შემოწირულობები ერთი მხრივ პარტიების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა, ამავდროულად კორუფციის რისკებს შეიცავს. ქართული ოცნება ყოველწლიურად მილიონობით ლარს იღებს კერძო და ფიზიკური პირებისგან. შენატანების რეკორდი წინასაარჩევნოდ იხსნება. ქართული ოცნების ყველაზე მსხვილი ერთგული შემომწირველები ბიზნესმენები არიან. სტატიაში გაგაცნობთ მსხვილ შემწირველებს და საბიუჯეტო სუბსიდიების ოდენობას, რომელსაც მათი კომპანიები იღებენ.
2024 წელს ქართული ოცნება მეოთხე ვადით ეცდება საკანონმდებლო ორგანოში დარჩენას. ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობა მე-11 მოწვევების პარლამენტის წევრებს აირჩევს. საარჩევნო პერიოდი პოლიტიკური პარტიებისთვის ყოველთვის დიდი ოდენობის შემოწირულებებით გამოირჩევა. ეს არის დრო, როდესაც პარტიებს მაქსიმალური ფინანსების მობილიზება სჭირდებათ ახალი მხარდამჭერების მოსაზიდად. პოლიტიკური პარტიების მონიტორინგს 2023 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებდა. შემდეგ ევროკომისიის მეოთხე რეკომენდაციის ფარგლებში ახალი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა და ფუნქცია ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ქვეშ მოექცა.
საქართველოს კანონის თანახმად ანტი-კორუფციიული ბიურო ვალდებულია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებები განახორციელოს.”
მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვალდებულებისა, საკითხავია, რამდენად კარგად ამონიტორინგებს ბიურო პოლიტიკური პარტიების შემოსავლებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ შემოწირულებებს. ჯამში მილიონობით ლარის ოდენობის ფინანსური სარგებელი, რომელსაც მმართველი პარტია კერძო და იურიდიული პირებისგან იღებს, სავარაუდო კორუფციის რისკის ნიშნებს შეიცავს.
სტატიაში მიმოხილულია პოლიტიკური შემოწირულებების სტატისტიკა 2023 წელს და საეჭვო დონაციები, რომლებიც ერთეული პირების ბიზნესინტერესებს ემსახურება, რა დროსაც სარგებელს მმართველი პარტიაც იღებს.
კანონი ზღუდავს, თუმცა არა საკმარისად!
პოლიტიკური პარტიების უფლებებს, ვალდებულებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”. პოლიტიკური პარტიების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს: საწევრო შენატანები, შემოწირულობები და კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა.
კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქის მიერ წლის განმავლობაში გაკეთებული შემოწირულების ოდენობას. მოქალაქეს არ აქვს უფლებს წლის განმავლობაში 60,000 ლარზე მეტის შემოწირულება განახორციელოს. 2023 წლის 15 დეკემბრამდე პარტიის შემოწირულების გაკეთება კომპანიასაც შეეძლო, თუმცა ახალმა საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, იურიდიულ პირს ამის შესაძლებლობა აღარ აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი მკაცრად განსაზღვრავს წლის განმავლობაში განსახორციელებელ შემოწირულების ზღვრულ ოდენობას, ხშირად ეს მოქალაქეებს არ უშლით ხელს, პოლიტიკურ პარტიას თანხა სხვა პირების დახმარებით შესწირონ. ასეთი შემთხვევის ნათელი მაგალითია კონსტანტინე მორგოშიას მიერ განხორციელებული შემოწირულებები პატრიოტთა ალიასის სასარგებლოდ. კერძოდ, 2016 წელს კონსტანტინე მორგოშიამ პარტია “პატრიოტთა ალიანსს” კანონით დადგენილ თანხაზე მეტი, ₾ 91,600 ოჯახის წევრების მეშვეობით შესწირა.
ახალმა საკანონმდებლო ცვლილებამ ასევე განსაზღვრა პოლიტიკური პარტიების მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯის ზღვრული ოდენობა. კერძოდ, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს (მუხლი 25 პრიმა). აღნიშნული ხარჯების ზღვრული ოდენობა ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ხელს შეუწყოს პარტიებს შორის თანაბარი სათამაშო პირობების უზრუნველყოფას.
