თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ, რომ სხვადასხვა მეთოდის დანერგვითა და გამოყენებით მწეველთა რაოდენობა წლიდან წლამდე შეამცირონ. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ცხელი ხაზია, სადაც მწეველებს სხვადასხვანაირი მიდგომით თამბაქოზე თავის დანებებაში ეხმარებიან.
ცხადია, იმისთვის, რომ მწეველებმა ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ რეალურად შეძლონ მოწევის შეწყვეტა, აუცილებელია, რომ ორგანიზაციებს გამართული და ინდივიდებზე მორგებული სტრუქტურა ჰქონდეთ. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი დიდი ბრიტანეთია. კვლევების მიხედვით, 2001 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში ინგლისში დაახლოებით 30%-ით შემცირდა მწეველთა რიცხვი, ამაში წვლილი ცხელ ხაზსაც მიუძღვის.
სატელეფონო კომუნიკაციის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ზარების სიხშირე და ხანგრძლივობაა, ხანგრძლივი საკონსულტაციო სესიები თავის მხრივ, უფრო ეფექტურია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში არსებული მიდგომა ასევე გულისხმობს შემდგომ მხარდაჭერასაც, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა მედიკამენტზე წვდომაში ან რეგულარულ სატელეფონო კომუნიკაციაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დიდ ბრიტანეთში ასეთ ორგანიზაციებს ინდივიდებზე მორგებული მიდგომა აქვთ, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც მოწევის შეწყვეტა უნდა, ეგზავნება პერსონალიზებული გეგმა, რომელიც სპეციფიკური გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.
მართალია, ყველა, ვინც მსგავს ცხელ ხაზზე რეკავს, მოწევას თავს არ ანებებს, მაგრამ ფაქტია, რომ სწორი მიდგომები ზრდის იმის შანსს, რომ სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, ადამიანმა მოწევა შეწყვიტოს.
მსგავსი ცხელი ხაზები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, 2015 წლიდან საქართველოში ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი თამბაქოს კონტროლის გაძლიერებაა. ცნობიერების ამაღლების კამპანიასთან ერთად, ასევე ფუნქციონირებს თამბაქოსთვის თავის დანებების ცხელი ხაზი. საქართველოში თამბაქოს კონტროლის სიტუაციის შესაფასებლად, თამბაქოს კონტროლის ევროპული სტრატეგიის (ESTC) ფარგლებში არსებული ინდიკატორები გამოიყენება. ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორი თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ხელმისაწვდომობაა, აღნიშნული ინდიკატორის მიხედვით საქართველოში ასეთი სიტუაციაა:
“თამბაქოსთვის თავის დანებების მხარდამჭერი სერვისები არასრულფასოვანია. კვირაში 7 დღე და დღეში 8 საათი ფუნქციონირებს თამბაქოსთვის თავის დანებების ცხელი ხაზი 116001, ასევე ფუნქციონირებს თამბაქოზე თავის დანებების მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით და, შემდგომში, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თამბაქოსთვის თავის დანებების ხანმოკლე კონსულტაციის გაწევაში გადამზადებულია პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით; შემუშავებულია თამბაქოსთვის თავის დანებების ეროვნული სტრატეგია და კლინიკური გაიდლაინი, რაც უნდა დამტკიცდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
მიუხედავად განხორციელებული მრავალმხრივი მიდგომებისა, ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა გასაწევი, განსაკუთრებით ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპიისა და დამოკიდებულების მედიკამენტური მკურნალობის ხელმისაწვდომობის კუთხით.”
საინტერესოა, რამდენად ეფექტურია საქართველოში მსგავსი ცხელი ხაზის არსებობა და, მისი შექმნიდან – დღემდე, რამდენმა ადამიანმა შეწყვიტა მოწევა.
პირველ რიგში, საინტერესოა, რა მიდგომებითა და გაიდლაინებით ხდება საქართველოში არსებულ ცხელ ხაზზე მომხმარებელთა მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ნოემბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისრტმა N01-553 ბრძანებით დაამტკიცა მოწევის შეწყვეტის ხელშეწყობის გაიდლაინი და მიუხედავად იმისა, რომ გაიდლაინის გადასინჯვისა და განახლების ვადად 2 წელი განისაზღვრა, ვერც NCDC-მ და ვერც სამინისტრომ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია, არსებობს თუ არა განახლებული გაიდლაინი.
გაიდლაინის თანახმად, მკურნალობის სამი მიმართულება არის განსაზღვრული:
- გამოკითხეთ და ჩაიწერეთ თითოეული პირის მწეველობის სტატუსი;
- ურჩიეთ მწეველს მოწევის შეწყვეტა;
- თითოეულ მწეველს მოუწოდეთ მოწევის შეწყვეტის დახმარების გამოყენებისკენ და ხელი შეუწყვეთ მსურველებს, მიიღონ დახმარება.
