ზუგდიდობის, ზესტაფონობის და თბილისობის აღსანიშნად ₾3.5 მილიონი დაიხარჯება

წლის განმავლობაში სახელმწიფოს ადგილობრივი თუ ცენტრალური ორგანოები არაერთ ღონისძიებას აწყობენ. ნაწილს ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა აქვს, ნაწილს კი მხოლოდ სადღესასწაულო ან სულაც გასართობი. 

მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება და მომსახურების შესყიდვა ხშირად კორუფციული რისკების მატარებელია. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ღონისძიებები ყოველწლიურად აღინიშნება, ხშირად შესაბამისი ორგანოები გადაუდებელი აუცილებლობის და დროის სიმჭიდროვის გამო არა ტენდერს, არამედ გამარტივებულ შესყიდვებს მიმართავენ. 

მიუხედავად შოვის და წლის განმავლობაში არაერთი ტრაგედიის გლოვის დღედ გამოცხადებისა, მერიები ტრადიციულად განაგრძობენ წვეულებების მოწყობას. მაგალითად, მხოლოდ აგვისტოს თვეში შესყიდვების სააგენტოს ოთხმა სახელმწიფო ორგანომ მიმართა და გამარტივებული შესყიდვის წესით ღონისძიებისთვის მომსახურების შესყიდვა ითხოვა.

აგვისტოს თვეში ღონისძიების ჩატარების მიზნით შესყიდვების სააგენტოს პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიმართა. მიმართვის მიზანი 2023 წლის 05-06 აგვისტოს “შუამთობის” (ხულოს მუნიციპალიტეტი ბეშუმი, შუახევის მუნიციპალიტეტი ,,გომის მთა“) სახალხო დღესასწაულის გამართვასთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიების ორგანიზება იყო, რომლის ფარგლებშიც საჭირო იყო მუსიკოს-შემსრულებლების მოწვევა, მათი სასტუმროში დაბინავება, კვებით, ტრანსპორტირებით და ჰონორარით უზრუნველყოფა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 67,940 ლარი იყო.  სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოსაგან გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მიიღო, თუმცა 5-6 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიება შოვის ტრაგედიის გამო გადაიდო

შუამთობისაგან განსხვავებით არ გადადებულა თბილისობა, ზესტაფონობა და ზუგდიდობა. ზესტაფონის და ზუგდიდის მერიებმა შესყიდვების სააგენტოს 18 აგვისტოს მიმართეს. ორივე მერია ღონისძიების ჩატარების მიზნით შესყიდვას გამარტივებული წესით ითხოვდა. 

ზესტაფონის მერია ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალის ,,სულიკო 2023“ და სახალხო ზეიმის ,,ზესტაფონობა“ ორგანიზებაში 77,940 ლარის დახარჯვას გეგმავს. ღონისძიება 23-24 სექტემბერს გაიმართება. 

ზესტაფონისაგან განსხვავებით, კიდევ უფრო დიდ თანხებს ზუგდიდის მერია ხარჯავს, რომელიც ზუგდიდობის დღესასწაულის აღნიშვნას 17 სექტემბერს აპირებს და ამ მიმართულებით  367,054 ლარის შესყიდვებს გეგმავს. 

როგორც თავად ზუგდიდის მერია მიუთითებს, ზუგდიდობისთვის მიძღვნილი ღონისძიებები სადღესასწაულო განწყობის შექმნას ემსახურება. მრავალფეროვანი აქტივობები წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს, როგორც ზუგდიდელების, ასევე ჩვენი ქალაქის სტუმრებზე. ამასთანავე, ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, რის გამოც ღონისძიების მასშტაბურად და მრავალფეროვნად ჩატარება კულტურული, სოციალური, შემეცნებითი, სახელმწიფოებრივი ხასიათის მიზნებს ემსახურება.

თუმცა, ტრადიციულად, ღონისძიების ჩასატარებლად დახარჯულ თანხების მიმართულებით პირველობას თბილისი ინარჩუნებს. თბილისის მერიამ შესყიდვების სააგენტოს 16 აგვისტოს მიმართა და თბილისობის ჩასატარებლად 3,140,175 ლარის გამარტივებული შესყიდვით დახარჯვას ითხოვს. როგორც თავად მერია მიუთითებს,  2023 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე, რიყის პარკში და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, რომელიც კულტურულ, სპორტულ, საბავშვო და სხვადასხვა სანახაობრივ აქტივობას გააერთიანებს.

გუგდიდის მსგავსად მერიის მიმართვაში აქაც ვხვდებით შემდეგ ტექსტს: “2023 წლის თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სადღესასწაულო განწყობის შექმნას ემსახურება. თბილისობისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს, როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლებზე, ასევე უცხოელ სტუმრებზე. 

2023 წლის თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მისი სრულყოფილად ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება.”

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მერია დღესასწაულებს ყოველ წელს აღნიშნავს, მისთვის მომსახურებს მაინც გამარტივებული წესით შეისყიდიან. გამარტივებული შესყიდვა გამართლებულია ნაწილ შემთხვევაში, როდესაც აქტივობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს, თუმცა ტექნიკურ და საორგანიზაციო ნაწილებში, რომელთა წინასწარ პროგნოზირება შესაძლებელი იყო, უმჯობესია შესყიდვის მიზნით ტენდერის გამოცხადება და შესყიდვის კონკურენტულ გარემოში წარმართვა. 

წყარო:

  1. SMP230002078 ზესტაფონის მერია  
  2. SMP230002071 ზუგდიდის მერია 
  3. SMP230002058 თბილისის მერია 
  4. SMP230001939 შუამთობა

მსგავსი სტატიები