ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და ზოგჯერ საშვილოსნოს ყელის კიბოსაც იწვევს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის აცრა 2006 წლიდან დაიწყო. საქართველოში პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ აცრა ეროვნულ პროგრამას 2019 წელს დაემატა და ის მხოლოდ 10-12 წლის გოგონების აცრას ითვალისწინებდა. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 2022 წელს ასაკობრივი ზღვარი 18 წლამდე გაიზარდა, ხოლო 2023 წელს 26 წლამდე, გარდა ამისა, ვაქცინაცია არამხოლოდ 10-26 წლის გოგონებისთვის, არამედ 10-12 წლის ბიჭებისთვისაც უფასო გახდა.
“ფლანგვის დეტექტორი” დაინტერსედა, 2023 წლის იანვრიდან დღემდე პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო რამდენი ვაქცინა შეიძინა სახელმწიფომ; ასევე რა დაუჯდა ქვეყანას მათი შეძენა; 10-26 წლამდე რამდენი გოგო და ბიჭი აიცრა და რამდენ ვაქცინას გაუვიდა ვადა; გარდა ამისა, ჩვენთვის საინტერესოა, რა გზებით ცდილობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ არის, მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად არ მოგვაწოდა. მეტიც, პირველ ჯერზე ცენტრმა მხოლოდ დასმული კითხვების ნახევარზე გაგვცა პასუხი და მხოლოდ განმეორებით მიმართვისა და რამდენიმე შეხსენების შემდეგ მოგვაწოდეს სხვა ინფორმაციაც. გარდა ამისა, დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადები, ინფორმაცია არც დაუყოვნებლივ მოუწოდებიათ და არც 10 დღის ვადაში, ამასთანავე, წინასწარ არ შეგვატყობინეს, რომ მოთხვონილი ინფორმაციის დამუშავებას 10 დღე ან მეტი დასჭირდებოდა.
რა ინფორმაცია მოგვაწოდეს:
სსიპ ლ. საყვარელიძის სახელმწიფო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2023 წელს ჯამში 208,492 ლარი დაიხარჯა 15,000 დოზა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად, ვაქცინები სახელმწიფომ ორ ნაწილად იყიდა:
18.01.2023 – 69,921.73 ლარი
09.11.2023 – 138,570.69 ლარი.
რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებსა და აცრების ჯერადობას, 10-45 წლის ქალების შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია ასე გამოიყურება:
10-26 წლის მამაკაცების აცრების მაჩვენებლი კი ასეთია:
ვინაიდან, პირველ ჯერზე სახელმწიფო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა ინფორმაცია სრულყოფილად არ მოგვაწოდა, “ფლანგვის დეტექტორმა” თავიდან გამოითხოვა ინფორმაცია ვადაგასული ვაქცინებისა და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციამ 2024 წლის 2 აპრილს გამოითხოვა, პასუხი კი 29 აპრილს მივიღეთ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არღვევს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა არც ამჯერად მოგვაწოდა ინფორმაცია ვადაგასული ვაქცინების შესახებ, თუმცა “რადიო თავისუფლების” 2023 წლის აგვისტოს ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 28 სექტემბერს 12,598 დოზას ვადა გასდიოდა, 20,000 დოზას კი 2025 წლის მარტში გაუვა ვადა. საინტერესოა, რატომ მალავს ცენტრი ვადაგასული ვაქცინების შესახებ ინფორმაციას.
საინტერესოა ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ვაქცინები უფუჭდება და მათი გადაყრა უწევს, მაგალითად, 2022 წლის მარტში დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო დაახლოებით 400 ათასი დოზას გაუვიდა ვადა.
რაც შეეხება ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ “ფლანგვის დეტექტორის” ორივე წერილში აღნიშნული იყო, რომ გვაინტერესებდა, კონკრეტულად რა თანხები დაიხარჯა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს არც ეს ინფორმაცია მოუწოდებია და მხოლოდ და მხოლოდ ჩატარებული კამპანიების სია მოგვაწოდეს, რომელსაც შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.
დასკვნა:
2023 წლიდან გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის ქალებისა და მამაკაცების პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო გახდა, თუმცა ის ფაქტი, რომ 1 წლის განმავლობაში ჯამში 49,219 დოზა ვაქცინა დაიხარჯა ქალებისთვის და 5,594 დოზა მამაკაცებისთვის, ხაზს უსვამს იმას, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს არასათანდოდ აწარმოებს და ამის შედეგია ისიც, რომ ვაქცინების გარკვეულ ნაწილს ვადა გასდის.
ამასთანავე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელმწიფო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა არა ერთხელ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია, ვინაიდან საჯარო ინფორმაცია დაგვიანებით, არასრულად ან საერთოდ არ მოგვაწოდეს.





