გოჩა ენუქიძის ბიზნესის ანატომია

  • მესტია, ონი და ამბროლაური საქართველოს ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტებია, მათი წარმომადგენელი დეპუტატი გოჩა ენუქიძე კი მილიონერებით გაჯერებულ პარლამენტში ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი.
  • 2008-12 წლებში ენუქიძე ამბროლაურის მაჟორიტარი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა, ხოლო 2016-20 წლებში ის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ წარადგინა.
  • 2023 წლის მონაცემებით, მესტიის მოსახლეობის 35,7%, ონის მოსახლეობის 31%, ხოლო ამბროლაურის მოსახლეობის 30.5% სახელმწიფო შემწეობის მიმღები იყო.
  • გოჩა ენუქიძის სახელი 28 კომპანიას უკავშირდება, მათ შორი შპს იბერკომპანის, რომელსაც უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვით ₾4 მილიონზე მეტი აქვს ბიუჯეტიდან მიღებული.
  • დეპუტატი წილს ფლობს შპს არქი თაუერშიც, რომლის ყოფილი მეწილე  (22.5%) ამჟამად შოვში “სანსეტ შოვის” მფლობელი კომპანიის დირექტორი ირაკლი ქაფიანიძეა.
  • 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით გოჩა ენუქიძისა და მისი მეუღლის საკუთრებაში 13 უძრავი ქონება და 161,200 ევროს ღირებულების ასტონ მარტინის მარკის ავტომობილია.
  • აგრეთვე, მას ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი, რომელთა ქონება დეკლარაციაში შესული არ არის, თუმცა 2020 წლის მონაცემებით შვილი, თინა ენუქიძე 10 კომპანიაში ფლობდა წილებს ან დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 
  • 2021 წლის განმავლობაში გოჩა ენუქიძის მიკროფონი პარლამენტში მხოლოდ 2-ჯერ ჩაირთო, 2016-19 წლებში კი მან პარლამენტში ხმა მხოლოდ 7-ჯერ ამოიღო. 
  • გოჩა ენუქიძემ ე.წ. რუსულ კანონს პირველი მოსმენით განხილვის ეტაპზე მხარი დაუჭირა და მონაწილეობა არ მიუღია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კენჭისყრაში.

გოჩა ენუქიძე საქართველოს ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის რაიონების წარმომადგენელია. 2008 და 2012 წელს ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა, ხოლო 2016 და 2020 წლებში ის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ წარადგინა. შესაბამისად, გოჩა ენუქიძე ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, რომელთა პოლიტიკური გემოვნებაც რადიკალურად შეიცვალა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. 

საინტერესოა, პარლამენტში თითქმის 16 წლიანი საქმიანობის შემდეგ, რა მიღწევები აქვს დეპუტატს და წლების განმავლობაში, რა სარგებელი მიიღო მისგან რეგიონის მოსახლეობამ? ამ უკანასკნელზე მეტად დეპუტატის მიერ მიღებული პირადი სარგებელია თვალშისაცემი. გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს:

  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტი „დანერგე მომავალი“, ბაღების კომპონენტის ფარგლებში აფინანსებს შესაძენი ნერგების ღირებულების 70%-ს. პროგრამის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარის, გოჩა ენუქიძის კომპანიებმა, რომელთა დირექტორიც მისი შვილი, თინათინ ენუქიძეა, ჯამში 633,602 ლარი მიიღეს.
  • დეპუტატ გოჩა ენუქიძის დაფუძნებული შპს „იბერკომპანი“ რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიის „ლუკოილის“ სტრატეგიული პარტნიორია საქართველოში. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ შპს „იბერკომპანის“ სტრატეგიული პარტნიორი „ლუკოილ ჯორჯია“ სახელმწიფო ორგანოებს ამარაგებს საწვავით და ჯამში 99,624,777 ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ხოლო გამარტივებული შესყიდვის წესით, რაც უკონკურენტო გარემოში კომპანიისათვის პირდაპირ ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობს, მიღებული აქვს 11,343,769 ლარი. 
  • შპს „იბერკომპანის“ სახელმწიფო უძრავი ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2017 წელს ელექტრონული აუქციონის საშუალებით კომპანიამ 118,000 ლარად შეისყიდა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძეგვში მდებარე 5,775 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 2019 წელს კომპანიამ ამავე პროცედურით 10,300 ლარად სახელმწიფოსგან შეისყიდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე N18-ის მიმდებარედ არსებული 195 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ორივე აუქციონში, რომლებსაც არ ჰქონდათ რაიმე საინვესტიციო ვალდებულება, კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
  • მთის ამბების ინფორმაციით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია 300 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის კუთვნილი ერთი სასტუმროდან მეორე, ახალაშენებულ სასტუმრო კოტეჯებამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის. ვენახებს შორის არსებული ვიწრო გზის გასწვრივ არავინ ცხოვრობს. ამ მონაკვეთს, ოფიციალურად ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სტატუსიც კი არ აქვს.