რამდენად ქმედითი ხასიათი ექნება აღნიშნულ ცვლილებას პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობაზე, ამას პარტიების 2024 წლის ფინანსური ანგარიშებიდან გავიგებთ.
პოლიტიკური პარტიების შემოწირულებები
2023 წელს, ჯამში 13,603,074 ლარის ოდენობის შემოწირულება.
ყველაზე მეტი შემოწირულება შემდეგმა პარტიებმა მიიღეს:
ხოლო სხვა პარტიების შემოწირულებებმა ჯამში- 614,123 ლარი შეადგინა.
საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა ოდენობით ქართული ოცნება ლიდერობს. მმართველი პარტიის მხარდამჭერები დიდი “გულუხვობით” გამოირჩევიან და ყოველწლიურად ათი ათასობით ლარს სწირავენ მმართველი პარტიის კეთილდღეობისთვის.
პარტია ქართულმა ოცნებამ 23 მლნ ლარზე მეტი 2020 წლის საარჩევნო პერიოდში მიიღო. შემომწირველთა შორის იყვნენ როგორც ფიზიკური პირები, ისე კომპანიები. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები შემოწირულება პარტიამ 2022 წელს მიიღო 1 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა 2023 წელს რაც ქვეყანაში არჩევნების მოახლოებით შეგვიძლია ავხსნათ.
2023 წელს პარტია ქართულ ოცნებმა 348 შემოწირულება მიიღო.
პარტიის შემომწირველთა უმეტესობა მაქსიმალურ ოდენობას (50,000-60,000 ლარს) სწირავენ, შემომწირველთა სიაში ხშირად შეხვდებით ერთი კომპანიის რამდენიმე დამფუძნებელსაც. თუ ვინ და როგორ წირავს თანხას მმართველ პარტიას, ქვემოთ მიმოხილული მაგალითებით გაიგებთ.
ბიზნესინტერესი თუ უბრალო მხარდაჭერა – ვინ სწირავს ფულს ქართულ ოცნებას?
ქართულ ოცნების შემომწირველთა სიაში, ნაკლებად შეხვდებით “უბრალო” მოქალაქეს. შემომწირველთა უმეტესობა ბიზნესმენია, რომელთა ნაწილი არა ერთ არამედ რამდენიმე კომპანიას ფლობს და სახელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობს. ასევე, ვხდებით ყველაზე ერთგულ მხარდამჭერებსაც, რომლებიც წლიდან წლამდე 10 ათასობით ლარს სწირავენ პარტიას.
ბიზნესმენთა მხარდაჭერა განსაკუთრებით შესამჩნევია წინა საარჩევნო პერიოდში. ასეთია 2023 წელიც, რომლის განმავლობაშიც ბიზნესსაზოგადოებამ მმართველ პარტიას ერთგულება კიდევ ერთხელ დაუმტკიცა.
ღვინის ბიზნესი და ქართული ოცნება
2023 წლის შემომწირველთა სიაში წელს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ კომპანიების მეწილეთა აქტიურობა, რომლებიც ღვინის ბიზნესით არიან დაკავებულები. კვლევის პროცესში დავადგინეთ, რომ კომპანიები, რომელთა მეწილეები მმართველი პარტიის სასარგებლოდ გულუხვ შემოწირულებას გასცემენ სუბსიდიის სახით, დახმარებას სახელმწიფოსგან იღებენ.
კომპანიების მეწილეები და კომპანიები, რომელთაც სახელმწიფო სუბსიდია და შეღავათიანია აგრო-კრედიტი მიიღეს არიან:
- დავით დუგლაძე
ერთ დროს ნაცინალური მოძრაობის მხარდამჭერი დავით დუგლაძე, 2016 წლიდან ქართული ოცნების ერთგული შემომწირველია. მას ჯამში 222,000 ლარის შემოწირულება აქვს გაცემული პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. დავით დუგლაძე ცნობილი ბიზნესმენია, რომლის საქმიანობა ღვინის წარმოებასთან არის დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ დავით დუგლაძე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია, რომელიც ასევე ღვინის ბიზნესით არის დაკავებული. კომპანიები, რომლებშიც დავით დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი მონაწილეობენ სახელმწიფოსგან მილიონობით ლარის ოდენობის სუბსიდიას იღებენ.
