ელჩმა გააკეთა, ვფიქრობ, ესაა მიკროდონეზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას ვერ შეაფერხებს – საზოგადოებრივი მაუწყებელი 

 პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა – Civil.ge 

Georgia: Background and U.S. Policy – Congressional Research Service

აშშ-ის ვებ-გვერდი სახელმწიფოების დაფინანსების შესახებ 

აშშ-ის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი

მსგავსი სტატიები