“ფლანგვის დეტექტორი” დაინტერესდა, აწარმოებს თუ არა NCDC ყოველწლიურ ანგარიშს იმასთან დაკავშირებით:
- რამდენმა ადამიანმა დარეკა თამბაქოს შეწყვეტის ცხელ ხაზზე 2018-2024 წლებში;
- მონიტორინგის შემთხვევაში, მათგან, ვინც თამბაქოს ცხელი ხაზის მომსახურება გამოიყენა, რამდენმა ადამიანმა შეწყვიტა თამბაქოს მოხმარება დროის იგივე მონაკვეთში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი კონსულტაცია ცხელ ხაზზე 2023 წელს ჩატარდა და რიცხვმა 4410 შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს დანებების ცხელი ხაზი საქართველოში 2015 წლიდან მოქმედებს, NCDC-მ მოგვწერა, რომ კონსულტაციის შემდგომი მონიტორინგი მხოლოდ 2022 წლის მაისიდან არის დანერგილი და 2022 წლის მაისიდან 2024 წლის აპრილამდე უკუკავშირისთვის 229 ადამიანთან მოხერხდა დაკავშირება.
“2022 წლის მაისიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით სულ უკუკავშირისთვის ზარის განხორციელება შესთავაზეს 436 ბენეფიციარს, 361-მა რესპონდენტმა განაცხადა თანხმობა, აქედან 289 პირთან მოხერხდა დაკავშირება. 289 ბენეფიციარიდან ზარის განხორციელების მომენტში მოწევისათვის თავის დანებება დააფიქსირა 52-მა ბენეფიციარმა, 106-მა აღნიშნა, რომ შეამცირა მოწეული ღერების რაოდენობა, 31 პირი თავად დაუკავშირდა ცხელი ხაზს მადლობის ნიშნად და განაცხადა, რომ თავი დაანება მოწევას.” – გვწერს NCDC.
შესაბამისად, NCDC-ს ხელთ არსებული მონაცემები თამბაქოს შეწყვეტის კონსულტაციების შემდგომი მონიტორინგის შესახებ იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია საქართველოში არსებული თამბაქოს ცხელი ხაზის ეფექტურობა გაიზომოს. მხოლოდ 2023 წელს ცხელ ხაზზე ყველაზე მეტი – 4,410 ზარი დაფიქსირდა, თუმცა შემდგომი მონიტორინგის მიზნით დაკავშირება 436 ადამიანიდან მხოლოდ 289 ადამიანთან მოხერხდა.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია თამბაქოს ცხელი ხაზის ეფექტურობის გაზომვა, შესაძლებელია მის შედარება მთავრობის დადგენილებასთან, სადაც გაწერილია საშუალოვადიანი და საბოლოო სამიზნეები ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარების კომპონენტში.
2021 წელს მთავრობის დადგენილებით 2021-2025 წლებში თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია გაიწერა. მთავრობის დადგენილებიდან ვიგებთ, რომ სტრატეგიის საპროგნოზო ბიუჯეტი ჯამში 6,4 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფოს ბიუჯეტით 1 მლნ ლარი ფინანსდება, დონორი ორგანიზაციები 4,9 მლნ ლარს აფინანსებენ, 0,5 მლნ ლარი კი დეფიციტია. იმავე სტრატეგიით, გაწერილია სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი ამოცანა (1.2.2) თამბაქოს ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარების რაოდენობის მონიტორინგია.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2021 წელს “საშუალოვადიან სამიზნეს” 10,000 მოქალაქე წარმოადგენდა, ხოლო 2023 წელს “საბოლოო სამიზნეს” 20,000 მოქალაქე, მიუხედავად ამისა, თავად NCDC-ის მონაცემებით, 2021 წელს თამბაქოს ცხელ ხაზზე 2,184-ჯერ დარეკეს, ხოლო 2023 წელს 4,410-ჯერ.
თამბაქოს შეწყვეტის კონსულტაციებს როგორც წესი “საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა” ატარებს, რომელიც NCDC-ის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში პერმანენტულად იმარჯვებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველწლიურად “ჯანმრთელობის ხელშეწყობის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვებით ყიდულობს ცხელი ხაზის მომსახურებას. უშუალოდ თამბაქოს ცხელი ხაზისთვის 2018-2023 წლებში NCDC-მ 239,495 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერები გააფორმა, ხოლო 2021-2023 წლებში იგივე მომსახურებისთვის გამარტივებული შესყიდვების გზით 31,800 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს ცენტრი ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის თამბაქოს კომპონენტის ეფექტური მონიტორინგის საფუძველზე დაჯილდოვდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევების მქონე, ამასთანავე, ncdc აქტიურად იწონებს თავს თამბაქოს ცხელი ხაზის შექმნით, თუმცა, აღნიშნული მიღწევების შესახებ ცენტრის ვებ.გვერდზე ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება.
ფაქტია, რომ წლიდან წლამდე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დიდ თანხებს იხდის თამბაქოს ცხელი ხაზის მომსახურებისთვის, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის არც ცხელი ხაზის მუშაობის გაიდლაინი და არც საერთო სურათის დასანახად საკმარისი სტატისტიკა, რაც გაზომავდა, რამდენად ეფექტურია ქვეყანაში აღნიშნული ცხელი ხაზის არსებობა.





