საქართველოში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონს”, მრავალი ნეგატიური შეფასება მოჰყვა როგორც საზოგადოების ისე სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. თუმცა მმართველი პარტიის დაინიცირებულ ე.წ. “რუსულ კანონს” მხარდამჭერები ბიზნესსაზოგადოებაში მაინც გამოუჩნდა.
კონკრეტულმა ბიზნესმენებმა ქართული ოცნების მთავარი ლოზუნგი, “გამჭვირვალობა”, მალევე აიტაცეს და რამდენიმე განცხადებაც გაავრცელეს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი სამსონ (სოსო) ფხაკაძე იყო, რომელმაც “ბიზნესში ღიაობისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი”.
ბიზნესსაზოგადოების მიერ გამოხატულ მხარდაჭერის უანგარობა ეჭვის საბაბს იძლევა, თუ გავითვალისწინებთ 19 აპრილს, საგადასახადო კოდექსში მმართველი პარტიის მიერ მიღებულ ცვლილებებს, რა დროსაც ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს შეღავათები დაუწესდა.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, თუ ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირი ფლობს კომპანიას შეღავათიანი საგადასახადო დაბეგვრის ქვეყანაში (ე.წ. “ოფშორი”), რომელიც ამავდროულად საქართველოში ფლობს რამე აქტივს ან საწარმოს და ამ ფიზიკურ პირებს სურთ რომ ამ აქტივზე საკუთრების უფლება ოფშორული კომპანიიდან გადმოიტანონ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზე, მაშინ, საკუთრების უფლების გადმოსვლა ქართულ კომპანიაზე იბეგრება საშემოსავლო (20%) ან მოგების გადასახადით (15%) (გააჩნია ტრანზაქცია რა ფორმით განხორციელდება). უფრო დეტალურად საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ჩვენს სტატიაში შეიტყობთ.
ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა აღნიშნული ბიზნესმენების საქმიანობა. კვლევის თანახმად ის, ვინც საჯაროდ, ბიზნესსაქმიანობაში, “გამჭვირვალობის” მნიშვნელობას ხაზს უსვამენ, თვითონ არც თუ ისე ღია საქმიანობას ეწევიან. ამას კი ოფშორულ ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით აკეთებენ.
ლევან და სამსონ(სოსო) ფხაკაძეების “რეკლამების” ბიზნესი ოფშორებიდან
Რუსული კანონის რეინიცირების ფონზე, 29 აპრილს ძმებმა ფხაკაძეებმა განცხადებები გააკეთეს, სადაც გამჭვირვალობის მნიშნელობას გაუსვეს ხაზი. Სოსო ფხაკაძის თქმით, “ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება”, ხოლო ლევან ფახაკაძე ღია წერილში წერს, რომ “გამჭვირვალობა კი არ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, პირიქით, მნიშვნელოვნად ზრდის ანგარიშვალდებულების, საზოგადოების ინფორმირებულობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სწორედაც ევროპულ სტანდარტებს”.
ბიზნესმენები სოსო და ლევან ფხაკაძეებთან არის დაკავშირებული გარე რეკლამების უმსხვილესი კომპანია შპს “ალმა”.
შპს “ალმა” საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მნიშვნელოვან ობიექტებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს. კომპანიიას 100%-იანი წლის მფლობელი მალტაში რეგისტრირებული Meridian Malta არის, თავის მხრივ კი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები ბიზნესმენები სოსო და ლევან ფხაკაძეები არიან.
საინტერესოა, რომ იმ შემთხვევაში თუ შპს ალმა, გადაწვეტს, რომ თავად გადახდეს კომპანიის 100%-იანი მეწილე, მასზე გავრცელდება ის საგადასახადო შეღავათები, რაც ცოტა ხნის წინ მმართველმა პარტიამ მიიღო. საშემოსავლო გადასახადებთან ერთად, შპს ალმაზე შეღავათები ვრცელდება 15%-იანი მოგების გადასახადის (ტრანზაქციის ფორმიდან გამომდინარე) მოხსნაზეც.





