ოფშორულმა კომპანიამ, რომელსაც თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მამუკა მუჯირი ფლობს, ლონდონში საცხოვრებელი ბინა შეიძინა, ხოლო მას შემდეგ რაც აღნიშნული ფაქტი საჯარო გახდა – გაყიდა.
ავტორი: ხატია ნიკოლაიშვილი
დამატებითი რეპორტინგი: კელი ბლოსი (OCCRP)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ოფშორული კომპანიის მეშვეობით ლონდონში ძვირადღირებული ბინა შეიძინა, თუმცა აღნიშნული ოფშორული კომპანია დეკლარაციაში არ მიუთითებია, რითაც კანონის მოთხოვნა დაირღვა.
გაერთიანებული სამეფოს მიერ მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით ოფშორულ კომპანიათა გამჭვირვალობის უფრო მაღალი მოთხოვნები დადგინდა, რის შედეგადაც გამჟღავნდა, რომ 2008 წელს, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვებამდე, მამუკა მუჯირმა სეიშელის კუნძულებზე ოფშორული კომპანია დააფუძნა. აღნიშნული კომპანიით კი 2009 წლის აგვისტოში, ლონდონის სამხრეთ ჰემფსთედის რაიონში, 2-საძინებლიანი ბინა 560,000 ფუნტ-სტერლინგად (900,000 აშშ დოლარი) შეიძინა.
2005 წელს მუჯირი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს და შეიარაღების შეძენის საკითხებში იყო ჩართული. 3 წლის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად განხორციელებულ მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს თანამდებობიდან მისი გათავისუფლება მოჰყვა.
მამუკა მუჯირს, როგორც საჯარო მოხელეს, 2003-2008 წლებში ყოველწლიური ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა ევალებოდა. Მას დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება თანამდებობის დატოვების შემდეგაც ჰქონდა. თუმცა ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში არ ოფშორული კომპანია ბრენტლი ქორფორეიშენი (Brentley Corporation) მითითებული არ იყო. ასევე არ იყო მითითებული ასე ძვირად ღირებული შენაძენისთვის აუცილებელი შემოსავალი ან აქტივები.
ბათუ ქუთელია, თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომელიც მუჯირთან ერთად მუშაობდა, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დეტალურად უნდა გამოიძიოს ყველა ის საჯარო მოხელე, რომელიც ქონებრივ დეკლარაციას არასრულყოფილად წარადგენს:
“არა მხოლოდ დეკლარაციის წარუდგენლობა, არამედ შემოსავლების გამჟღავნებისგან თავის მიზანმიმართულად არიდება დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ქონება უნდა დასანქცირდეს” – აცხადებს ქუთელია. მისი თქმით, მამუკა მუჯირის დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
ჩვენ მამუკა მუჯირსაც მივმართეთ კომენტარისთვის, თუმცა მან კითხვები უპასუხოდ დატოვა.
ქართველი მეზობლები
⭕ როდესაც მუჯირმა ლონდონში ბინა შეიძინა, იმავე საცხოვრებელ კომპლექსში სხვა ბინას უკვე ფლობდა კიდევ ერთი მდიდარი ქართველი - სულხან პაპაშვილი, რომელიც ერთ დროს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. დღეს სულხან პაპაშვლი ენერგეტიკის ბიზნესში მუშაობს.
⭕ 2003 წელს, მამუკა მუჯირი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სწორედ სულხან პაპაშვილის მოადგილედ მუშაობდა. სულხან პაპაშვილის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ არ უპასუხა კითხვებს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა სულხან პაპაშვილი დაკავშირებული მამუკა მუჯირის მიერ აღნიშნული ბინის შეძენასთან.
⭕ იმავე საცხოვრებელ კომპლექსში კიდევ ერთ ბინას ფლობდა გიორგი კუხალეიშვილი - სულხან პაპაშვილის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორი, რომელიც ასევედაკავშირებული იყო მამუკა მუჯირთან. უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით, კუხალეიშვილის საკუთრებაში არსებული ბინა მამუკა მუჯირმა მისი კომპანიის - Brentley Corporation-ის იურიდიული მისამართად მიუთითა. ამასთანავე, მამუკა მუჯირმა საკუთარ საკორესპოდენციო მისამართად უძრავი ქონების მმართველი კომპანიის - ქორნერსთოუნ ლიმითედის (Kornerstone Limited) მისამართი მიუთითა, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეც გიორგი კუხალეიშვილი არის.
