ზუგდიდის სტადიონის შენებას 9 წელი 2 ტენდერი და 14 მილიონი დასჭირდა. მის დასასრულებლად კიდევ 16 მილიონიანი შესყიდვა გამოცხადდა.

ზუგდიდში, ჯანაშიას N5-ში მდებარე სტადიონის 2015 წელს დაწყებული მშენებლობა, ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მინიმუმ 2025 წლამდე არ დასრულდება.

2024 წლის 30 მაისს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, მათ სურთ შეიძინონ “საფეხბურთო სტადიონის და სათადარიგო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოების (მესამე ეტაპი) მომსახურება და ამისთვის გამარჯვებულ კანდიდატს საგარანტიო ვადად 2 წელს აძლევენ – 2025 წლის 31 დეკემბრამდე.

სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად

16,300,000 მილიონი ლარი არის განსაზღვრული. პრეტენდენტების წინადადებების მიღება 16 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება.

Რატომ არ აქვს დღემდე ზუგდიდს სტადიონი?

Ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, როდესაც მუნიციპალიტეტმა ტენდერი (SPA150028614) გამოაცხადა მშენებლობის მომსახურების შესაძენად, რაშიც მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო, გამარჯვებული კი საბოლოოდ შპს “დაგი” გახდა. კომპანიისთვის გადასახდელ თანხად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხრიდან 9,747,000 ლარი განისაზღვრა, საინადაც შპს “დაგმა” 99% (9,671,538 ლარი) მიიღო.

Შპს “დაგის” სამუშაოების დასასრულებლად ვადა 2017 წლის 30 სექტემბრამდე მიეცა. კომპანიამ მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, დასრულებული სტადიონი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზას, ან დამოუკიდებელ კვალიფიციურ ექსპერტს უნდა შეემოწმებინა და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში ისინი აღმოეჩინა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და მოგვიანებით გაირკვა, რომ სტადიონი UEFA-ს სტანდარტებს არათუ არ შეესაბამება, არამედ ვარგისიც კი არ არის.

ბეტონის კედელი, რომელიც მაყურებლებს თამაშის დანახვაში ხელს უშლიდათ და ფეხბურთელებისთვის სახიფათო იყო, გამხმარი ბალახი მოედანზე, ოთახებში ჩასული წყალი – ეს ის ხარვეზებია, რაც შპს “დაგის” მიერ თითქმის 10 მილიონ ლარად რეაბილიტირებულ ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონს ჰქონდა.

ამის შემდეგ ზუგდიდის ცენტრალური სტადიონზე სამუშაოები დაახლოებით ერთი წლით შეჩერდა და 2019 წლის სექტემბერში ახალი ტენდერი (NAT190016982)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაცვლად ამჯერად მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. Სახელმწიფო შესყიდვის მიხედვით, უნდა დასრულებულიყო ცენტრალური სტადიონის მშენებლობა/რეაბილიტაცია და ასევე, უნდა აშენებულიყო ახალი სათადარიგო სტადიონი.

ტენდერში მონაწილეობა კვლავ ორმა კომპანიამ მიიღო და გამარჯვებული შპს “მაქრო ქონსთრაქშენი” გახდა. კომპანიისთვის გადასახდელ თანხად 9,900,000 ლარი განისაზღვრა, საბოლოოდ კი კომპანიას ამ დრომდე 4,256,987 ლარი აქვს მიღებული.

Სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თავდაპირველ ვადად ამჯერად 2020 წლის ოქტომბერი განისაზღვრა – ანუ, UEFA-ს სტანდარტების შესაბისობაში მყოფი ცენტრალური სტადიონი ქალაქს 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჰქონოდა. 

ამას ადასტურებდა მაშინდელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელიაც, რომელიც ამბობდა, რომ სტადიონის მშენებლობა 2020 წელს დასრულდებოდა. თუმცა ასე კვლავ არ მოხდა. 

აღნიშნულ სატენდერო ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება და მშნებელობის დასრულევის ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. Საბოლოო ცვლილების მიხედვით, შპს “მაქრო ქონსთრაქშენს” ძირითადი სამუშაოების პერიოდის დასასრულად 2024 წლის 15 აპრილი მიეთითა, დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდად  2025 წლის 15 აპრილამდე განესაზღვრა, ხოლო სამუშაოების პერიოდი გადაწევის გამო – შეკრულების მოქმედების ვადად 2025 წლის 30 აგვისტო დადგინდა.

თუ მხოლოდ ხელშეკრულებებს შევხედავთ, შეცვლილი ვადის მიხედვით გამოდის, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახალი ტენდერის გამოცხადების პარალელურად, შპს “მაქრო ქონსთრაქშენს” ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის სამუშაოები ახლახანს დასრულებული უნდა ჰქონდეს და მომავალი წლის 15 აპრილამდე დეფეტებს უნდა ასწორებდეს. თუმცა ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დიდი ხანია არავის შეუნიშნავს, 

დასკვნა


2015 წლის შემდეგ, Მიუხედავად, ორჯერ გამოცხადებული ტენდერისა და ამაში თითქმის 14 მილიონი ლარის დახარჯვისა, ზუგდიდის ცენტრალური და სათადირგო სტადიონი ამ დრომდე არ არის დასრულებული. ამ პერიოდის განმავლობაში, სტადიონის მშენებლობა თავიდან 2017 წელს, შემდეგ კი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, 9 წლის შემდეგ, რეალობა სრულიად სხვანაირია და სახელმწიფო სტადიონის დასასრულებლად ახლა  16,300,000-ლარიან  ტენდერს აცხადებს.

მსგავსი სტატიები