ეს კომპანიებია:
- კომპანია სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა, რომელმაც მხოლოდ 2022 წელს, რთველის სუბსიდიის პროექტის ფარგლებში, 2 მლნ ლარზე მეტი მიიღო. 2021-2023 წლებში კომპანიას ჯამში 4,124,406 ლარის ოდენობის სუბსიდია აქვს მიღებული. ამავე წლებში კომპანიამ ასევე შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ჯამში 2 მლნ ლარზე მეტი (2,328,349 ლარი) მიიღო.
- 2023 წელი – 412,446 ლარი
- 2022 წელი – 2,369,451 ლარი
- 2021 წელი – 1,342,509 ლარი
- შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია კიდევ ერთი ბიზნესია, რომლის მეწილეები ასევე დავით დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი არიან. კომპანიას ჯამში 2,048,027.05 ლარის სუბსიდია და ჯამში 1,733,273 ლარის ოდენობის აგროკრედიტი აქვს მიღებული 2021-2023 წლებში.
- 2023 წელი – 425,456 ლარი
- 2022 წელი – 862,582.8 ლარი
- 2021 წელი – 759,988.25 ლარი
დავით დუგლაძისა და ალექსანდრე ივანიშვილის კომპანიებს, 2021-2023 წლებში, ჯამში 6 მლნ ლარზე მეტი ( 6,172,433.05 ლარი) სუბსიდია აქვს მიღებული ღვინის ეროვნული სააგენტოდან, რთვლის სუბსიდიის პროექტის ფარგლებში.
მმართველი პარტიის შემომწირველები არიან ასევე ზემო აღნიშნული კომპანიების სხვა მეწილეებიც: ალექსანდრე ივანიშვილი და ზაალ დუგლაძე,
- ზურაბ ჩხაიძე
ზურაბ ჩხაიძე კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. კომპანია წლებია, იღებს მილიონობით ლარის სუბსიდიას სახელმწიფოსგან. მხოლოდ 3 წელიწადში თანხამ 8,449,628.7 ლარი შეადგინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კომპანიას ასევე ჯამში 2,828,945.31 ლარის აგროკრედიტი აქვს მიღებული 2021-2023 წლებში.
- 2023 წელი- 1,562,218 ლარი
- 2022 წელი- 2,520,562.2 ლარი
- 2021 წელი- 4,366,848.50 ლარი
ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ზურაბ ჩხაიძე მმართველი პარტიის შემომწირველია 2018 წლიდან. მას ჯამში 240,000 ლარის შემოწირულება აქვს გაცემული. აქედან 60,000 ლარი მან სალომე ზურაბიშვილს შეწირა 2018 წელს.
მმართველი პარტიის შემომწირველები არიან კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებიც – კობა ხარხელი და თეა თებიძე.
- ირაკლი უგულავა
ირაკლი უგულავამ პარტია ქართულ ოცნებას 2023 წელს 30,000 ლარი შესწირა. 2020-2021 წლებში მისმა შემოწირულებამ 35,000 ლარი შეადგინა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ირაკლი უგულავა შპს ასკანელი ძმების დირექტორია. კომპანია ასკანელი ძმებმა 2021-2023 წლებში ჯამში 4 მლნ ლარამდე (3,830,666) ლარის სუბსიდია ღვინის სააგენტოდან მიიღო.
- 2023 წელი- 652, 573 ლარი
- 2022 წელს – 601,984.25 ლარი
- 2021- 2,576,109.5 ლარი
გარდა ამისა, შპს ასკანელი ძმებმა 2021-2023 წლებში 1,859,758 ლარის ოდენობის აგროკრედიტიც მიიღო.
მმართველი პარტიის შემომწირველია შპს ასკანელი ძმების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჯიმშერ ჩხაიძეც.
- ირაკლი კოტეტიშვილი
ირაკლი კოტეტიშვილმა 2023 წელს 60,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. ეს მისი პირველი შემოწირულება არ არის. მას ჯამში 70,000 ლარი აქვს შეწირული პარტია ქართული ოცნებისთვის. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ირაკლი კოტეტიშვილი 4 კომპანიის მეწილეა – მათ შორის არის შპს ფალავანი. 2021-2023 წლებში კომპანიას ღვინის სააგენტოდან 366,084.5 ლარის სუბსიდია აქვს მიღებული.