ბიზნესი

გოჩა ენუქიძე მილიონებით გაჯერებულ პარლამენტში ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატია. საინტერესოა, როგორ გამოიყურება მილიონერი დეპუტატის ქონება. მილიონერ დეპუტატს ამჟამად პირდაპირი კავშირი ორ კომპანიასთან აქვთ – შპს იბერკომპანი და შპს არქი თაუერი, თუმცა წლების განმავლობაში, კერძოდ კი 2010 წლიდან დღემდე, ენუქიძის სახელი და გვარი 100-ზე მეტ კომპანიას უკავშირდება. 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გოჩა ენუქიძე 100%-იან წის ფლობს შპს იბერკომპანიში, წილის მმართველობა კი ამავე კომპანიის დირექტორზე – ლევან დიასამიძეზე აქვს გადაცემული. დღეის მონაცემებით, შპს იბერკომპანის გამარტივებული შესყიდვებიდან 4,074,628 ლარი აქვს მიღებული. კომპანია ტენდერებში 2012 წლიდან სხვადასხვა სახელით მონაწილეობს – თავდაპირველად მას შპს იბერია + ერქვა, შემდეგ შპს იბერკომპანი პეტროლეუმი და ახლა შპს იბერკომპანი ჰქვია. თუ გადავხედავთ გოჩა ენუქიძის კომპანიებს, ვნახავთ, რომ მილიონერი დეპუტატი წლების განმავლობაში აარსებდა კომპანიებს, შემდეგ კი მათ ერთი სახელის ქვეშ აერთიანებდა. 

შპს იბერკომპანი კიდევ 15 კომპანიას ფლობს, რაც მილიონერ დეპუტატს დამატებით 15 კომპანიის ირიბ მფლობელად აქცევს. ამასთან ერთად, გოჩა ენუქიძე 25%-იან წილს ფლობს სამშენებლო კომპანია შპს არქი თაუერში. აღნიშნული წილის მმართველობა მას გადაცემული აქვს ლევან დიასამიძესთვის, ისევე როგორც შპს იბერკომპანის შემთხვევაში. 

საგულისხმოა, რომ შპს არქი თაუერის ყოფილი მეწილე – 22.5%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ქაფიანიძეა, რომელიც ამჟამად იმ კომპანიის დირექტორია (შპს ფროფერთი მენეჯმენტი), რომელიც შოვში მდებარე სასტუმრო “სანსეტ შოვს” ფლობს. გამოცემა მთის ამბების ცნობით, შპს ფროფერთი მენეჯმენტი გარდა სასტუმროსა, შოვში 14,999 კვ.მ. ოდენობის მიწის მესაკუთრეა. ცხადია, აღნიშნული აჩენს კითხვებს, შეუწყო თუ არა ირაკლი ქაფიანიძეს გოჩა ენუქიძესთან ყოფილმა პარტნიორობამ ხელი იმაში, რომ რაჭაში, კერძოდ კი შოვში სასტუმროსა და თითქმის 15,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მეპატრონე გამხდარიყო.

გოჩა ენუქიძის კავშირები სხვადასხვა კომპანიასთან აქ არ სრულდება. მისი შვილი – თინათინ ენუქიძე ასევე ფლობს წილებს კომპანიებში. საჯარო რეესტრის მონაცემებით, თინათინ ენუქიძე დაკავშირებულია 11 კომპანიასთან. თინათინ ენუქიძე 8 კომპანიის დირექტორია, აქედან ორ კომპანიას – შპს იბერვაინსა და შპს იბერჰესს გოჩა ენუქიძის კომპანია შპს იბერკომპანი ფლობს. თინათინ ენუქიძე აგრეთვე არის შპს ნაბარეული ვაინს-ის დირექტორი, რომლის მფლობელი კომპანია შპს იბერვაინია, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებს. იგი დამატებით არის 4 კომპანიის დირექტორი (შპს არეა 27, შპს არეა 32, შპს არეა 95, შპს არეა 08) და ოთხივე კომპანიას შპს მარნეული ალმონდს ფლობს, რომელიც თავის მხრივ შპს იბერკომპანის საკუთრებაშია. და ბოლო კომპანია, სადაც გოჩა ენუქიძის შვილი დირექტორია – შპს მარნეული ალმონდსია.