⭕ კუხალეიშვილის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ და Kornerstone-მა თავი შეიკავეს კომენტარისგან კუხალეიშვილისა და მუჯირის კავშირების შესახებ. კომპანიამ განაცხადა მხოლოდ ის, რომ კუხალეიშვილისა და Kornerstone Limited-ის საქმიანობა და ურთიერთობა კლიენტებთან სრულ შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, Მუჯირის დეკლარაციების მიხედვით დგინდება, რომ არც ის და არც მისი ოჯახი არ ფლობს რაიმე მნიშნელოვან შემოსავლის წყაროებს აღნიშნული ბინის შესაძენად, თანხის სრულად გადახდით, იპოთეკის ან/და სესხის გარეშე.
Მისი წლიური ხელფასი 20,000 აშშ დოლარს არ აღემატებოდა, მისი მეუღლე და მშობლები ერთობლივად წლიურად 10,000 აშშ დოლარს გამოიმუშავებდნენ. ეს თანხა ახლოსაა საქართველოს 2010 წლის მთლიან შიდა პროდუქტთან ერთ მოსახლეზე (9,580 აშშ დოლარი, მსოფლიო ბანკი), როდესაც ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 70% იყო..
მუჯირის მიერ დადეკლარირებული ქონება, თითქმის სრულიად მამამისის სახელზე იყო გაფორმებული, თუმცა ისიც კი არ იყო საკმარისი ბინის შესაძენად. დეკლარირებული ქონების ჯამური ღირებულება 2008 წლის მდგომარეობით დაახლოებით 200,000 აშშ დოლარს შეადგენდა. გარდა ამისა, მას დადეკლარირებული ჰქონდა ნახატები, ანტიკური ვაზა და ფასიანი ქაღალდები – ჯამში 150,000 დოლარის ოდენობით. საქართველოს საჯარო რეეტრის ჩანაწერების მიხედვით არ დგინდება, რომ მუჯირი 2017 წლამდე რაიმე უძრავ ქონებას ფლობდა.
OCCRP-ს და მისი პარტნიორი ორგანიზაციის, მმართველობის მონიტორინგის ცენტრის (GMC) მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად არ იკვეთება, რომ მამუკა მუჯირი ან მისი კომპანია Brentley Corporation-ი რაიმე ბიზნესსაქმიაობით იყო დაკავებული, რაც გონივრულად დაასაბუთებდა ლონდონში ბინის შეძენისთვის საკმარისი წყაროს არსებობას.
ახალი რეგულაციები და ახალი აღმოჩენები
ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე მუჯირის ოფშორული კომპანია საიდუმლოდ რჩებოდა. თუმცა 2022 წელს, გაერთიანებულმა სამეფომ საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ყველა უცხოური კომპანია, რომელიც ქონებას ინგლისში ფლობდა, ვალდებული გახდა გაესაჯაროვებინა ინფორმაცია მისი საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.
2023 წლის 12 იანვარს, Brentley Corporation-მა დააკმაყოფილა აღნიშნული კანონის მოთხოვნა და გაამჟღავნა, რომ მისი საბოლოო მესაკუთრე კომპანიის დაფუძნების დღიდან მამუკა მუჯირი იყო. აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებიდან რამდენიმე კვირაში, უძრავი ქონების რეესტრის ჩანაწერებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მან ეს ბინა 615,000 ფუნტ სტერლინგად (760 000 აშშ დოლარი) გაყიდა.
ამ დროისთვის, მუჯირი უკვე 14 წელზე მეტი დროის მანძილზე აღარ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. საჯარო სამსახურის დატოვებამდე იგი რამდენიმე მაღალ თანამდებობას იკავებდა სხვადასხვა სამინისტროებში ორი სხვადასხვა პრეზიდენტის დროს.