- 2023 წელი- 73,224 ლარი
- 2022 წელს – 201,652.50ლარი
- 2021- 91,208 ლარი
შპს ფალავანმა 2021-2023 წლებში აგროკრედიტის სახით 284,940 ლარი მიიღო.
მმართველი პარტიის შემომწირველია კომპანიის დირექტორი გიორგი ფოჩხიძე, რომელმაც, ირაკლი კოტეტიშვილის მსგავსად ორჯერ შესწირა თანხა ოცნებას, 2020 და 2023 წელს, ჯამში 38,000 ლარის ოდენობით.
- ზაზა კიკაბიძე
ზაზა კიკაბიძე რამდენიმე ღვინის კომპანიას ფლობს. ესენია: შპს ენისელის მარანი, შპს ვაინ ენდ დაინ, შპს კიაზოს ღვინო, შპს ქართული ღვინის სახლი რაჭაში, შპს ქართული ღვინის სახლი. შპს ქართული ღვინის სახლი კომპანია შპს კახურ ქვევრის 100%იანი წილის მფლობელია.
შპს ქართული ღვინის სახლმა 2021-2023 წლებში 1 მილიონ ლარამდე (998,665.65) ოდენობის სუბსიდია მიიღო სახელმწიფოსგან, იგივე წლებში კომპანიამ 710,086 ლარის ოდენობის აგროკრედიტიც მიიღო. კომპანიის კაპიტალი 2023 წლის ამონაწერის თანახმად 217,892,680 ლარია.
- 2023 წელი- 50,159 ლარი
- 2022 წელს – 511,048.65 ლარი
- 2021- 437,458 ლარი
კომპანია ქართული ღვინის სახლის წილებს ინაწილებენ: ზაზა კიკაბიძე (12.5%); ნინო კიკაბიძე (12.5%); თათია კიკაბიძე (12.5%); სერგეი სუმაროკოვ (5%); დმიტრი ალექსანდროვი (45%) და ვასილ დვალი (12,5%).
2023 წელს კომპანიის მეწილეებმა ჯამში 163,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას.
- ირაკლი ბექაური
ირაკლი ბექაური 2018 წლიდან პარტია ქართული ოცნების ერთგული შემომწირველია. 2018-2023 წლებში, მან 210,000 ლარის შემოწირულება გააკეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ირაკლი ბექაური გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებს კომპანია შპს Bolero and Company-ში.
შპს Bolero and Company-ის 100% წილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს. კომპანია რუსეთში ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. შესაბამისად, კომპანია მოგების მნიშვნელოვან ნაწილს რუსულ ბაზარზე ღვინის რეალიზაციით იღებს. შპს Bolero and Company-მ მხოლოდ 2022-2023 წლებში რთვლის სუბსიდირების ფარგლებში 776,887 ლარი მიიღო:
- 2023 წელი- 148,658 ლარი
- 2022 წელს – 628, 229ლარი
2021-2023 წლებში კომპანიისთვის გადაცემულმა აგროკრედიტმა 932,349 ლარი შეადგინა.
საინტერესოა, რომ მმართველი პარტიის შემომწირველია ასევე კომპანიის სხვა დირექტორი დავით ბოჭორიშვილი. 2016 წელს კი თავად კომპანიამ 120,000 ლარი შესწირა.
შპს Bolero and Company, კომპანია გრუზვიმპრომ 1– ის 100% მესაკუთრეა. გრუზვიმპროვი ასევე იღებს სუბსიდიას სახელმწიფოსგან – 2021-2023 წლებში 1,6 მილიონზე მეტი მიიღო. კომპანიის დირექტორია მამუკა ფოთოლაშვილი, რომელმაც 50,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას.
კომპანია ასევე მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. გამარტივებული შესყიდვების გზით მას 6 მლნ ლარზე მეტი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. კომპანიის მომსახურების ძირითადი შემსყიდველები სახელმწიფო კომპანიები – შპს მოსავლის მართვის კომპანია და სს აკურაა.