გარდა დირექტორობისა, თინათინ ენუქიძეს წილები აქვს სამ კომპანიაში. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი კომპანია, სადაც ის 5%-ს ფლობს – შპს კასლეთი 1, ნაწილობრივ გოჩა ენუქიძის შპს იბერკომპანის მფლობელობაში, ხოლო ასევე 22.5%-იან წილს შპს თაბუნი ფლობს, რომლის მფლობელი პროსახელისუფლებო გუნდ “ხალხის ძალაში” ქართული ოცნებიდან პორტირებული ვიქტორ ჯაფარიძეა.

გამოდის რომ, გოჩა ენუქიძე პირდაპირ ორ კომპანიასთან არის დაკავშირებული, ხოლო ირიბად დამატებით 26 კომპანიასთან.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესპარტნიორების წრე გოჩა ენუქიძის შემთხვევაში შემომწირველების აქტიურ წრესაც ქმნის. დეპუტატმა ქართულ ოცნებას 220,000₾ შესწირა, ხოლო მისი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების მიერ შეწირული თანხა 1,309,000 ლარს აღწევს. 

უძრავი ქონება

2023 წლის დეკლარაციების მიხედვით გოჩა ენუქიძის საკუთრებაში 10 უძრავი ქონებაა, ხოლო მისი ცოლის – დეა მელაძის საკუთრებაში სამი მიწის ნაკვეთი. ჯამურად გოჩა ენუქიძისა და დეა მელაძის ქონებების შესყიდვის საფასური 423,874 ლარს შეადგენს. საგულისხმოა, რომ ქონებებიდან ორი მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით არის მიღებული. უძრავი ქონების მიღმა გოჩა ენუქიძეს ძვირადღირებული ავტომობილიც ჰყავს – 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაში 161,200 ევროს ღირებულების ასტონ მარტინის მარკის მანქანაა.

ერთი შეხედვით გოჩა ენუქიძის უძრავი ქონება მილიონერი დეპუტატისთვის შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს დეკლარაცია მხოლოდ მისი და მისი მეუღლის ქონებას მოიცავს. დეპუტატს ჰყავს 2 სრულწლოვანი შვილი, რომელთა დეკლარაციაში შეყვანის კანონიერი ვალდებულება არ არსებობს. შესაბამისად, მათ შესახებ ფინანსურ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი. თუმცა, აპრობირებული პრაქტიკის მიხედვით თანამდებობის პირები თავიანთ ქონებას ოჯახის იმ წევრებზე აფორმებენ ხოლმე, რომელთა შეყვანაც დეკლარაციაში არ ხდება. TI საქართველოს 2020 წლის მონაცემებით, გოჩა ენუქიძის შვილი, თინა ენუქიძე 10 კომპანიაში ფლობდა წილებს ან იკავებს დირექტორის პოზიციას. 

განსხვავებით უძრავი ქონებისგან, ბევრად არამოკრძალებულად გამოიყურება დეპუტატთან დაკავშირებული და მის საკუთრებაში არსებულ კომპანიების სია.

პარლამენტში აქტიურობა 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მილიონერ წევრად ყოფნის პარალელურად, გოჩა ენუქიძე ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, რომლებიც თითქმის მდუმარე წევრების სტატუსს წლების განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებენ. 

ცხადია საკანონმდებლო საქმიანობა თავისთავად მოიცავს პარლამენტის წევრის მხრიდან სიტყვით გამოსვლის, შეკითხვის დასმას, განცხადების გაკეთებას, კანონპროექტებისა და სხვა განსახილველი საკითხების შესახებ მოსაზრებების გამოთქმას. 2021 წლის განმავლობაში გოჩა ენუქიძემ მხოლოდ 2-ჯერ ისარგებლა მიკროფონით, შესაბამისად წლის მანძილზე ხმა მხოლოდ 2-ჯერ ამოიღო. განსხვავებული მდგომარეობა არც ადრეულ წლებში ყოფილა, 2016-2019 წლებში გოჩა ენუქიძემ სულ 7-ჯერ ისარგებლა მიკროფონის ჩართვის ფუნქციით. მდუმარების პარალელურად მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობაში, საჯაროდ გამოქვეყნებული დეკლააციების მიხედვით 2013 წლიდან 2022 წლის ჩათვლით მას ხელფასის სახით ჯამურად 593,258 ლარი აქვს მიღებული.მდუმარების პარალელურად, გოჩა ენუქიძე ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატთაგან, რომელმაც ე.წ რუსულ კანონს პირველი მოსმენით განხილვის ეტაპზე მხარი დაუჭირა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარების საკითხის კენჭისყრას კი ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მსგავსი სტატიები