თავდაპირველად იგი საჯარო მოხელედ მუშაობდა ედუარდ შევარდნაძის პრეზიტენდობის პერიოდში, რომელსაც თანამდებობიდან გადადგომა მოუწია 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციის შედეგად. შემდეგ მუჯირმა საჯარო სამსახურში მუშაობა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც გააგრძელა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე მისი პროფესიული ბიოგრაფია მოიცავდა მუშაობას სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ჩანს, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში გაჩაღებული 5-დღიანი ომის შედეგად მისი საჯარო მოხელის კარიერა დასრულდა. 2008 წლის ომი საქართველოსთვის ტრაგიკულ მოვლენად განიხილება და რუსული ჯარები დღემდე უკანონოდ იკავებენ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს.
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა მოუწოდეს საქართველოს, რომ თავდაცვის ინსტიტუციური რეფორმები განეხორციელებინა. პარალელურად, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ითხოვდნენ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის – დავით კეზერაშვილის გადაყენებას.
ზეწოლის შედეგად, მიხეილ სააკაშვილი იძულებული იყოსამთავრობო კაბინეტი მნიშვნელოვანად განეახლებინა, რის შედეგადაც თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი გადააყენეს. მამუკა მუჯირი მინისტრის მოადგილის პოსტს მასთან ერთად დაემშვიდობა.
საეჭვო გარიგება შეიარაღების შესყიდვაზე
ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული 2008 წლის აშშ-ს დიპლომატიური მიმოწერებით დგინდება, რომ მამუკა მუჯირი, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო შეიარაღების შესყიდვის საკითხში იყო ჩართული.
ეს მიმოწერები საიდუმლო ინფორმაციად არის კლასიფიცირებული, საიდანაც ირკვევა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო ვაჭრობისა და შესაბამისობის ოფისი (DTCC) შეშფოთება იმ ფაქტით, რომ საქართველო ავტომატებისა და ყუმბარმტყორცნების შესყიდვას ცდილობდა. ჩანაწერებით დგინდება, რომ დოკუმენტაციას აღნიშნული შეიარაღების შესყიდვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელი მუჯირმა მოაწერა.
შეიარაღების შესყიდვის გარიგება განხორციელდა სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული და ასევე ბულგარული კომპანიების შუამავლობით. დიპლომატიური ჩანაწერებით დგინდება, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო ვაჭრობისა და შესაბამისობის ოფისის ინფორმაციით ორივე ეს შუამავალი კომპანია ორგანიზებულ დანაშაულთან და იარაღით უკანონო ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ გააკეთა კომენტარი აღნიშნული საეჭვო გარიგების, აგრეთვე ამ გარიგებაში მუჯირის როლის შესახებ.
ბათუ ქუთელია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომელიც უწყებაში მუჯირთან ერთად მუშაობდა, განმარტავს, რომ მაშინ საქართველოს აკრძალული ჰქონდა დასავლური სახელმწიფოების მიერ წარმოებული შეიარაღების შესყიდვა, მათ შორის – არტილერიის, ჯავშანტრანსპორტიორებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების.
“აქედან გამომდინარე, საქართველოს მაშინდელი თავდაცვის საშუალებები ძირითადად იყო საბჭოთა წარმოების, რომელიც საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრი ქვეყნებისგან იყო შეძენილი, ხოლო აღნიშნული ქვეყნები კორუფციის მაღალი რისკით ხასიათდება” – აცხადებს ქუთელია.
ქუთელიას თქმით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია შეიარაღების შესყიდვაში მუჯირის მონაწილეობის შესახებ, რადგანაც ეს საკითხი არ შედიოდა მისი კურირების სფეროში.
იმ პერიოდში, როცა მუჯირი და ქუთელია თავდაცვის სამინისტროში მუშაობდნენ, საქართველოს თავდაცვის სექტორში ფუნდამენტური რეფორმები ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდებოდა.
“კორუფციული რისკების მინიმიზაცია რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო” – ამბობს ქუთელია.
ქუთელია ასევე აცხადებს, რომ ამისათვის სხვადასხვა ზომები იქნა მიღებული – მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ფინანსური და შესყიდვების დეპარტამენტის გაყოფა, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება და სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური გაძლიერება კორუფციული დანაშაულების უკეთესად გამოსაძიებლად.
“2008 წელს აღნიშნული მექანიზმები იდეალურად არ მუშაობდა” – ამბობს ის .