- 2023 წელი- 350, 292 ლარი
- 2022 წელს – 1,243,984 ლარი
- 2021- 47,901 ლარი
- ვაჟა ციგროშვილი
ვაჟა ციგროშვილი 2016 წლიდან არის პარტია ქართული ოცნების შემომწირველი. მას ჯამში 355,000 ლარი აქვს შეწირული, საიდანაც ყველაზე მეტი 60,000 ლარი, 2016-2017 და 2021-2023 წლებში შესწირა.
ვაჟა ციგროშვილი 7 კომპანიის მეწილეა. ესენია: შპს შატო ნეკრესი, შპს რეკე, შპს ბრენდი, შპს სტორი, შპს გეორგიან ფუდი, შპს ენერგეტიის საინვესტიციო ფონდი და შპს მარნისკარი.
კომპანია მარნისკარმა, 2021 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში აგროკრედიტი მიიღო – 484,468 ლარის ოდენობით. შპს მარნისკარის დირექტორი და მეწილეების ნაწილი ქართული ოცნების შემომწირველია (იხ. გრაფიკი). 2023 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მეწილეები არიან: ვაჟა ციგროშვილი (ორმაგი მოქალაქე)- (55%), ლევან ნეკრესელაშვილი- (15%), ვახტანგ ციგროშვილი (ორმაგი მოქალაქე)- (15%), ლუკა ციგროშვილი (ორმაგი მოქალაქე)- (15%). კომპანიის დირექტორია- პაატა ბუზრიაშვილი.
- კახა ზუკაკიშვილი
კახა ზუკაკიშვილი კომპანია ვინოტეკის 50%-50%-იან წილებს ზურაბ რამაზაშვილთან ერთად ინაწილებს. კომპანიის ორივე მეწილემ 2023 წელს ქართულ ოცნებას ჯამში 120,000 ლარი შესწირეს. ეს არის მათი პირველი შემოწირულება, კახა ზუკაკიშვილს და ზურაბ რამაზაშვილის ცალ-ცალკე 150,000 ლარი აქვთ შეწირული მმართველი პარტიისთვის. საინტერესოა, რომ კომპანიის ორივე პარტნიორი თანხას არა მხოლოდ ერთსა და იმავე წელს, არამედ თვეში წირავს (იხ. ცხრილი).
შპს ვინოტეკმა 2017 წელს სოფლის მეურნეობის პროექტის ფარგლებში თელავში საწარმო გახსნა.
ღვინის კომპანიები, რომელთა მეწილეებმა და დირექტორებმა მსხვილი შემოწირულება გააკეთეს 2023 წელს:
ყველაზე “ერთგული” შემომწირველები
პარტია ქართული ოცნების 2023 წლის შემომწირველთა სიაში კომპანიის სახელით შემოწირულება არ გაკეთებულა, თუმცა ხშირად შევხდებით შემთხვევას, როდესაც შემოწირულებას ერთი კომპანიის რამდენიმე დამფუძნებელი აკეთებს.
- კომპანია მინისო ჯორჯიას დამფუძნებლები
ბიზნეს რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანია მინისო ჯორჯიას წილებს 8 პირი ფლობს, რომელთაგანაც 5 ქართული ოცნების შემომწირველია. კომპანიის მეწილეებმა მმართველ პარტიას და სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა დროს ჯამში- 478,000 ლარი შესწირეს.
დავით შალიკაძე, რომელიც კომპანიის 5%-იანი წილის მფლობელია, 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 35,000 ლარი, ხოლო 2023 წელს ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა.
შპს მინისო ჯორჯიას 5% -იანი წილის მფლობელია ასევე გიორგი ჩიტაშვილიც, რომელმაც 2018 წელს 5,000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს, ხოლო 2021 და 2023 წლებში 60-60,000 ლარი ქართულ ოცნებას.
კომპანიის კიდევ ერთმა პარტნიორმა, ირაკლი გოგოლიშვილმა 2023 წელს ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა. ირაკლი გოგოლაშვილი ასევე სხვა კომპანიების მეწილეც არის, რომელთა შორის არის შპს ანაგი.
კომპანია ანაგი სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს. შპს ანაგი უკვე წლებია ძვირადღირებულ ხელშეკრულებებს აფორმებს სახელმწიფო ორგანოებთან. 2011-2023 წლებში კომპანიამ სახ. შესყიდვების გზით 1 მილიარდზე (1,110,822,870 ლარი) მეტი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, საიდანაც 998,802,503 ლარი ელექტრონული ტენდერის გზით, ხოლო 237,623,370 ლარი გამარტივებული შესყიდვების გზით მიიღო 2012-2022 წლებში.
