საქართველოს მთავრობა და მუნიციპალიტეტები წლებია, რუსული კომპანიებისგან სხვადასხვა პროდუქციას და მომსახურებას ყიდულობენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი ოდენობის თანხები იხარჯება. იმ პროდუქციის ალტერნატივა, რომელსაც რუსული კომპანიებისგან ვყიდულობთ, არსებობს და შესაძლებელია მათი სხვა, უცხოური კომპანიებისგან ყიდვა.
გარდა იმისა, რომ სახელმწიფო წლებია რუსული სანქცირებული KAMAZ-სგან ყიდულობს თვითმცლელ ავტომანქანებს, საინტერესოა, რომ ასევე დიდი ოდენობის თანხებია გადახდილი რუსეთიდან ტრენაჟორებისა და საბავშვო გასართობი ატრაქციონების შესაძენად.
“ფლანგვის დეტექტორი” ადრეც წერდა, რომ ბიუჯეტიდან დიდი თანხები იხარჯებოდა რუსული ტრენაჟორების შესაძენად, ამჯერად დავინტერესდით, კვლავ აგრძელებს თუ არა სახელმწიფო რუსული ტრენაჟორების შესყიდვას.
როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მთავრობა 2014 წლიდან აქტიურად ყიდულობს რუსულ ტრენაჟორებსა და საბავშვო ატრაქციონებს. რუსული ტრენაჟორებით სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოებს კომპანია შპს ჯეო პარკი ამარაგებს. სიმბოლურია, რომ რუსული პროდუქციის შემომტანი კომპანია 2008 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში 2010 წლიდან ჩნდება, ჯეო პარკმა ამ პერიოდში 469 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 38,333,132 ლარი შეადგინა.
შპს ჯეო პარკთან 2014-2024 წლებში მხოლოდ რუსული პროდუცქციის, მათ შორის ტრენაჟორებისა და გასართობი ატრაქციონების ჩამოსატანად 143 ხელშეკრულება გაფომრდა, მათი ჯამური ღირებულება 16,714,926 ლარს შეადგენს. ძირითად შემთხვევაში კომპანიასთან ხელშეკრულება უკონკურენტოდ ფორმდება.
2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან – დღემდე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანომ და მუნიციპალიტეტმა შპს ჯეო პარკთან ჯამში 2,493,195 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს მხოლოდ რუსული წარმოების ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების შესაძენად, ამის პარალელურად კი რუსეთი უკრაინაში ბავშვთა კლინიკებს ბომბავს.
საინტერესოა, რატომ აგრძელებს საქართველოს მთავრობა რუსული კომპანიებისგან ტრენაჟორებისა თუ საბავშვო ატრაქციონების შეძენას მაშინ, როდესაც კონკრეტულად ამ პროდუქციის არაერთი დასავლური თუ თურქული ანალოგი არსებობს და არ არსებობს საჭიროება იმისა, რომ საქართველო რუსულ ბაზარზე იყოს მიბმული.





