გამჭვირვალობის მომხრე დეპუტატებმა 2022 წელს ქონებრივი დეკლარაციები არაკეთილსინდისიერად შეავსეს.

საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ მხარი უკვე ორ პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს. იმის ფონზე, რომ ე.წ. რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას გამჭვირვალობაზე, ისინი თავად არიან შემჩნეულნი ქონებრივი დეკლარაციების არაკეთილსინდისიერად შევსებაში.

2022 წელს განხორციელებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშზე დაყრდნობით, გთავაზობთ კანონპროექტის მხარდამჭერი იმ დეპუტატების სიას, რომლებიც ქონებრივი დეკლარაციის არაკეთილსინდისიერად შევსებისთვის დაჯარიმდნენ ან გაფრთხილება მიეცათ. 

დაჯარიმებული და გაფრთხილებული დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილ შეუსაბამობებს შორის ყველაზე ხშირად საკუთარი და ოჯახის წევრების უძრავი ქონებების, სამეწარმეო საქმიანობებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ იყო სრულფასოვნად ასახული. 

ვასილ ჩიგოგიძე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ ასევე ორივე პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი ე.წ. რუსულ კანონს. 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების თანახმად, ვასილ ჩიგოგიძეს 8 შეუსაბამობა გამოუვლინეს, რის შედეგადაც დაჯარიმდა. ეს შეუსაბამობებია:

  1. დეკლარაციაში არასრულყოფილად იყო ასახული თანამდებობის პირის უძრავი ქონება;
  2. დეკლარაციაში არ იყო ასახული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის მოძრავი ქონება; 
  3. ცდომილება თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშების ნაშთებში; 
  4. დეკლარაციაში არასრულყოფილად იყო ასახული თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშები; 
  5. არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშები; 
  6. დეკლარაციაში არასრულყოფილად იყო ასახული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; 
  7. დეკლარაციაში არასრულყოფილად იყო ასახული ინფორმაცია თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის ხელშეკრულებების შესახებ; 
  8. დეკლარაციაში არ იყო ასახული ინფორმაცია თანამდებობის პირის ერთჯერადი შემოსავლების და გასავლების შესახებ.

ანზორ ბოლქვაძე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ანზორ ბოლქვაძემ ორივე პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ე.წ. რუსულ კანონს. 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების თანახმად, ანზორ ბოლქვაძეს 7 შეუსაბამობა გამოუვლინეს, რის შედეგადაც დაჯარიმდა. ეს შეუსაბამობებია:

  1. დეკლარაციაში არ იყო ასახული თანამდებობის პირის და ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშები; 
  2. ცდომილება იყო თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშების ნაშთებში;  
  3. ბიუროს მოთხოვნის მიუხედავად არ იქნა წარმოდგენილი თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია; 
  4. დეკლარაციაში არ იყო მითითებული ინფორმაცია ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; 
  5. დეკლარაციაში არ იყო ასახული ინფორმაცია თანამდებობის პირის ანაზღაურებითი სამუშაოდან მიღებული შემოსავლების შესახებ; 
  6. დეკლარაციაში არ იყო მითითებული თანამდებობის პირის  ხელშეკრულებები. 
  7. ბიუროს მოთხოვნის მიუხედავად არ იყო წარმოდგენილი თანამდებობის პირის მიერ დადებული ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი.

ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“, წევრმა ფრიდონ ინჯიამ მეორე პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ამავე კანონს. 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების თანახმად, ფრიდონ ინჯიას 5 შეუსაბამობა გამოუვლინეს, რის შედეგადაც დაჯარიმდა. ეს შეუსაბამობებია:

  1. ბიუროს მოთხოვნის მიუხედავად არ იყო წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია; 
  2. დეკლარაციაში არ იყო მითითებული ინფორმაცია ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის შესახებ; 
  3. ცდომილება ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალში; 
  4. დეკლარაციაში არ იყო მითითებული ოჯახის წევრის ანაზღაურება; 
  5. დეკლარაციაში არ იყო დაფიქსირებული თანამდებობის პირის შემოწირულება პარტიისთვის.

ზაზა ლომინაძე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ ორივე პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ე.წ. რუსულ კანონს. 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების თანახმად, ზაზა ლომინაძეს 4 შეუსაბამობა გამოუვლინეს, რის შედეგადაც დაჯარიმდა. ეს შეუსაბამობებია:

  1. დეკლარაციაში არ იყო მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უძრავი ქონება; 
  2. დეკლარაციაში არ იყო ასახული თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშები; 
  3. ცდომილებაა თანამდებობის პირის ოჯახის წევრის  საბანკო ანგარიშის ნაშთში; 
  4. ბიუროს მოთხოვნის მიუხედავად არ იყო წარმოდგენილი დეკლარაციაში ასახული ზოგიერთი საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაცია.

ვიქტორ ჯაფარიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“, წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ორივე პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი ე.წ. რუსულ კანონს. 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების თანახმად, ვიქტორ ჯაფარიძეს 4 შეუსაბამობა გამოუვლინეს, რის შედეგადაც დაჯარიმდა. ეს შეუსაბამობებია:

  1. დეკლარაციაში არ იყო დაფიქსირებული თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება; 
  2. დეკლარაციაში არ იყო დაფიქსირებული თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა; 
  3. დეკლარაციაში არ იყო დაფიქსირებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის ხელშეკრულება; 
  4. დეკლარაციაში არ იყო დაფიქსირებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის ანგარიშზე ერთჯერადი ჩარიცხვები რომლებიც აღემატება 3000 ლარს.

ვიქტორ ჯაფარიძისა და „ხალხის ძალის“ სხვა წევრების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების გაუმჭვირვალობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ მომზადებული კვლევა.

ბეჟან წაქაძე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ აგრეთვე ორივე პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი ე.წ. რუსულ კანონს. 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბეჟან წაქაძეს 3 შეუსაბამობა გამოუვლინეს, რის შედეგადაც დაჯარიმდა. ეს შეუსაბამობებია:

  1. დეკლარაციაში არ იყო მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის მოძრავი ქონება; 
  2. დეკლარაციაში არ იყო მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; 
  3. დეკლარაციაში არ იყო ასახული თანამდებობის პირის  სხვა გასავალი.

დამატებით, 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების საფუძველზე გაფრთხილებულნი იყვნენ გელა სამხარაული (ოჯახის წევრის ერთჯერადი გასავლის არ მითითება) და დავით კაჭარავა (სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და დადებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის არ მითითება).

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, პარლამენტის წევრების ქონებრივი დეკლარაციები შემოწმდა. მიუხედავად ამისა, თანამდებობის პირების მონიტორინგის შედეგები ცალკეულ სიად დღემდე არ არის გამოქვეყნებული. „ფლანგვის დეტექტორმა“ ანტიკორუფციული ბიუროსგან აღნიშნული მონაცემები გამოითხოვა, თუმცა ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გასცა ინფორმაცია იმ თანამდებობის პირებზე, რომელთაც დარღვევით შეავსეს დეკლარაცია და მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე მიგვითითა. 

წყარო:

2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში 

ანტიკორუფციული ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 

მსგავსი სტატიები