კომპანია ანაგის უფლებამოსილი წარმომადგენელია (პროკურისტი) დავით ანდღულაძე, რომელიც შპს მინისო ჯორჯიას 2%-ის მფლობელია. დავით ანდღულაძემ, ქართულ ოცნებას, პირველად 2021 წელს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე 50,000 ლარი შესწირა. მისი ბოლო შემოწირულება 2023 წლის დეკემბრით თარიღდება. საარჩევნო წლის დაწყებამდე, დავით ანდღულაძემ ქართულ ოცნებას კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური თანხა, 60,000 ლარი შესწირა.
პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერია შპს მინისო ჯორჯიას დირექტორი ბექა კიკალეიშვილი, რომელმაც 2016 წელს ქართულ ოცნებას 30,000 ლარი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 5,000 ლარი შესწირა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია მინისო ჯორჯიას ყველაზე მსხვილი წილის, 33%-ის მფლობელია ლევან აროშიძე, რომელმაც თავის მხრივ 53,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას 2016 წელს.
- ძმები ბუბუტეიშვილები
ბიზნესმენები ზურაბ და გიორგი ბუბუტეიშვილები პარტია ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მათ შორის ერთგული შემომწირველები არიან. ორივე ძმა მმართველ პარტიაზე კანონმდებლობით დაშვებულ მაქსიმალურ ოდენობას, 50-60,000 ლარის შემოწირულებას გასცემს.
2016-2024 წლებში ზურაბ ბუბუტეიშვილმა ჯამში 300,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას, ხოლო 50,000 ლარი სალომე ზურაბიშვილს. ბიზნესმენმა 2017 წელს დამატებით 120,000 ლარი მისი ერთ-ერთი “შპს სადისტრიბუციო კომპანია სარაჯიშვილის” მეშვეობით შესწირა.
- 2023- 60,000 ლარი
- 2021- 60,000 ლარი
- 2020-60,000 ლარი
- 2018-60,000 ლარი (სალომე ზურაბიშვილი)
- 2017- 60,000 ლარი
- 2016- 60,000 ლარი
საჯარო რეესტრის ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ბუბუტეიშვილი 12 კომპანიაში მონაწილეობს, სადაც დირექტორისა და მესაკუთრის პოზიციებს იკავებს. ამ კომპანიებიდან 4 ( შპს აზს და კომპანია; შპს GE Consulting, შპს ბემ სინს 2007, შპს შვაბი) არ არის აქტიური, რადგან არ აქვთ ამონაწერი.
ზურაბ ბუბუტეიშვილი შემდეგ კომპანიებში ფლობს წილს:
გასაკვირი არ არის ზურაბ ბუბუტეიშვილის “ერთგულება” მმართველი პარტიის მიმართ, რადგან მისი კომპანია მილიონობით ლარის სუბსიდიას იღებს სახელმწიფოსგან. ასეთი კომპანიაა სს სარაჯიშვილი. სს სარაჯიშვილმა 2022 წელს 4 მლნ ლარზე მეტი (4,232, 799.2 ლარი) მიიღო რთვლის სუბსიდირების პროექტის ფარგლებში. 2022-2023 წლებში კომპანიას 4,5 მლნ ლარის სუბსიდია აქვს მიღებული.
- 2023- 329,060 ლარი
- 2022- 4,232,799.2 ლარი
გარდა ამისა, კომპანიამ 2021-2023 წლებში შეღავათიანი აგროკრედიტის სახით საერთო ჯამში 1,874,308 ლარი მიიღო.
სს სარაჯიშვილს სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული გზით დაახლოებით 213,982 ლარი აქვს მიღებული.
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს ასევე, შპს სარაჯიშვილი ვაინერი ენდ დისთილერი, რომელმაც მხოლოდ 3 გამარტივებული შესყიდვიდან ჯამში 1,780,000 ლარი მიიღო 2021-2022 წლებში. სამივე შემთხვევაში კომპანიას ხელშეკრულება სახელმწიფო კომპანია შპს მოსავლის მართვის კომპანიამ გაუფორმა. შესყიდვის საგანი კი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება იყო.
ხოლო, რაც შეეხება გიორგი ბუბუტეიშვილს, მას ჯამში 230,000 ლარი აქვს შეწირული მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
- 2023- 60,000 ლარი
- 2021-60,000 ლარი
- 2020-60,000 ლარი
- 2017- 50,000 ლარი
გიორგი ბუბუტეიშვილი 3 კომპანიის წილს ფლობს.
გიორგი ბუბუტეიშვილი 2018 წლამდე იყო შპს რესტორან-მუზეუმი გუჯარის 100% წილის მფლობელი. მან 2018 წლის 29 ნოემბერს, უსასყიდლოდ გადასცა მამამისს, ელგუჯა ბუბუტეიშვილს, კომპანიის 100%.
შპს რესტორან-მუზეუმი გუჯარი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს და გამარტივებული გზით 764,092.75 ლარი აქვს მიღებული. სახელმწიფო უწყებები და დაწესებულებები სარესტორნო მომსახურებისთვის მიმართავენ კომპანიას.
- გიორგი ჭყონია
ბიზნესმენი გიორგი ჭყონია 2016 წლიდან პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველა მსხვილი და ერთგული შემომწირველია. მისი შემოწირულებები წლების მიხედვით ასე გამოიყურება (ჯამში 410,000 ლარი):
- 2023- 60,000
- 2022- 50,000
- 2021- 60,000
- 2020- 60,000 (15 ოქტომბერი, არჩევნების პერიოდი)
- 2018- 60,000 (სალომე ზურაბიშვილი)
- 2017- 60,000
- 2016- 60,000
გარდა იმისა, რომ გიორგი ჭყონია მმართველი პარტიის შემომწირველია, ის ასევე აქტიურად არის დაკავებული ბიზნეს საქმიანობითაც. გიორგი ჭყონია 20-ზე მეტ კომპანიაში ფლობს წილებს, მათ შორის არის შპს გზა. კომპანია, რომელმაც ელ.ტენდერების გზით 2011-2023 წლებში ჯამში 445,598,921 ლარი მიიღო, ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით, 2012-2023 წლებში, ჯამში 9,589,949 ლარი.
ამასთანავე, გიორგი ჭყონია 100%-იან წილს ფლობს კომპანია შპს სახლი ძველ ბათუმში, რომლის სახელითაც 2015 წელს ქართულ ოცნებას 50,000 ლარი შესწირეს. შემომწირველია ასევე აღნიშნული კომპანიის დირექტორი, ჯიმშერ ზოიძეც, რომელმაც 2017 და 2020 წლებში ქართულ ოცნებას 5-5 ათასი ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს ასევე 5,000 ლარი.
საერთაშორისო პრაქტიკა
საქართველოში პოლიტიკური შემოწირულებების დაკვირვებისას ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა. შემოწირულებების გზით პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტმა, IDEA International-მა, სხვადასხვა ტიპის სუბიექტებისთვის გარკვეული შეზღუდვები შეიმუშავა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პარტიებს შორის თანაბარი პირობების ჩამოყალიბებას და კორუფციული რისკების შემცირებას.
ძირითადი შეზღუდვების სახეები კი შემდეგია:
წყარო: IDEA International (2014:21)
ზემოთ აღნიშნული აკრძალვების ნაწილი უკვე დანერგილია და მოქმედებს OECD- ის წევრი ქვეყნებში. მაგალითისთვის შეიძლება განვიხილოთ ქვემოთ მოცემული ქვეყნები, სადაც პოლიტიკური შემოწირულებებზე სხვადასხვა ტიპის შეზღუდვაა დაწესებული.
საფრანგეთი:
საფრანგეთში კორპორაციულ ფირმებსა და იურიდიულ პირებს არ აქვთ უფლება პოლიტიკური შემოწირულება განახორციელონ. ასევე, აკრძალულია ანონიმური შემოწირულების გაკეთება, თუ ოდენობა 150 ევროს აღემატება.
შეზღუდვა ასევე დაწესებულია ფიზიკურ პირებზეც, რომელთაც უფლება აქვთ წლიურად შეიტანონ მხოლოდ 7,500 ევრომდე პოლიტიკური პარტიებისთვის და მხოლოდ 4,600 ევრო კანდიდატებისთვის თითოეულ არჩევნებზე (როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო).
ლიეტუვა:
განსხვავებული ტიპის შეზღუდვას ვხდებით ლიეტუვაში, სადაც შემოწირულებების ლიმიტი განისაზღვრება პარტიის წევრების ან სხვა ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული წლიური შემოსავლის 10%-ით.
ბელგია:
ბელგიაში თითოეულ ფიზიკურ პირს წელიწადში 500 ევროს შეწირვა შეუძლია პოლიტიკური პარტიისთვის. დამატებით ფიზიკურ პირებს კიდევ 2,000 ევროს ოდენობის კონტრიბუციის შეტანა შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებში.
შეჯამება
პოლიტიკური შემოწირულებები არის ერთ-ერთი გზა, რომ მოქალაქეები ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მხარი დაუჭირონ თავიანთ სასურველ პარტიას. შემოწირულება პოლიტიკური პარტიების ფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, განსაკუთრებით მათი საარჩევნო საარჩევნო კამპანიების დასაფინანსებლად.
როგორც ვნახეთ, საქართველოში პოლიტიკური შემოწირულებების მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ ერთი პარტიის დასაფინანსებლად მიედინება, შესაბამისად საყურადღებოა ის ტენდენცია, რომელსაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ვხდებით.
იმ ქვეყნებში, სადაც კერძო სექტორი დამოკიდებულია მთავრობის კონტრაქტებზე ან სადაც სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში ფართოა, კერძო სექტორის შემოწირულებები ხელს უწყობს ძალაუფლების დისბალანსს მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ამის ნათელი მაგალითია სწორედ სახელმწიფო შესყიდვების და სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები წლიდან წლამდე იღებენ.
შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მმართველ პარტიას ქვეყნის უდიდესი კომპანიები სწირავენ თანხას, აუცილებელია, რომ მიღებული იყოს შესაბამისი ზომები, რაც შეამცირებს ფულის კორუფციულ გავლენას პოლიტიკაში.
2023 წლის ბოლოს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები არ არის საკმარისი დღეს არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გატარდეს ცვლილებები, რომლებიც:
- ორიენტირებული იქნება პოლიტიკური შემოწირულებების შეზღუდვაზე
მსგავსი ტიპის შეზღუდვა მნიშვნელოვანია, რათა შემცირდეს მდიდარი შემომწირველების გავლენა პოლიტიკაზე და განეიტრალდეს მასთან დაკავშირებული კორუფციული რისკები. აღნიშნული აკრძალვა ხელს შეუწყობს საარჩევნო კონკურენციის გაზრდას და თანაბარი პირობების შექმნას პოლიტიკური პარტიებისთვის.
- შეამცირებს ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ ყოველწლიური დონაციის ოდენობას
დღეს კანონმდებლობით განსაზღვრული წლიური შემოწირულების ოდენობა (60,000 ლარი) უნდა შემცირდეს, იმისათვის რომ შეიზღუდოს კონკრეტულ ადამიანთა მიერ საკუთარი ბიზნესს ინტერებიდან გამომდინარე პარტიაზე გავლენა.
ქვეყნებში, სადაც წარმატებით მუშაობს პოლიტიკური შემოწირულებების სისტემა მნიშვნელოვნად მცირე ზღვრულ ოდენობას ვხდებით (დაახ. 2500 ევრო), ვიდრე ეს დღეს საქართველოშია.
- შეზღუდავს შემოწირულების შესაძლებლობას იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთა საკუთრებაში არსებული (ან მათთან კავშირში მყოფი) კომპანიებიც სახელმწიფოსგან ძვირადღირებულ ხელშეკრულებებს იღებენ
წყარო:
- ანტიკორუფციული ბიურო-პოლიტიკური პარტიების შემოწირულებები: https://rb.gy/tmwewc
- კომპანია სს აკურას ანგარიშგება: https://rb.gy/9hc3kw
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო: https://rb.gy/6rzbhk
- OECD- ის ანგარიში: Money in politics: Sound political competition and trust in government: https://rb.gy/667y3k ;
- Transparency International: Limits on political donations: global practices and its effectiveness on political integrity and equality: https://rb.gy/nmsawk ;
- International IDEA: https://rb.gy/3k9398





